მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მწირის გულახდილი საუბრები სულიერ მოძღვართან

 

მეორე ნაწილი

მწირის საუბრებიდან იესოს ლოცვის მადლმოსილ მოქმედებასთან დაკავშირებით

 

განუწყვეტელი ლოცვის შედეგად განცხადებული ცხონების საიდუმლო

 

როგორ ვცხონდე? - ეს ღვთისმოსაური ქრისტიანული კითხვა ბუნებრივად იბადება თითოეული ადამიანის გონებაში დაზიანებული და დაუძლურებული კაცობრივი ბუნების შეცნობისა და ასევე ჭეშმარიტებისა და სიწმინდისაკენ მასში შემორჩენილი თავდაპირველი სწრაფვის გამო. ყოველი ადამიანი, ვისაც რამდენადმე მაინც აქვს უკვდავებისა და საუკუნო ცხოვრებაში მისაგებლის რწმენა, როცა მზერას ზეცას მიაპყრობს, უნებურად ფიქრობს, როგორ ცხონდეს... და რადგან უჭირს ამ ამოცანაზე პასუხის გაცემა, კეთილგონიერ და მცოდნე ადამიანებს ეკითხება. შემდეგ მათი მითითებით ამ საკითხთან დაკავშირებით სასულიერო მწერლების დამრიგებლობით წიგნებს კითხულობს და ცდილობს, განუხრელად მისდიოს გაგონილ და ამოკითხულ ჭეშმარიტებასა და წესებს. ის ხედავს, რომ ყველა ამ რჩევა-დარიგების მიხედვით, საცხონებლად აუცილებელი პირობებია: ღვთისმოსაური ცხოვრება, მოღვაწეობა და საკუთარ თავზე მუშაობა საბოლოო თავგანწირვის მისაღწევად, რაც ადამიანს კეთილი საქმეებისა და ღვთის ყველა მცნების მუდმივად დაცვისკენ წარმართავს, რაც არის კიდეც დასტური ურყევი და მტკიცე რწმენისა... შემდეგ მას უქადაგებენ, რომ ცხონების ყველა ეს პირობა აუცილებლად უაღრესი სიმდაბლით, თანაც ერთობლივად უნდა შესრულდეს, რადგან ყველა სათნოება ერთმანეთზეა დამოკიდებული და, შესაბამისად, ისინი ისევე ეხმარებიან, სრულყოფენ და ამხნევებენ ერთმანეთს, როგორც მზის სხივები, რომლებიც მხოლოდ მაშინ ავლენენ ძალას და წარმოქმნიან ალს, როცა მინის საშუალებით ერთ წერტილში იყრიან თავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, "რომელი მცირესა ზედა ცრუ არს, მრავალსაცა ზედა ცრუ არს" (ლუკ. 16.10).


ამასთან, ამ ურთულესი და ერთობლივი ღვაწლის აუცილებლად აღსრულებაში უფრო მეტად დასარწმუნებლად მას ესმის ქებათა-ქება სათნოებათა სიტურფისა და ძაგება ვნებათა სიმდაბლისა და სიგლახაკისა. ყოველივე ეს საუკუნო ცხოვრებაში ან უდიდესი ჯილდოსა და ნეტარების, ან მტანჯველი სასჯელისა და უბედურების უტყუარ დაპირებაში აღიბეჭდება.


ძირითადად ამგვარი ხასიათისაა უახლესი დროის ქადაგებები!


ამგვარად მომართული, ცხონების მხურვალედ მოსურნე ადამიანი დიდი სიხარულით იწყებს დარიგებების შესრულებასა და გაგონილისა თუ წაკითხულის თავის თავზე გამოცდას. მაგრამ ამაოდ! თავისი მისწრაფებისკენ გადადგმულ პირველსავე ნაბიჯზე ვერ პოულობს შესაძლებლობას თავისი  მიზნის მისაღწევად. იგი ითვალისწინებს, და საკუთარ თავზეც კი გამოსცდის, რომ მისი დაზიანებული და დაუძლურებული ბუნება გონების მრწამსს სჯაბნის, რომ მისი თავისუფალი ნება შეზღუდულია, მიდრეკილებები - წამხდარი, სულიერი ძალა - ქანცგაწყვეტილი. მას შემდეგ, რაც ამგვარი გამოცდილების შედეგად საკუთარ უძლურებას შეიცნობს, იგი, ბუნებრივია, იწყებს ფიქრს: ხომ არ არსებობს რამე საშუალება, რომელიც იმის შესრულებაში დაეხმარებოდა, რასაც საღვთო სჯული ბრძანებს, რასაც ქრისტიანული ღვთისმოსაობა მოითხოვს და რასაც ასრულებდა ყოველი ადამიანი, ვინც ცხონებისა და სიწმინდის მიღების ღირსი გახდა? ამის გამო და ასევე იმ მიზნით, რომ თავის თავში გონებისა და სინდისის მოთხოვნილებები აღმასრულებელ ძალთა უძლურებასთან დააზავოს, იგი კვლავ კითხვით მიმართავს ცხონების მქადაგებლებს: "როგორ ვცხონდე?" როგორ გაამართლოს მან ცხონების პირობების მიუწვდომლობა? თავად მქადაგებელს შესწევს კი ძალა, განუხრელად შეასრულოს ყოველივე ის, რასაც ასწავლის?... "ღმერთს სთხოვე, ღმერთს ევედრე, რომ დაგეხმაროს!" განა უფრო ნაყოფიერი არ იქნებოდა, ჯერ, ანუ ყოველთვის და ყოველგან ლოცვა გვესწავლა, როგორც ყოველივე იმის შესრულების მიზეზი, რასაც ქრისტიანული ღვთისმოსაობა მოითხოვს და რითაც ცხონება მოიპოვება? _ ასკვნის შეკითხვის ავტორი და იმავდროულად იწყებს ლოცვის შესწავლას: კითხულობს, ფიქრობს და იაზრებს იმათ სწავლებებს, ვინც ამ საკითხთან დაკავშირებით წერს. მართლაც, იგი ბევრ ნათელ აზრს, ღრმა ცოდნასა და ძლიერ გამონათქვამს პოულობს მათში: მავანი შესანიშნავად მსჯელობს ლოცვის აუცილებლობაზე, სხვა - მის ძალაზე, კეთილმოქმედებაზე, იმაზე, რომ ლოცვა სავალდებულოა, რომ ლოცვისთვის საჭიროა გულმოდგინება, ყურადღება, სულის სითბო, აზრების სიწმინდე, მტრებთან შერიგება, სიმდაბლე, გულშემუსვრილება და სხვა, რაც ლოცვას თან უნდა ახლდეს...


მაგრამ რა არის თავად ლოცვა და არსებითად როგორ ვილოცოთ? - რადგან ამ კითხვებზე, თუმცა კი ყველაზე მთავარ და საჭირო კითხვებზე, საფუძვლიანი და ყველასთვის გასაგები პასუხი მეტად იშვიათად მოიძებნება, ლოცვის მოშურნე კვლავ საიდუმლოების საბურველქვეშ რჩება. მთელი წაკითხულიდან მის მეხსიერებაში აღიბეჭდება ლოცვის თუმცა ღვთისმოსაური, მაგრამ მაინც მხოლოდ გარეგნული მხარე, და იგი ასეთ დასკვნამდე მიდის: რომ ილოცო, ეკლესიაში უნდა იარო, პირჯვარი იწერო, მეტანიები აკეთო, დაიჩოქო, იკითხო ფსალმუნები, კანონები, დაუჯდომლები...


ეს არის იმ ადამიანთა ზოგადი მოსაზრება ლოცვაზე, ვინც შინაგანი ლოცვის შესახებ ნაშრომებსა და წმინდა მამების მჭვრეტელობით შემოქმედებას არ იცნობს. ბოლოს მაძიებელი პოულობს წიგნს - "სათნოებათმოყვარეობა", სადაც ოცდახუთმა წმინდა მამამ გასაგებად გადმოგვცა მეცნიერება ჭეშმარიტი და არსებითი გულისმიერი ლოცვისა. აქ მის წინაშე ნელ-ნელა ფარდა ეხდება ცხონებისა და ლოცვის საიდუმლოს და ის ხედავს, რომ ჭეშმარიტი ლოცვა ნიშნავს: გონება და მეხსიერება ღვთის გამუდმებული ხსოვნისკენ მიმართო, მისი ღვთაებრიობის წინაშე იარო, საღმრთო ფიქრებით მისდამი სიყვარულით აღიძრა, ღვთის სახელი სუნთქვასა და გულის მოძრაობას შეუერთო, და თანაც ყოველივე ამაში იმით იხელმძღვანელო, რომ ბაგეებით მოუხმო იესო ქრისტეს უწმინდეს სახელს, ანუ ყოველთვის და ყველგან, ნებისმიერი საქმიანობის დროს, იესოს ლოცვა თქვა განუწყვეტლივ.


თუმცა ეს ნათელი ჭეშმარიტებები შუქს მოჰფენს მაძიებლის შემეცნებას, გზას გაუკვალავს ლოცვის შესწავლისა და მიღწევისკენ, დაარწმუნებს, დაუყოვნებლივ შეუდგეს ამ ბრძნული რჩევა-დარიგებების შესრულებას, პრაქტიკაში იგი ჯერჯერობით მაინც ვერ ასცდება პერიოდულ გართულებებს, ვიდრე გამოცდილი მოძღვარი (იმავე "სათნოებათმოყვარეობის" საშუალებით) მთელი სისრულით არ გაუმხელს საიდუმლოს, რომ მხოლოდ ლოცვის სიხშირე და განუწყვეტელობა (როგორც უნდა ამბობდნენ ლოცვას დასაწყისში) არის როგორც შინაგანი ლოცვის სრულყოფილების, ისე სულის ცხონების ერთადერთი ძლიერი საშუალება. ლოცვის სიხშირე არის საფუძველი, ანუ ფუნდამენტი, რაზეც არის დამყარებული მაცხონებელი ღვაწლის მთელი წრე, როგორც ამას ადასტურებს კიდეც სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი: "ვინც განუწყვეტლივ ლოცულობს, - ამბობს იგი, - მას ამ ერთ სიკეთეში მთელი სიკეთისთვის მოუყრია თავი".


