მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მწირის გულახდილი საუბრები სულიერ მოძღვართან

 

მეორე ნაწილი

მწირის საუბრებიდან იესოს ლოცვის მადლმოსილ მოქმედებასთან დაკავშირებით

 

სულიერი კაცის აღსარება, რომელსაც სიმდაბლემდე მივყავართ

 

"როცა საკუთარ თავს ყურადღებით მივაპყარი მზერა და ჩემს შინაგან მდგომარეობას დავუკვირდი, გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ ღმერთი არ მიყვარს, მოყვასის სიყვარული არ მაქვს, არაფერი რელიგიური არ მწამს, ამპარტავნებითა და ავხორცობით ვარ სავსე. საკუთარი გრძნობებისა და საქციელის ზედმიწევნით გამოძიების შედეგად ყოველივე ამას მე მართლაც ვპოულობ ჩემში, კერძოდ:


1) ღმერთი არ მიყვარს. ღმერთი რომ მიყვარდეს, მაშინ მასზე განუწყვეტელი ფიქრი გულს გამიხარებდა, სიხარულით დამატკბობდა ღმერთზე ყოველი გაფიქრება; მე კი, პირიქით, გაცილებით ხშირად და გაცილებით მეტი სიხარულით ყოველდღიურ საზრუნავზე ვფიქრობ, ღმერთზე ფიქრი კი ჩემთვის ძნელია და მოსაწყენი. მე რომ იგი მიყვარდეს, მასთან ლოცვით საუბარი მასაზრდოებდა, სიამეს მომგვრიდა და მასთან განუწყვეტელი კავშირისკენ მიმიზიდავდა; მაგრამ, პირიქით, მე არა მარტო ვერ ვტკბები ლოცვით, არამედ ლოცვის დროს შრომაც მიხდება: ვებრძვი უხალისობას, სიზარმაცე მადუნებს, მზად ვარ, სიხარულით გავაკეთო უმნიშვნელო რამეც კი, ოღონდ რამენაირად შევამოკლო ან შევწყვიტო ლოცვა. არაფრის მომცემ საქმეში დრო შეუმჩნევლად გამირბის, მაგრამ როცა ღვთისთვის ვიღვწი და მის წინაშე წარვდგები ხოლმე, ყოველი საათი წელიწადად მეჩვენება. როცა ვინმე უყვართ, მთელი დღე განუწყვეტლივ მასზე ფიქრობენ, მას წარმოიდგენენ, მასზე ზრუნავენ, ნებისმიერი საქმის კეთების დროს გონებით საყვარელ მეგობარს დასტრიალებენ; მე კი მთელი დღის განმავლობაში ერთ საათსაც ძლივს ვპოულობ, რომ ღმერთზე ღრმა ფიქრში ჩავიძირო და მისი სიყვარულით ავენთო, ხოლო დარჩენილ ოცდასამ საათს თავგამოდებით ვწირავ მსხვერპლს ჩემს ვნებიან კერპებს... ამაო, სულისთვის მდაბალ საგნებზე საუბრის დროს მხნედ ვარ და კმაყოფილებას განვიცდი, მაგრამ როცა ღმერთზეა მსჯელობა, სიცივე, მოწყენილობა და სიზარმაცე მიპყრობს. თუ ღვთიურ საგნებზე ლაპარაკში უნებურად ჩამითრევენ, სასწრაფოდ ვცდილობ ჩემი ვნებების მაამებელ საუბარზე გადასვლას. დაუცხრომელია ჩემი ცნობისმოყვარეობა ახალი ამბების, სამოქალაქო დადგენილებებისა და პოლიტიკური მოვლენების მიმართ; ხარბად ვესწრაფვი, დავიკმაყოფილო ცნობისმოყვარეობა საერო მეცნიერებებში, მხატვრობაში, მიღწევებში; ხოლო საღვთო სჯულის მოძღვრება, ღმერთსა და რელიგიაზე ცოდნა ჩემზე შთაბეჭდილებას არ ახდენს, ჩემს სულს არ ასაზრდოებს და ყველაფერი ეს არათუ  ქრისტიანისთვის არაარსებით საქმიანობად, არამედ უცხო, მეორეხარისხოვან საკითხადაც კი მიმაჩნია, რითაც მხოლოდ თავისუფალ დროს, მოცალეობისას უნდა დავკავდე. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ღვთის სიყვარული მისი მცნებების აღსრულებით შეიცნობა, როგორც უფალი იესო ქრისტე ამბობს: "რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარდე მე" (იოან. 14.21), ხოლო მე მის მცნებებს არა მარტო არ ვასრულებ, არამედ ოდნავ ვზრუნავ მათზე, მაშინ სრული ჭეშმარიტება იქნება, თუ დავასკვნით, რომ მე ღმერთი არ მიყვარს. ამავეს ადასტურებს ბასილი დიდიც, როცა ამბობს: "ადამიანს ღმერთი და ქრისტე რომ არ უყვარს, ამას მცნებების შეუსრულებლობით ამტკიცებს".


