|
სათნოებათმოყვარეობა
პირველი წიგნის პირველი ნაწილი
ევაგრე მონაზონი
სამონაზვნო განწესება (რაც გვასწავლის იმას, თუ როგორ გვმართებს მოღვაწეობა და მდუმარება)
იერემიასთან ნათქვამია: "და შენ ნუ მოიყვან შენთვის ცოლს ამ ადგილას, რადგან ამას ამბობს უფალი ამ ადგილას შობილი ძეებისა და ასულების შესახებ, რომ სალმობიერი სიკვდილით დაიღუპებიან ისინი" (იერ. 16.2-4). ამით იმას გვიცხადებს სიტყვა, რომ, თანახმად მოციქულისა, დაქორწინებული მამაკაცი ამქვეყნიურზე ზრუნავს, თუ როგორ აამოს მან ცოლს, და ამით მშფოთვარებაშია, ისევე როგორც დაქორწინებული ქალიც ამქვეყნიურზე ზრუნავს, თუ როგორ აამოს მან ქმარს (შდრ. I კორ. 7.32-34). ცხადია, რომ წინასწარმეტყველის მიერ არა მხოლოდ ქორწინებითი ცხოვრების შედეგად დასაბადებელი ძეებისა და ასულების შესახებ არის თქმული, რომ "სალმობიერი სიკვდილით მოკვდებიანო", არამედ, აგრეთვე, მათ გულებში შობილი ძეებისა და ასულების თაობაზე, ესე იგი ხორციელ ზრახვათა და გულისთქმათა გამო, რომ ისინიც ამა სოფლის სალმობიერ, უძლურ და ძალაგამოცლილ სიბრძნეში ჩაკვდებიან და ვერ მიეახლებიან ზეციურ ცხოვრებას, მაშინ როცა "უქორწინებელი", როგორც მოციქული ამბობს, უფლისას ზრუნავს, თუ როგორ ესათნოოს იგი უფალს და როგორ გამოიღოს საუკუნო ცხოვრების მარადყვავილოვანი და უკვდავი ნაყოფი. აი, ამგვარია მონაზონი. დიახ, ასეთი უნდა იყოს მონაზონი, ესე იგი ქალისგან განმდგარი, რომელიც არ აჩენს ძეს ან ასულს "ზემოთქმულ ადგილას", და არა მხოლოდ ამგვარი, არამედ, ამავე დროს, იგია ქრისტეს მეომარი, უნივთოდ და ზრუნვათა გარეშე მყოფი, ყოველგვარი ყოფითი აზრისა და ქმედებისგან განშორებული, როგორც ამას მოციქულიც ამბობს: "არავინ მეომართაგანი არ შეემსჭვალვის ამა ცხოვრების საქმეებს, რათა ესათნოოს იგი მხედართმთავარს" (II ტიმ. 2.4). განსაკუთრებით სწორედ მონაზონი უნდა იყოს ამგვარი, რომელიც ტოვებს ამა ქვეყნის მთელ ნივთიერებას და მდუმარების მშვენიერ და საამურ მონაპოვარს ეშურება. მართლაც, ჰოი, რაოდენ საამურია და მშვენიერი მდუმარებითი მოღვაწეობა, ჭეშმარიტად რაოდენ საამურია და მშვენიერი იგი, „რომლის უღელიც ტკბილია და ტვირთი მსუბუქი" (მთ. 11.30). საწადელია ცხოვრება, საამოა საქმე. მაშ, გსურს კი, საყვარელო, შეუდგე, როგორც ჯეროვანია, მარტოდმყოფობას და მდუმარების მონაპოვარს დაეშურო? განიშორე იქ ამა ქვეყნის საზრუნავი, მისეული მთავრობანი და ხელმწიფებანი, რაც ნიშნავს: გახდი უნივთო, უვნებო და ყოველგვარი სიამეთმოსურნეობისგან განდგომილი, - რომ სიამეთა ყველა განსაცდელისგან უცხოქმნილმა შეძლო კეთილად მდუმარება, რადგან თუ ვინმე თავის თავს ამათგან არ განარიდებს, ვერ შეძლებს იგი ზემორე