ამრიგად, იმისთვის, რომ ამ აღმოჩენის ჭეშმარიტება მთელი სისავსით წარმოაჩინოს, მოძღვარი მას შემდეგი სახით ავითარებს:


სულის ცხონებისთვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ჭეშმარიტი რწმენა. წმინდა წერილი ამბობს: "თჳნიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნოყოფაჲ" ღვთისა (ებრ. 11.6), "ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს" (მარკ. 16.16). მაგრამ იმავე წმინდა წერილიდან ჩანს, რომ ადამიანს თავისით მდოგვის მარცვლის ოდენა სარწმუნოების აღმოცენებაც კი არ შეუძლია, რომ რწმენა ჩვენგან არ არის, იგი ღვთის ნიჭია და მას, როგორც სულიერ ნიჭს, სულიწმიდა იძლევა.


როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? როგორ შევუთანხმოთ ერთმანეთს ის, რომ ადამიანს რწმენის  მოთხოვნილება აქვს, მაგრამ მისი თავისით აღმოცენება არ შეუძლია? იმავე წმინდა წერილში წარმოდგენილია საამისო საშუალება და ნაჩვენებია მაგალითები: "ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ" (ლუკ. 11.9). მოციქულებმა საკუთარ თავში სრულყოფილი რწმენის აღძვრა თავად ვერ შეძლეს და იესო ქრისტეს ევედრებოდნენ: "შემძინე ჩუენ სარწმუნოებაჲ" (ლუკ. 17.5). აი, რწმენის ძიების მაგალითი. აქედან ჩანს, რომ რწმენა ლოცვით მოიპოვება.


სულის ცხონებისთვის ჭეშმარიტ რწმენასთან ერთად საჭიროა კეთილი საქმეებიც - სათნოებები, "რამეთუ სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს" (იაკ. 2.20). ადამიანი საქმით, და არა ოდენ რწმენით გამართლდება, "უკუეთუ გნებავს ცხოვრებასა შესლვაჲ, დაიმარხენ მცნებანი... არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილი სწამო. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი" (მათ. 19.17-19). ყველა ეს მცნება ერთიანად უნდა შესრულდეს. "რამეთუ რომელმან ყოველი სჯული დაიმარხოს და სცთეს ერთითა, იქმნა იგი ყოვლისავე თანამდებ", - ასე გვასწავლის წმინდა იაკობ მოციქული (იაკ. 2.10).


ხოლო წმინდა პავლე მოციქული, წარმოგვიდგენს რა ადამიანის უძლურებას, ამბობს: "რამეთუ საქმეთა მათგან სჯულისათა არა განმართლდეს ყოველი ჴორციელი წინაშე მისსა" (რომ. 3.20). "ესე უწყით, რამეთუ სჯული სულიერ არს, ხოლო მე ჴორციელ ვარ და განფრდილ ცოდვასა შინა... რამეთუ არა რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ... აწ უკუე თავადი მე გონებითა ჩემითა ვჰმონებ სჯულსა ღმრთისასა, ხოლო ჴორცითა სჯულსა ცოდვისასა" (რომ. 7.14,19,25). მაშ, როგორღა შევასრულოთ საღვთო სჯულის ერთობ საჭირო საქმეები მაშინ, როცა ადამიანი უძლურია და მცნებების დაცვის შესაძლებლობა არ აქვს? - შესაძლებლობა არ აქვს მხოლოდ მანამ, ვიდრე ამას არ ითხოვს და მისთვის არ ლოცულობს. "არა გაქუს, რამეთუ არა ითხოვთ", - ასახელებს მიზეზს წმინდა მოციქული (იაკ. 4.2). თვითონ იესო ქრისტე ამბობს: "თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი" (იოან. 15.5). და თუ როგორ უნდა ვიქმოდეთ მასთან ერთად, იგი ამგვარად გვასწავლის: "დაადგერით თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ თანა" (იოან. 15.4); "რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე მის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი" (იოან. 15.5). მასთან ყოფნა კი ნიშნავს მისი მყოფობის გამუდმებით შეგრძნებასა და მისი სახელით განუწყვეტლივ თხოვნას: "რაცა ითხოვოთ სახელითა ჩემითა, იგი ვყო" (იოან. 14.13). ამრიგად, კეთილი საქმეების აღსრულების საშუალება ლოცვით მოიპოვება! ამის მაგალითს ვხედავთ თავად პავლე მოციქულში, ცდუნებებზე გამარჯვებისთვის სამჯერ რომ ილოცა და მუხლი მოუდრიკა მამა ღმერთს, რათა მან განამტკიცოს შინაგანი კაცი და, ბოლოს და ბოლოს, ვინც მცნებად მოგვცა, უწინარეს ყოვლისა ვილოცოთ და განუწყვეტლივ ვილოცოთ ყველაფრისთვის. ყოველივე ზემოთქმულიდან ცხადია, რომ ადამიანის სულიერი ხსნა მთლიანად ლოცვაზეა დამოკიდებული. აი, ამიტომ არის იგი საჭირო უპირველეს ყოვლისა და ყველაფრისა. მისით ცოცხლდება რწმენა, მისით აღესრულება ყველა სათნოება. ერთი სიტყვით, ლოცვით ყოველივე წარმატებით წარემართება, უმისოდ კი არანაირი ქრისტიანული ღვთისმოსაური საქმე ვერ აღსრულდება.


აი, ამიტომ განუწყვეტელობა და მუდმივობა, მარტოოდენ, მხოლოდ ლოცვას ახასიათებს, ხოლო ყველა სხვა სათნოებას თავისი დრო აქვს. ლოცვაში კი განუწყვეტელი წვრთნა მოგვეცა მცნებად: "მოუკლებელად ილოცევდით". ყოველთვის, ყოველ დროსა და ყოველ ადგილას გვმართებს ლოცვა.


ჭეშმარიტ ლოცვას თავისი პირობები საჭირდება: იგი წმინდა აზრებითა და გულით, უდიდესი გულმოდგინებით, განუხრელი ყურადღებით, თრთოლვის მომგვრელი მოწიწებითა და უაღრესი სიმდაბლით უნდა აღევლინოს. მაგრამ კეთილსინდისიერებას თუ გამოვიჩენთ, ვინ არ აღიარებს, რომ შორს არის ჭეშმარიტი ლოცვისთვის საჭირო ზემოჩამოთვლილი პირობებისგან, რომ ლოცვას უმთავრესად აუცილებლობის გამო, საკუთარ თავზე ძალდატანებით აღავლენს, და არა გატაცებით, ლოცვით ტკბობითა და ლოცვის სიყვარულით?! წმინდა წერილიც  ადასტურებს იმას, რომ ადამიანი უძლურია, იყოს ურყევი და უჯერო ზრახვებისგან სრულებით განიწმინდოს გონება: "რამეთუ შეყოფილ არს მომგონებელობაჲ კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით" (დაბ. 8.21); რომ ერთადერთი, ღმერთი გვაძლევს სხვა გულსა და ახალ სულს, "რამეთუ ღმერთი არს, რომელი შეიქმს თქუენდა ნებასაცა და შეწევნასაცა" (ფილიპ. 2.13). თავად პავლე მოციქულმაც თქვა: "სული (ანუ ხმა) ჩემი ილოცავს, ხოლო გონებაჲ ჩემი უნაყოფო არს" (1კორ. 14.14). `რაჲმცა-იგი ვილოცეთ, ვითარ იგი ჯერ არს, არა ვიცით", - ადასტურებს თვითონვე (რომ. 8.26). მაშასადამე, ჩვენს ლოცვაში ჩვენ ვერ ვავლენთ მის არსებით თვისებებს!


მაშ, თუ ამდენად უძლურია ყოველი ადამიანი, რაღა შესწევს მის ნებასა და ძალას სულის საცხონებლად? ლოცვის გარეშე ის რწმენას ვერ მოიხვეჭს, ვერც კეთილ საქმეებს... ბოლოს და ბოლოს, ჭეშმარიტი ლოცვაც არ შეუძლია. რაღა დარჩა მის წილად, რაღა მიეცა მის თავისუფალებასა და ძალას, რათა კი არ წარწყმდეს, ცხონდეს?!


რადგან ყველა საქმისთვის დამახასიათებელია ხარისხი, უფალმა იგი (ლოცვის ხარისხი - რედ.) თავისი ნებისა და წყალობის გამგებლობაში დატოვა. ადამიანისთვის კი უფრო ნათლად რომ ეჩვენებინა, თუ რამდენად არის ღვთის ნებაზე დამოკიდებული, და უფრო მეტად დაემდაბლებინა იგი, ღმერთმა ადამიანის ნებისა და ძალის წილ მხოლოდ ლოცვის რაოდენობა დატოვა და მცნებად მისცა, ყოველთვის და ყველგან განუწყვეტლივ ილოცოს. სწორედ ამაშია განცხადებული ჭეშმარიტი ლოცვის მიღწევის და, მასთან ერთად, რწმენის, მცნებათა აღსრულებისა და ცხონების მიღწევის საიდუმლო გზა. ამრიგად, ადამიანს წილად ხვდა მხოლოდ რაოდენობა. ლოცვის სიხშირე მის ნებას მიანდეს... სწორედ ასე გვასწავლიან ეკლესიის მამებიც. წმინდა მაკარი დიდი ამბობს: "როგორღაც ვილოცოთ (მაგრამ ხშირად) - ჩვენი ნებაა, ხოლო ჭეშმარიტად ვილოცოთ - ნიჭია მადლისა". ღირსი ისიხი ამბობს, რომ ხშირი ლოცვა ჩვევად ყალიბდება და ბუნებად იქცევა, რომ იესო ქრისტეს სახელის ხშირად მოუხმობლად შეუძლებელია გულის განწმენდა.