2) არ მაქვს მოყვასის სიყვარული. რადგან მოყვასის საკეთილდღეოდ არათუ სულის დადება არ შემიძლია (სახარების მიხედვით), არამედ ჩემს ღირსებას, კეთილდღეობასა და სიმყუდროვესაც კი ვერ ვწირავ მოყვასის საკეთილდღეოდ. მე რომ იგი სახარებისეული მცნების თანახმად საკუთარი თავივით მიყვარდეს, მაშინ მისი უბედურება შემძრავდა, ხოლო მისი კეთილდღეობა აღმარფთოვანებდა. მაგრამ პირიქით ვიქცევი, მოყვასის უბედურების ამბებს ცნობისმოყვარეობით ვისმენ და არ განვიცდი, გულგრილი ვარ და, რაც ყველაზე დიდი დანაშაულია, რაღაცნაირ სიამოვნებასაც კი მგვრის. მოყვასის ცუდ საქციელს სიყვარულით კი არ ვფარავ, არამედ განვიკითხავ და ვახმაურებ. მისი კეთილდღეობა, პატივი და ბედნიერება საკუთარივით კი არ მახარებს, არამედ, როგორც უცხოსი, ჩემში არანაირ სიხარულს არ იწვევს და, პირიქით, თითქოს ოდნავ შურსა და სიძულვილსაც კი აღმიძრავს.


3) არაფერი რელიგიური არ მწამს, არც უკვდავება, არც სახარება. მე რომ ძლიერ მჯეროდეს და უეჭველად მწამდეს სიკვდილის შემდგომი მარადიული ცხოვრება და მიწიერი საქმეებისთვის მისაგებლის არსებობა, განუწყვეტლივ ამაზე ვიფიქრებდი, თავად უკვდავებაზე ფიქრიც კი შემზარავდა და მდგმურივით გავატარებდი ამ ცხოვრებას, რომელიც თავის სამშობლოში დასაბრუნებლად ემზადება. მე კი, პირიქით, მარადისობაზე არ ვფიქრობ და ამქვეყნიური ცხოვრების დასასრული ჩემი არსებობის საზღვრად მიმაჩნია. ჩემში დაბუდებულია ფარული აზრი: `ვინ იცის, რა იქნება სიკვდილის შემდეგ?~ თუმცა ვამბობ, რომ უკვდავება მწამს, ამას მხოლოდ გონებით ვამბობ, გულით კი შორს ვარ მისი მტკიცე რწმენისგან, რასაც ცხადად ადასტურებს კიდეც ჩემი საქციელი და განუწყვეტელი ზრუნვა ამქვეყნიური ცხოვრების კეთილმოწყობისთვის. ჩემს გულს რწმენით რომ ჰქონდეს შეწყნარებული წმინდა სახარება, როგორც ღვთის სიტყვა, გამუდმებით მას მივმართავდი, მას შევისწავლიდი, მისით დავტკბებოდი და მზერასაც კი დიდი მოწიწებით მივაპყრობდი მას. აღმაფრთოვანებდა მასში დაფარული სიბრძნე, მადლი და სიყვარული, დღედაღამ დავტკბებოდი საღვთო სჯულის სწავლებებით, მისით ვისაზრდოებდი, როგორც ყოვედღიური საკვებით, და გულით ვეცდებოდი მისი კანონების აღსრულებას. ვერაფერი მიწიერი ვერ განმაშორებდა მას. არადა, პირიქით, როცა იშვიათად ვკითხულობ ან ვისმენ ღვთის სიტყვას, ამასაც ან აუცილებლობის, ან ცნობისმოყვარეობის გამო ვაკეთებ. თანაც, ამ დროს დიდ გულისყურს კი არ ვიჩენ, არამედ სიცივესა და უინტერესობას ვგრძობ, თითქოს ჩვეულებრივ რამეს ვკითხულობდე, სრულიად უნაყოფოდ ვანებებ თავს და სიამოვნებით მზად ვარ, საერო საკითხავით შევცვალო იგი, რაშიც უფრო მეტ კმაყოფილებასა და უფრო მეტ საინტერესო რამეს ვპოულობ.