მოღვაწეობის აღსრულებას. კნინი და ადვილმოსაძაგებელი საზრდოთი დაკმაყოფილი, არათუ - მრავლითა და ადვილდამატყვევებლით, ხოლო თუ სტუმართმოყვარეობის გამო მდიდრული საზრდოს შესახებაც ჩნდება აზრი, მონაზვნობაში განიშორე ეს და არანაირად არ ერწმუნო მას, რადგან ამის მიერ მტერი გისაფრდება შენ, გისაფრდება კი იმიტომ, რომ მდუმარებისგან განგაშოროს. თვით უფალი იესო გყავს, რამეგვარად, ამგვართა მოწადინე სულის - მართას, გამკიცხველად და მთქმელად: „რად ზრუნავ ბევრის გამო და რად შფოთავ? ერთი რამისაა საჭიროება" (ლკ. 10.41), ეს ერთი რამე კი, ამბობს, არის საღვთო სიტყვის სმენა, და ამის შემდეგ გარჯის გარეშე მიიღწევა ყოველივე. ამიტომაც მყისვე დასძენს და ამბობს: "მარიამმა კეთილი ნაწილი გამოირჩია, რაც არ წაერთმევა მას" (ლკ. 10.42). გარდა ამისა, გაქვს შენ სარეფთელი ქვრივის ნიმუში, თუ რითი ისტუმრა მან წინასწარმეტყველი (III მფ. 17.9 და მომდ.). თუნდაც რომ მხოლოდ პური გქონდეს, თუნდაც მარილი ანდა წყალი, შეგიძლია ამათგანაც აღასრულო სტუმართმოყვარეობის მისაგებელი. თუ არ გექნება ესენიც კი, მხოლოდ კეთილი განზრახვით შეიწყნარე სტუმარი და მიუბოძე მას სასარგებლო სიტყვა, რითაც, ასევე, შესძლებ მოიხვეჭო სტუმართმოყვარეობის საზღაური, რადგან თქმულია, რომ კეთილი სიტყვა სანაცვლოა ძღვენისა (ზირ. სიბრძნ. 18.17). მოწყალების შესახებაც ამგვარადვე გმართებს იფიქრო. გაფრთხილდი, რომ სიმდიდრისკენ არ გქონდეს გულისთქმა, თუნდაც ღარიბებისთვის დასარიგებლად, რადგან ესეც ბოროტის საცთურია, ხშირად რომ ფუჭი დიდების სახით მოგვეახლება და ათასგვარი საზრუნავის მიზეზს რომ შთაუგდებს გონებას. გყავს შენ ამის დასტურად სახარებაში უფლის მიერ დამოწმებული ქვრივი, რომელმაც მხოლოდ ორი გროშით გადასძლია მდიდართა განზრახვასა და შემძლეობას, რადგან იმათ, ამბობს უფალი, რაც ჭარბი ჰქონდათ, ის ჩადეს ყულაბაში, ამან კი - მთელი თავისი ქონება (მრ. 12.42). ასევე გმართებს სამოსლის მხრივაც. ნუ მოისურვებ, რომ ჭარბად გქონდეს სამოსი. მხოლოდ იმაზე იზრუნე, რაც საკმარისია სხეულის საჭიროებისთვის, უფრო კი უფალს მიანდე შენი საწუხარი (ფს. 54.23) და იგი იზრუნებს შენთვის, რადგან, როგორც ამბობს წერილი, მას მზრუნველობა აქვს ჩვენზე (I პეტრ. 5.7). თუკი გაკლია საჭმელი ან სამოსელი, ნუ შეგრცხვება, რომ სხვათაგან მოძღვნილი აიღო, რადგან ეს ამპარტავნების სახეა, ხოლო თუ შენ თვითონ გაქვს ჭარბად ეს ყოველივე, მიუბოძე გაჭირვებულს. ღმერთს სურს, რომ ამგვარად წარმართავდნენ თავიანთ ცხოვრებას მისი შვილები. სწორედ ამიტომ მიუწერს მოციქული კორინთელებს და ამიტომ ამბობს ნაკლულევანთა გამო: "თქვენი ნამატი - მათი დანაკლისისთვის, რომ მათი ნამატიც თქვენი დანაკლისისთვის იყოს, რათა იყოს თანასწორობა" (II კორ. 8.13), როგორც დაწერილია: "არ გამრავლდეს ბევრი და არ დაიკლოს მცირემ" (გამოსლ. 