მწირის გულახდილი საუბრები სულიერ მოძღვართან
მეორე ნაწილიმწირის საუბრებიდან იესოს ლოცვის მადლმოსილ მოქმედებასთან დაკავშირებით
მეექვსე შეხვედრა
"ძმაჲ ძმისაჲ შემწე, ვითარცა ქალაქი - აი, გუშინ მოცემული სიტყვისა და დაპირების თანახმად, თქვენთან მოვედი და თან ის პატივცემული თანამგზავრიც მოვიწვიე, ვინც სულის მაცხონებელი საუბრით მწირის გზა შემიმსუბუქა და ვისი ნახვაც თქვენ გსურდათ. - როგორც ჩემთვის, ისე, იმედი მაქვს, ჩემი ღრმადპატივცემული სტუმრებისთვისაც ერთობ სასიამოვნოა ორივე თქვენგანის ნახვა და თქვენი სასარგებლო, გამოცდილებით სავსე სიტყვის მოსმენა. აი, ჩემთან არიან: ეს ღირსი სქიმოსანი გახლავთ, ხოლო ეს - კრძალვით მოსილი მღვდელი. ამრიგად, სადაც ორი ან სამი შეიკრიბება იესო ქრისტეს სახელით, თავადაც იქ ყოფნას დაგვპირდა. ჩვენ კი ხუთნი შევიკრიბეთ მისი სახელით და, რა თქმა უნდა, მისი მადლიც მით უფრო უხვად მოგვეფინება! საყვარელო ძმაო, შენი თანამგზავრის გუშინდელი საუბარი სახარებისადმი შენი მხურვალე ერთგულების თაობაზე მეტად მშვენიერი და ყურადსაღები იყო. საინტერესოა, მოვისმინოთ, თუ როგორ განგეცხადა ღვთისმოსაობის ეს უდიდესი საიდუმლო? - სიყვარულით აღსავსე უფალმა, ვისაც ყველას ცხონება და ჭეშმარიტების შეცნობამდე მიყვანა სურს, თავისი უდიდესი მოწყალებით ეს ცოდნა საოცარი სახით, ყოველგვარი ადამიანური შემწეობის გარეშე გამომიცხადა. ხუთი წელი ლიცეუმში პროფესორად გახლდით, ცხოვრების გზას გარყვნილების შავბნელი ბილიკებით მივუყვებოდი, ამა ქვეყნის კვალდაკვალ ამაო ფილოსოფიით ვიყავი გატაცებული, და არა ქრისტეთი. ალბათ, საბოლოოდ დავიღუპებოდი კიდეც, მაგრამ რამდენადმე მშველოდა ის, რომ ღვთისმოსავ დედასა და დასთან, ყურადღებიან გოგონასთან, ერთად ვცხოვრობდი... ერთხელ, საზოგადოებრივ ბულვარში სეირნობისას შესანიშნავ ახალგაზრდა კაცს შევხვდი და გავიცანი, რომელმაც განაცხადა, რომ ფრანგი იყო, ატესტირებული სტუდენტი, პარიზიდან ახალი ჩამოსული, და აღმზრდელის ადგილს ეძებდა. ძალიან მომეწონა მისი ბრწყინვალე განათლება და, როგორც ჩამოსული კაცი, ჩემთან მივიწვიე. დავმეგობრდით. ორი თვის განმავლობაში ხშირად მოდიოდა ჩემთან. ზოგჯერ ერთად ვსეირნობდით, ვერთობოდით, ერთად დავდიოდით საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, ყველაზე უზნეო საზოგადოებაში. ერთხელაც იგი გამომეცხადა და ერთ-ერთ ზემოაღნიშნულ საზოგადოებაში წასვლა შემომთავაზა. სწრაფად რომ დავეთანხმებინე, სადაც მეპატიჟებოდა, იმ ადგილის განსაკუთრებული მხიარულებისა და სასიამოვნო გარემოს ქება დაიწყო. ამის შესახებ რამდენიმე სიტყვა რომ მითხრა, უცებ, სადაც ვისხედით, იმ კაბინეტიდან სასტუმრო ოთახში გასვლა მთხოვა. ეს უცნაურად მეჩვენა და