ღირსი კალისტე და ეგნატე გვირჩევენ, რომ ყოველგვარ ღვაწლსა და სათნოებაზე უწინარეს იესო ქრისტეს სახელით ხშირ, განუწყვეტელ ლოცვას შევუდგეთ, რადგან სიხშირით არაწმინდა ლოცვაც კი სიწმინდემდე მაღლდება. ნეტარი დიოდოხოსი ამტკიცებს: ადამიანი შეძლებისდაგვარად ხშირად რომ მოუწოდებდეს ღვთის სახელს (ლოცულობდეს), ცოდვაში არ ჩავარდებოდაო. რამდენად ბრძნული, გამოცდილებით სავსე და გულში ჩამწვდომია წმინდა მამების ეს პრაქტიკული რჩევები! სულიერი სრულყოფილების მიღწევის ხერხებსა და საშუალებებს ისინი გამოცდილებით შეძენილი უბრალოებით ჰფენენ ნათელს. რამდენად დიდი წინააღმდეგობაა მათსა და თეორიული აზროვნების ზნეობრივ სწავლებებს შორის! გონება გვარწმუნებს: აკეთე ესა და ეს სიკეთე, აღიჭურვე მხნეობით, გამოიჩინე ნებისყოფა, დარწმუნებული იყავი სათნოებათა კეთილ შედეგში, მაგალითად, გონება და გული ამაო ოცნებებისგან განწმინდე, მათი ადგილი სამოძღვრო აზრებით შეავსე, აკეთე სიკეთე, და იქნები პატივცემული და დამშვიდებული, იცხოვრე ისე, როგორც ამას გონება და სინდისი მოითხოვს... მაგრამ ამაოდ! ყოველგვარი ძალისხმევის მიუხედავად, თუ არა ხშირი ლოცვა და ლოცვაში ღვთის შემწეობის მოწოდება, ყოველივე ეს თავის მიზანს ვერ მიაღწევს. ამის შემდეგ ისევ გადავშალოთ წმინდა მამების სწავლებები და ვნახოთ, რას ამბობენ ისინი, მაგალითად, გულის განწმენდასთან დაკავშირებით. წმინდა იოანე კიბისაღმწერელი წერს: "როცა სული უწმინდური ზრახვებით დაბნელდება, ხშირად იმეორე იესოს სახელი და მტრები მისი სახელით დაამარცხე. მასზე უფრო ძლიერ და მარჯვე იარაღს ვერც ზეცაში იპოვი და ვერც - მიწაზე". წმინდა გრიგოლ სინელი გვასწავლის: "იცოდე, გონებას თავისით ვერავინ დააოკებს, ამიტომ უწმინდური აზრების დროს ხშირად და მრავალგზის მოუწოდე იესო ქრისტეს სახელს, და აზრებიც თავისთავად დაწყნარდებიან". რაოდენ მარტივი, მარჯვე, მაგრამ ამასთანავე ნაცადი საშუალებაა, სრულიად საწინააღმდეგო თეორიული აზროვნების რჩევისა, რომელიც თავის თავზე დიდი წარმოდგენის გამო სიწმინდის მიღწევას საკუთარი მოქმედებით ესწრაფვის! წმინდა მამების ამ გამოცდილებით სავსე რჩევა-დარიგებების აწონ-დაწონის შემდეგ იმ უტყუარ დასკვნამდე მივდივართ, რომ ცხონებისა და სულიერი სრულყოფილების მიღწევის მთავარი, ერთადერთი და ყველაზე მოსახერხებული გზა ხშირი და განუწყვეტელი ლოცვაა, რაოდენ სუსტიც უნდა იყოს იგი.


ქრისტიანის სულო! თუ საკუთარ თავში ვერ პოულობ ძალას, რომ ღმერთს სულითა და ჭეშმარიტებით სცე თაყვანი, თუ შენი გული გონიერი და შინაგანი ლოცვის დროს ჯერ კიდევ ვერ შეიგრძნობს სითბოსა და სიტკბოებას, მაშინ ლოცვით მსხვერპლად ის გაიღე, რაც შეგიძლია, რაც შენი ნებაა, რაც შენს ძალებს შეესაბამება. დაე, შენი ბაგეთა ქვედა ორგანოები ჯერ ხშირ და განუწყვეტელ ლოცვით ღაღადებას დაუმოყვრდნენ, დაე, ხშირად, განუწყვეტლივ მოუწოდონ იესო ქრისტეს ძლევამოსილ სახელს. ეს დიდ გარჯას არ მოითხოვს და ყველას ხელეწიფება. ამასთანავე, წმინდა მოციქულის ნაცადი მცნებაც ხომ იგივეს მოითხოვს: "ამისთჳს შევსწირავთ მსხუერპლსა ქებისასა მარადის ღმრთისასა, ესე იგი არს, ნაყოფსა ბაგეთასა და აღსარებასა სახელისა მისისასა" (ებრ. 13.15). ხშირი ლოცვა აუცილებლად ჩამოყალიბდება ჩვევად, ბუნებად იქცევა და დროთა ვითარებაში გონებასა და გულს სათანადოდ განაწყობს. ამასთან, წარმოიდგინე, ადამიანი გამუდმებით რომ ასრულებდეს განუწყვეტელ ლოცვასთან დაკავშირებულ ღვთის ამ ერთ მცნებას, მაშინ ამ ერთით იგი ყველა მცნებასაც შეასრულებდა; რადგან ადამიანი ყოველთვის განუწყვეტლივ რომ ლოცულობდეს ნებისმიერი საქმისა თუ საქმიანობის დროს და იესო ქრისტეს ღვთიურ სახელს იდუმალ მოუხმობდეს, დასაწყისისთვის თუნდაც სულიერი სითბოსა და მონდომების გარეშე, თუნდაც მხოლოდ საკუთარ თავზე ძალდატანებით, მაშინ ხორციელი ცოდვებით სიამოვნებისთვის მას დრო აღარ ექნებოდა, მისი ყოველი დანაშაულებრივი ჩანაფიქრი დაბრკოლდებოდა და არც ერთი ცოდვილი საქმე ისე ნაყოფიერად მოფიქრებული არ იქნებოდა, როგორც ეს მოცლილ გონებაში ხდება ხოლმე; შემცირდებოდა ან საერთოდ აილაგმებოდა მრავალსიტყვაობა და უქმმეტყველება; ხშირად მოხმობილი ღვთის სახელის მადლმოსილი ძალით დაუყოვნებლივ განიწმინდებოდა თითოეული ცდომილება. ლოცვაში ხშირი წვრთნა სულს ხშირად განაყენებდა ცოდვილიანი საქმეებისგან და მას ლოცვის არსებით ცოდნამდე _ ღმერთთან ერთობამდე - მიიყვანდა! ახლა ხედავ, ლოცვაში რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია რაოდენობა? ხშირი ლოცვა წმინდა და ჭეშმარიტი ლოცვის მოპოვების ერთადერთი საშუალებაა, ის ყველაზე საუკეთესო და ნამდვილი მზადებაა ლოცვისთვის, ის უტყუარი გზაა ლოცვის მიზნისა და ცხონების მისაღწევად!


ხშირი ლოცვის აუცილებლობასა და ნაყოფიერებაში უფრო მეტად რომ დარწმუნდე, შეძლებისდაგვარად კარგად დაიხსომე: 1. რომ ლოცვის ყოველი სურვილი, ყოველი აზრი არის სულიწმიდის მოქმედება და შენი მფარველი ანგელოზის ხმა;  2. რომ ლოცვაში მოწოდებული იესო ქრისტეს სახელი თავის თავში მოიცავს თვითმყოფადსა და თვითმოქმედ მადლმოსილ ძალას, და ამიტომ 3. არ შეგაშფოთოს შენი ლოცვის არაწმინდებამ და სიმშრალემ და მოთმინებით დაელოდე ღვთის სახელის ხშირი მოხმობის შედეგს. არ უსმინო ამაო წუთისოფლის გამოუცდელ, დაუფიქრებელ ჩაგონებებს, თითქოს განუწყვეტელი, მაგრამ გულგრილი მოწოდება უსარგებლო მრავალსიტყვაობა იყოს... არა! ღვთის სახელის ძალა და მისი მოწოდების სიხშირე თავის დროს თავის ნაყოფს გამოიღებს!..


შესანიშნავად მსჯელობს ამის შესახებ ერთ-ერთი სასულიერო მწერალი: "ვიცი, - ამბობს იგი, - რომ ბევრ მოჩვენებით სულიერ და ცრუ ბრძენ ფილოსოფოსს, რომლებიც ყველგან ცრუ სიდიადეს ეძიებენ, ხოლო გონიერებისა და სიამაყის თვალსაზრისით - ვითომ კეთილშობილურ სავარჯიშოს, ბაგეებით წარმოთქმულ ერთ ლოცვაში მარტივი, ხშირი ვარჯიში უმნიშვნელო ან მდაბალ საქმიანობად, ან წვრილმანად მიაჩნიათ; მაგრამ ცდებიან უბედურნი და ავიწყდებათ იესო ქრისტეს სწავლება: "უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნეთ ვითარცა ყრმანი, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა" (მათ. 18.3). ბუნებრივი აზროვნების მერყევ საფუძველზე ისინი თავისთვის აყალიბებენ რაღაც მეცნიერებას ლოცვის შესახებ. განა დიდი განათლება, ჭკუა და ცოდნაა საჭირო, გულწრფელად რომ თქვა: "იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე!" განა თავად ჩვენი ღვთაებრივი მასწავლებელიც ასეთ ხშირ ლოცვას არ აქებდა?! განა ამ მცირესიტყვიანი, მაგრამ ხშირი ლოცვით არ გამოითხოვეს და აღასრულეს სასწაულები? ჰოი, ქრისტიანის სულო! იფხიზლე და არ დადუმდე უფლის ლოცვის განუწყვეტელი ღაღადებისას! თუნდაც შენი ღაღადება ჯერ კიდევ გაფანტული და სანახევროდ წუთისოფლით სავსე გულიდან ამოდიოდეს, არაფერია, საჭიროა მხოლოდ გააგრძელო, არ დადუმდე და არ შეშფოთდე - სიხშირისგან ის თავისთავად განიწმინდება. არასდროს დაივიწყო მოციქულის ნათქვამი: "უფროჲს არს, რომელი თქუენ შორის არს, ვიდრე-ღა რომელი-იგი სოფლისაგან" (1იოან. 4.4), "უფროჲს არს ღმერთი გულისა ჩუენისა და იცის ყოველი," - ამბობს მოციქული (1იოან. 3.20).


ამრიგად, მთელი ამ მტკიცებულებების შემდგომ, კერძოდ, რომ ხშირი ლოცვა ამდენად ძლიერია ყოველგვარი უძლურების ჟამს, ადამიანისთვის უდავოდ ხელმისაწვდომია და სრულებით მის ნებაზეა დამოკიდებული, გაბედე და სცადე, თავდაპირველად თუნდაც ერთი დღე გაატარო საკუთარ თავზე დაკვირვებაში. დააკვირდი ლოცვის სიხშირეს, დღის უმეტესი ნაწილი იესო ქრისტეს სახელის მოხმობას დაუთმე, ვიდრე სხვა საქმიანობას, და ყოველდღიურ საქმეებთან შედარებით ლოცვის ამგვარი უპირატესობა დროთა ვითარებაში უთუოდ დაგარწმუნებს, რომ ის დღე დაკარგული კი არ არის, არამედ შეძენილია ცხონებისთვის, რომ ღვთის მართლმსაჯულების სასწორზე ხშირი ლოცვა შენს სისუსტეებსა და ცდომილებებს გადაწონის, იმ დღის ცოდვებს სინდისის სამახსოვრო წიგნიდან აღხოცავს, სიწმინდის საფეხურზე აგიყვანს და მარადიულ ცხოვრებაშიც განათლების იმედს ჩაგისახავს (ავტორის ხელნაწერიდან, რომელიც მამა ამბროსიმ ერთ-ერთი მონასტრიდან მიიღო).


