მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წერილები, ნაშრომები, ქადაგებები,
ავტორიტეტული მართლმადიდებელი მოძღვრებისა

 

წმიდა ნექტარიოს ეგინელი (პენტაპოლელი)

 

სულიერი ბრძოლა

 

ჩვენი ცხოვრების მიზანია, გავხდეთ სრულყოფილები და წმინდანები, გამოვჩნდეთ ღვთის შვილებად და ცათა სასუფევლის მკვიდრებად. ვიყოთ ფხიზლად, რომ ამ ცხოვრების გამო მომავალი ცხოვრება არ დავკარგოთ, ცხოვრებისეული ზრუნვისა და ფუსფუსისაგან ჩვენი ცხოვრების მიზანი არ უგულებელვყოთ.


მარხვა, მღვიძარება და ლოცვა თავისთავად სასურველ ნაყოფს ვერ გამოიღებენ, რადგან ისინი ჩვენი ცხოვრების მიზანი არ არიან, ისინი მიზნის მისაღწევი საშუალებებია.


შეამკეთ თქვენი ლამპრები კეთილი საქმეებით. იღვაწეთ სულიერი ვნებების მოსაკვეთად. განწმინდეთ თქვენი გულები ყოველგვარი სიბილწისაგან და წმიდად დაიცავით, რომ უფალი დამკვიდრდეს თქვენში, რომ მან სული წმიდითა და ღვთაებრივი ნიჭებით აღგავსოთ.


ჩემო საყვარელო შვილებო, მთელი თქვენი მონდომება და ზრუნვა ამისკენ უნდა იყოს მიმართული. მუდმივად ეს უნდა იყოს თქვენი მიზანი და მისწრაფება. ამისთვის ილოცეთ ღვთისადმი.


ყოველდღიურად ევედრეთ უფალს, მაგრამ გულში და არა მის გარეთ. და როდესაც იპოვით მას (უფალს), სდექით შიშითა და ძრწოლით, როგორც ქერუბიმები და სერაფიმები, რადგან თქვენი გული ღვთის საყდრად ქცეულა. იმისთვის, რომ უფალი იპოვოთ, მიწამდე უნდა დამდაბლდეთ, რადგან უფალს სძაგს ამპარტავანნი, ხოლო უყვარს და მოიხილავს გულით მდაბლებს.


თუკი კეთილ ბრძოლაში იღვწი, ღმერთი განგამტკიცებს. ბრძოლაში აღმოვაჩენთ ჩვენს უძლურებებს და ნაკლოვანებებს. ის ჩვენი სულიერი მდგომარეობის სარკეა. ვინც არ იბრძვის, მას თავი არ შეუცნია.


ყურადღებით იყავით უმნიშვნელო დაცემების მიმართაც. თუკი უყურადღებობის გამო რაიმე ცოდვას ჩაიდენთ, სასოწარკვეთას ნუ მიეცემით, არამედ იმწამსვე ხელში აიყვანეთ საკუთარი თავი და შეუვრდით ღმერთს, რომელსაც ძალუძს თქვენი ფეხზე წამოყენება.


ჩვენ გვაქვს ღრმად ფესვგამდგარი უძლურებები, ვნებები, ნაკლოვანებები, რომელთაგან მრავალი შთამომავლობითია. ეს ყველაფერი ვერ მოიგლიჯება ვერც ერთი მკვეთრი მოძრაობით, ვერც ღელვითა და მძიმე განცდებით, არამედ მოთმინებით და დაჟინებით, როდესაც ველოდები გამძლეობით, ზრუნვითა და ყურადღებით.


უზომო სიბრალული (საკუთარი თავისა - მთარგმ.) მალავს ამპარტავნებას. ამიტომაც ის საზიანო და საშიშია და ხშირად კიდევ უფრო მეტად მწვავდება ეშმაკის მიერ, რომ შეაჩეროს მოღვაწის წინსვლა.


სრულყოფისაკენ მიმავალი გზა გრძელია. ევედრეთ ღმერთს, რომ მან განგამტკიცოთ. დაცემები მოთმინებით მიიღეთ და იმწამსვე წამოდექით, გააგრძელეთ სირბილი, ნუ გაჩერდებით ბავშვებივით იმ ადგილზე, სადაც დაეცით, უნუგეშოდ მტირალნი.


იღვიძეთ და ილოცეთ, რომ არ შეხვიდეთ განსაცდელში. სასოწარკვეთას ნუ მიეცემით, თუკი მუდმივად ვარდებით ძველ ცოდვებში. ბევრი მათგანი მტკიცეა თავისთავადაც და შეძენილი ჩვეულებითაც. თუმცა, დროის გასვლის შემდეგ და მონდომებით მარცხდებიან. დაე, ნურავინ დაგიკარგავთ იმედს.