მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მწირის გულახდილი საუბრები სულიერ მოძღვართან

 

დანართი
(მთავარი ტექსტობრივი განსხვავებები 1881 წლის ყაზანის გამოცემისა და ათონის პანტელეიმონის მონასტრის ხელნაწერის (№ 50/4/395) მიხედვით)

 

1. 1881 წლის ყაზანის გამოცემაში:


ვიფიქრე, ვიფიქრე, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. დიაკვანს ვკითხე, რას ნიშნავდა განუწყვეტელი ლოცვა და როგორ უნდა მელოცა. მან მიპასუხა: "როგორც ნათქვამია, ისე ილოცე"... ისევ ვკითხე: "მაინც როგორ განუწყვეტლივ?.." "კიდევ მეკითხება!.." - თქვა დაიკვანმა და წავიდა. მივედი მღვდელთან. "როგორ ვილოცო განუწყვეტლივ?" - ვკითხე მასაც. მღვდელმა მიპასუხა: "უფრო ხშირად იარე ეკლესიაში, ილოცე, სანთლები დაანთე, მეტი მეტანია აკეთე"... "და ბიბილიაში სად არის ეს ნათქვამი?" - ვკითხე. "შენით როგორ გაიგებ ბიბლიას?! შენთვის კი არა, ჩვენთვისაც აკრძალულია მისი კითხვა წმ. ეკლესიის ხელმძღვანელობის გარეშე", - მითხრა მღვდელმა და გამომიშვა. "როგორ მოვიქცე, - გავიფიქრე, - სად ვნახო"...


ათონის მონასტრის ხელნაწერში:


მივედი მღვდელთან. "როგორ ვილოცო განუწყვეტლივ?" - ვკითხე. მღვდელმა მიპასუხა: "უფრო ხშირად იარე ეკლესიაში, ილოცე, სანთლები დაანთე, მეტი მეტანია აკეთე"... "და ბიბილიაში სად არის ეს ნათქვამი?" - ვიკითხე. "სულელმა როგორ უნდა წაიკითხოს ბიბლია?! ჰოდა, მისი კითხვა აკრძალულია, მხოლოდ ჩვენ გვებრძანა ამ წიგნის კითხვა", - თქვა ეს და მღვდელმა გამომაგდო.


2.    1881 წლის ყაზანის გამოცემაში:


წავალ, საუკეთესო მქადაგებლებით სახელგანთქმულ ეკლესიებს დავივლი, იქნებ, იქ გავიგონო ჩემთვის საგულისხმო რამ. ტაძარში კვირა დღეს მივედი, მეზვერისა და ფარისევლის კვირას ქადაგებდნენ ტექსტიდან: "ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა თჳსაგან..." (ლუკ. 3.11). მთელი ქადაგება იმისგან შედგებოდა, თუ რა არის ჭეშმარიტი ლოცვისთვის საჭირო და რამდენად უღირსია ლოცვა შესაბამისი მომზადების გარეშე. მაგალითად, მქადაგებელი ამბობდა: "თუ გსურს, შენი ლოცვა იყოს ჭეშმარიტი, გამოიღოს მაცხონებელი ნაყოფი, არ იქნეს უარყოფილი და ღმერთმა შეისმინოს, უპირველეს ყოვლისა, მტკიცე რწმენა მოიხვეჭე, გონება ბოროტი აზრებისგან განიწმინდე, განეშორე ყოველგვარ ცხოვრებისეულ საზრუნავს, სულიწმიდის ტაძრად განამზადე შენი გული, განაგდე მისგან ყოველგვარი ავხორცობა, შეამკე და განაახლე იგი სიწმინდითა და გულმოდგინებით, მარხვითა და თავშეკავებით დააჭკნე ხორცი, მოაკვდინე ის, რაც მიწაზე გიჭერს, ყველასთან მშვიდობა გქონდეს, დაიცავი მშვიდობა და სიწმინდე. ამგვარ ღვაწლში განმტკიცებულმა საკურთხეველთან მიიტანე შენი ძღვენი, ღვთის სამსხვერპლოზე აღავლინე წმინდა ლოცვა, და შენი ლოცვა შესმენილი იქნება და გაცხონებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მითითებულ სათნოებებში შესაბამისი მომზადების გარეშე, შენი ცხოვრების სინანულითა და თავშეკავებით წინასწარი განწმენდის გარეშე, გაფანტულად და ცივად შეუდგები ლოცვას, მაშინ ლოცვას ფრთებს წაართმევ, მოქმედების საშუალებას არ მისცემ და შენი ასეთი ლოცვა წარუმატებელი იქნება".


ათონის მონასტრის ხელნაწერში:


მაგრამ შენი ასეთი ლოცვა არა მარტო წარუმატებელი, არამედ ღმერთისთვის შეურაცხმყოფელიც კი იქნება, ხოლო შენთვის დამღუპველი აღმოჩნდება და ცოდვად ჩაგეთვლება, როგორც ეს ფსალმუნშია ნათქვამი: "ლოცვაჲ მისი ცოდვად შეერაცხენ მას" (ფსალმ. 108.8).