მწირი: მთელი გულით მადლობას გწირავთ, წმინდაო მამაო! ამ კითხვით თქვენ ჩემი ცოდვილი სული დაატკბეთ! ღვთის გულისათვის, მაკურთხეთ, რომ ჩემთვის გადავიწერო ეს ხელნაწერი. რამდენიმე საათში გადავწერ. რა შესანიშნავი და საამო იყო ყველაფერი, რაც წავიკითხეთ! ჩემი სულელი გონებისთვისაც კი გასაგებია, ზუსტად ისეა, როგორც წმინდა მამები ამის შესახებ "სათნოებათმოყვარეობაში" მსჯელობენ. მაგალითად, "სათნოებათმოყვარეობის" მეოთხე ნაწილში იოანე კარპათელიც ასევე ამბობს: თუ თავის შესაკავებლად და საქმით სამოღვაწეოდ ძალა არ შეგწევს, იცოდე, რომ უფალს ლოცვის საშუალებით სურს შენი ცხონება. რა შესანიშნავად და გასაგებადაა ჩამოყალიბებული ყოველივე ეს თქვენს რვეულში. უპირველეს ყოვლისა ღმერთს ვწირავ მადლობას და შემდეგ - თქვენ, რომ მისი მოსმენის ღირსი გავხდი!


პროფესორი: მეც დიდი ყურადღებითა და სიამოვნებით მოვისმინე თქვენი ლექცია, ფრიად პატივცემულო მამაო! ყველაზე მკაცრი ლოგიკის მიხედვითაც კი ყველა მოსაზრება სწორია, და ჩემთვის შესანიშნავია; მაგრამ ამასთანავე, მიმაჩნია, რომ განუწყვეტელი ლოცვის შესაძლებლობას უმთავრესად ლოცვისთის ხელსაყრელი გარემოება და სრულ სიმშვიდეში განმარტოება იძლევა. გეთანხმებით, რომ ხშირი ან განუწყვეტელი ლოცვა არის ერთადერთი და ძლიერი საშუალება ღვთისმოსაობის ყოველ საქმეში მადლმოსილი შეწევნის მისაღებად და სულის განსანათლებლად. იგი ადამიანის ძალებს შეესაბამება. მაგრამ ამ საშუალების გამოყენება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა ადამიანი განმარტოებასა და მყუდროებაში იმყოფება. საქმეებს, საზრუნავსა და გართობას განრიდებულ ადამიანს შეუძლია ხშირად ან განუწყვეტლივ ილოცოს. ამ დროს მას მხოლოდ სიზარმაცესთან ან მოწყენილობასთან მოელის ზრახვების მიერ გამართული ბრძოლა. მაგრამ თანამდებობით ან საქმეებით მუდმივად დაკავებულ კაცს, ვისთვისაც აუცილებელია ხალხის ხმაურიან საზოგადოებაში ყოფნა, გულითაც რომ სურდეს ხშირი ლოცვა, მაინც ვერ შეძლებს გარდაუვალი გონებაგაფანტულობის გამო. მაშასადამე, ხშირი ლოცვის ერთადერთ საშუალებას, რომელიც მხოლოდ ხელსაყრელ გარემო პირობებშია შესაძლებელი, ყველა ვერ მიმართავს და ყველასთვის განკუთვნილი არ არის.


სქიმოსანი: უსაფუძვლოდ გამოგაქვთ ასეთი დასკვნა! თუნდაც არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ შინაგან ლოცვაში გაწვრთნილ გულს ყოველთვის, ყოველგვარი საქმიანობის დროს (ფიზიკური იქნება ეს, თუ გონებრივი), ნებისმიერ ხმაურში შეუძლია დაუბრკოლებლად ილოცოს და ღვთის სახელს მოუხმოს (მცოდნემ ეს გამოცდილებით იცის, ხოლო უცოდინარს მისი თანდათან შესწავლა მართებს), დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ვერანაირი გარეშე გასართობი ლოცვის მსურველს ლოცვას ვერ შეაწყვეტინებს, რადგან ადამიანის დაფარული აზრი გარედან არანაირ შეზღუდვას არ ექვემდებარება, თავის თავში სრულიად თავისუფალია, ყოველთვის შეიძლება მისი შეგრძნება და ლოცვად გარდაქმნა. თავად ენასაც კი შეუძლია სხვების თანდასწრებით, გარეშე საქმიანობის დროს ფარულად, უხმოდ გამოთქვას ლოცვა. თანაც არც ჩვენი საქმიანობაა იმდენად მნიშვნელოვანი და არც ჩვენი საუბრები - იმდენად საინტერესო, რომ საშუალება ვერ გამოვნახოთ იესო ქრისტეს სახელის დროდადრო და ხშირად მოსახმობად, თუნდაც გონება ჯერ კიდევ არ იყოს გაწვრთნილი განუწყვეტელ ლოცვაში. თუმცა, ცხადია, სწორედ ხალხისგან და გონების გამფანტველი საგნებისგან განრიდება არის ყურადღებიანი და განუწყვეტელი ლოცვის მთავარი პირობა. მაგრამ მისი არქონის დროს, იშვიათი ლოცვის გამო თავი არ უნდა ვიმართლოთ - რაოდენობა და სიხშირე ყველასთვის ხელმისაწვდომია, ჯანმრთელისთვისაც და სნეულისთვისაც, და დამოკიდებულია ადამიანის ნებაზე. ამას თავიანთი მაგალითით ამტკიცებენ ისინი, ვინც ვალდებულებებით, (გონების) გამრთობი თანამდებობებით, საზრუნავით, შრომითა და სამუშაოთი იყვნენ შებოჭილნი, და არა მარტო ყოველთვის მოუწოდებდნენ იესო ქრისტეს ღვთაებრივ სახელს, არამედ მისი საშუალებით ისწავლეს და მიაღწიეს კიდეც გულის განუწყვეტელ შინაგან ლოცვას. ასე მაგალითად, პატრიარქი ფოტი, რომელიც სენატორობიდან პატრიარქის ხარისხში აიყვანეს, როცა კონსტანტინოპოლის მრავალრიცხოვან სამწყსოს მართავდა, განუწყვეტლივ მოუხმობდა ღვთის სახელს და ამ გზით მიაღწია კიდეც თვითმოქმედ გულისმიერ ლოცვას. ასე ისწავლა განუწყვეტელი ლოცვა კალისტემ, რომელიც ათონის წმინდა მთაზე მზარეულის რთულ მორჩილებას ასრულებდა. საძმოში მუდმივად სამუშაოთი დატვირთული გულმიამიტი ლაზარე ყოველგვარი ხმაურიანი საქმიანობის დროს ასე განუწყვეტლივ წარმოთქვამდა იესოს ლოცვას და მშვიდდებოდა. ღვთის სახელის განუწყვეტელ მოწოდებაში მსგავსადვე ვარჯიშობდა ბევრი სხვაც. ყურადღების გამფანტველი საქმიანობის დროს ან ადამიანთა საზოგადოებაში შეუძლებელი რომ ყოფილიყო ლოცვა, მაშინ შეუძლებელს არც დაგვიწესებდნენ. წმინდა იოანე ოქროპირი ლოცვის შესახებ თავის სწავლებაში შემდეგს გვეუბნება: "არავინ იმართლოს თავი, თითქოს შეუძლებელია, ყოველთვის ილოცოს მან, ვინც ცხოვრებისეული საზრუნავით არის დატვირთული ან ტაძარში ვერ მიდის. სადაც უნდა იყო, ყველგან შეგიძლია ლოცვის საშუალებით გონებაში სამსხვერპლო აღუმართო ღმერთს". ამრიგად, ლოცვა მოსახერხებელია ბაზარშიც, მგზავრობის დროსაც, როცა გასაყიდად დგახარ თუ ხელსაქმეს უზიხარ. ლოცვა ყველგან, ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი. თუ ადამიანი მართლა მთელი ყურადღებით მოეკიდება საკუთარ თავს, ლოცვას ყველგან მოახერხებს, ოღონდაც კი ირწმუნოს, რომ ყველა სხვა ვალდებულებასთან შედარებით ლოცვაა მისი მთავარი საქმე. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იგი უფრო შემართებით წარმართავდა თავის საქმიანობას, ხალხთან აუცილებელი საუბრის დროს ლაკონიურობას, მდუმარებას გამოიჩენდა და უსარგებლო მრავალსიტყვაობას მოერიდებოდა, საზრუნავის დროს ზემდეტად არ იფუსფუსებდა, რათა ყოველივე ამის წყალობით უფრო მეტი დრო მოეგო მშვიდად ლოცვისთვის. ამგვარი განწყობილებითა და ღვთის სახელის მოწოდების ძალით, მისი ყოველი მოქმედება წარმატებით დაგვირგვინდებოდა. საბოლოოდ იგი განუწყვეტელი ლოცვით იესო ქრისტეს სახელის მოხმობას მიეჩვეოდა და გამოცდილებით შეიცნობდა, რომ ლოცვის სიხშირე, ცხონების ეს ერთადერთი საშუალება, ადამიანის შესაძლებლობასა და ნებაზეა დამოკიდებული; რომ ყოველთვის, ყველგან და ყოველგვარ მდგომარეობაში შეიძლება ლოცვა; რომ ბაგეებით ხშირად წარმოთქმული ლოცვიდან ადვილად მაღლდებიან გონებრივ ლოცვამდე, იქიდან კი - გულისმიერ ლოცვამდე, რომელიც ჩვენში ღვთის სასუფეველს განაღებს.


პროფესორი: გეთანახმებით, რომ ყოველგვარი მექანიკური საქმიანობის დროს შესაძლებელი და მოსახერხებელიც კი არის ხშირი ან განუწყვეტელი ლოცვა, რადგან მექანიკური ხელსაქმე გონების დაძაბვასა და დიდ დაფიქრებას არ მოითხოვს. ამიტომ ამ დროს ჩემს გონებას განუწყვეტელ ლოცვაში ჩაფლობა შეუძლია, და ბაგეებსაც ძალუძს მას მისდიოს. მაგრამ როცა განსაკუთრებული გონებრივი საქმით უნდა დავკავდე, მაგალითად, ყურადღებით წავიკითხო ან ღრმად გავიაზრო საკითხი, ან თხზულება დავწერო, ამ დროს როგორღა შევძლებ გონებით და ბაგეებით ლოცვას? რაკი ლოცვა უმთავრესად გონების საქმეა, მაშ, როგორ შევძლებ, ერთ გონებას ერთდროულად სხვადასხვა საქმე მივცე?


