|
სათნოებათმოყვარეობა
პირველი წიგნის პირველი ნაწილი
წმინდა ესაია განშორებული
გონების დაცვის შესახებ
1. გონებას ბუნებითი მრისხანება აქვს ვნებათა მიმართ და მრისხანების გარეშე არც სიწმინდეს მოიპოვებს ადამიანი, თუ არ განურისხდება იგი ყოველივე იმას, რაც მტრის მიერ დაითესა მასში. როდესაც ეს აღმოაჩინა იობმა, გაკიცხა მან თავისი მტრები და ასე უთხრა მათ: "უღირსნო და უკეთურნო, ყოველგვარი სიკეთისგან დაკლებულნო, ჩემი საქონლის ძაღლთა ღირსადაც არ მეგულვით თქვენ" (იობ. 30. 1,4). ვისაც სურს, რომ მივიდეს ამ ჭეშმარიტ მრისხანებამდე, იგი მოიკვეთს ყველა თავის ნება-სურვილს, ვიდრე არ გაამყარებს თავის თავს იმაში, რაც ბუნებითია გონებისთვის.
2. თუ მტრულ ძალას წინ აღუდგები და ნახავ მას შენგან მოუძლურებულს, რომელიც უკან გარბის, ნუ გაიხარებს შენი გული, რადგან უკეთურ სულთა ბოროტება მათვე უკან იმალვის, ამზადებენ რა ადრინდელზე უფრო საშინელ ლაშქარს, რასაც ჯერ ქალაქის უკან ტოვებენ და უბრძანებენ, უძრავად იყოს. შემდეგ, როდესაც წინ აღუდგები და შეუტევ მათ, უძლურად გაიქცევიან შენგან, მაგრამ გაამაყდება რა შენი გული მათი განდევნით და დატოვებ რა ქალაქს, მტერთა ნაწილი ზურგიდან ამოიმართება, ნაწილი წინიდან დადგება და შუაში მოაქცევენ უბადრუკ სულს, რომელსაც უკვე არსად ექნება თავშესაფარი. ქალაქი ლოცვაა, წინაღდგომა - ქრისტესმიერი სიტყვისგება, შეტევა კი - მრისხანება.
3. საყვარელნო, დავდგეთ ღვთის შიშით, დავიცვათ და შევინარჩუნოთ სათნოებათა საქმე, ნუ დავაბრკოლებთ ჩვენს სინდისს, არამედ ვილოცოთ ჩვენთვის ღვთის შიშით, ვიდრე სინდისი არ გაათავისუფლებს თავის თავს ჩვენთან ერთად, რომ მოხდეს შეერთება ჩვენსა და მას შორის და შემდეგ იგი გახდეს ჩვენი დამცველი, გაგვიცხადებს რა ყოველივეს, რაშიც ვბრკოლდებით, მაგრამ თუ მისას არ შევისმენთ, განდგება ჩვენგან და დაგვტოვებს, ხოლო ჩვენ ჩავცვივდებით ჩვენი მტრების ხელებში და აღარ გაგვიშვებენ ისინი მეტად, როგორც გვასწავლა ეს ჩვენმა უფალმა, გვითხრა რა: "შეიცანი შენი მოსარჩელე, ვიდრე გზაში ხარ მასთან ერთად (და შემდგომი)" (მთ. 5.25). ამბობენ, რომ სინდისია მოსარჩელე, რადგან ეწინააღმდეგება იგი იმ ადამიანს, რომელსაც სურს, რომ ხორცის ნება აღასრულოს, და თუ არ მოუსმენს ადამიანი თავის სინდისს, ეს უკანასკნელი გადასცემს მას მისსავე მტრებს.
4. რაჟამს ნახავს ღმერთი, რომ მთელი ძალით დაემორჩილა მას გონება და არ ჰყავს ამ უკანასკნელს სხვა შემწე, თუ არა მხოლოდ იგი, განაძლიერებს მას და ეტყვის: "ნუ გეშინია, შვილო ჩემო იაკობ, მცირერიცხოვანო ისრაელ" (ეს. 41.13); და კიდევ: "ნუ გეშინია, რადგან გამოგიხსენი შენ, გიწოდე შენ შენი სახელი. ჩემი ხარ შენ და თუკი გადახვალ წყალზე, შენთან ვარ, და მდინარეები ვერ შემოგერტყმიან შენ, და თუ გახვალ ცეცხლში, არ დაიწვები და ალი არ დაგწვავს შენ, რადგან მე ვარ უფალი ღმერთი შენი, წმინდა ისრაელისა, მაცხოვნებელი შენი" (ეს. 43.1-3).