ეს რომ გავიგონე, შემეშინდა და გავიფიქრე: "როგორ მოვიქცე, ლოცვისთვის არაფერი მაქვს მომზადებული, ვერც მომავალში ვხედავ ჩემში რაიმე საიმედოს ამ მძიმე მოსამზადებელი საქმიანობისთვის". ასე სულშეღონებული გამოვედი ეკლესიიდან. ბინაში მისულმა მოსმენილის ბიბლიაში შემოწმება დავიწყე. "უპირველეს ყოვლისა, მტკიცე რწმენა მოიხვეჭე"... როგორღა მოვიხვეჭ, როცა რწმენა ჩვენგან კი არ არის, "არამედ ღმრთისა ნიჭი არს?" (ეფეს. 2.8) ნიჭი რომ მიიღო, საჭიროა ლოცვა: "ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ" (მათ. 7.7). მქადაგებელმა კი თქვა, ჯერ რწმენა მოიხვეჭე და ამის შემდეგ ილოცეო. სულ პირიქითაა! თანაც დაუმატა, მტკიცეო, რომელიც თავად მოციქულებსაც არ ჰქონდათ და ითხოვდნენ: "შემძინე ჩუენ სარწმუნოებაჲ" (ლუკ. 17.5). კიდევ თქვა: ჭეშმარიტად რომ ილოცო, გონება ზრახვებისგან განიწმინდეო, ცხოვრებისეული საზრუნავი განაგდეო; ბიბლიაში კი წერია: "რამეთუ შეყოფილ არს მომგონებელობაჲ კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით" (დაბ. 8.21). "მოსცა ღმერთმან ძეთა კაცთასა ზრახვანი ცბიერნი, რათა არა მიმოიტაცებოდიან მას შინა" (ამ სახით ვერ ვნახეთ, შდრ. ეკლ. 1.13 – რედ.). ამიტომ დაუოკებელი გონების განსაწმენდად ჯერ ლოცვაა საჭირო. თუ გონების განწმენდას საკუთარი ძალებით ეცდები და მის განწმენდას დაელოდები, მაშინ მთელი ცხოვრება ვერ ილოცებ. ასე კი მას არ უთქვამს. შემდეგ ამბობდა: ჭეშარიტი ლოცვისთვის გული სიწმინდითა და გულმოდგინებით შეამკე და განაახლეო. განა შესაძლებელია, შენით გადააკეთო ხელმეორედ გული, როცა ღმერთი იძლევა სხვა გულსა და ახალ სულს? (შდრ. ეზეკ. 11.19 და 36.26) წინასწარმეტყველმა დავითმაც თავდაპირველად გული კი არ განიწმინდა, არამედ გულის განწმენდისთვის ილოცა და შეჰღაღადა: "გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო" (ფსალმ. 50.10). თავშეკავებით მოაკვდინე ის, რაც მიწაზე გიჭერს... ულოცველად ამის გაკეთებაც შეუძლებელია. ამის მაგალითია პავლე მოციქული, რომელმაც განსაცდელის არიდებისა და ძლევისთვის თავდაპირველად სამჯერ ილოცა და თქვა: "აწ უკუე თავადი მე გონებითა ჩემითა ვჰმონებ სჯულსა ღმრთისასა, ხოლო ჴორცითა სჯულსა ცოდვისასა" (რომ. 7.25). განა შეიძლება ღვთისთვის შეურაცხმყოფელი იყოს სათანადო მომზადების გარეშე აღვლენილი ლოცვა სათანადო მომზადებისთვის? ბიბლიიდან ჩანს, რომ მასში ნახსენები ყველა ლოცვა ცოდვებისგან განწმენდის მიზნით აღევლინებოდა, ცოდვებისგან წინასწარ განწმენდა კი არ უძღოდა ლოცვას წინ. ამის დამადასტურებელია მანასეს ლოცვა.


ვუდარებდი რა ყველაფერს ბიბლიას, დავინახე, რომ ქადაგება არასწორად და გამოცდილების გარეშე იყო წარმოთქმული, მასში ყველაფერი თავდაყირა იყო და უკუღმა... ბიბლიამ დამამშვიდა და მოსმენილზე ფიქრი შევწყვიტე. მხოლოდ იმას ვწუხდი, რომ ვერ შევიტყვე, რას ნიშნავდა განუწყვეტელი ლოცვა და როგორ უნდა მელოცა. ეს აზრი არ მასვენებდა...


დადგა ჯვართაყვანისცემის კვირა. წირვაზე აკადემიაში წავედი. იქ სწავლული მქადაგებელი იესო ქრისტეს მიერ ჯვარზე აღვლენილი ლოცვის შესახებ სწავლებას წარმოთქვამდა, რომელიც ჩვენთვის ლოცვის ნიმუშია. ქადაგება ეყრდნობოდა ტექსტს: "ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა" (ეფეს. 6.18). ეს რომ გავიგონე, გამიხარდა, გავიფიქრე, რომ იგი აუცილებლად განმარტავდა იმასაც, თუ რა არის განუწყვეტელი ლოცვა და როგორ უნდა ილოცო. მქადაგებელი სულ სულით ლოცვის საჭიროებას ამტკიცებდა. `ლოცვა სიტყვების კრებული კი არ უნდა იყოს, - ამბობდა იგი, - მხოლოდ გარეგნული წარდგომა, საზოგადოებრივ ხოტბა-დიდებაზე მხოლოდ ჩვეულებრივი, თანაც, არცთუ ისე იშვიათად, პატივმოყვარეობის გამო სიარული, ბევრი ლოცვის კითხვა და ხანგრძლივი გალობები, არამედ ლოცვა არის ძალა, ყურადღება, უდიდესი მუყაითობა, გონებისა და გულის ღმერთამდე თავმდაბლად ამაღლება... ერთი სიტყვით, ლოცვა უმთავრესად სულით უნდა აღევლინოს, ადამიანის სულმა მოშურნეობითი აღტყინებითა და მწველი სურვილით უნდა აღავლინოს თავისი ლოცვა. ასეთი ჭეშმარიტი ლოცვა ერთ წამში გაივლის ზეცას, ერთი ჭეშმარიტი, რწმენით გამთბარი და სიყვარულით აღსავსე ღაღადებით ღვთის საყდარს მიაღწევს, შესმენილი იქნება და სასურველ ნაყოფს გამოიღებს. სულით ნათქვამი ჭეშმარიტი ლოცვა ყველაფერში საწინააღმდეგო უნდა იყოს გარეგნული, პატივმოყვარე ლოცვისა, რომელიც ფარისევლის ლოცვის მსგავსად გულის სითბოს გარეშე დიდხანს გრძელდება და რისგანაც იცავდა თავის მოწაფეებს იესო ქრისტე: "რაჟამს ილოცვიდეთ, ნუ მრავალსა იტყჳთ" (მათ. 6.7). ყველაფერი ეს რომ მოვისმინე, ვერ დავიკმაყოფილე სურვილი და ისევ გაურკვევლობაში დავრჩი: "როგორ ვილოცო განუწყვეტლივ?" სახლში მისულმა, დადარდიანებულმა, ისევ ბიბლიას მივმართე... ვკითხულობდი, ვკითხულობდი და ფიქრი დავიწყე: "მაშ, როგორ? - მქადაგებელი განმარტავდა ტექსტს: "ყოვლითა ლოცვითა და ვედრებით ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა" (ეფეს. 6.18). და განმარტების დროს არათუ არ ახსნა, როგორ უნდა ილოცო "ყოველსა ჟამსა", ანუ ყოველთვის, არამედ ხანგრძლივი ლოცვებიც კი არ მოიწონა და მოკლე, მაგრამ მხურვალე ლოცვა გვირჩია. ამაში იგი თავის თავს ეწინააღმდეგებოდა. ბიბლიაშიც ასევე ნათქვამია, რომ ყოველთვის, გამუდმებით უნდა ვილოცოთ, და არა მოკლე ამოსუნთქვით გავიაროთ ზეცა! ამასთან დაკავშირებით წინასწარმეტყველები ასე გვასწავლიან: მარადის მიუახლოვდი შენს ღმერთს, მარადის გახსოვდეს შენი ღმერთი, შენს ყველა გზაზე ღმერთი ახსენე (შდრ. იგავ. 3.6; ნეემ. 4.14; ფსალმ. 76.4-12), და არა მხოლოდ მოკლე მხურვალე ამოსუნთქვითო. ამასთან, სული და გული თავისით ვერ აენთება. წმინდა დავით წინასწარმეტყველიც ჯერ ამას ითხოვდა, როცა ამბობდა: "გამოაჴურვენ თირკუმელნი ჩემნი და გული ჩემი" (ფსალმ. 25.2). თანაც მქადაგებელმა მოკლე, გულითადი ლოცვის უპირატესობის შესახებ თავისი მოსაზრების გასამყარებლად იესო ქრისტეს სიტყვებიც კი მოიყვანა: "რაჟამს ილოცვიდეთ, ნუ მრავალსა იტყჳთ" (მათ. 6.7). არადა, ეს ხანგრლივი ლოცვის დასაძრახად კი არ არის ნათქვამი, არამედ იმისთვის, რომ წარმართებივით ბევრი, ზედმეტი ყოფითი რამ არ ვითხოვოთ ლოცვაში. უფალმა არა მარტო ხანგრძლივი, არამედ მუდმივი ლოცვის მცნებაც კი მოგვცა და იგავში განმარტა: "ჯერ არს მათდა მარადის ლოცვაჲ, და რაჲთა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინაჲ" (ლუკ. 18.1). როცა ყველაფერი ეს ბიბლიაში შევამოწმე და მოსმენილი ქადაგებით ვერ დავიკმაყოფილე სურვილი, გამეგო, განუწყვეტლივ როგორ მელოცა, გზა გავაგრძელე...