16.18). ამრიგად, თუკი გაქვს ამ დროის სამყოფი, მომავალი დროისთვის ნუ იზრუნებ, იქნება ეს ერთი დღე, შვიდეული თუ თვეები, რადგან დადგება რა მომდევნო დღე, უფალი მოგვიბოძებს, რაც საჭიროა, შენ კი განსაკუთრებით ცათა სასუფეველი ეძიე და სამართალი ღვთისა, ვინაიდან უფალი ამბობს: "ეძიეთ სასუფეველი ღვთისა და მისი სამართალი, და ეს ყოველივე შეგემატებათ თქვენ" (მთ. 6.33). ნუ შეიძენ შვილებს, რათა არ მოხდეს ისე, რომ ამით საცთური რამ აღძრას მტერმა და შეაშფოთოს შენი გონება უფრო ძვირადღირებულ საჭმელზე ფიქრით, რადგან უკვე აღარ ძალგიძს მარტოოდენ შენს თავზე ზრუნვა. თუნდაც რომ ხორციელი მოსვენების გამო გაგიჩნდეს აზრი, კვლავაც უმჯობესი ისაზრე (ვამბობ სულიერ მოსვენებას), რადგან ჭეშმარიტად უმჯობესია სულიერი მოსვენება სხეულებრივზე. თუნდაც იმის გამო აღგეძრას ფიქრი, რაც სასარგებლო ჩანს შვილისთვის, არ მიენდო მას, რადგან არ არის ეს ჩვენი საქმე, არამედ - სხვებისა, კვინობის წმინდა მამებისა, შენ კი მხოლოდ ის იზრუნე, რაც შენ გარგებს და დაიცავი მდუმარების წესი. ნუ გეყვარება ნივთიერ და საქმიან ადამიანთა გვერდით მკვიდრობა. ან განმარტოებით დამკვიდრდი ანდა უნივთო და თანამოაზრე ძმათა გვერდით, რადგან ნივთიერი და საქმიანი ადამიანების გვერდით ვინც მკვიდრდება, უთუოდ ისიც მონაწილე ხდება მათი მდგომარეობისა და ემონება ადამიანურ განაწესს, კერძოდ ფუჭმეტყველებას და ყველა სხვა საშინელებას: მრისხანებას, წუხილს, ნივთიერთა მიმართ დაუცხრომელ ლტოლვას, დაბრკოლებათა წინაშე შიშს. ნუ მიგიზიდავს მშობლისეული საზრუნავი ანდა ნათესაური კავშირები, არამედ თვით ახლობლებთან ხშირ შეხვედრებსაც განერიდე, რათა არ მოხდეს ისე, რომ კელინის მდუმარებისგან გაგძარცვონ შენ და თავიანთ საქმეებში ჩაგითრიონ. "აცადე, ამბობს უფალი, მკვდრებს, რომ დამარხონ თავისი მკვდრები, შენ კი, მოდი, გამომყევი მე" (მთ. 8.22). თუკი თვით ის კელინიც, სადაც ზიხარ, ხალხმრავალი გაგიხდება, გაექეცი და არც ის დაინანო, რათა არ წაგახდინოს მისმა სიყვარულმა. ყველაფერი იმოქმედე, ყველაფერი აკეთე, რათა შესძლო მდუმარება, მოცლა და ღვწა იმისათვის, რომ ღვთის ნებანი აღასრულო და შეებრძოლო უხილავ მტრებს. თუკი არ ძალგიძს, რომ ადვილად მოიღვაწო მდუმარება შენს ქვეყანაში, უცხოობისთვის განამზადე შენი არჩევანი და ამისკენ მიმართე შენი აზრი. გახდი როგორც რჩეული ვინმე ვაჭარი, ყველა გზა სცადე, რომ ეწიო მიზანს - მდუმარებას და ყველაფერში მტკიცედ იპყარ ის, რაც მდუმარებითია და ამ მიზნისთვის გამოსადეგი. მოკლედ, გეუბნები