5. როდესაც გონება მოისმენს ამ დამაიმედებელ სიტყვებს, გაუკადნიერდება იგი მტრებს და იტყვის: "ვინ არის ჩემთან მორკინალი? წინ დამიდგეს მე. და ვინ არის მაცილებელი ჩემი? მომიახლოვდეს მე. აჰა უფალია ჩემი შემწე, ვინღა მიმტრობს მე? აჰა თქვენ ყველანი გაცვდებით როგორც სამოსელი ჩრჩილისგან".
6. თუ შენმა გულმა ბუნებით შეიძულა ცოდვა, დაუმარცხებია იგი და თავისი თავი განუშორებია ცოდვის მიზეზთაგან. შენც შენს წინაშე წარმოაჩინე სატანჯველი, [ცოდვას რომ მოსდევს], იცოდე, რომ შენი შემწე თანამყოფია შენთან და არანაირად არ დაამწუხრო იგი, არამედ ტირილით წარსდექი მის წინაშე და თქვი: "შენია წყალობა ჩემი ხსნისა, უფალო, რადგან არ ძალმიძს განვერიდო მტერთა ხელებს, უკეთუ შენ არ შემეწევი". ილოცე გულით და იგი დაგიცავს შენ ყოველგვარი ბოროტებისგან.
7. მონაზონს მართებს დახშოს თავისი სულის ყველა კარი ანუ ყველა გრძნობა, რომ არ დაეცეს მათგან და თუ ნახავს გონება თავის თავს არავისგან დამონებულს, განემზადება უკვდავებისთვის, ერთად თანაშემოკრებს რა თავის გრძნობებსაც და შექმნის რა მათ ერთ სხეულად.
8. თუ გონება გათავისუფლდა ხილული სოფლის ყოველგვარი სასოებისგან, ეს ნიშანია იმისა, რომ შენში მოკვდა ცოდვა.
9. თუ გათავისუფლდა გონება, ის შუალედი, რაც აქვს თავის თავსა და ღმერთს შორის, ქრება.
10. თუ გათავისუფლდა გონება ყველა თავისი მტრისგან და თუ შაბათობს უკვე, მაშ სხვა, ახალ საუკუნეში მყოფობს იგი, იაზრებს ახალს და უხრწნელს: "ხოლო სადაც მძორია, იქ შეიკრიბებიან არწივები" (მთ. 24.48; ლკ. 17.37).
11. ზოგჯერ ეშმაკები მზაკვრულად უკუიქცევიან, რომ ადამიანმა შვება მისცეს თავის გულს იმის ფიქრით, რომ მოისვენა, მაგრამ ისინი ანაზდეულად ისევ შემოუტევენ უბადრუკ სულს, ბეღურასავით მიიტაცებენ მას და თუ უფრო მძლავრნი აღმოჩნდებიან, უმოწყალოდ დაამდაბლებენ მას ყოველგვარ ცოდვაში, უფრო უარესში იმ თავდაპირველ შეცოდებებზე, რომელთა გამოც იგი შენდობას ითხოვდა. ამიტომ, დავდგეთ ღვთის შიშით, დავიცვათ გული, აღვასრულოთ ჩვენი საქმითი ღვაწლი და შევინარჩუნოთ სათნოებანი, რომლებიც აბრკოლებენ მზაკვართა უკეთურებას.
