მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

სათნოებათმოყვარეობა

 

პირველი წიგნის პირველი ნაწილი

 

ევაგრე მონაზონი

 

ვნებათა და გულისზრახვათა გარჩევის შესახებ

 

1. იმ ეშმაკთაგან, რომლებიც უპირისპირდებიან სამოღვაწეო საქმეს, ბრძოლაში პირველები ისინი წარმოდგებიან, რომლებსაც მინდობილი აქვთ ნაყროვანების ნდომანი, რომლებიც ვერცხლისმოყვარეობას შთაგვაგონებენ და რომლებიც კაცობრივი დიდებისკენ გვიხმობენ ჩვენ. სხვანი ყველანი ამათ უკან მოდიან და ამათგან მოწყლულთ იბარებენ, რადგან შეუძლებელია, რომ სიძვის სულს ჩაუვარდეს ვინმე ხელში, ვინც ადრე ნაყროვანებისგან არ დაცემულა, ისევე როგორც არ შეიძლება, რომ მრისხანებამ მოიცვას ის, ვინც არ იბრძვის საჭმლის, ფულისა თუ დიდების გამო. კიდევ, შეუძლებელია მწუხარების ეშმაკს გაექცეს ვინმე, თუ არ მოიკვეთს იგი ყოველივე ზემოჩამოთვლილს. ამასთან, ვერც ამპარტავნებას განვერიდებით, - ამ პირველ ნაშობს ეშმაკისას, - თუ არ განვიშორებთ ყველა ბოროტების ძირს - ვერცხლისმოყვარეობას, გამომდინარე იქიდან, რომ სიღარიბე, სოლომონის თანახმად, ადამიანს თავმდაბალს ხდის (იგავ. 10.4). მოკლედ რომ ვთქვათ, არ შეიძლება ადამიანი ეშმაკის ქვეშ აღმოჩნდეს, თუ იგი, უპირველეს ყოვლისა, ზემოხსენებულ პირველმდგომთაგან არ მოიწყლვება. ამიტომ, სწორედ ეს სამი გულისზრახვა მოაწია მაშინ ეშმაკმა მაცხოვარზე, სთხოვა რა მას პირველად, რომ ქვები პურებად ექცია; ამის შემდეგ აღუთქვა ქვეყნიერებაც, თუკი დაეცემოდა იგი და ეთაყვანებოდა მას, მესამედ კი ის უთხრა, რომ თუ შეისმენდა მისას, განადიდებდა, რადგან ესოდენი სიმაღლიდან გადმოვარდნილი არას ივნებდა. ამ ყოველივეზე აღმატებული გამოჩნდა ჩვენი უფალი, უკუქცევა უბრძანა რა ეშმაკს, რითაც ის გვასწავლა, რომ შეუძლებელია განდევნა ეშმაკისა, თუ არ მოვიძაგებთ ზემოხსენებულ სამ გულისზრახვას.


2. ყველა ეშმაკეულ გულისზრახვას სულში შემოჰყავს გრძნობად საქმეთა წარმოდგენები, რომელთა მიერ დატვიფრული გონება ამ საქმეთა ხატებს თავის თავში ატრიალებს და შემდეგ თვით საქმისგან ცნობს იგი მოახლებულ ეშმაკს; მაგალითად, თუ ჩემს გონებაში გამოჩნდა იმის სახე, ვინც მე მავნო და შეურაცხმყო, ამით აშკარა ხდება, რომ მოახლოებულა ავმეხსიერების გულისზრახვა. კიდევ, თუ მახსენდება ფული ან დიდება, ამ საქმისგან, ცხადია, თვით ჩვენი შემაწუხებელი ხდება შესაცნობი. ასევეა ყველა სხვა გულისზრახვასთან დაკავშირებითაც: თვით საქმის მიერ აღმოაჩენ მოახლოებულს და შთამაგონებელს, თუმცა ამით იმას როდი ვამბობთ, რომ თითქოს ამგვარ საქმეთა ყოველი გახსენება ეშმაკებისგან შეგვემთხვეოდეს (რადგან თვით გონებას, როდესაც იგი ადამიანის მიერ ამოძრავდება, სჩვევია მომხდართა გაცოცხლება წარმოდგენაში), არამედ ვამბობთ მხოლოდ იმას, რომ ეშმაკთაგან აღძრული მოგონებანი თანამოიზიდავენ არაბუნებისეულ მრისხანებასა და გულისთქმას. მართლაც, ამ ძალთა მშფოთვარების გამო გონება აზრისმიერად მრუშობს და მიმოეკვეთება, არ ძალუძს რა, შეიწყნაროს ფიქრი ღმერთზე, - თავის რჯულმდებელზე, შესაბამისად იმისა, რომ ლოცვის ჟამს ბრწყინვალება მხოლოდ მაშინ იჩენს თავს გონებაში, როდესაც იგი მოიკვეთს ნივთიერ წარმოდგენებს.