კიდევ ერთ ქალაქს ვუახლოვდები. ვკითხულობ, თუ არიან იქ სულიერი სწავლების მომცემი მოძღვრები. მითხრეს, რომ არის ერთი დარბაისელი მოხუცი, ღვთისმოშიში და მკაცრი მღვდელი. როცა იგი ქადაგებს, წირვის შემდეგ მთელი ხალხი გულაჩვილებული, ოხვრით გამოდის ეკლესიიდანო. ეს რომ გავიგონე, გამიხარდა. მოუთმენლად ველოდი შემდეგ დღესასწაულს, ასეთი ბრძენი მასწავლებლისთვის რომ მომესმინა... იქნებ, მან მაინც გამარკვიოს და ამიხსნას განუწყვეტელი ლოცვა.


პირველივე კვირა დღეს წირვაზე წავედი და საკურთხეველთან ახლოს საგანგებოდ დავდექი. აი, მღვდელიც გამოვიდა ქადაგების სათქმელად. და რა?.. ჩემდა საბედნიეროდ, მან ქადაგება შემდეგი ტექსტიდან დაიწყო: "ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით, და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ" (მათ. 7.7). ეს რომ გავიგონე, აღფრთოვანებულმა პირჯვარი გადავიწერე და გულდასმით მივუგდე ყური. ლოცვის აუცილებლობაში ბევრი მტკიცების შემდეგ იგი იმ ხერხებისა და საშუალებების წარმოჩენას შეუდგა, რომელთა შემწეობითაც ლოცვა ღვთივსათნო და აღსრულებადი არის ხოლმე; "უფალმა ჯეროვანი ლოცვისთვის ასეთი მაგალითი მოიყვანა: (მან თქვა) დააკაკუნეთ და გაგეღებათ (შდრ. მათე 7.7). ხოლო აკაკუნებენ არა სიტყვებით, არამედ საქმეებით. ჩვენც ასე უნდა ვაკაკუნოთ უფლის მოწყალების კარზე, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმეებითაც. თუნდაც დღე და ღამეც ილოცო, ვერავითარ სარგებელს ვერ მოგიტანს, თუ არ აღასრულებ ღვთივსათნო საქმეებს - რწმენის საქმეებს, მოყვასის სიყვარულის საქმეებს, ქველმოქმედების საქმეებსა და ყოველგვარი ცოდვის უარყოფის საქმეებს! რა სარგებელი გექნება ლოცვისგან, თუ ეკლესიაში უფრო იშვიათად დადიხარ, ვიდრე სამიკიტნოში? ეკლესია კი არის ლოცვის სახლი, ღვთის სახლი, სადაც თავად ღმერთი განისვენებს. დაფიქრდი: თუ მეფისთვის რაიმეს პირადად თხოვნას აპირებ, განა მასთან შესაღწევი საშუალების მოსაპოვებლად სასახლეში ხშირად სიარული არ მოგიწევდა? რა სარგებელი გექნება ლოცვისგან, თუ ავხორცობისთვის, ფუფუნებისა და სახლის მორთულობისთვის უანგარიშოდ ხარჯავ ფულს, ხოლო ეკლესიაში ლოცვაზე მოსული ხატის წინ სანთელს არ ანთებ, ძუნწობ და ეკლესიის მშენებლობისთვის ან ღატაკი ძმების გამოსაკვებად ფულის გაღება გენანება? წერილი კი ამბობს, რომ ცოდვები ლოცვითა და მოწყალებით განიწმინდება (შდრ. საქმე 10.2; 1პეტრ. 4.7-8; ტობ. 12.9; ზირაქ. 3.14). ამ ღვთისმოსაური საქმეების გარეშე, ამ ქრისტიანული სათნოებებისა და სიყვარულის გარეშე შენ ვერ დააკაკუნებ უფლის მოწყალების კარზე, და შენი ლოცვა მხოლოდ ამაო და ფუჭი, ღვთის ყურთასმენის შეურაცხყოფელი ღაღადისი იქნება"... ქადაგების ბოლოს დავფიქრდი: "როგორ თქვა, - გავიფიქრე, - სარგებელი არ იქნება, თუ ვინმე დღედაღამ ილოცებს, მაგრამ ღვთისმოსაურ საქმეებს არ აღასრულებსო? განა ღვთისმოსაობა არ არის დღედაღამ ლოცვა? დღე და ღამე ლოცვაში რომ გადიოდეს, მაშინ ბოროტი საქმეებისთვის დრო აღარ დარჩებოდა. ასევეა ბიბლიაში ნათქვამი: "ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაჲ რჩეულთა მისთაჲ, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე" (ლუკ. 18.7). ცოდვების უარყოფის გარეშე ლოცვა არ შეისმინებაო... მაგრამ რა გვეხმარება ცოდვებზე გამარჯვებაში, თუ არა გამუდმებული ხშირი ლოცვა? ლოცვა არ იქნება შესმენილი რწმენის საქმეების, ქველმოქმედების საქმეების გარეშეო... მაშ, როგორ შეისმინეს და როგორ გამოიღო ნაყოფი წყალში ჩაძირული მცირედმორწმუნე პეტრეს ლოცვამ? ლოცვა არ იქნება შესმენილი ეკლესიაში ხშირი სიარულის გარეშეო... ჩანს, მქადაგებელი ამას რომ წერდა, დაავიწყდა, რა თქვა წმინდა დავით წინასწარმეტყველმა: "ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა" (შდრ. ფსალმ. 102.22). და რა თქვა წმინდა არქიდიაკონმა სტეფანემ: "არამედ არათუ მაღალი იგი ელით ქმნულთა ტაძართა შინა დამკჳდრებულ არს" (საქმე 7.48).


რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ყოველივე ზემოთქმული მსგავსი თანამიმდევრობით არ აღესრულება, ბიბლია გადავშალე და წინასწარმეტყველ ესაიასთან ორმოცდამეთხუთმეტე თავში შემდეგი დარიგება წავიკითხე: "იძიეთ უფალი და ჰპოოთ, რაჲ მოხადეთ, ხოლო რაჟამს მოგეახლოს თქუენ, დაუტევენ უთნოომან გზანი მისნი და კაცმან უშჯულომან  განზრახვანი მისნი, და მოიქეცინ უფლისა მომართ და შეწყალებულ იქმნეს, რამეთუ ფრიად მიგიტევნეს ცოდვანი თქუენნი" (ეს. 55.6-7). აქ სრულიად საწინააღმდეგო თანამიმდევრობა დავინახე: პირველ რიგში, ღმერთი უნდა ეძიო და ლოცვით მოუწოდო. შემდეგ, როცა ლოცვის საშუალებით მოგიახლოვდება, უკვე მისი დახმარებით უნდა ეცადო, ცოდვები დაუტეო და ღმერთისკენ მოიქცე, ანუ შეასრულო მისი მცნებები.


ამრიგად, რადგან ყველა ამ ქადაგების მოსმენის შემდეგაც ვერ გავარკვიე, განუწყვეტლივ როგორ მელოცა, თავი ვანებე საჯარო ქადაგებების მოსმენას და გადავწყვიტე ღვთის შემწეობით გამოცდილი და მცოდნე მოსაუბრე მომეძებნა, რომელიც განუწყვეტელ ლოცვას განმიმარტავდა ამგვარი ცოდნის წყურვილით შეპყრობილს.


დიდხანს დავეხეტებოდი აღმა-დაღმა...


3. 1881 წლის ყაზანის გამოცემაში:


ბატონი გაჩუმდა, დაჟინებით დამაცქერდა და თქვა: "განუწყვეტელი შინაგანი ლოცვა არის ადამიანის სულის მუდმივი ლტოლვა ღვთიურ ცენტრში შერთვისკენ. ამ ტკბილი საქმიანობის შესასწავლად საჭიროა მისთვის ნებისყოფის მოდრეკა, და ხშირად უნდა სთხოვო უფალს, რომ მან გასწავლოს განუწყვეტელი ლოცვა". "თქვენს სიტყვებს ვერ ვგებულობ, - ვუთხარი მე, - გთხოვთ, უფრო გასაგებად ამიხსნათ!" "ეს შენთვის ძალიან ძნელია, - მიპასუხა ბატონმა, - შენ ვერ გაიგებ. ისე ილოცე, როგორც იცი - ლოცვა თავისთავად გაგიმჟღავნებს, როგორ შეიძლება იყოს იგი განუწყვეტელი. ამას დრო სჭირდება", - თქვა ეს და ჩემი დაპურება ბრძანა. მომცა საგზალი და გამომიშვა.


4. 1881 წლის ყაზანის გამოცემაში:


შემდეგის კითხვა დავიწყე: "ჩვეულებისამებრ, წმინდა წერილი ხშირად აღსრულებულ საქმეს განუწყვეტელს, ანუ მარადის აღსრულებადს უწოდებს: "პირველსა მას კარავსა მარადის შევლენედ მღდელნი" (ებრ. 9.6), ანუ ხშირად ან ყოველდღე დაწესებულ საათზე. მსგავსადვე, ხშირად წარმოთქმული ლოცვაც განუწყვეტელ ლოცვად მიიჩნევა".


- ახლა გესმის, რას ნიშნავს განუწყვეტელი ლოცვა?


- არ ვიცი, როგორ შევათანხმო, თითქოს ერთი და იგივე იყოს ხშირი და განუწყვეტელი!..


- ნება მიბოძეთ, წავიკითხოთ, აი, რას წერს ეს წმინდანი რამდენიმე სტრიქონით ქვემოთ: "ასევე, მოციქულის ეს სიტყვები - "მოუკლებელად ილოცევდით" გონების მიერ აღსრულებულ ლოცვას უნდა გულისხმობდეს: გონებას შეუძლია მუდამჟამ ღვთისკენ იყოს მიპყრობილი და განუწყვეტლივ ილოცოს".


5. 1881 წლის ყაზანის გამოცემაში:


მე ხშირად ვკითხულობდი ბიბლიას და მოსმენილს მის მიხედვით ვამოწმებდი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საწადელ ცოდნას ვერ ვეწიე. მხოლოდ ის დავინახე, რომ ქადაგებებში ისე არ ლაპარაკობდნენ, როგორც ეს ბიბლიაში იყო ნათქვამი. ყველაფერი რაღაცნაირად უკუღმა მეჩვენებოდა. და აი, დღემდე დავრჩი...


ათონის მონასტრის ხელნაწერში:


...დღედაღამ არ ამომდიოდა იგი გონებიდან. ასე რომ, დღემდე გაურკვევლობასა და მოუსვენრობაში ვიმყოფები". ეს რომ მოისმინა, ბერმა პირჯვარი გადაიწერა და ლაპარაკი დაიწყო.