შენ: გიყვარდეს უცხოობა, რადგან იგი გაგარიდებს მშობლიური მხარის განსაცდელთაგან და შეგაძლებინებს, რომ მხოლოდ მდუმარების სიკეთით დატკბე. გაექეცი ქალაქში ყოფნას და უდაბნოში მკვიდრობა დაითმინე, რადგან "აჰა, - ამბობს წმინდანი, - განვეშორე, გავიქეცი რა, და დავისადგურე უდაბნოში" (ფს. 54.8). თუ შესაძლებელია, საერთოდ ნუ შეხვალ ქალაქში, რადგან შენი მოღვაწეობისთვის კარგს, სასარგებლოსა და გამოსადეგს ვერაფერს ნახავ იქ. "ვიხილე, - კვლავ ამბობს წმინდანი, - ურჯულოება და ურთიერთმოპირისპირეობა ქალაქში" (ფს. 54.10). ასე რომ, დაეშურე იმგვარ განმარტოებულ ადგილებს, ყურადღებას რომ არ გაგიბნევს, ნუ დაგაფრთხობს მათი ხმოვანება. თუნდაც რომ ეშმაკთა მოლანდებანი იხილო იქ, ნუ შეშინდები, ნურც გაექცევი ჩვენთვის სარგებლობის მომტან ასპარეზობას. უშიშრად დაითმინე იგი და იხილავ ღვთის დიდებულებას, მის შემწეობას, მზრუნველობას და ყოველივე სხვას, რაც ცხონებისთვის რწმენით გვავსებს, რადგან "ველოდი, - ამბობს ნეტარი კაცი, - ჩემს გამომხსნელს სულმოკლეობისა და ქარიშხლისგან" (ფს. 54.9). ნუ დასძლევს შენს არჩევანს მიმოხეტების გულისწადილი, რადგან გულისთქმითი მიმოხეტება ცვლის უბოროტო გონებას (ზირ. სიბრძნ. 4.12). ბევრი საცთური ახლავს ამას. გეშინოდეს დაცემისა და შენს კელინში იყავ მჯდომარე. თუ მეგობრები გყავს, განერიდე მათთან ხშირ შეხვედრებს, რადგან მცირე დროით თუ შეხვდები მხოლოდ, სარგებლობას მოუტან მათაც, მაგრამ თუ იგრძნობ, რომ ესეც მავნებელია შენთვის, ახლოსაც ნუ მიხვალ მათთან, ვინაიდან შენ გჭირდება მეგობრები, შენს ღვწაში რომ გარგებენ და შეგეწევიან. გაექეცი, აგრეთვე, უკეთურ და მოჩხუბარ კაცთა თავყრილობას და მათგან არავის დაუმეზობლდე. რაღა თქმა უნდა, გაემიჯნე მათ უკეთურ ზრახვებს, რადგან ამგვარნი არც ღმერთს განუკუთვნებენ თავს, არც ღვთის ახლოს თანამკვიდრობენ. გყავდეს მეგობრად მშვიდობისმოყვარე კაცები, სულიერი ძმები, წმინდა მამები, რადგან უფალიც ასე უწოდებს მათ, როდესაც ამბობს: "ჩემი დედა, ძმები და მამები ესენი არიან, - ჩემი ზეციერი მამის ნების აღმსრულებლები" (მთ. 12.49). მიმომწვლილველთა გვერდით ნუ დაივანებ, ნურც მათთან ერთად წახვალ ნადიმზე, რათა არ მოხდეს ისე, რომ თავიანთ ცთომილებებში ჩაგითრიონ და გამოგაშორონ მდუმარების მეცნიერებას, რადგან ეს ვნება არის მათში. ნუ მიუპყრობ შენს ყურს იმათ სიტყვებს და იმათი გულის ზრახვებს ნუ შეიწყნარებ, რადგან ნამდვილად მავნებელია. ამქვეყნად ვინც მორწმუნეა, იმის მიმართ იყოს შენი გულმოდგინება და ნდომა შენი გულისა - მისი მგლოვიარების მბაძველად, რადგან მეფსალმუნე ამბობს: "ჩემი თვალები - ამქვეყნის მორწმუნეთა მიმართ, რომ ჩემთან ერთად