12. ჩვენმა მოძღვარმა იესო ქრისტემ, უწყოდა რა ეშმაკთა დიდი ულმობლობა და ებრალებოდა მას ადამიანთა მოდგმა, გულის მჭმუნვარებით თქვა და ბრძანა: „იყავით მზად ყოველ საათს, რადგან არ იცით, რომელ ჟამს მოვა მძარცველი" (მთ. 24.43), რათა არ მოხდეს ისე, რომ მოვიდეს იგი და მძინარენი გვპოვოს ჩვენ. და კიდევ: "გაფრთხილდით, არ დამძიმდეს თქვენი გულები ლოთობით, სიმთვრალითა და ამქვეყნიური საზრუნავით, რადგან ანაზდეულად მოიწევა ჟამი" (ლკ. 21.34). ამიტომ, დაუდექი შენს გულს, ყურადღება მიაქციე შენს გრძნობებს და თუ დაივანებს შენთან ხსოვნა ღვთისა, შეიპყრობ კიდეც იმ ავაზაკებს, მას რომ გპარავენ, რადგან ის, ვინც გამკაცრებულია თავის განსჯებში, შეიცნობს კიდეც იმათ, რომლებიც განიზრახავენ მასში შესვლას და მის შერყვნას, რადგან უშფოთებენ მას გონებას, რომ გახდეს იგი ატაცებული და უმოქმედო, მაგრამ რომლებმაც უწყიან ამათი უკეთურება, უშფოთველნი რჩებიან, ევედრებიან რა უფალს.
13. თუ ადამიანი არ მოიძაგებს ამა სოფლის ყველა საქმეს, ვერ შეძლებს იგი ღვთისადმი მსახურებას, ან კი რა არის მსახურება ღვთისა, თუ არა ის, რომ გონებაში არაფერი გვქონდეს უცხო, რაჟამს ვლოცულობთ მისდამი; არა სიამეთმოსურნეობა, რაჟამს ვაკურთხებთ მას; არა ბოროტება, რაჟამს ვუგალობთ მას; არა სიძულვილი, რაჟამს გამორჩეულ პატივს მივაგებთ მას; არა ჩვენთვის დაბრკოლების შემქმნელი უკეთური მოშურნეობა, რაჟამს ვეზრახებით და მოვიხსენებთ მას. მთელი ეს ბნელეთი სხვა არაფერია, თუ არა უბადრუკი სულის გარშემო შემოვლებული კედელი და ამის გამო არ ძალუძს სულს, რომ სიწმინდით ემსახუროს ღმერთს, თავის თავში აქვს რა ეს ყოველივე, რადგან ისინი აბრკოლებენ მას ჰაერში და არ ანებებენ, რომ შეხვდეს ღმერთს, ფარულად აკურთხოს იგი, ილოცოს მისდამი გულის სიტკბოებით და განათლდეს მისგან. სწორედ ამიტომ, მთლიანად ბნელდება გონება და არ ძალუძს მას წარემატოს ღვთისკენ, რადგან არ ზრუნავს იმაზე, რომ ცოდნისმიერად მოიკვეთოს ეს ყოველივე.
14. როდესაც გონება გამოიხსნის სულის გრძნობებს ხორციელი სურვილებისგან, გადაიყვანს მათ უვნებობაში და ხორცის ნებათაგან გამომიჯნავს სულს, მაშინ, თუკი იხილავს ღმერთი, რომ, ერთი მხრივ, ვნებათა ურცხვინოება კვლავ აღიძვრის სულის მიმართ, რომ მისი გრძნობები ცოდვით შეიპყროს, მეორე მხრივ კი, გონება ფარულად ხმობს უფლისადმი განუწყვეტლივ, მოავლენს იგი თავის შეწევნას და მყისვე გააქრობს ყველა მათგანს.
15. გევედრები შენ, ვიდრე ჯერ კიდევ სხეულში ხარ, ნუ მოასუსტებ შენს გულს, რადგან ისევე როგორც მიწის მუშას არ ძალუძს დაენდოს მის ყანაში შემოსულ რომელიმე ნაყოფს, რადგან არ იცის, რა შეემთხვევა მას, სანამ სათავსოში დააბინავებს, ამგვარადვე არც ადამიანს აქვს უფლება მოასუსტოს გული, ვიდრე პირში სული უდგას. დიახ, ისევე როგორც არ იცის ადამიანმა, თუ რა ვნება შეხვდება მას ვიდრე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, ამგვარადვე შეუძლებელია ისიც, რომ მოასუსტოს მან თავისი გული, სანამ ჯერ კიდევ სუნთქავს; პირიქით, მართებს მას, რომ ყოველთვის ღვთისადმი ხმობდეს, მისგან შეწევნისა და წყალობის მისაღებად.
16. ვინც ვერ ჰპოვა შემწეობა ბრძოლის ჟამს, არც ის ძალუძს, რომ ირწმუნოს მშვიდობის დადგომა.