6. 1881 წლის ყაზანის გამოცემაში:


ამიტომ ისინი იმას გვასწავლიან, რაც ლოცვისთვისაა დამახასიათებელი, და არა თავად მის არსს. არ ესმით სულის შინაგანი თანამიმდევრობა. ერთი შესანიშნავად მსჯელობს ლოცვის აუცილებლობაზე, მეორე - მის ძალასა და მადლმოსილებაზე, მესამე - ლოცვის სრულყოფილების საშუალებებზე.


...ეს ხდება იმიტომ, რომ მთელ მათ ზემოჩამოთვლილ მსჯელობასთან შედარებით გაცილებით ძნელი ამ უკანასკნელის გაგებაა, რადგან იგი საიდუმლო პრაქტიკულ ცოდნას მოითხოვს, და არა მხოლოდ სასკოლო განათლებას.


7. 1881 წლის ყაზანის გამოცემაში:


...და არა პირიქით, რომ ლოცვა ბადებს მოღვაწეობასა და ყოველგვარ სათნოებას, როგორც ეს ქადაგებებში მოისმინე. ამიტომაც კრძალავენ ლოცვასთან შეხებას და აწესებენ, რომ ჯეროვანი ლოცვისთვის ჯერ სათნოებებში წვრთნითა და ვნებებზე გამარჯვებით მოემზადონ. ამ შემთხვევაში ისინი ლოცვის შედეგსა და ნაყოფს არასწორად მიიჩნევენ მის საშუალებად და ხერხად, და ამით ლოცვის ძალას აკნინებენ. ეს კი სრულიად ეწინააღმდეგება წმინდა წერილს.


8. 1881 წლის ყაზანის გამოცემაში:


რასაც "სათნოებათმოყვარეობაში" ვკითხულობდით, შემოწმების მიზნით ბერი ბიბლიაშიც მაჩვენებდა ხოლმე სხვადახვა ადგილას, და მითხრა:


- ნახე, ყველაფერი ეს საიდან არის ამოკრეფილი!


აღფრთოვანებული ყველაფერს ყურადღებით ვისმენდი...


9. 1881 წლის ყაზანის გამოცემაში:


ერთხელ დილაადრიანად თითქოს ლოცვამ გამომაღვიძა. გამოღვიძებისას ვიგრძენი, რომ ბაგეები თავისდაუნებურად ძლიერ ტოკავდნენ და ენა განუწყვეტლივ მოძრაობდა. დავიწყე კიდეც დილის ლოცვების კითხვა, მაგრამ ენა მოუხერხებლად წარმოთქვამდა მათ.


10. 1881 წლის ყაზანის გამოცემაში:


ბაგეებით ლოცვა შევწყვიტე და ყურადღებით მოვუსმინე, როგორ ლაპარაკობდა გული. ამასთან, თითქოს თვალებით მასში ცქერა დავიწყე. გამახსენდა, ბერი რომ მეუბნებოდა, რამდენად საამურია ესო.


11. 1881 წლის ყაზანის გამოცემაში:


გავიფიქრე: "მონაზონმა თქვა, რომ აქ ის წერია, რასაც ღმერთი ამბობდა. აქ კი მხოლოდ რაღაც სახელებია... მოდი, მეორე თავსაც წავიკითხავ..."


12. 1881 წლის ყაზანის გამოცემაში:


ზოგჯერ მისცემდი ათ კაპიკს, დაუდგამდი ჭიქა ღვინოს, და ისიც საღამოდან მამლის ყივილამდე კითხულობდა და კითხულობდა.


13. 1881 წლის ყაზანის გამოცემაში:


განსვენებული ბერის სკვნილის ამბავი პირველ გამოცემაში არ არის. გადასვლა შემდეგი სახით ხდება:


გზად ბევრი საოცარი რამ შემემთხვა და გადამხდა კიდეც. ყველაფერი რომ მოვყვე, მთელი დღეც არ მეყოფა. აი, მაგალითად: ერთხელ, გაზაფხულზე, ერთ სოფელში გავლისას, მღვდელთან გაჩერება მომიხდა...


ათონის მონასტრის ხელნაწერში:


ხელნაწერში არის სკვნილის ამბავი და შემდეგ ამგვარად გრძელდება:


ამის შემდეგ სიხარულითა და გულისმიერი განუწყვეტელი ლოცვით გავაგრძელე გზა. კიდევ ერთი სამახსოვრო შემთხვევა იყო: ერთხელ, გაზაფხულზე...


14. 1881 წლის ყაზანის გამოცემაში:


აი, პოლიციის უფროსიც მოვიდა. შეზარხოშება მოესწრო. მაგიდას ქუდიანი მიუჯდა და დაიძახა:


- ბიჭებო! ხედავთ?...


- ვხედავთ, ბიძიკო! - ერთხმად უპასუხეს შეკრებილებმა.


- მაინც რას ხედავთ?


- რაც არის, იმას ვხედავთ!


- ეეჰ, საქონლებო!.. მომისმინეთ!


- გვესმის, ბიძიკო!


- მე საქმეს გადავხედე. ჰეი, ეპიფანე! შენს გოგონას ხომ არაფერი წაუღია სახლიდან?


- არაფერი, ბიძიკო!


- ამ ბრიყვთან ერთად რამე უმსგავსო საქმეში ხომ არ არის მხილებული?


- არა, ბიძიკო!


- მაშ ასე, საქმეს, აი, როგორ განვიხილავთ და გადავწყვეტთ: შენს ქალიშვილს თავად გაუსწორდი და კუდი მოუგრიხე, ძუკნასავით ბევრი რომ არ ირბინოს. ამ ვაჟკაცს კი ხვალ ორივე გვერდს გავუერთიანებთ და გავაგდებთ, ისე დავსჯით, საუკუნე აღარ შემოყოს აქ ცხვირი. ეს არის და ეს! - თქვა პოლიციის უფროსმა და მაგიდიდან წამოდგომა სცადა, წაბარბაცდა და წაიქცა. ის დასაძინებლად წაიყვანეს, მე კი ისევ ციხეში ჩამსვეს.