4) ამპარტავნებითა და თავმოყვარეობით სავსე ვარ. ამას მოწმობს ჩემი ნებისმიერი საქციელი: თუ ჩემში რაიმე სიკეთეს ვხედავ, მისი გამომზეურება მსურს ან მის გამო სხვებთან ვქედმაღლობ, ან შინაგანად ვტკბები საკუთარი თავით; თუმცა გარეგნულად სიმდაბლეს ვიჩენ, ყოველივეს ჩემს ძალებს მივაწერ და სხვებზე აღმატებულად, უკიდურეს შემთხვევაში, არანაკლებად მივიჩნევ თავს. თუ ჩემში რამე მანკს შევნიშნავ, მისთვის საპატიო მიზეზს ვპოულობ და აუცილებლობის ან უდანაშაულობის ნიღბით ვფარავ. მათზე ვბრაზობ, ვინც პატივს არ მცემს, და მიმაჩნია, რომ ხალხის შეფასება არ იციან. ვპატივმოყვარეობ ნიჭით, საქმეში წარუმატებლობა შეურაცხმყოფლად მიმაჩნია, ვდრტვინავ და ჩემი მტრების უბედურება მახარებს. თუ რაიმე სიკეთისკენ მივილტვი, ამ დროს ჩემი მიზანია ან ქება, ან სულიერი ანგარება, ან საერო ნუგეში. ერთი სიტყვით, საკუთარი თავისგან გამუდმებით ვქმნი კერპს, რომელსაც განუწყვეტლივ ვემსახურები და ყველაფერში ხორციელ ტკბობასა და ჩემი ავხორცი ვნებებისა და ავხორცობისთვის საზრდოს ვეძიებ.


ყოველივე ზემოჩამოთვლილიდან გამომდინარე, ჩემს თავს ამაყ, მრუშ, ურწმუნო, ღვთის არამოყვარე და მოყვასის მოძულე ადამიანად მივიჩნევ. შეიძლება არსებობდეს ამაზე უფრო მეტად ცოდვილი მდგომარეობა? ჩემზე უკეთეს მდგომარეობაში არიან ბნელეთის სულები: თუმცა მათ ღმერთი არ უყვართ, ადამიანი სძულთ, ამპარტავნებით ცხოვრობენ და საზრდოობენ, ყოველ შემთხვევაში, სწამთ მაინც და სარწმუნოებით ძრწიან. მე კი? - განა არსებობს იმაზე საშინელი ხვედრი, მე რომ მომელის?! სხვა რის გამო შეიძლება უფრო მკაცრი და უკიდურესი განაჩენის გამოტანა სამსჯავროზე, თუ არა ამგვარი უყურადღებობისა და უგუნური ცხოვრებისთვის, რასაც მე ჩემში ვაცნობიერებ!.."


მოძღვრის მიერ მოცემული აღსარება რომ წავიკითხე, შევძრწუნდი და ჩემთვის გავიფიქრე: "ღმერთო ჩემო, რა საშინელი ცოდვები იმალება ჩემში, და აქამდე ვერ ვამჩნევდი მათ!" ამრიგად, ცოდვებისგან განწმენდის სურვილმა მაიძულა, ამ უდიდესი სულიერი მამისთვის რჩევა-დარიგება მეთხოვა, ყველა ბოროტების მიზეზთა გაცნობიერების შემდეგ თუ რა ხერხისთვის მიმემართა მათ გამოსასწორებლად. იგი ახსნა-განმარტებას შეუდგა:


- ხედავ, საყვარელო ძმაო, ღვთის უსიყვარულობის მიზეზი ურწმუნოებაა, ურწმუნოების მიზეზი _ დაურწმუნებლობა, ხოლო დაურწმუნებლობის მიზეზი ჭეშმარიტი ნათელი ცოდნის უძიებლობა და სულიერი განათლების მიმართ უყურადღებობაა. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ არ გწამს, ვერ შეიყვარებ; თუ დარწმუნებული არ ხარ, ვერ ირწმუნებ; ხოლო რომ დარწმუნდე, აღნიშნულ საკითხზე სრული და საფუძვლიანი ცოდნა უნდა მოიძიო. აუცილებელია, რომ დიდი ფიქრის, ღვთის სიტყვის შესწავლის, გამოცდილებისა და დაკვირვების შედეგად სულში გავაღვივოთ წყურვილი და ჟინი, ან როგორც ახლა ამბობენ, "გაოცება", რომელიც ბადებს დაუოკებელ სურვილს, უფრო ახლოს და სრულყოფილად შევიცნოთ საგანი და უფრო ღრმად ჩავწვდეთ მის თვისებებს.


ერთი სასულიერო მწერალი ამაზე ასე მსჯელობს: "სიყვარული, - ამბობს იგი, - ჩვეულებისამებრ, შემეცნების შედეგად იზრდება: რამდენადაც მეტია შემეცნების სიღრმე და სივრცე, მით მეტია სიყვარული, მით უფრო მეტად ლღვება სული, და ღვთის სიყვარულისთვის განეწყობა, როცა გულდასმით აკვირდება ყველაზე სრულყოფილ და უმშვენიერეს არსებას, ღმერთს, და ადამიანების მიმართ მის უკიდეგანო სიყვარულს".

ახლა ხომ ხედავ, შენ მიერ წაკითხული ცოდვების მიზეზი არის ის, რომ სულიერ საგნებზე ფიქრი გვეზარება, რაც თავად ამგვარი ფიქრის მოთხოვნილების გრძნობას ახშობს. თუ ამ ბოროტების დამარცხების საშუალების შეტყობაც გსურს, მაშინ ყოველნაირად შეეცადე, სულიერად განათლდე. ამას ღვთის სიტყვის, წმინდა მამების სწავლებების, მათი ნააზრევისა და სულიერი რჩევა-დარიგებების გულმოდგინე შესწავლით, ბრძენ ადამიანებთან ქრისტეზე საუბრით მიაღწევ. ჰოი, საყვარელო ძმაო, რამდენი უბედურება გვატყდება თავს იმის გამო, რომ ჭეშმარიტი სიტყვით სულის განათლება გვეზარება, დღედაღამ არ ვსწავლობთ საღვთო სჯულს და საამისოდ გულმოდგინედ და დაჟინებით არ ვლოცულობთ! ამის გამო კი ჩვენი შინაგანი კაცი მშიერიც არის, ცივიც და დაუძლურებულიც, არ აქვს ძალა, მხნედ იაროს ცხონებისკენ მიმავალ სიმართლის გზაზე. ამრიგად, საყვარელო, თუ ამ საშუალებებით სარგებლობა გვსურს, უნდა გადავწყვიტოთ, ჩვენი გონება შეძლებისდაგვარად ხშირად შევავსოთ ზეციურ საგნებზე ფიქრით, და მაშინ ჩვენს გულებზე ზეგარდმო მოფენილი სიყვარული ჩვენში გაღვივდება და აენთება. მასთან ერთად ვიყოთ და, რაც შეიძლება, ხშირად ვილოცოთ, რადგან ლოცვა არის ჩვენი განახლებისა და წარმატების უმთავრესი გზა და უძლიერესი საშუალება. ისე ვილოცოთ, როგორც ამას წმინდა ეკლესია გვასწავლის: "უფალო, აწ ღირსმყავ, რაჲთა მიყვარდე, რამეთუ ჟამითი ჟამად მიყვარს ცოდვაჲ იგი!"