სქიმოსანი: ამ საკითხის გადაწყვეტა სრულებითაც არ იქნება ძნელი, თუ გავითვალისწინებთ, რომ განუწყვეტლივ მლოცველი ადამიანები სამ ჯგუფად იყოფიან, კერძოდ:


1. დამწყებნი,  2. ისინი, ვინც კარგად სწავლობს, და  3. ისინი, ვინც ლოცვა ისწავლა. ამიტომაც, გონებრივი საქმიანობის დროს დამწყებთაც შეუძლიათ გონება და გული დროდადრო ხშირად მიაპყრონ ღმერთს და ბაგეებით წარმოთქვან მოკლე ლოცვა; ხოლო კარგად შემსწავლელთ, ანუ ვისაც მუდმივი გონებრივი განწყობილება აქვს, შეუძლიათ იფიქრონ და წერონ ისე, რომ განუწყვეტლივ ღვთის წინაშე იმყოფებოდნენ, რაც არის კიდეც ლოცვის საფუძველი. ეს შეიძლება შემდეგი მაგალითით გამოიხატოს: წარმოიდგინე, რომ მკაცრმა და მომთხოვნმა მეფემ მისი თანდასწრებით, მისივე ტახტის ფერხთით მის მიერ მოცემული ღრმა მატერიის განხილვა დაგავალა. შენ, რაც უნდა დაკავებული იყო შენი საქმით, იმდენად შეგიპყრობდა ის აზრი, რომ მეფის თანდასწრებით იმყოფები, ვის ხელშიც არის შენი სიცოცხლე, წამითაც არ დაგავიწყდებოდა, რომ შენ ფიქრობ, სჯი და აზროვნებ არა განმარტოებით, არამედ იმ ადგილას, სადაც განსაკუთრებული მოწიწება, პატივისცემა და წესიერება გმართებს. სწორედ ეს გრძნობა და მეფის სიახლოვის ცოცხალი განცდა ძალიან ნათლად გამოხატავს განუწყვეტელი შინაგანი ლოცვის შესაძლებლობას გონებრივი ვარჯიშის დროსაც კი.


რაც შეეხება მათ, ვინც ხანგრძლივი ჩვეულებითა თუ ღვთის წყალობით გონიერი ლოცვიდან გულის ლოცვა მოიპოვა, ასეთები განუწყვეტელ ლოცვას არათუ ღრმა გონებრივი საქმიანობის დროს, არამედ ძილშიც კი არ წყვეტენ, რასაც ადასტურებს ბრძენი: "მე მძინავს და გული ჩემი მღჳძარე არს" (ქებ. 5.2). წარმატებულებში გულის მექანიზმი ღვთის სახელის მოხმობის ისეთ უნარს იძენს, რომ გული თავისთავად აღიძვრება ლოცვისთვის და გონებასა და მთელ სულს განუწყვეტელი ლოცვის მორევში ითრევს, მიუხედავად იმისა, თუ რა მდგომარეობაშია და რაოდენ განყენებული და გონებრივი საქმით არის დაკავებული მლოცველი.


მღვდელი: ღირსო მამაო, ნება მიბოძეთ, ჩემი მხრივ, მეც გამოვთქვა აზრი. თქვენ მიერ წაკითხულ წერილში შესანიშნავადაა ნათქვამი, რომ ცხონებისა და სრულყოფილების მიღწევის ერთადერთი საშუალება ლოცვის სიხშირეა, "როგორიც უნდა იყოს იგი"... ჩემთვის ეს ძნელი გასაგებია, ამიტომ ვფიქრობ: რა სარგებლობას მომიტანს, თუ განუწყვეტლივ ვილოცებ და ღვთის სახელს მხოლოდ ენით მოვუხმობ, მაგრამ უყურადღებოდ ვიქნები და ვერ გავიგებ, რასაც ვიტყვი? ეს მხოლოდ ამაოდმეტყველება იქნება! შედეგად მივიღებთ მხოლოდ იმას, რომ ენა ლაქლაქში დაიღლება, ხოლო აზროვნებაში ამგვარად დაბრკოლებული გონება თავისი შესაძლებლობის გამოვლენის მხრივ დაზარალდება. ღმერთი სიტყვებს კი არ მოითხოვს, არამედ ყურადღებიან გონებასა და განწმენდილ გულს. ხომ არ ჯობს, თუნდაც იშვიათად ან დაწესებულ დროს მოკლედ ვილოცო, მაგრამ ვილოცო ყურადღებით, გულდასმით, სულიერი სითბოთი და ჯეროვანი გააზრებით? წინააღმდეგ შემთხვევაში, თუნდაც დღედაღამ ილოცო, თუ სულიერი სიწმინდე და ღვთისმოსაური საქმეები არ გექნა, საცხონებლად მაინც ვერაფერს შეიძენ; მხოლოდ გარეგნული ყბედობის ამარა დარჩები, ბოლოს დაიღლები, მოგწყინდება და იქამდე მიხვალ, რომ, ლოცვის მიმართ სრულიად რწმენაგაციებული, საერთოდ დაანებებ თავს ამ უშედეგო საქმიანობას. შემდეგ, ბაგეებით წარმოთქმული ლოცვის უსარგებლობა შეგვიძლია დავინახოთ წმინდა წერილში წარმოდგენილ მხილებებშიც. ასე მაგალითად: "მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივს-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებული არიან ჩემგან" (მათ. 15.8); "არა ყოველმან რომელმან მრქვას მე: უფალო, უფალო! შევიდეს იგი სასუფევლსა ცათასა" (მათ. 7.21); "მნებავს ხუთ სიტყუა გონებითა ჩემითა სიტყუად, რაჲთა სხუათაცა უმოძღურო, ვიდრე ბევრთა სიტყუათა ენითა" (1კორ. 14.19), და სხვ. ყველა ესენი გარეგნული, ბაგეებით უყურადღებოდ წარმოთქმული ლოცვის უნაყოფობას გამოხატავენ.


სქიმოსანი: თქვენ მიერ წარმოდგენილ დასკვნას გარკვეული საფუძველი ექნებოდა, ბაგეებით წარმოთქმული ლოცვის რჩევასთან, განუწყვეტელობასა და მუდმივობასთან რომ არ იყოს დაკავშირებული, იესო ქრისტეს სახელით წარმოთქმულ ლოცვას თვითმოქმედი ძალა რომ არ ჰქონდეს და მისადმი ყურადღება და გულმოდგინება ლოცვაში თანდათანობითი ვარჯიშის შედეგად რომ არ მოიპოვებოდეს... მაგრამ ვინაიდან საქმე ლოცვის სიხშირეს, ხანგრძლივობასა და განუწყვეტელობას ეხება (თუნდაც დასაწყისში ლოცვას უყურადღებობა და სიცივე ახლდეს), ამით თქვენ მიერ არასწორად გამოტანილი დასკვნა ბათილდება. დაწვრილებით განვიხილოთ იგი. ერთი სასულიერო მწერალი გვარწმუნებს ერთგვაროვანი სიტყვებით გამოხატული ხშირი ლოცვის უდიდეს სარგებლობასა და ნაყოფიერებაში და ბოლოს ამბობს: "თუმცა ბევრი ვითომ განათლებული ადამიანი უსარგებლოდ და უმნიშვნელოდაც კი მიიჩნევს ერთი და იმავე ლოცვის ბაგეებით ხშირ წარმოთქმას, და ამას მდაბიო ხალხის მექანიკურ, უაზრო საქმიანობას უწოდებს, საუბედუროდ, მათ არ იციან ის საიდუმლო, რომელიც ამ მექანიკური ვარჯიშით ცხადდება, არ იციან, რომ ბაგეებით, მაგრამ ხშირად წარმოთქმული ეს ღაღადება თავისდაუნებურად გარდაიქმნება გულის ჭეშმარიტ ღაღადისად, შიგნით ღრმავდება, ხდება საამური, სულისთვის თითქმის ბუნებრივი, ანათლებს სულს, კვებავს და ღმერთთან შესაერთებლად მიუძღვის მას. ვფიქრობ, ეს გამკიცხველები იმ პატარა ბავშვებს ჰგვანან, ვისთვისაც ანბანისა და კითხვის სწავლება განუზრახავთ, მათ კი, სწავლით თავგაბეზრებულებმა, ერთხელ წამოიძახეს: "ასჯერ უკეთესი არ იქნება, თუ სათევზაოდ წავალთ, როგორც ამას ჩვენი მამები აკეთებენ, ვიდრე "ა,ბ,გ,დ" -ს გაუთავებელ გამეორებაში გავატაროთ მთელი დღე და ბატის ფრთით ქაღალდი ვფხაჭნოთ?" მათთვის საიდუმლო იყო კითხვიდან გამომდინარე ის სარგებელი და განათლება, რაც ასოების მოსაწყენი დაზეპირების შედეგად უნდა მიეღოთ. მსგავსადვე, ღვთის სახელის მარტივი, მაგრამ ხშირი მოწოდებაც დაფარული საიდუმლოა მათთვის, ვინც არ იცის და ვისაც არ სჯერა მისი შემდგომი უდიდესი სარგებელი. ისინი რწმენას თავიანთი გამოუცდელი და არაშორსმხედველი გონებით ზომავენ და ავიწყდებათ, რომ ადამიანი სხეულისა და სულისგან შედგება... მაგალითად, რატომაა, რომ, როცა სულის განწმენდა გსურს, ჯერ სხეულს იწმენდ: იტვირთავ მარხვას, სხეულს ნოყიერსა და გამაღიზიანებელ საკვებს აკლებ? - რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ამით არ დააბრკოლო, უკეთ რომ ვთქვათ, ხელი შეუწყო სულის განწმენდასა და გონების განათლებას; იმიტომ, რომ ხორციელი შიმშილის განუწყვეტელმა შეგრძნებამ გაგახსენოს შენი გადაწყვეტილება შინაგანი სრულყოფილებისა და ღვთივსათნო საქმეთა ძიების თაობაზე, რასაც ასე ადვილად ივიწყებ... და შენ გამოცდილებით გრძნობ, რომ სხეულის გარეგნული მარხვით გონების შინაგან სინატიფეს, გულის სიმშვიდეს, ვნებების მოსათვინიერებელ და სულიერი წვრთნის შემახსენებელ იარაღს მოიპოვებ. აი, ასე ღებულობ სულიერ სარგებლობასა და შემწეობას გარეგანი მატერიის საშუალებით. მსგავსად იფიქრე ბაგეებით წარმოთქმულ განუწყვეტელ, ხშირ ლოცვაზეც, რომელიც თავისი ხანგრძლივობით გულის შინაგან ლოცვას ავითარებს, ადამიანს განაწყობს და ეხმარება, გონებით ღმერთს შეუერთდეს. ამაოდ წარმოუდგენიათ, რომ ხშირი ლოცვით ენას ვიმტვრევთ და უფერული გაუგებრობით თავშეწყენილებმა ლოცვაში ასეთ უსარგებლო, გარეგნულ ვარჯიშს საერთოდ უნდა ვანებოთ თავი. არა! გამოცდილება სრულებით საპირისპიროს გვიჩვენებს. ვინც პრაქტიკულად განუწყვეტლივ ლოცულობს, გვარწმუნებს, რომ ხდება შემდეგი რამ: როცა ადამიანი გადაწყვეტს, იესო ქრისტეს სახელს განუწყვეტლივ მოუწოდოს, ანუ გამუდმებით წარმოთქვას იესოს ლოცვა, რა თქმა უნდა, დასაწყისში სიძნელეებს აწყდება და სიზარმაცეს ებრძვის. მაგრამ რაც უფრო დიდხანს და ბევრს ვარჯიშობს, მით უფრო თავისდაუნებურად ითავისებს ამ საქმიანობას და შემდეგ მისი ენა და ბაგეები იმდენად ბუნებურად მოქმედებენ, რომ უკვე თავისით, ძალდაუტანებლად მოძრაობენ გაუჩერებლივ და უხმოდ ამბობენ ლოცვას. ამასთანავე, ხორხის კუნთების მექანიზმი იმგვარად მოიმართება, რომ მლოცველი გრძნობს, ლოცვა მისი მუდმივი და არსებითი საქმიანობაა და ყოველთვის, როცა კი ლოცვას თავს ანებებს, რაღაცის ნაკლებობას განიცდის. სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ გონება თავისთავად იწყებს ბაგეების ამ უნებლიე მოქმედების მოსმენას და ყურადღებით განეწყობა, რაც საბოლოოდ გულისმიერი და ჭეშმარიტი ლოცვის სიტკბოების წყარო ხდება. აი, ბაგეებით წარმოთქმული განუწყვეტელი ან ხშირი ლოცვის ჭეშმარიტი და კეთილისმყოფელი შედეგი, რაც სრულებით საწინააღმდეგოა ამ საქმეში გამოუცდელ და უცოდინარ ადამიანთა დასკვნისა! რაც შეეხება წმინდა წერილიდან თქვენ მიერ მოყვანილ ადგილებს, რომლებიც თქვენს საწინააღმდეგო მოსაზრებას ასაბუთებენ, სათანადო განხილვის შემდეგ მათი ახსნაც შეიძლება: ბაგეებით ღვთის პირმოთნეობით თაყვანისცემა, ამით პატივმოყვარეობა და "უფალო! უფალო!"-ს ძახილით მზაკვრული დიდება იესო ქრისტემ იმ მიზეზით ამხილა, რომ ამაყ ფარისევლებს ღმერთი მხოლოდ ენით სწამდათ, თავიანთ რწმენას არანაირად არ ამართლებდნენ და გულით არ აღიარებდნენ. ეს სწორედ მათზეა ნათქვამი, და ლოცვის კითხვას კი არ შეეხება, რისი მცნებაც იესო ქრისტემ პირდაპირ, გადაჭრით და გარკვევით მოგვცა: "ჯერ-არს მათდა მარადის ლოცვაჲ და რაჲთა არა ეწყინებოდის (ე.ი. არ მოსწყინდეთ) ლოცვასა შინა" (ლუკ. 18.1). მსგავსადვე, წმინდა პავლე მოციქულიც გასაგებად თქმულ ხუთ სიტყვას მეტ უპირატესობას ანიჭებს, ვიდრე ეკლესიაში უაზროდ ან უცნობ ენაზე წარმოთქმულ მრავალ სიტყვას. ამაში იგი საზოგადო სწავლებებს, და არა საკუთრივ ლოცვას გულისხმობს, რის შესახებაც დაბეჯითებით ამბობს: "მნებავს უკუე ლიცვაჲ მამათაჲ ყო­ველსა ადგილსა"... (1ტიმ. 2.8) ზოგადად კი გვირჩევს: "მოუკლებელად ილოცევდით" (1თეს. 5.17). ახლა ხედავთ, მთელი თავისი სიმარტივის მიუხედავად, რამდენად ნაყოფიერია ხშირი ლოცვა? და რამდენად დიდი დაფიქრება სჭირდება წმინდა წერილის სწორად გაგებას?