15. 1881 წლის ყაზანის გამოცემაში:


გულის განუწყვეტელი ლოცვაც მოგვცა მცნებად, როცა თქვა: "და გამომიძიეთ მე, და გეპოვო თქუენ, რაჟამს მიძიოთ მე ყოვლითა გულითა თქუენითა" (იერ. 29.13); "დაადგერით თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ თანა" (იოან. 15.4), "მოუკლებელად ილოცევდით" (1თეს. 5.17), "და იყოს ყოველმან რომელმან ჰხადოს სახელსა უფლისასა, ცხოვნდეს" (საქმე 2.21); ხოლო წმინდა მამები, იმოწმებენ რა ფსალმუნებიდან წმინდა დავით მეფის სიტყვებს...


16.    1881 წლის ყაზანის გამოცემაში:


...შენი წარმომავლობისა და მწირობამდე განვლილი ცხოვრების შესახებაც გამეგო.


- დაბადებიდანვე ჩემი ცხოვრება ასეთი არეულ-დარეული იყო. დავიბადე სოფელში...


17. 1881 წლის ყაზანის გამოცემაში:


...ჩემი ცოდვილი ძვლებიც დაიმარხოს.


- რამდენი წლის ხარ?


- ოცდაცამეტი წლის.


- მაშ, მიგიღწევია ქრისტეს ასაკისთვის, საყვარელო ძმაო...


18. 1881 წლის ყაზანის გამოცემაში:


სამართლიანია რუსული ანდაზა: ადამიანი ბჭობს, ღმერთი კი განაგებსო. ვფიქრობდი, რომ დღეს წმინდა ქალაქ იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე ვივლიდი და ვივლიდი...


19. ათონის მონასტრის ხელნაწერში:


"ღმერთი არს, რომელი შეიქმს თქუენდა ნებასაცა და შეწევნასა სათნოებისათჳს" (ფილიპ. 2.13).


ასეთი შეხვედრით გახარებულმა და მწირის უწინდელი ყურადსაღები საუბრებით ძლიერ დაინტერესებულმა, გადავწყვიტე, ამ სამდღიანი შეყოვნებით მესარგებლა და შეძლებისდაგვარად გამომეკითხა სხვა საყურადღებო შემთხვევების შესახებაც, რაც აუცილებლად გადახდებოდა თავს ჩვენს დიად რუსეთში სხვადასხვა ადგილას მრავალწლიანი ხეტიალის დროს.


- ყველაფერს ვერ მოყვები, - დაიწყო მან, - ბევრი რამ უკვე დამავიწყდა კიდეც, რადგან ვცდილობდი...


20. 1881 წლის ყაზანის გამოცემაში:


...გულდასმით მოუსმინე, როგორ ცემს და ზედიზედ ძგერს. ამას წმინდა მამები "გონების თავიდან გულში გადატანას" უწოდებენ. როცა ამას მიეჩვევი, გულის თითოეულ ძგერას...


21. ათონის მონასტრის ხელნაწერში:


უცებ მითხრა:


- როგორი ხანძარია ქალაქში!.. ერთი, შეხედე! რა სამწუხაროა!


22. 1881 წლის ყაზანის გამოცემაში:


სიყვარულით გიყვარდეს იესო ქრისტე და მადლობითაც მადლობდე, რადგან მისი მადლი ყველგანაა, როგორც წმინდა, ისე ცოდვილ გულშიც. ვერავინ იტყვის იესო ქრისტეს სახელს სულიწმიდის გარეშე, - ამბობს წმინდა წერილი. ამიტომ ვინც უნდა წარმოთქვას ღვთის სახელი და როგორც უნდა წარმოთქვას იგი,  სულიწმიდის მადლი მასში მაინც იქნება. მაგრამ სხვადასხვა სამკითხაო ხილვა მადლის უშუალო გამოვლინებად არ უნდა მივიჩნიოთ, რადგან ეს ხშირად ბუნებრივად, საგანთა კანონზომიერებიდან გამომდინარეც შეიძლება მოხდეს. ადამიანის სული შედარებით უსაზღვროა, იგი სიბნელეშიც ხედავს...


23. 1881 წლის ყაზანის გამოცემაში:


ბოლოს, როგორც იქნა, ყველაფერი მიალაგა. და რა? - ცეცხლი ჩააქრო, გვერდით მომიწვა და ფერება დამიწყო. უცებ ძლიერი ავხორცული სურვილი ვიგრძენი, აღარ ვიცოდი, რა მექნა. ლოცვა წამოვიწყე, მაგრამ ლოცვა შეწყდა და აღარ მიდიოდა. ის იყო დამღუპველი დაცემის წუთიც ახლოვდებოდა, რომ უცებ ჩვენ ზემოთ ნამსხვრევებად ქცეული მთელი ფანჯარა, ჩარჩო, მინა, წირთხლის ნამტვრევები საშინელი ხმაურითა და ზათქით თავზე დაგვაცვივდა. ფანჯრის უკან ძლიერი კვნესა და ღრიალი გაისმა. უზომოდ შეშინებულმა ქალს ისე ვკარი ხელი, რომ შუა ოთახში იატაკზე დაენარცხა. მთელი ქოხი შეზანზარდა. წამოვხტი, მუხლებზე დავემხე და ღმერთს შევღაღადე. მეგონა, ჩემისთანა ცოდვილის ჩასაყლაპად ფეხქვეშ მიწა გამისკდა. ვხედავ, ორმა მეეტლემ ქოხში კაცი შემოიყვანა...


24. 1881 წლის ყაზანის გამოცემაში:


მარტო დავრჩი. ღმერთო ჩემო, რა მდგომარეობაში ვიყავი! მწუხარება და ნაღველი მტანჯავდა, ასევე მებრალებოდა ქალი, ამგვარ საშინელ მდგომარეობაში რომ არ მომკვდარიყო. მძიმე და იშვიათი სუნთქვის გარდა მას სიცოცხლის სხვა ნიშანწყალი დიდად არ ეტყობოდა. შევუდექი ლოცვასა და უფლისთვის შეწყალების თხოვნას. ავადმყოფს თავზე ბერის სკვნილი დავადე და იესო ქრისტეს სახელის მოხმობა დავიწყე. მალე ქალი წამოდგა, შეშლილივით აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა და ბოლოს ქოხიდან გავიდა. მე ვილოცე. სისუსტე ვიგრძენი და გათენებამდე ცოტა წავიძინე. აი, მესმის ხმა, თითქოს ჩემ შიგნით ლაპარაკობს: "სულმოკლევ, ადამიანთა საქმეებში ღვთის განგების შეცნობა ისწავლე! რამდენი სასწაული, რამდენი ჭკუის სასწავლი გაკვეთილი შეგიძლია დაინახო დღევანდელ შემთხვევაში! გამხნევდი და იესო ქრისტეს ყველგანმყოფი ღვთიური სიყვარული ირწმუნე. მეტი ყურადღებით წაიკითხე გრიგოლ სინელის მეშვიდე და მეთორმეტე თავები და დაწყნარდები!.." გამოღვიძებულმა მაშინვე ჩემი "სათნოებათმოყვარეობა" ავიღე, მითითებული თავები მოვძებნე და შემდეგი წავიკითხე:


"თუ ვინმე უძლურების გამო უნებლიეთ იძლევა, მას მეყვსეულად პატიობს გულთა და განზრახვათა მხილავი".