ყურადღებით მოვისმინე ყოველივე და წმინდა მამას გულაჩვილებულმა ვთხოვე, ჩემი აღსარება მიეღო და ქრისტეს წმინდა საიდუმლოს ზიარების ღირსი გავეხადე. ამრიგად, დილით ზიარების ღირსი გავხდი. გზის ამგვარი მადლმოსილი დალოცვის შემდეგ კიევში დაბრუნებას ვაპირებდი, მაგრამ, ვინაიდან ამ კეთილ მამას დღე-დღეზე ლავრაში წასვლა ჰქონდა განზრახული, მდუმარებაში დაუბრკოლებლად რომ მელოცა, ამ ხნის განმავლობაში თავის სენაკში დამტოვა. მართლაც, თითქოს ზეცაში გავატარე ის დღეები: ჩემი უხუცესის ლოცვით სრული სიმშვიდით ვტკბებოდი მე, უღირსი. ლოცვა ისე მსუბუქად და ტკბილად იღვრებოდა ჩემს გულში, რომ ამ დროს, ალბათ, ყველაფერი მავიწყდებოდა, საკუთარ თავიც კი, და მხოლოდ იესო ქრისტეზე ვფიქრობდი. ბოლოს მოძღვარიც დაბრუნდა. ვთხოვე, ერჩია, საით გამეგრძელებინა ჩემი მწირული გზა. მან ასე მაკურთხა:


- პოჩაევოში წადი, იქ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საკვირველთმოქმედ ნატერფალს ეცი თაყვანი და ის წარმართავს შენს ტერფებს სამშვიდობოდ.


რწმენით მივიღე მისი რჩევა და სამი დღის შემდეგ პოჩაევოში წავედი. საკმაოდ მოწყენილმა ვიარე ორასი ვერსი, რადგან გზა ებრაელების ფუნდუკებსა და დაბებზე გადიოდა. ქრისტიანთა საცხოვრებლები იშვიათად მხვდებოდა. ერთ ხუტორში რუსული ფუნდუკი დავინახე. გახარებული შევედი ღამის გასათევად და საგზლისთვის პურის სათხოვნელად. ორცხობილა უკვე მითავდებოდა. იქ მოხუცებული მეპატრონე ვნახე. შეძლებული კაცი ჩანდა, ჩემსავით ორლოვის გუბერნიიდან იყო. როგორც კი ოთახში შევედი, მისი პირველი კითხვა გახლდათ:


- რა სარწმუნოების ხარ?


ვუპასუხე, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ვიყავი.


- თქვენ რა მართლმადიდებლები ხართ! - დაცინვით მითხრა მან, - თქვენ მართლმადიდებლობა მხოლოდ ენაზე გაკერიათ, საქმით კი ბასურმანების (ურჯულოების - რედ.) რწმენისა ხართ! თავად მეც მაცდუნა ერთმა სწავლულმა მღვდელმა და თქვენს ეკლესიაში მოვედი. წელიწადნახევარი ვიყავი თქვენთან და კვლავ ჩვენს ერთობას დავუბრუნდი. თქვენს ეკლესიაში მოსვლა მაცდუნებელია: დიაკვნები ძლივ-ძლივობით ლუღლუღებენ ღვთისმსახურებას, თანაც გამოტოვებით და გაუგებრად. ხოლო სოფლის მგალობლები სამიკიტნოების მომღერლებზე უკეთესები არ არიან. ხალხი დგას, ვისაც როგორ უხარია - მამაკაცები ქალებთან ერთად. ღვთისმსახურების დროს ლაპარაკობენ, აქეთ-იქით ბრუნავენ და იხედებიან, წინ და უკან დადიან. სიჩუმეში მშვიდად ლოცვის საშუალებას არ მოგცემენ. ეს რა ღვთისმსახურებაა? - ეს მხოლოდ და მხოლოდ ცოდვაა! ჩვენთან კი როგორი მოწიწებით სრულდება ღვთისმსახურება, გარკვევით, გამუოტოვებლად. გალობა ლმობიერების მომგვრელია, ხალხიც წყნარად დგას: კაცები - ცალკე, ქალები - ცალკე, და ყველამ იცის, წმინდა ეკლესიის წესდების თანახმად, სად და როდის გააკეთოს მეტანია. სწორედაც, შემოხვალ თუ არა ჩვენს ეკლესიაში, მაშინვე გრძნობ, ღვთისმსახურებაზე რომ მოხვედი. თქვენს ეკლესიაში მისული კი ვერ ხვდები, სად მიხვედი, ეკლესიაში თუ ბაზარში!...