დასხდნენ ისინი" (ფს. 100.6), ხოლო თუ ვინმე, თუნდაც ღვთის სიყვარულის კვალობაზე მოღვაწეთაგან, მოვა შენთან და მოგიწოდებს შენ, რომ მასთან ჭამო, თუ გსურს წახვიდე, წადი, მაგრამ უმალვე დაუბრუნდი შენსავე კელინს. თუ შეგიძლია, ნურასოდეს დაიძინებ კელინის გარეთ, რომ დღენიადაგ შენთან იყოს მადლი მდუმარებისა და დაუბრკოლებლად მსახურებდე კელინში ყოფნის განჩინებას. ნუ იქნები კარგ საჭმელთა და განცხრომისეულ ცთუნებათა მოწადინე, რადგან, მოციქულის თქმისებრ, განცხრომით მყოფი მკვდარია სიცოცხლეშივე (I ტიმ. 5.6). უცხო საჭმლით ნუ დაანაყრებ შენს მუცელს, რომ არ გაგიჩნდეს მისდამი ნდომა და არ მიმართო შენი წადილი გარეტაბლათა მიმართ, რადგან თქმულია: "ნუ ცთუნდებით მუცლის ნაყროვანებით" (იგავ. 24.15). ამიტომ, თუ ნახავ, რომ ხშირად გიხმობენ კელინის გარეთ, უარი თქვი, რადგან მავნებელია ხშირი ყოფნა კელინის გარეთ. ამით აღიხოცება მადლი, ბნელდება აზრი, იშრიტება გულისსწრაფვა. შეხედე ღვინის ჭურჭელს: თუ იგი ხანგრძლივადაა ერთ ადგილას და იქ უძრავად დევს, დაწმენდილ, დადუღებულ და კეთილსურნელოვან ღვინოს შეამზადებს, მაგრამ თუ აქეთ და იქით გადაიტანება, იმღვრევა, უგემურდება და მთელი უვარგისი ნალექების სისაძაგლეს გამოაჩენს. მაშ, შენც მას ამსგავსე შენი თავი, ის სცადე, რაც სასარგებლოა და მოიკვეთე შენგან მრავალთა მიმართ თანამყოფობა, რათა არ გახდეს შენი გონება მიმომწვლილველი და არ შეამღვრიოს მდუმარების წესი. ხელსაქმეს დაეშურე, თუ შეგიძლია, ღამეც და დღეც, რათა არავის აწვე ტვირთად, უფრო კი, რათა გასცემდე, როგორც ამას შეგვაგონებს და გვეუბნება მოციქული პავლე (I თეს. 2.9; ეფეს. 4.28), რომ ამითაც დასძლიო მოწყინების ეშმაკი და შემუსრო მტრის ყველა სხვა გულისწადილი, რადგან უსაქმობას ემუქრება მოწყინების ეშმაკი და "ყველა უსაქმო, - როგორც თქმულია, - გულისთქმებშია" (იგავ. 13.4). აღებ-მიცემით ვერ გაექცევი ცოდვას. ამიტომ, ჰყიდი თუ ყიდულობ, თანაბრისგან ცოტა რამ აზარალე შენს თავს, რათა ფასის ზუსტად დადგენისას გამორჩენისმოყვარეობის ჩვევებმა არ წარგიტაცოს და ისეთ რამეში არ ჩავარდე, რაც გახდება მიზეზი სულის დაზიანებისა, კერძოდ, პაექრობაში, ფიცილში, შენივე სიტყვების გადათქმაში და სხვა ამგვარში, რითაც უპატიოჰყოფ და შეარცხვენ ჩვენი ღირსეული მიზანსწრაფვის პატიოსნებას. მაშ, ამგვარად ისაზრე შენც და სიფრთხილით მოეკიდე აღებ-მიცემობას შენსას, მაგრამ თუ უკეთესს აირჩევ (და ამას შესძლებ), სხვა ვინმე სარწმუნო კაცს მიანდე შენი საზრუნავი, რომ ამ გზით გულმხიარული გახდე და გქონდეს შენ კეთილი და სასიხარულო იმედები. აი, ამგვარ სასიკეთო საქმეთა შეგონება ძალუძს მდუმარების წესს. ახლა კი, მოდი, იმ მომდევნო