ვუთხარი, არაერთხელ მქონდა შემჩნეული, რომ არ სიამოვნებდა ჩემს კაბინეტში ყოფნა, და ვკითხე, რა იყო ამის მიზეზი. იგი უფრო დიდხანს კიდევ იმიტომ შევაყოვნე კაბინეტში, რომ სასტუმრო დედაჩემისა და ჩემი დის ოთახების გვერდით იყო და იქ ამაო საგნებზე საუბარი უხამსობა იქნებოდა. იგი თავის სურვილს მიკიბულ-მოკიბულად ასაბუთებდა, მაგრამ ბოლოს გულახდილად მითხრა: - აი, ამ თაროზე წიგნებში სახარება გიდევს. მე ამ წიგნს იმდენად დიდ პატივს ვცემ, რომ მის წინაშე ფუჭ საგნებზე ლაპარაკი მიმძიმს. გთხოვ, აქედან გაიტანო და მაშინ თავისუფლად ვილაპარაკებთ. ჩემი ქარაფშუტობით მის სიტყვებზე გამეღიმა, თაროდან სახარება ავიღე და ვუთხარი: - ადრე უნდა გეთქვა! - სახარება ხელში მივეცი და ჩავილაპარაკე, - აი, შენ თვითონ გაიტანე იმ ოთახში!.. როგორც კი მას სახარებით შევეხე, იმავ წუთს აცახცახდა და გაქრა. ამან ისე ძლიერ გამაოგნა, რომ შიშისგან უგონოდ დავეცი იატაკზე. დაცემის ხმაზე ოჯახის წევრები შემოცვივდნენ და ნახევარ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ მომასულიერეს. ბოლოს, გონსმოსულმა, ძლიერი შიში, თრთოლა და მოუსვენრობა ვიგრძენი, ხელ-ფეხი სრულიად გამიშეშდა, ვეღარ ვამოძრავებდი. მოწვეულმა ექიმმა დაავადებას ძლიერი მღელვარებით ან შიშით გამოწვეული დამბლა უწოდა. ამ შემთხვევიდან ერთი წლის განმავლობაში, უამრავ ექიმთან გულმოდგინე მკურნალობის შემდეგაც კი, ჩაწოლილი ვიყავი და ავადმყოფობის ოდნავი შემსუბუქებაც არ მიგრძვნია. ამიტომ იძულებული გავხდი სამეცნიერო სამსახურისთვის თავი დამენებებინა. ამასობაში მოხუცი დედა გარდამეცვალა, დამ სამონასტრო ცხოვრებას უძღვნა თავი. ასე რომ, ყოველივე ამან კიდევ უფრო დაამძიმა ჩემი სნეულება. ავადმყოფობის დროს ერთადერთ ნუგეშს სახარების კითხვაში ვპოულობდი. ავადმყოფობის დასაწყისიდანვე, ნიშნად თავსგადახდენილი საოცარი შემთხვევისა, სახარება ხელიდან არ გამიშვია. ერთხელ ჩემთან მოულოდნელად შემოვიდა უცნობი მეუდაბნოე, რომელიც მონასტრისთვის შესაწირავის შესაგროვებლად დადიოდა. იგი დაბეჯითებით მეუბნებოდა, რომ არ მქონოდა მხოლოდ წამლების იმედი, რომელთაც ღვთის შეწევნის გარეშე ჩვენი შველა არ ძალუძთ, არამედ ღვთისთვის მეთხოვა და ამისთვის გულმოდგინედ მელოცა, ვინაიდან ხორციელი თუ სულიერი სნეულებების განსაკურნებლად ლოცვა ყველაზე ძლიერმოქმედი საშუალებაა. - ამ მდგომარეობაში როგორ ვილოცო, როცა არც მეტანიის გაკეთება შემიძლია და არც ხელის აწევა პირჯვრის გადასაწერად? - შევედავე დაბნეულობის გამო. ამაზე მან მიპასუხა: - რამენაირად მაინც ილოცე! - და მეტად ვეღარ ამიხსნა, როგორ მელოცა... სტუმრის წასვლის შემდეგ უნებურად დავიწყე ფიქრი ლოცვაზე, მის ძალასა და მოქმედებაზე. მახსენდებოდა