მწირი: ჭეშმარიტად ასეა, წმინდაო მამაო! ბევრი ადამიანი მინახავს, რომლებიც მარტივად, ყოველგვარი განმანათლებლური დამოძღვრის გარეშე, ისე, რომ არც იცოდნენ, თუ რას ნიშნავს ყურადღება, ბაგეებით თავისით ამბობდნენ იესოს განუწყვეტელ ლოცვას, და მიაღწიეს იმას, რომ მათ ენასა და ბაგეებს ლოცვის შეკავება აღარ შეეძლოთ, რაც შემდგომში იმდენად ატკბობდა და ანათლებდა მათ, რომ სუსტი და დაუდევარი ადამიანებიდან ისინი მოღვაწეებად და სათნოების ქომაგებად ქცეულან...


სქიმოსანი: დიახ, ლოცვა თითქოს ხელმეორედ შობს ადამიანს. იმდენად დიდია მისი ძალა, რომ ვერაფერი, ვერანაირი ვნების ძალა ვერ აღუდგება მას წინ. თუ ინებებთ, ძმებო, დამშვიდობებამდე მოკლე, მაგრამ საინტერესო წერილს წაგიკითხავთ, რომელიც თან წამოვიღე.


ყველა: მოწიწებით, სიამოვნებით მოგისმენთ!...


სქიმოსანი: ლოცვის ძალის შესახებ:


ლოცვა იმდენად ძლიერი და ძლევამოსილია, რომ ილოცე და აკეთე, რაც გინდა, და ლოცვა სწორ და წმინდა ღვაწლთან მიგიყვანს.


ღვთის სათნოსაყოფად სხვა არაფერია საჭირო, გარდა სიყვარულისა: გიყვარდეს და აკეთე ყველაფერი, რაც გინდა, - ამბობს ნეტარი ავგუსტინე; რადგან ვისაც ჭეშმარიტად უყვარს, მას სატრფოსთვის არასასურველი რამის გაკეთების სურვილიც კი არ შეიძლება ჰქონდეს... ვინაიდან ლოცვა სიყვარულის გამოხატულება და შედეგია, ამიტომ მასზეც იმავეს თქმა შეიძლება: ცხონებისთვის მეტი არაფერია საჭირო, გარდა მუდმივი ლოცვისა. ილოცე და აკეთე, რაც გინდა, და ლოცვის მიზანს მიაღწევ - მისით კურთხევას მოიპოვებ!


საკითხის უფრო ზედმიწევნით გაგების მიზნით მას მაგალითებით ავხსნით:


1. ილოცე და ყველაფერი იფიქრე, რაც გინდა - შენი აზრები ლოცვით განიწმინდება. ლოცვა გონებას განგინათლებს, ყველა უადგილო ზრახვას დააცხრობს და განაგდებს. ამას გვიმტკიცებს წმინდა გრიგოლ სინელი: "თუ ზრახვების უკუგდება და გონების განწმენდა გსურს, - გვირჩევს იგი, - ლოცვით განაგდე ისინი, რადგან ლოცვის გარდა, აზრებს სხვა ვერაფრით შეაჩერებ". ამასთან დაკავშირებით მსგავსად გველაპარაკება წმინდა იოანე კიბისაღმწერელიც: "გონების მტრები იესოს სახელით დაამარცხე. მის გარდა სხვა იარაღს ვერ იპოვი".


2. ილოცე და აკეთე, რაც გინდა, და შენი საქმეები ღვთივსათნო იქნება, შენთვის კი _ სასარგებლო და მაცხონებელი.


უნაყოფოდ არ დარჩება ხშირი ლოცვა, რაზეც უნდა იყოს იგი (მარკოზ განშორებული), რადგან თავად მასშია მადლმოსილი ძალა. "წმიდა არს სახელი მისი" (ლუკ. 1.49) და "ყოველმან, რომელმან ჰხადოს სახელსა უფლისასა, ცხოვნდეს" (რომ. 10.13). მაგალითად, არაწმინდებაში მყოფი და ამ ლოცვით "წარუმატებლად" მლოცველი ადამიანი გონს მოეგო და სინანულისკენ მოწოდება მოესმა. ავხორცი ქალიშვილი უკან დაბრუნების დროს ლოცულობდა და ლოცვამ მიუთითა, რომ ქალწულებაში ეცხოვრა და იესო ქრისტეს დარიგებები ესმინა.


3. ილოცე და ვნებების საკუთარი ძალებით დასამარცხებლად დიდად ნუ გაირჯები. ლოცვა გაანადგურებს მათ შენში: "უფროჲს არს, რომელი თქუენ შორის არს, ვიდრე-ღა რომელი-იგი სოფლისაგან", - ამბობს წმინდა წერილი (იოან. 4.4). წმინდა იოანე კარპათელი კი გვასწავლის: თუ თავშეკავების ნიჭი არ გაქვს, ნუ დაღონდები. იცოდე, რომ ღმერთი შენგან ლოცვაში გულმოდგინებას მოითხოვს და ლოცვა გიხსნის.


მისი დამამტკიცებელი მაგალითია "მამათა ცხოვრებაში" აღწერილი ბერი, "გამარჯვებული დაცემული", ანუ ის, ვინც ცოდვით დაეცა, მაგრამ გული არ გაუტეხავს, ლოცვას მიმართა და მისი საშუალებით გონს მოეგო.


4. ილოცე და ნურაფრის გეშინია: არ შეგაშინოს უბედურებამ, არ შეგაძრწუნოს თავდასხმებმა - ლოცვა დაგიცავს და აგაცილებს მათ. გაიხსენე მცირედმორწმუნე პეტრე, რომელიც იხრჩობოდა; გაიხსენე ციხეში მლოცველი პავლე, ბერი - რომელიც თავსდატეხილ ცდუნებას ლოცვით გადაურჩა, ქალწული - რომელმაც ბოროტგანმზრახველ მეომარს ლოცვით დააღწია თავი. გაიხსენე მსგავსი შემთხვევები. იესო ქრისტეს სახელით ლოცვის ძალას, ძლევამოსილებასა და ყოვლისმომცველობას ისინი ადასტურებენ.