საქმეთა შესახებაც, მდუმარება რომ გულისხმობს, განმარტებას წარმოგიდგენ, შენ კი მისმინე და გააკეთე, რასაც განგიჩენ: კელინში მჯდომმა მოიკრიბე გონება, გაიხსენე სიკვდილის დღე, წარმოიდგინე სხეულის მაშინდელი კვდომა, ჩაუფიქრდი უბედურებას, განიცადე მწუხარება, მოიძაგე ამა სოფლის ამაოება, კეთილსახიერება და შრომა-გარჯა, რათა შეძლო, რომ ყოვლითურთ შეინარჩუნო თავი მდუმარების ერთსა და იმავე მიზანსწრაფვაში და არ მოუძლურდე. გაიხსენე, აგრეთვე, ის ვითარება, რაც ამჟამად ჯოჯოხეთშია, საჯე, თუ როგორ არიან იქ სულები, - რაგვან უმწარეს დუმილში, რაგვარ უმძიმეს კვნესაში, რაოდენ შიშში, რაოდენ მშფოთვარებაში, ანდა რავარის მოლოდინში; ისაზრე მათი დაუცხრომელი გოდება, მათი სულისმიერი და დაუსრულებელი ცრემლი. ამასთან გაიხსენე აღდგომისა და ღვთის წინაშე წარდგომის დღეც, წარმოიდგინე ამჟამინდელი საშინელი და შემაძრწუნებელი საყდარი, თვალწინ წარმოისახე ის, რაც ცოდვილთათვის არის განწესებული, - მათი შერცხვენა ღვთისა და მისი ქრისტეს, ანგელოზთა, მთავარანგელოზთა, ხელმწიფებათა და ყოველთა კაცთა წინაშე, განჭვრიტე ყველა სატანჯველი, საუკუნო ცეცხლი, დაუსრელებელი მატლი (მრკ. 9.46), ტარტაროზი, წყვდიადი, ამათ ყოველთა გამო კბილთა ღრჭენა (მთ. 8.12), ძრწოლანი და ტანჯვანი. წარმოისახე მრავალთათვის დაუნჯებული სიკეთეებიც, მათი კადნიერება მამაღმერთისა და მისი ქრისტეს, ანგელოზთა, მთავარანგელოზთა, ხელმწიფებათა და მთელი სიმრავლის გვერდით, სასუფეველი და მისი საბოძვარნი, სიხარული და შვება. ყოველივე ეს გაიხსენე შენს თავში, ერთი მხრივ, ცოდვილთა სასჯელის გამო იკვნესე, იცრემლე, შეიმოსე გლოვის სახე იმის შიშით, რომ შენც მათ შორის არ აღმოჩნდე, მეორე მხრივ კი მართალთათვის დაუნჯებული სიკეთეებით გაიხარე, იმხიარულე და ილხინე, ისე რომ ამ უკანასკნელთა მიღებას დაეშურე, იმ პირველთ კი განეშორე. გაფრთხილდი, რომ არასოდეს დაგავიწყდეს ეს ყოველივე; თუნდაც კელინის შიგნით იყო, თუნდაც გარეთ, ამათ ხსოვნას არ მოსწყვიტო შენი გონება, რომ, თუნდაც ამ გზით, ბიწიერ და საზიანო აზრებს ერიდო. ძალისამებრ იმარხულე უფლის წინაშე. იგი განწმენდს ურჯულოებას და შეცოდებებს, დიდებულჰყოფს სულს, ასპეტაკებს გონებას, დევნის ეშმაკებს, გვიმზადებს ღვთის ახლოს ყოფნას. შეჭამ რა ერთგზის დღეში, მეორეგზის ნუ მოისურვებ, რათა არ გახდე ბევრი ხარჯის გამწევი და არ შეაშფოთო შენი გონება. ასე შესძლებ, რომ სიუხვით გქონდეს, რაც საქველმოქმედო საქმეთათვის არის საჭირო; ასე შესძლებ თვით სხეულებრივ ვნებათა მოკვდინებასაც, მაგრამ თუ ძმათა შეკრება ხდება და არის საჭიროება, რომ მეორედ ჭამო, და მესამედაც, ნუ დაიღვრემ, ნურც შეღონდები; უმალ გაიხარე, მორჩილი