"თუ მაინც ცდუნდებიან ხოლმე, ესეც გამოცდილებისა და გვირგვინისთვის ხდება, და მათ სწრაფად შეეწევათ განსაცდელის დამშვები ღმერთი".


როგორ გამომაცოცხლა ამან! ამის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ყველაფერი, რაც ცხოვრებაში გვემართება, განგების დაშვებით ხდება და სასიკეთო ბოლო აქვს. ამრიგად, დილით სადგურის უფროსს დავემშვიდობე და გზას გავუდექი. მივდიოდი და რწმენით, იმედითა და მადლიერებით აღვუვლენდი ლოცვას მოწყალებისა და ყოველგვარი ნუგეშის მამას, ვინც ჩემი ცოდვებში დაღუპვა არ დაუშვა!.. კიდევ გიამბობთ ამ შემთხვევასთან დაკავშირებულ ერთ გარემოებას.


ამ ამბიდან ექვსი წლის შემდეგ...


25. 1881 წლის ყაზანის გამოცემაში:


...მხოლოდ აქ განვიკურნე...


ეს რომ მოვისმინე, მივხვდი, რაშიც იყო საქმე და სასწრაფოდ გამოვიქეცი. გარეთ გამოსულმა სულით გავიხარე და ვადიდე ღმერთი, ჩვენდა სასარგებლოდ სიბრძნით რომ აწყობს ყოველივეს...


26. 1881 წლის ყაზანის გამოცემაში:


...ქადაგება იმის თაობაზე, თუ რა ხერხებით მოიპოვება ღვთის სიყვარული. მსახურების დასრულების შემდეგ იგი გამოვიდა და ხალხს მიმართა:


- აი, სიყვარულს სიტყვებით გასწავლიდით, ახლა კი მას სიყვარულის საქმეებით გასწავლით - მსურველებს გთხოვთ, ახლა ჩემთან წამოხვიდეთ საუზმეზე.


ხალხიდან ზოგიერთი მას გაჰყვა. მეც გავყევი. პირდაპირ ბაღში შევედით. ხის ქვეშ მაგიდა იდგა, მის გარშემო კი - გრძელი სკამები. მაგიდაზე სახარება იდო. მღვდელი დაჯდა, სახარება გადაშალა. მან ისე მშვენივრად და თავაზიანად დაიწყო სახარების კითხვა და განმარტება, რომ სიამოვნებითა და ყურადღებით ვუსმენდით. შემდეგ ჩაი მოიტანეს. მაგიდაზე კარგი არაყი და საუზმე დადგეს. ყველამ ჭამა და სვა. მღვდელი მომიბრუნდა და მეუბნება:


- შენ, ძმაო, რატომ არ დალიე?


- ყურადღებას ნუ მიაქცევ, რომ არც ჩაის ვსვამ და არც არაყს. ასე თავშეკავების გამო კი არ ვიქცევი, არამედ იმიტომ, რომ დიდი ხანია, ავად ვარ და ნებისმიერი გამახურებელი საშუალება მწყენს.AA


შემდეგ ხალხს მიუბრუნდა და თქვა:


- ახლა დღესასაწაულია და საზრდოთი ნუგეშისცემა ნებადართულია. ყველას საკმარისი საკვები გაქვთ? ვინმეს რამე ხომ არ სჭირდება?


ხალხმა არაფერი უპასუხა, თავიანთ მწყემსს მორჩილად დაუკრეს თავი და დაიშალნენ. მღვდელმა სადილად დამტოვა. როცა სუფრას ვუსხედით, ვუთხარი:


- მამაო, როგორი მოწიწებით მსახურებთ, და რა ხანგრძლივად!.


27. 1881 წლის ყაზანის გამოცემაში:


...სიბერეში მხოლოდ ისღა დამრჩენია, უფალს შეწყალება ვთხოვო!


_ დიდი ხანია, რაც ამას მიეჩვიე?


28. 1881 წლის ყაზანის გამოცემაში:


...ამისთვის ფულს მშობლები მაძლევდნენ.


ერთხელ სასწაულთმოქმედი ხატის თაყვანსაცემად ერთ ქალაქში წავედი. მიყრუებული გზა იყო, მრავალი ვერსი სტეპებსა და ტყეებზე გადიოდა, მაგრამ არაფრის მეშინოდა. მჯეროდა, იესოს ლოცვა ყოველგვარი უბედურებისგან დამიცავდა. აი, უკვე ვუახლოვდები ქალაქს, ხუთი თუ ექვსი ვერსის მოშორებით ის მოჩანს კიდეც. მეც გზიდან ტყეში, პირდაპირ მიმავალ ბილიკს გავუყევი. უცებ გზის მხრიდან ჩემთან მხედარი მოიჭრა, ცხენიდან ჩამოხტა, გამაჩერა და გამოკითხვა დამიწყო, საიდან ვიყავი და საით მივდიოდი. ვუპასუხე. მან კი ბღლარძუნი დამიწყო. "ოჰ, რას აკეთებ, თავი დამანებე!" საფულედან ცისფერი ასიგნაცია ამოიღო და შემომაძლია. არც ამაზე დავთანხმდი, გაქცევა მინდოდა. ძეწკვით მიბმულ დასაკეც დანას გაცოფებულმა დაავლო ხელი, გაშალა, მკერდზე მომაბჯინა და მითხრა: "ახლავე გაგიყრი!" საშინლად შემეშინდა. გავიფიქრე: "უფალო იესო ქრისტე, აი, შენი ლოცვაც ვეღარ მშველის"... მან ცხენის სადავე ქამარში ჩაიჩარა და ბღლარძუნი დამიწყო. დავიყვირე: "მარჩენალო, ღვიძლი მამობა გამოიჩინე! სარაფნის გახდა მაინც მაცალე, ახალია, ეკლესიაში ამით დავდივარ!" ის იყო სარაფანი გავიხადე და თავზემოთ მოვიქნიე, რომ ცხენი დაფრთხა, დაიფრუტუნა და მთელი ძალით გაქუსლა, იმ საწყალს კუნძებსა და ბუჩქებზე მიათრევდა სადავით.