5. თუნდაც რამენაირად ილოცე, ოღონდ ყოველთვის ილოცე და ნურაფრით შეშფოთდები. სულიერად მხიარული და მშვიდი იყავი - ლოცვა ყველაფერს მოაგვარებს და გასწავლის. გახსოვდეს, რას ამბობენ წმინდა იოანე ოქროპირი და წმინდა მარკოზ განშორებული ლოცვის ძალაზე. პირველი ამტკიცებს: "თუნდაც ცოდვებით აღვსებულებმა წარმოვთქვათ ლოცვა, იგი მაშინვე გვწმენდს"... ხოლო მეორე შემდეგს ამბობს: "რამენაირად ვილოცოთ - ჩვენს ხელთაა, ხოლო წმინდად ვილოცოთ - მადლისმიერი ნიჭია". ამრიგად, რაც შეგიძლია, ღმერთს ის შესწირე, დასაწყისისთვის თუნდაც რაოდენობა მიართვი მსხვერპლად (ეს შენ შეგიძლია), და შენს უსუსურ ძალას ღვთის ძალა მოეფინება. მშრალი და გაფანტული, მაგრამ ხშირი, მუდმივი და ჩვევადქცეული ლოცვა ბუნებად გარდაიქმნება და წმინდა, ნათელ, მგზნებარე და სათანადო ლოცვად გარდაისახება.


6. დასასრულ, თუ მღვიძარების ჟამს ლოცვა იქნება შენი თანმხლები, მაშინ, ბუნებრივია, არათუ ცოდვილიანი საქმეებისთვის, არამედ მათ მოსაფიქრებლადაც კი არ დაგრჩება დრო.


ახლა ხომ ხედავ, ამ ბრძნულ გამონათქვამში რამდენი ღრმა აზრია თავმოყრილი: `გიყვარდეს და აკეთე, რაც გინდა; ილოცე და აკეთე, რაც გინდა!~ რა სასიხარულო და მანუგეშებელია ყოველივე ეს უძლურებით დამძიმებული ცოდვილისთვის, რომელიც მასთან მებრძოლ ვნებათა ტვირთქვეშ მოთქვამს!


ლოცვა - აი, ყველაფერი ის, რაც ცხონებისა და სულიერი სრულყოფილების ყოვლისმომცველ საშუალებად მოგვეცა... ეს ასეა! მაგრამ ლოცვის სახელთან (იესოსთან - რედ.) მჭიდროდ არის დაკავშირებული მისი პირობაც. "მოუკლებელად ილოცევდით", - მცნებად გვაძლევს ღვთის სიტყვა. მაშასადამე, ლოცვაც მაშინ ავლენს თავის ყოვლისშემძლე ძალასა და ნაყოფს, როცა ხშირად, განუწყვეტლივ წარმოთქვამენ, ვინაიდან, უდავოდ, ლოცვის სიხშირე ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული, ხოლო ლოცვის სიწმინდე, გულმოდგინება და სრულყოფილება მადლისმიერი ნიჭია.


ამრიგად, ვილოცოთ, რაც შეიძლება, ხშირად, მთელი ჩვენი ცხოვრება ლოცვას მივუძღვნათ, დასაწყისისთვის თუნდაც გაბნეულს! ლოცვაში ხშირი ვარჯიში ყურადღებას გვასწავლის, რაოდენობა აუცილებლად მიგვიყვანს ხარისხამდე.


რაიმეს კარგად კეთება რომ ისწავლო, რაც შეიძლება, ხშირად უნდა აკეთო იგი, - თქვა ერთმა გამოცდილმა სასულიერო მწერალმა.


პროფესორი: ჭეშმარიტად დიდი საქმეა ლოცვა! ხშირი ლოცვისადმი მოშურნეობა კი ლოცვის კეთილისმყოფელი საუნჯის გასაღებია. მაგრამ რაოდენ ხშირად იმართება ჩემში ბრძოლა მოშურნეობასა და სიზარმაცეს შორის! როგორ მსურს, რაიმე საშუალებასა და შეწევნას მივაგნო, რომ გამარჯვება მოვიპოვო, დავრწმუნდე და მუდამჟამ გულმოდგინე ლოცვისთვის განვეწყო!...


სქიმოსანი: ლოცვაში მუყაითობის გასაღვივებლად საღ აზროვნებაზე დაყრდნობით ბევრი სასულიერო მწერალი გვთავაზობს სხვადასხვა საშუალებას, ასე მაგალითად:


1. გვირჩევენ, ღრმად გავიაზროთ ლოცვის აუცილებლობა, უპირატესობა და ნაყოფიერება სულის ცხონების საკითხში.


2. მტკიცედ უნდა დავარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ ღმერთი ჩვენგან უდავოდ მოითხოვს ლოცვას. ღვთის სიტყვა ყველგან ამას ქადაგებს.


3. მუდამ გვახსოვდეს, რომ ლოცვისას სიზარმაცითა და დაუდევრობით ღვთისმოსაობაში წარმატებას ვერ მივაღწევთ და სიმშვიდესა და ცხონებას ვერ მოვიპოვებთ. ამის გამო ამქვეყნადაც უეჭველად დავისჯებით და მარადიულ ცხოვრებაშიც დავიტანჯებით.


4. ღვთის წმინდანების მაგალითებისამებრ გამბედაობა გავაღვივოთ ჩვენში. ყველა მათგანმა განუწყვეტელი ლოცვით მიაღწია განწმენდას, ცხონებასა და სხვ.


თუმცა ყველა ამ საშუალებას თავისი ღირსება აქვს და ჭეშმარიტი გულისხმისყოფიდან მომდინარეობს, მაგრამ დაუდევრობით დასნეულებული ავხორცი სული მათი მიღება-გამო­ყენების დროს იშვიათად ხედავს ამ უკანასკნელთა ნაყოფიერებას იმის გამო, რომ ეს მკურნალობა მისი განებივრებული გემოვნებისთვის მწარეა და მისი ღრმად დაზიანებული ბუნებისთვის სუსტია. აბა, რომელმა ქრისტიანმა არ იცის, რომ საჭიროა ხშირი და გულმოდგინე ლოცვა, რომ ამას ღმერთი მოითხოვს, რომ ლოცვაში გამოჩენილი სიზარმაცის გამო დავისჯებით, რომ ყველა წმინდანი გულმოდგინედ და განუწყვეტლივ ლოცულობდა. მაგრამ ყოველივე ამის ცოდნას ისე იშვიათად მოაქვს სასიკეთო შედეგი! ყველა, ვინც თავის თავს დაუკვირდება, დაინახავს, რომ გონებისა და სინდისის ამ შეგონებას იგი საქმით ნაკლებად ან სრულებით არ ასრულებს, და მიუხედავად იმისა, რომ არცთუ ისე იშვიათად ახსენდება ეს, მაინც ძველებურ უვარგის და მცონარე ცხოვრებას მისდევს...


აი, ამიტომ, იციან რა ადამიანის ავხორცი გულის ნების სისუსტე და გაზულუქება, გამოცდილი და ღვთივგანბრძნობილი წმინდა მამებიც განსაკუთრებით ამ მხრივ მოქმედებენ: ისევე, როგორც ექიმები მწარე წამალს ტკბილ სიროფში აზავებენ და წამლის ჭურჭლის კიდეს თაფლით ატკბობენ, ისინიც ყველაზე ადვილ და ქმედით საშუალებას გვთავაზობენ ლოცვაში სიზარმაცისა და დაუდევრობის ასალაგმავად - ეს არის ღვთის შემწეობის იმედით სრულყოფილების მიღწევა და ლოცვით ღვთის სიყვარულის მოპოვების ტკბილი სასოება. ისინი გვირჩევენ, რაც შეიძლება, ხშირად ვიფიქროთ სულის ამგვარ მდგომარეობაზე და ყურადღებით ვიკითხოთ, რას გვაუწყებენ ამასთან დაკავშირებით წმინდა მამები, რომლებიც გამხნევების მიზნით გვარწმუნებენ, რომ ლოცვაში ადვილად მიიღწევა და შესაძლებელია მსგავსი ტკბილი შეგრძნებები, რამდენად სასურველია ისინი, კერძოდ: გულიდან გამოწურული სიტკბოება, სხეულში დაღვრილი დამატკბობელი სითბო და სინათლე, ენითუთქმელი აღტაცება, სიხარული, სიმსუბუქე, დიდი სიმშვიდე, ნეტარება, სიცოცხლით კმაყოფილება, რაც ლოცვის მოქმედების შედეგად აღიძვრება გულში. ამგვარ ფიქრებში ჩაღრმავებული სუსტი და გაციებული სული თბება, მტკიცდება, ლოცვაში მიღწეული წარმატებით მხნევდება. იგი თითქოს ლოცვაში საწვრთნელად მიიტყუესო, როგორც ამას წმინდა ისააკ ასური ამბობს: "სულისთვის სიხარული არის სატყუარა, რომელსაც შობს იმედი და რომელიც გულში ყვავის. გულის წარმატება სასოებაზე ფიქრია", და განაგრძობს: "ამ ღვაწლში თავიდან ბოლომდე სრულყოფილების მიღწევის გარკვეული საშუალება და იმედი იგულისხმება... ეს კი გონებას აღძრავს, საფუძველი ჩაუყაროს საქმეს. გონება საქმეში ამ მიზნის ჭვრეტით ინუგეშებს თავს"... ასევე, ღირსი ისიხი, როცა ლოცვაში სიზარმაცის გამო დაბრკოლებასა და გულმოდგინების განახლებაზე მსჯელობს, პირდაპირ დაასკვნის: "ამ დროს მხოლოდ სულში განცდილი ტკბილი გრძნობისა და სიხარულის, და სხვა არაფრის გამო გვსურს და მზად ვართ, ვიყოთ გულისმიერ მდუმარებაში" (თავი 120). აქედან ცხადია, რომ ლოცვაში გულმოდგინების წახალისების მიზნით ეს მამა დაჟინებით მიგვითითებს "ტკბილ გრძნობასა და სიხარულზე"... მის მსგავსად გვასწავლის მაკარი დიდიც: "სულიერი შრომა (ლოცვა) ნაყოფის მიღების მიზნითა და იმედით, ანუ გულში ნეტარებით ტკბობის მიზნითა და იმედით უნდა გავწიოთ" (სიტყვა 3, თავი 5).


ლოცვით გამოწვეული სიტკბოების დაწვრილებით აღწერის დროს "სათნოებათმოყვარეობაში" ბევრგან ვხედავთ ამ ხერხის, როგორც ძლიერმოქმედი საშუალების, მკაფიო მაგალითებს. იგი შეძლებისდაგვარად ხშირად უნდა იკითხოს მან, ვინც ლოცვის დროს სიზარმაცისა და გულცივობის სენს ებრძვის. მსგავსმა ადამიანმა ამგვარი ტკბობის უღირსად უნდა მიიჩნიოს თავი და ლოცვაში გამოჩენილი დაუდევრობის გამო ყოველთვის საკუთარ თავს უსაყვედუროს.