17. ამრიგად, როდესაც ვინმე განაშორებს თავის თავს მარცხენა მხარისგან, ზედმიწევნით შეიცნობს კიდეც თავის ყველა შეცოდებას, რაც ღვთისადმი ჩაუდენია, რადგან ვერ დაინახავს იგი ცოდვებს, თუ სიმწრის განშორებით არ გაშორდება მათ, ხოლო რომლებმაც მიაღწიეს ამ საზომს, ჰპოვეს მათ ტირილი, ვედრება, შერცხვენილობა ღვთის წინაშე, ახსოვდათ რა თავიანთი უკეთური სიყვარული ვნებებისა. ამიტომ, ვიღვაწოთ, ძმანო, როგორც ძალგვიძს, და თანაშეგვეწევა ჩვენ ღმერთი თავისი წყალობის სიმართლისამებრ, მაგრამ თუ ვერ დაგვიცავს ჩვენი გულები, ჩვენთა მამათა მსგავსად, იმის ძალა მაინც ვაჩვენოთ, რომ უცოდველად დავიცვათ ჩვენი სხეული, როგორც ამას ითხოვს ღმერთი, და გვწამდეს, რომ შიმშილის ჟამს, რაც გვეწევა ჩვენ, ჩვენზეც მოიღებს იგი წყალობას თავის წმინდანებთან ერთად.
18. ვინც ჭეშმარიტი კეთილმსახურებით უძღვნა თავისი გული ღვთის ძიებას, არ ძალუძს მყისვე შეიცნოს, რომ ესათნოვა იგი ღმერთს, რადგან სანამ ჯერ კიდევ ამხილებს მას სინდისი რაღაც ბუნებისგარეგანში, მანამდე გაუცხოებულია იგი თავისუფლებისგან, ვინაიდან სანამ არსებობს მამხილებელი, არსებობს ბრალმდებელიც და სანამ არსებობს ბრალდება, არ არსებობს თავისუფლება. ამიტომ, თუკი ნახავ, რომ შენი ლოცვისას შენს მიმართ უკვე აღარ არსებობს არანაირი სამხილი ბოროტებისა, მაშასადამე, თავისუფალი ხარ და შესულიც უფლის წმინდა მოსვენებაში, მისი ნებისებრ. თუკი ნახავ, რომ გაძლიერებულია კარგი ნაყოფი და აღარ აშთობს მას მტრის სარეველა, თუკი მოქიშპეები, თავიანთ მზაკვრობას დანდობილნი, უკვე განდგნენ (თუმცა არა თავისი ნებით), რომ მეტად აღარ ჰქონდეთ ომი შენს გრძნობებთან, თუკი უკვე ღრუბელმა მოუჩრდილა კარავს და მზემ აღარ დაგწვა შენ დღისით, არც მთვარემ - ღამით, თუკი შენში თავი იჩინა სრულმა მზადყოფნამ კარვისათვის, რომ აღმართო და დაიცვა იგი ღვთის ნებისამებრ, მაშ გამარჯვება გრგებია უკვე ღვთის შემწეობით. ამიერიდან თვით უფალიც მოუჩრდილებს კარავს, რადგან თავისია იგი.
ვიდრე ომია, ადამიანი შიშშია და ძრწოლაში, გაიმარჯვებს თუ დამარცხდება დღეს, სძლევს თუ იძლევა ხვალ, რადგან შერკინება გულს ბოჭავს უწინარეს, უვნებობა კი უბრძოლველია, რადგან მიღებული აქვს მას თავისი ჯილდო და აღარ შფოთავს სამი დაყოფილი ნაწილის გამო, მიაღწიეს რა ამ ნაწილებმა ურთიერთთან მშვიდობით ყოფნას ღვთის შემწეობით, ხოლო ეს სამი ნაწილია: სამშვინველი, სხეული და სული. მაშ, როდესაც ეს სამივე ერთი ხდება სულიწმინდის მოქმედების გზით, აღარ ძალუძთ მათ კვლავაც ურთიერთდაცილება, შენ კი ნუ ჩათვლი, რომ უკვე მოკვდი ცოდვისთვის, სანამ ჯერ კიდევ მძლავრობენ შენზე შენი მტრები, - გინდ სიფხიზლეში, გინდ ძილში, - რადგან ვიდრე კვლავაც ასპარეზზეა უბადრუკი ადამიანი, არა აქვს მას უფლება სითამამისა.