საღვთისმეტყველო ლექციები, რომლებიც დიდი ხნის წინათ მომესმინა სასწავლებელში, როცა ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი. ამან გამახარა, მეხსიერებაში აღმიდგა ნათელი რელიგიური ცოდნა, სული გამითბო, და იქვე ვიგრძენი მტკივნეული შეტევების ერთგვარი შემსუბუქება. რაკი სახარება განუყრელად ჩემთან იყო, სასწაულის შედეგად მისდამი ჩემი რწმენის გამო და ასევე იმიტომ, რომ გამახსენდა, ლოცვის შესახებ ლექციებზე მოსმენილი ყველა ტრაქტატი სახარებისეულ ტექსტებზე იყო დაფუძნებული, საუკეთესოდ მივიჩნიე, ლოცვა და ქრისტიანული ღვთისმოსაობა მხოლოდ სახარებისეული რჩევა_დარიგებებიდან შემესწავლა. გულმოდგინედ ვკითხულობდი სახარებას და როგორც წყალუხვი წყაროდან, ისე ვითვისებდი მაცხონებელი ცხოვრებისა და ჭეშმარიტი შინაგანი ლოცვის სრულ სისტემას. ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა ადგილი და ტექსტი მოწიწებით ჩავინიშნე. მას შემდეგ განუწყვეტლივ ვცდილობ, შევისწავლო ღვთის ეს დადგენილებები, და შეძლებისდაგვარად, თუმცა კი გაჭირვებით, დავნერგო პრაქტიკაში. ამგვარ საქმიანობაში ავადმყოფობა თანდათან შემიმსუბუქდა და საბოლოოდ, როგორც ხედავთ, სავსებით გამოვჯანმრთელდი. მარტო რომ დავრჩი, მამობრივი მოწყალებისთვის, განკურნებისა და გონზე მოყვანისთვის ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, ჩემი დის მაგალითისამებრ და ჩემი სულიერი მისწრაფებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, თავი განდეგილი ცხოვრებისთვის მიმეძღვნა, რათა დაუბრკოლებლად მიმეღო და ამეთვისებინა მარადიული სიცოცხლის ტკბილი სიტყვები, რომლებიც ღვთის სიტყვაში მიმეთითა. აი, ამჟამად თეთრი ზღვის სანაპიროზე მდებარე სოლოვკის მონასტრის განმარტოებული სკიტისკენ მივეშურები, რომელსაც ანზერსკი ჰქვია და რომლის შესახებაც დანამდვილებით მსმენია, რომ კარგი ადგილია მჭვრეტელობითი ცხოვრებისათვის. კიდევ გეტყვით: მართალია, მოგზაურობის დროს წმინდა სახარება მანუგეშებს, ჩემს უმწიფარ გონებას უხვად ანათლებს და გაციებულ გულს მითბობს, მაგრამ ვაღიარებ ჩემს უძლურებას და გულახდილად ვიტყვი, რომ ღვთისმოსაობის საქმეთა აღსრულებისა და ცხონების მოპოვების პირობები, რაც, სახარების თანახმად, სრულ თავგანწირვას, უკიდურეს მოღვაწეობასა და უდიდეს სიმდაბლეს მოითხოვს, თავისი სიმაღლით, ჩემი უძლურებისა და გულის გადაგვარებისა გამო მაძრწუნებს. ასე რომ, სასოწარკვეთილებასა და იმედს შუა ვიმყოფები და არ ვიცი, წინ რა მელის!... სქიმოსანი: ღვთის მოწყალების ამდენად განსაკუთრებული და საოცარი საწინდრის არსებობისა და თქვენი მეცნიერული განსწავლულობის კვალობაზე არათუ გულგატეხილობაა მიუტევებელი, არამედ დაუშვებელია, ღვთის მფარველობასა და შეწევნაში დაეჭვების თუნდაც აჩრდილი იქონიოთ სულში. იცით, ამასთან დაკავშირებით რას ამბობს ღვთივგანათლებული ოქროპირი? "არავინ არ უნდა გაიტეხოს გული (გვასწავლის იგი), და წარმოიდგინოს, რომ სახარების მცნებების შესრულება შეუძლებელია და მიუღწეველი! ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა ადამიანის ცხონება და, რა თქმა უნდა, მას მცნებები იმ მიზნით კი არ დაუწესა, რომ მათი შეუსრულებლობით დამნაშავედ ექცია იგი. არა! არამედ იმ მიზნით, რომ მათი სიწმინდითა და კეთილად მოხმარებით ნეტარნი გაგვხადოს როგორც ამქვეყნიურ, ისე საუკუნო ცხოვრებაში". რა თქმა უნდა, ღვთის მითითებების რეგულარული და განუხრელი შესრულება ჩვენი ბუნებისთვის უკიდურესად ძნელად გვესახება, ხოლო ცხონება, შესაბამისად - მიუღწევლად, მაგრამ იგივე ღვთის სიტყვა, რომელმაც მცნებები დაგვიკანონა, არის არა მარტო მათი მარჯვედ შესრულების საშუალება, არამედ მცნებების შესრულების დროს გვანუგეშებს კიდეც. თუ იგი, ერთი შეხედვით, საიდუმლოების საფარველითაა მოცული, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ მოღვაწე უმთავრესად სიმდაბლისკენ მიაქციოს და ღმერთთან შესაერთებლად მარჯვედ მიაახლოვოს იმის მითითებით, რომ თავშესაფარი ლოცვასა და მისი მამობრივი შემწეობის თხოვნაში ეძიოს. აი, სწორედ ამაში, და არა საკუთარი ძალების იმედად ყოფნაშია ცხონების საიდუმლო. მწირი: როგორ მსურს მე, უძლურსა და ღონემიხდილს, ეს საიდუმლო შევიცნო და ღვთის სადიდებლად და ჩემდა საცხონებლად მისი საშუალებით რამდენადმე გამოვასწორო ჩემი მცონარე ცხოვრება! სქიმოსანი: საყვარელო ძმაო, შენთვის ცნობილია ეს საიდუმლო შენი წიგნიდან "სათნოებათმოყვარეობა". იგი განუწყვეტელ ლოცვაში მდგომარეობს, რომელიც შენ ასე კარგად შეისწავლე და რომელსაც ასეთი მოშურნეობით ასრულებდი და თავს ინუგეშებდი. მწირი: შენს ფერხთით ვემხობი, ღირსო მამაო! ღვთის გულისათვის, ღირსი გამხადე, შენი ბაგეებიდან გავიგონო სასარგებლო სიტყვა ამ მაცხონებელი საიდუმლოსა და წმინდა ლოცვის შესახებ, რისი მოსმენაც ყველაზე მეტად მწყურია და რისი კითხვაც ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი მრავალცოდვილი სულის განსამტკიცებლად და სანუგეშოდ. სქიმოსანი: თუმცა ამ უმაღლეს ღვაწლზე ჩემი მსჯელობით შენი სურვილის დაკმაყოფილება არ შემიძლია (ვინაიდან ამ საქმეში ჯერ კიდევ ნაკლებად გამოცდილი ვარ), მაგრამ სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი სასულიერო მწერლის მეტად შემაგონებელი რვეული მაქვს. თუ ჩვენი თანამოსაუბრეები ინებებენ, ახლავე მოვიტან და, თუ სურვილი გექნებათ, წაგიკითხავთ. ნება მიბოძეთ! ყველა: მოიღეთ მოწყალება, ღირსო მამაო! ნუ მოგვაკლებთ ასეთ მაცხონებელ ცოდნას. |