გაუხდი საჭიროებას და მეორედ თუ მესამედ მჭამელი ჰმადლობდე ღმერთს, რომ აღასრულე შენ სიყვარულის რჯული და რომ ამის გამო თვით ღმერთი გეყოლება შენი ცხოვრების წარმმართველად. ზოგჯერ შეგემთხვევა ხორციელი უძლურებაც და დაგჭირდება მეორეგზის თუ მესამეგზის ან თუნდაც მრავალგზის ჭამა, მაგრამ ნურც ამაზე შეწუხდება შენი ფიქრი, რადგან არ არის მართებული, უძლურებაშიც სხეულებრივი მოღვაწეობის სიმძიმენი გქონდეს ნატვირთი, არამედ დათმე ზოგი რამ, რომ შემდეგ იმავე ღვაწლში გაიწვრთნა თავი. რაც შეეხება საჭმელთაგან თავშეკავებას, საღვთო სიტყვას არაფრის ჭამა არ აუკრძალავს. პირიქით, ნათქვამია: "აჰა, მოგეცით თქვენ ყველაფერი; ჭამეთ როგორც ბალახეული მწვანილი" (შესაქ. 9.3); ნურაფერს გამოეძიებთ (I კორ. 10.25), რადგან პირით შემავალი არ ბილწავს ადამიანს (მთ. 15.11). ამრიგად, საჭმელთაგან თავშეკავება თქვენს არჩევანზე იყოს და თქვენი სულის გარჯილობაზე, ხოლო მღვიძარება, მიწაზე წოლა და ყველა სხვა გვემულება წადიერად იტვირთე, იმ დიდებისკენ წინგამზერილმა, შენს წინაშე რომ გაცხადდება ყველა წმინდანთან ერთად, რადგან, მოციქულის თქმისებრ, ამჟამინდელი ვნებულებანი არ არის ღირსი იმ სამომავლო დიდებისა, ჩვენთვის რომ უნდა გამოცხადდეს (რომ. 8.18). თუ სულმოკლეობ, ილოცე, როგორც დაწერილია (იაკ. 5.13), ხოლო ილოცე მოშიშებით, ძრწოლით, გულმოდგინებით, სიფხიზლითა და მღვიძარებით. მართებულია ამგვარად ლოცვა, განსაკუთრებით ავზნიანი მტრების წინააღმდეგ, რადგან როდესაც ხედავენ, რომ ლოცვაზე ვდგავართ, მაშინ ისინიც, თავის მხრივ, წადიერად გვესხმიან თავს და იმას შთაგვიგდებენ გონებაში, რისი ფიქრიც ან წარმოდგენაც ლოცვის დროს უადგილოა. ამით ისინი ატყვევებენ ჩვენს გონებას და ლოცვისმიერ თხოვნა-ვედრებას უმოქმედოს, ფუჭსა და უსარგებლოს ხდიან, რადგან უთუოდ ფუჭია და უსარგებლო მლოცველობა და თხოვნა-ვედრება, რაჟამს არ აღევლინება იგი, როგორც ითქვა, მოშიშებით, ძრწოლით, სიფხიზლითა და მღვიძარებით. მართლაც, თუ მეფის წინაშე წარდგომილი ვინმე სწორედ მოშიშებით, ძრწოლითა და სიფხიზლით წარმოთქვამს თავის ვედრებას, განა ბევრად უფრო არ გვმართებს ჩვენ მსგავსადვე წარდგომა ღვთის - ყოველთა უფლის, და ქრისტეს - მეუფეთა მეუფისა და მთავართა მთავრის წინაშე და ამგვარადვე აღსრულება ჩვენი თხოვნა-ვედრებისა? ცხადია, გვმართებს კიდეც ეს ბევრად მეტად, რადგან სწორედ მას ჰმსახურებს შიშით, მას დიდებისმეტყველებს ძრწოლით და მას აღუვლენს უწყვეტ გალობას ანგელოზთა მთელი გონითი სიმრავლე და მწყობრი, - მას და, მასთან ერთად, მის დაუსაბამო მამას და ყოვლადწმინდა და თანამარადიულ სულს, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
|
|