19. თუკი გონება გაძლიერდა და ამზადებს თავის თავს, რომ კვალში მიჰყვეს სიყვარულს, რითაც იშრიტება სხეულის ყველა ვნება, ამასთან თუ იგი ამ სიყვარულის ძალით არ უთმობს ბუნებისგარეგანს რასმე, რომ იმძლავროს გულზე, ამგვარი გონება იმ ზომამდე წინ აღუდგება ბუნებისგარეგანს, სანამ ბუნებითისგან არ გამიჯნავს მას.
20. გამოიკვლიე შენი თავი, ძმაო, ყოველდღიურად, ამასთან, შეიმეცნე შენი გული, თუ რა ვნებაა მასში ღვთის წინაშე და განაგდე ეს ვნება შენი გულისგან, რომ არ გეწიოს შენ მძიმე მსჯავრი.
21. მიაყურადე შენ გულს, ძმაო, და იფხიზლე შენი მტრების წინააღმდეგ, რადგან ისინი ყოვლადმზაკვარნი არიან თავიანთ ბოროტებაში. გულით ერწმუნე შემდეგ სიტყვას: შეუძლებელია, რომ ბოროტის მოქმედმა ადამიანმა კარგი საქმეები აღასრულოს. ამიტომ გვასწავლა მღვიძარება ჩვენმა მაცხოვარმა, როდესაც გვითხრა: "ვიწროა ის კარი და საძნელოა ის გზა, რასაც სიცოცხლისკენ მივყავართ, და მცირედნი ჰპოვებენ მას" (მთ. 3.14).
22. ყურადღება მიაქციე შენს თავს, რომ დამღუპველმა რამ საქმემ არ განგაყენოს შენ ღვთის სიყვარულისგან, იპყარ შენ გული, ნუ მოტყდები და ნუ იტყვი: როგორ დავიცვა იგი, როდესაც ადამიანი ვარ ცოდვილი? რადგან რაჟამს ადამიანი ტოვებს თავის ცოდვებს და ღვთისკენ მიიქცევა, სინანული ხელახლა შობს და მთლიანად ახალს ხდის მას.
23. საღვთო წერილი, ძველიც და ახალიც, ყველა ადგილას გულის დაცვაზე საუბრობს. პირველად ტკბილმგალობელი დავითი ღაღადებს: „ადამიანების ძენო, სანამდე იქნებით გულმძიმენი?" (ფს. 4.3) და კიდევ: „მათი გული ამაოა" (ფს. 5.10), ამაოებით თქმულთა შესახებ კი ასე ამბობს: „ადრამეთუ თქვა თავის გულში, არ შევირყევი" (ფს. 9.27), და კვლავ: „რამეთუ თქვა თავის გულში, დავიწყებული აქვს ღმერთს" (ფს. 9.32), და ბევრი სხვა ამგვარი. მართლაც, მართებს მონაზონს, რომ შეიცნოს წერილის აზრი, თუ ვისდამი მეტყველებს იგი და რომელჟამს, შემდეგ კი დღენიადაგ იტვირთოს სამოღვაწეო ასპარეზობა, ყურადღებით იყოს მეტოქის შემოტევათა მიმართ, ხომალდის მესაჭისებრ გადალახოს ტალღები მადლის მიერ მართულმა, არ გადადრკეს გზისგან, მხოლოდ თავისთავს შეეკრძალოს და მდუმარებაში ეზრახოს ღმერთს განუბნეველი აზრითა და წრფელი გონებით.