მღვდელი: ხომ არ მიიყვანს ამგვარი აზროვნება გამოუცდელ ადამიანს "სულიერ სიამეთმოყვერეობამდე", როგორც ამას ღვთისმეტყველები ისეთ სულიერ მისწრაფებას უწოდებენ, როცა უსაზღვრო ნუგეში და მადლით ტრფიალი სწყურიათ, და არ კმაყოფილდებიან იმით, რომ ვალდებულებიდან და მოვალეობიდან გამომდინარე აკეთონ ღვთისმოსაური საქმე და ჯილდოზე არ იფიქრონ?


პროფესორი: ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ღვთისმეტყველები არაზომიერებისა და სულიერი ტკბობით გაუმაძღრობის შესახებ გვაფრთხილებენ, სრულებით კი არ უარყოფენ სათნოებებით ტკბობასა და ნუგეშს. როცა ჯილდო სურთ და სრულყოფილება არ აქვთ, ღმერთი ადამიანს კი არ უკრძალავს ჯილდოსა და ნუგეშზე ფიქრს. პირიქით, მცნებების შესრულებასა და სრულყოფილების მიღწევაში წახალისების მიზნით ჯილდოს შესახებ აზრს თავადაც კი გვაწვდის. "პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა" - ეს არის მცნება, ხოლო მის შესასრულებლად წახალისების მიზნით ამ უკანასკნელს მოსდევს ჯილდო: "რაჲთა კეთილი გეყოს". "უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა", - აი, სრულყოფილების მოთხოვნა. მას უშუალოდ მოსდევს ჯილდო, რომელიც სრულყოფილების მისაღწევად გვაქეზებს: "და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა" (მათ. 19.19-21).


"ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი ვითარცა ბოროტთაჲ ძისათჳს კაცისა" (ლუკ. 6.22) - აი, მოღვაწეობის უდიდესი მოთხოვნა, რაც არაჩვეულებრივ სულიერ სიმტკიცესა და შეუდრეკელ მოთმინებას მოითხოვს. მის სანაცვლოდ კი უდიდესი ჯილდო და ნუგეშია, რასაც უჩვეულო სულიერი სიმტკიცის აღძვრა და შენარჩუნება შეუძლია: "სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა" (მათ. 5.12). ამიტომ ვფიქრობ, რომ გულისმიერი ლოცვის დროს საჭიროა ტკბობისკენ გარკვეული მისწრაფება, რაც ლოცვაში როგორც გულმოდგინების, ისე წარმატების მიღწევის მთავარი საშუალებაა. ყოველივე ეს უდავოდ ადასტურებს პრაქტიკულობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სქიმოსანი მამის მსჯელობისა, რომელიც ახლა მოვისმინეთ...


სქიმოსანი: ამ საკითხზე ყველაზე ნათლად ერთ-ერთი უდიდესი ღვთისმეტყველი, კერძოდ, წმინდა მაკარი ეგვიპტელი ლაპარაკობს: "როგორც ვენახის დარგვისას ნაყოფის მოსაწევად საჭიროა მუყაითობა და შრომა (რადგან ნაყოფის მიუღებლად მთელი შრომა ამაო იქნებოდა), ისე ლოცვის დროსაც უსარგებლო იქნება ჩვენი შრომა, თუ ჩვენში ვერ დავინახავთ სულიერ ნაყოფს, ანუ სიყვარულს, მშვიდობას, სიხარულს და ა.შ". აი, ამიტომ ჩვენი "სულიერი შრომა (ლოცვა) ნაყოფის მიღების, ანუ გულში ნეტარებით ტკბობის მიზნითა და იმედით უნდა გავწიოთ" (სიტყვა 3, თავი 5). ხედავ, წმინდა მამამ რამდენად მკვეთრად გადაწყვიტა საკითხი ლოცვის დროს ტკბობის საჭიროებასთან დაკავშირებით?... სხვათა შორის, მახსენდება, ამას წინათ წავიკითხე ერთი სასულიერო მწერლის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ლოცვის ბუნებრიობა არის მთავარი მიზეზი ადამიანის სწრაფვისა ლოცვის აღვლენისკენ; ამიტომ, თუ ამ ბუნებრიობას გამოვიკვლევთ, ეს უკანასკნელიც შეიძლება იქცეს ლოცვაში გულმოდგინების გამომწვევ ძლიერ საშუალებად, რასაც ასე მონდომებით ეძიებს ბატონი პროფესორი. ახლავე მოკლედ გიამბობთ, რამაც ამ ტრაქტატში ჩემი ყურადღება მიიქცია და რაც მახსენდება: მაგალითად, ეს სასულიერო მწერალი წერს, რომ გონებასა და ბუნებას ადამიანი ღვთის შემეცნებამდე მიჰყავს. პირველი (გონება - რედ.) იკვლევს, რომ არანაირი მოქმედება უმიზეზოდ არ ხდება, იგი გრძნობადი საგნების კიბეზე დაბალი საფეხურიდან უმაღლესამდე ადის და ბოლოს მთავარ მიზეზამდე - ღმერთამდე - აღწევს. მეორე (ბუნება - რედ.) ყოველ ნაბიჯზე საოცარ სიბრძნეს, სიმწყობრეს, წესრიგს, თანამიმდევრულობას გვიმჟღავნებს და მყარ მასალას გვაძლევს კიბისთვის, რომელსაც სასრული მიზეზებიდან უსასრულომდე მივყავართ. აი, ასე ბუნებრივად მიდის ბუნებრივი ადამიანი ღვთის შემეცნებამდე. ამიტომ ღმერთზე გარკვეული წარმოდგენის გარეშე არც ყოფილა და არც არსებობს არც ერთი ერი, არც ერთი ველური ტომი. ამ წარმოდგენის გამო ყველაზე უკაცრიელ კუნძულზე მცხოვრები ველურიც კი, ყოველგვარი გარე ზემოქმედების გარეშე, ზეცისკენ უნებლიეთ აღაპყრობს მზერას, მუხლებზე ეცემა, მისთვის გაუგებარი, მაგრამ აუცილებელი ოხვრა აღმოხდება და უშუალოდ განიცდის რაღაც განსაკუთრებულს, რაც მას ზემოთკენ იზიდავს და რაღაც გამოუცნობისკენ უბიძგებს... ამის საფუძველზე წარმოიქმნა ყველა ბუნებრივი რელიგია. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული რელიგიის არსი და სულისჩამდგმელი არის საიდუმლო ლოცვა, რომელიც გარკვეული სახის მოძრაობებით და აშკარა მსხვერპლშეწირვით გამოიხატება და რომელიც წარმართი ხალხის უხეში და ველური წარმოდგენების სიბნელის შედეგად მეტ-ნაკლებად დამახინჯებულია!... რამდენადაც საოცარია ეს მოვლენა გონებისთვის, იმდენად უფრო მეტად მოითხოვს იგი ამ საოცარი მოვლენის ფარული მიზეზების ახსნას, რაც ლოცვისკენ ბუნებრივი ლტოლვით გამოიხატება.


ამაზე ფსიქოლოგიური პასუხის გაცემა არ არის ძნელი: ადამიანში ყოველი ვნებისა და მოქმედების ძირი, თავი და ძალა არის თანდაყოლილი თვითმოყვარეობა. ამას ცხადად ადასტურებს თვითგადარჩენის მთავარი და საყოველთაო იდეა. ადამიანის თითოეული სურვილი, თითოეული წამოწყება, თითოეული მოქმედება მიზნად ისახავს თვითმოყვარეობის დაკმაყოფილებას, პირადი კეთილდღეობის ძიებას. აღნიშნული მოთხოვნილების დაკმაყოფილება მთელი ცხოვრების მანძილზე თანსდევს ადამიანს. მაგრამ ადამიანის სული არ სჯერდება არანაირ გრძნობადს, თანდაყოლილი თვითმოყვარეობა კი თავის სწრაფვას არ ანელებს; ამიტომ სურვილი უფრო და უფრო მძაფრდება, კეთილდღეობისკენ სწრაფვა ძლიერდება, წარმოსახვას ავსებს და გრძნობებსაც საამისოდ განაწყობს. ამ შინაგანი გრძნობებისა და სურვილების თავისთავად ამოხეთქვა არის ლოცვისთვის ბუნებრივად აღძვრა. ეს არის მოთხოვნილება თვითმოყვარეობისა, რომელიც ძნელად აღწევს თავის მიზნებს. რაც უფრო ნაკლებად წარმატებულია ადამიანი და რაც უფრო მეტად აქვს მხედველობაში საკუთარი კეთილდღეობა, მით უფრო მეტად სურს და მით უფრო მეტად გადმოსცემს თავის სურვილს ლოცვაში, სასურველის თხოვნით მიმართავს ყოველთა არსთა იდუმალ მიზეზს. ამრიგად, თანდაყოლილი თვითმოყვარეობაა სიცოცხლის მთავარი სტიქია, იგია მთავრი მიზეზი, რომელიც ბუნებრივ ადამიანს ლოცვისთვის აღძრავს!...


წმინდა მამების თქმით, ბუნების ბრძენმა შემოქმედმა ადამიანის ბუნებაში თვითმოყვარეობის უნარი ჩადო სწორედ როგორც სატყუარა, რომელიც ადამიანის დაცემულ არსებას ზეციური კავშირისკენ მიიზიდავდა და აღიყვანდა.


ჰოი, ადამიანი რომ არ რყვნიდეს ამ უნარს და უმთავრესად თავის სულიერ ბუნებასთან მიმართებაში იყენებდეს! მაშინ ზნეობრივი სრულყოფილების გზაზე ადამიანს დიდი მხნეობა და ძალა ექნებოდა. მაგრამ, ამაოდ! რაოდენ ხშირად გარდაქმნის ხოლმე იგი ამ კეთილშობილ უნარს თვითმოყვარეობის საზიზღარ ვნებად, როცა ამ უკანასკნელს თავისი ცხოველური ბუნების იარაღად აქცევს!...


გულითად მადლობას გეუბნებით, ჩემო უძვირფასესო სტუმრებო! თქვენმა სულის მაცხონებელმა საუბარმა ერთობ დამატკბო და ბევრი რამ მასწავლა, გამოუცდელს. უფალმა მოგაგოთ მადლი თქვენი დამმოძღვრელი სიყვარულის საზღაურად...


ყველანი დავემშვიდობეთ ერთმანეთს.