3. ვერ განდევნის ვნებად მოგონებებს ადამიანი, თუ იგი არ მიხედავს გულისთქმასა და მრისხანებას, კერძოდ, თუ, ერთი მხრივ, არ გააქარწყლებს თავის გულისთქმას მარხვით, მღვიძარებითა და მიწაზე წოლით, და თუ არ მოთოკავს, მეორე მხრივ, მრისხანებას სულგრძელებით, ბოროტებადათმენით, ძვირუხსენებლობითა და მოწყალებით, რადგან სწორედ ამ ორი ვნებისგან წარმოდგება თითქმის ყველა ეშმაკეული გულისზრახვა, რაც კი გონებას დაღუპვასა და წარწყმედაში აგდებს, შეუძლებელია კი ამ ვნებათა ძლევა, თუ მთლიანად არ უგულებელვყოფთ საჭმელს, ფულსა და დიდებას, მეტიც - თვით საკუთარ სხეულსაც კი იმათი მიზეზით127. ასე რომ, სრულიად აუცილებელია ვბაძავდეთ იმათ, რომლებსაც უბედურება შეემთხვათ ზღვაზე და ახლა, ქარებისა და შემომდგარი ტალღებისგან ნაიძულებნი, ნივთებს ყრიან ხომალდიდან, თუმცა გვმართებს ზედმიწევნით დავუკვირდეთ, ნივთების გადაყრისას ადამიანთა დასანახად ხომ არ ვაკეთებთ ამას, რადგან თუ ეს ასეა, ამით ვკარგავთ ჩვენს საზღაურს და სხვა კატასტროფა, პირველზე უარესი, მოიწევა ჩვენზე, დაუბერავს რა საპირისპირო მხრიდან ცრუდიდების ეშმაკის ქარი. ამიტომ, ჩვენი უფალიც, მოძღვრავს რა ჩვენს მესაჭეს - გონებას, ასე ამბობს სახარებებში: "დაუკვირდით თქვენს ქველმოქმედებას, რათა არ გააკეთოთ იგი ადამიანთა წინაშე, მათ დასანახად, და თუ არა ასე, არ გექნებათ საზღაური თქვენი ზეციერი მამის წინაშე" (მთ. 6.1). და კიდევ, ამბობს: "როდესაც ლოცულობთ, ნუ იქნებით როგორც ფარისევლები, რადგან უყვართ მათ შესაკრებლებში და ქუჩებში ლოცვა, რათა ეჩვენონ ადამიანებს. ამინ გეუბნებით თქვენ, იღებენ ისინი თავიანთ საზღაურს; ხოლო როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით, როგორც ფარისევლები, მჭმუნვარენი, რადგან იღვრემენ თავიანთ სახეს, რომ მმარხველებად გამოუჩნდნენ ადამიანებს. ამინ გეუბნებით თქვენ: იღებენ ისინი თავიანთ საზღაურს" (მთ. 6,1-18). მაგრამ აქ ყურადღებამისაქცევი ისაა, თუ როგორ კურნავს სულთა მკურნალი ქველმოქმედების გზით მრისხანებას, როგორ განწმენდს იგი ლოცვის გზით გონებას და, ამასთან, მარხვის გზით როგორ შრეტს გულისთქმას, რომელთაგანაც შემყარდება ახალი ადამი, თავისი შემქმნელის ხატისებრ განახლებული, რაშიც არ არის, უვნებობის გამო, მამრი და მდედრი, არცთუ, ერთი რწმენის გამო, ბერძენი და იუდეველი, წინადაცვეთა და წინადაუცვეთელობა, ბარბაროსი და სკვითი, მონა და აზნაური, არამედ ყოველივე ყოველივეში - ქრისტე (კოლას. 3.10-11).