24. ჟამი ითხოვს ჩვენგან ლოცვას, ისევე როგორც მესაჭეს - ქარები, ტალღები და საჰაერო ქარიშხლები, რადგან მიმღებნი ვართ აზრთა შემოტევებისა, - როგორც სათნოთა, ასევე უკეთურთა. ითქმის, რომ ვნებათა მეუფეა კეთილმსახურებითი და ღვთისმოყვარე აზრი; ამიტომაც, შეგვფერის ჩვენ, მდუმარეებს, გონივრულად და ფხიზლად გავმიჯნოთ და გავაცალკევოთ სათნოებანი და უკეთურებანი. ამასთან, ისიც ვსაჯოთ, თუ რომელი სათნოება უნდა ვიღვაწოთ ძმათა და მამათა გარემოცვაში, და რომელი - განმხოლოებით, ანთუ პირველი სათნოება რომელია, შემდეგ - მეორე და მესამე, ანდა რომელი ვნება არის სულიერი და რომელი - სხეულებრივი, ან რომელია სულიერი სათნოება და რომელი - სხეულებრივი, ან რომელია ის სათნოება, რომლის გზითაც ამპარტავნება გონებას გვემს, ან რომლისგან წარმოიქმნება ცუდმედიდობა, ან რომელია, მრისხანებას რომ მოგვაახლებს, ანთუ რომლისგან აღმოცენდება ნაყროვანება. მართლაც გვმართებს, რომ „დავარღვიოთ გულისზრახვები და ყველა სიმაღლე, ღვთის ცოდნის წინააღმდეგ ზეაზიდული" (II კორ. 10.5).
25. პირველი სათნოება ესაა უზრუნველობა ანუ სიკვდილი ყველა ადამიანისგან და მათ საქმეთაგან. შემდეგ ამისგან იბადება გულისთქმა ღვთისადმი, რომელიც ჰბადებს ბუნებისეულ მრისხანებას, რაც მტრის ყოველგვარ მცდელობას წინ აღუდგება. მაშინ შიში ღვთისა სავანეს ჰპოვებს ადამიანში, შიშის მიერ კი სიყვარული განცხადდება.
26. გვმართებს, რომ ლოცვის ჟამს ღვთისმსახურებითი სიტყვისგებით განვდევნოთ გულისგან ფიქრის შემოტევა, რათა არ მოხდეს ისე, რომ ბაგეებით ღმერთს ვეზრახვოდეთ, გულით კი უღირსს განვიზრახავდეთ, რადგან არ შეიწყნარებს ღმერთი მემყუდროისგან ამღვრეულ და უგულისყურო ლოცვას. წერილიც ხომ ყველგან იმას სწამებს, რომ დავიცვათ სულის გრძნობითი ორგანოები, რადგან თუ მონაზონის ნება ღვთის რჯულს დაემორჩილება და გონებაც ღვთის რჯულითვე უწინამძღვრებს მის ქვეშევრდომებს, - ესე იგი, ვამბობ, ყველა სულიერ მოძრაობას, განსაკუთრებით კი მრისხანებას და გულისთქმას (რადგან ესენია აზრის ქვეშევრდომნი), - მაშ, სათნოებაც მოგვიღვაწია და სამართლიანობაც აღგვისრულებია, მიგვიმართავს რა, ერთი მხრივ, გილისთქმა ღვთისკენ და მის ნებათაკენ, მრისხანება კი, მეორე მხრივ, - ეშმაკისა და ცოდვისაკენ. მაშ, რაღა არის საძიებელი? ფარულად ღვწა.
27. თუკი კელინში მჯდომს სამარცხვინო რამ შთაგეთესება გულში, გაფრთხილდი და წინ აღუდექი გაბოროტებას, რათა არ გაბატონდეს იგი შენზე. სცადე გაიხსენო, რომ ღმერთი გაყურადებს შენ და რომ შენი გულის ნაფიქრი გაცხადებულია მის წინაშე. ამიტომაც უთხარი შენს სულს: „ადთუკი უფრთხი შენ შენებრ ცოდვილებს, რომ არ ნახონ მათ შენი ცოდვები, რამდენად უფრო უნდა უფრთხოდე ღმერთს, რომელიც ზედამხედველობს ყოველივეს?" აი, ამ შეგონების შედეგად გაცხადდება ღვთის შიში შენს სულში და თუ დარჩები ამ შიშთან ერთად, შეუძრავი იქნები ვნებათაგან, როგორც ეს დაწერილია: „ადუფალს მინდობილნი - ვით სიონის მთა; არ შეირყევა უკუნისამდე იერუსალიმში დამკვიდრებული" (ფს. 124.1). ყოველ საქმეში, რასაც აკეთებ, იფიქრე ღმერთზე, რომ ხედავს იგი შენს ყველა ზრახვას, და არ შესცოდავ არასოდეს. დიდება მას უკუნისამდე, ამინ.
|
|