ათონის მონასტრის ხელნაწერში:


მან ცხენის სადავე ქამარში ჩაიჩარა და ბღლარძუნი დამიწყო. დავიყვირე: "მარჩენალო, ღვიძლი მამობა გამოიჩინე! შემიწყალე, ცოდვისგან მიხსენი!" დასხლტომა ვცადე. უცებ ცხენი რაღაცამ დააფრთხო, დაიფრუტუნა და მთელი ძალით გაქუსლა, იმ საწყალს კუნძებსა და ბუჩქებზე მიათრევდა სადავით.


1881 წლის ყაზანის გამოცემაში:

გონზე რომ მოვედი, მისი კვალი უკვე აღარსად იყო. ღმერთს დიდი მადლობა შევწირე გადარჩენისთვის. დავრწმუნდი, თუ რამდენად ძლიერი და მხსნელია იესოს ლოცვა. ორიოდე ვერსი გავიარე და გზაზე საფულე ვიპოვე, საიდანაც იგი ლურჯ ასიგნაციას მაძლევდა. იქ კიდევ იყო რაღაც ქაღალდები და პასპორტი. აი, ქალაქში შევდივარ, ზედ კარიბჭესთან კი ხალხი და პოლიციელები არიან თავშეყრილნი. ცხენი დაბმულია და ცახცახებს, მთლად გაქაფულია, მიწაზე კი კაცი წევს, თავგატეხილი, მთლად დასერილი დანით, რომელიც ქამარზე ძეწკვით ეკიდა. მოვიდა ქალაქის პოლიციის უფროსი. გაჩხრიკა. წუხს, რა ქნას, არ იცის... "არ ვიცით, ვინ არის, საიდან"... მასთან მივედი და ვეუბნები: "მისი საფულე ხომ არ არის? შორიახლოს, გზაზე ვიპოვე. იქნებ, უბიდან ამოუვარდა"... პოლიციის უფროსმა საბუთები გამომართვა, ლურჯი ასიგნაცია და საფულე კი (ძველი და გაზეთილი) უკან დამიბრუნა და მითხრა: "დიდი მადლობა, რომ იგი გამოააშკარავე. ეს კი შენ - პოვნისთვის. კანონის მიხედვითაც დაკარგული ნივთებიდან მესამედი ხომ მპოვნელს ეძლევა". ასე წამოვედი. სასწაულთმოქმედ ხატს თაყვანი ვეცი და სახლში დავბრუნდი. რაც იესოს ლოცვის ძალა საკუთარ თავზე გამოვცადე, უკვე თამამად დავიწყე სიარული. ძალიან მომინდა ძველ იერუსალიმში წასვლა, მაგრამ, რადგან ჩემი მშობლები მდიდრები არ იყვნენ, წასასვლელი და უკან დასაბრუნებელი ფულიც არ მქონდა. ამაზე ვნაღვლობდი. ერთხელ ამგვარ ფიქრებში გართულმა პერანგის ამოსაღებად სკივრი გავხსენი. ის საფულე დავინახე, ქალაქის პოლიციის უფროსმა რომ მომცა. ვიფიქრე, ასეთი ძველი და გაზეთილი რაღაში დამჭირდება-მეთქი, და გადავაგდე. შემდეგ მისი დაჭრა მომაფიქრდა, იქნებ, რამეში გამომდგომოდა ძველი ტყავი. მის ფხრეწას შევუდექი და შიგ ჩაკერებული ხუთი ცალი ასმანეთიანი ასიგნაცია ვიპოვე. ისე გამიხარდა, ტირილიც კი დავიწყე. ამ ფულით იერუსალიმში წავედი. იქ ერთი წელი ვიცხოვრე და უკან დავბრუნდი. მას შემდეგ ყოველთვის ვამბობ იესოს ლოცვას და თავს ვინუგეშებ. სიბერეში დავსნეუდი...


29. 1881 წლის ყაზანის გამოცემაში:


ასევე შემთხვევა მომეცა, გამეგო, თუ რამდენად აშკარად და ცოცხლად შეიძლება განცხადდეს თვითარსებული იესო ქრისტეს სახელით აღვლენილი ლოცვის ძალა...

30. ათონის მონასტრის ხელნაწერში:


ხელნაწერში არის შემდეგი ბოლოსიტყვაობა:


შენიშვნა


წმინდა მამების სწავლების მიხედვით აქ აღწერილი გულისმიერი შინაგანი ლოცვის ხერხები გამოცდილ წინამძღვარს საჭიროებს, ვის გარეშეც საშიშია ორლესული მახვილის მსგავს ამ უდიდეს სულიერ ღვაწლთან შებმა. მაგრამ უფლის ბრძანების შესასრულებლად განუწყვეტელი ლოცვისთვის ყველამ უნდა ვაიძულოთ თავი: "ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა" (ლუკ. 22.46). ლოცვის დასაწყისი ყველასთვის ერთია, ისეთია, როგორც ამას მწირი ასრულებდა. ჩვენც ისე დავიწყოთ, როგორც მან დაიწყო და მას, "რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხოვრებაჲ" (1ტიმ. 2.4), ვთხოვოთ, ისევე მოგვმადლოს კეთილად განათლებული მოძღვარი, როგორც ეს მწირს უბოძა. ლოცვისთვის ყველაზე მტკიცე საფუძველი არის ღვთის ნებაზე სრულად მინდობა და უაღრესი თავმდაბლობა. რაც უნდა დიდი ღვაწლი გასწიოს ადამიანმა, თუნდაც მკვდარი აღადგინოს, თუ გაკადნიერდება და საკუთარ თავს მიაწერს რაიმეს, ყველაფერს დაკარგავს. უკლებლივ ყველაფერი ღმერთს უნდა მივაწეროთ, თანახმად მისი ნათქვამისა: "თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი" (იოან. 15.5). თავად ლოცვაში წვრთნის სურვილიც კი უკვე ღვთის საჩუქარია, ზეგარდმო მადლია, რადგან თვითონ ჩვენ ნიადაგ მივიდრიკებით ყოველგვარი ცოდვისკენ.