ეს რომ მოვისმინე, მივხვდი, მოხუცი სტაროვერი იყო. რადგან მისი ნათქვამი სიმართლეს შეეფერებოდა, ამიტომ შეკამათება და მისი მოქცევა არ შემეძლო, მხოლოდ ჩემთვის გავიფიქრე, რომ სტაროვერების ჭეშმარიტი ეკლესიისკენ მობრუნება შეუძლებელია მანამ, სანამ ჩვენთან საეკლესიო ღვთისმსახურება არ გამოსწორდება და სანამ ამის მაგალითს, განსაკუთრებით, სასულიერო წოდება არ აჩვენებს. სტაროვერს შინაგანისა არაფერი გაეგება, ის მხოლოდ გარეგნულს ეყრდნობა. ჩვენთან კი ამას დაუდევრად ეკიდებიან.


იქიდან წასვლა მინდოდა და უკვე წინკარშიც ვიყავი გასული, როცა მოულოდნელად, რომელიღაც პატარა ოთახის ღია კარში, ერთი კაცი დავინახე. გარეგნობით რუსი არ უნდა ყოფილიყო. საწოლზე იწვა და წიგნს კითხულობდა. მიხმობის ნიშნად ხელი დამიქნია და მკითხა, ვინ ვიყავი. მე ვუპასუხე. აქ ის ალაპარაკდა:


- მომისმინე, საყვარელო! ხომ არ დამთანხმდები, რომ ერთი კვირა მაინც მემსახურო ავადმყოფს, ვიდრე ღვთის წყალობით გამოვჯანმრთელდები? ბერძენი ვარ, მონაზონი - წმინდა ათონის მთიდან. მონასტრისთვის მოწყალების შესაგროვებლად რუსეთში ვცხოვრობდი. და აი, როცა ჩემს სამყოფელში ვბრუნდებოდი, ისე ავად გავხდი, რომ ფეხების ტკივილის გამო სიარულიც არ შემიძლია. ამიტომ ეს ბინა ვიქირავე აქ. უარს ნუ იტყვი, ღვთის მონავ, გადაგიხდი.


- არანაირი გასამრჯელო არ მჭირდება. ღვთის სახელისთვის გულმოდგინედ მოგემსახურებით, რითაც შევძლებ!


ასე დავრჩი მასთან. სულის საცხონებელი ბევრი რამ მოვისმინე მისგან. წმინდა ათონის მთაზე, იქაურ უდიდეს მოსაგრეებზე, მრავალ განდეგილსა და დაყუდებულზე მიამბობდა. თან ჰქონდა ბერძნულ ენაზე "სათნოებათმოყვარეობა" და ისააკ ასურის წიგნი. ჩვენ ერთად ვკითხულობდით და ბერძნულ დედანს პაისი ველიჩკოვსკის სლავურ თარგმანს ვუდარებდით. აქ მან აღნიშნა, რომ შეუძლებელია  ბერძნული ენიდან "სათნოებათმოყვარეობის" ისე ზუსტად და სწორად თარგმნა, როგორც ეს პაისის სლავურად აქვსო ნათარგმნი. როგორც შევნიშნე, იგი განუწყვეტლივ ლოცულობდა და დახელოვნებული იყო გულისმიერ შინაგან ლოცვაში (რუსულადაც წმინდად მეტყველებდა), ამიტომ ბევრი რამ გამოვკითხე. იგი სიამოვნებით მიამბობდა და მეც ყურადღებით ვუსმენდი. მისი ბევრი გამონათქვამიც ჩავიწერე. აი, მაგალითად, იესოს ლოცვის უპირატესობა და სიდიადე ასე განმიმარტა:


იესოს ლოცვის სიდიადეს თავად მისი ფორმა წარმოაჩენს, - მითხრა მან, - ის ორი ნაწილისგან შედგება: მის პირველ ნაწილს, ანუ "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო", გონება იესო ქრისტეს ცხოვრებისეულ ისტორიაში გადაჰყავს ან, როგორც წმინდა მამები ამბობენ, მასში მოკლედ არის გადმოცემული მთელი სახარება; ხოლო მეორე ნაწილი, ანუ "შემიწყალე მე, ცოდვილი", ჩვენი უძლურებისა და ცოდვიანობის ამბავს წარმოგვიდგენს. ამასთან აღსანიშნავია, რომ საწყალი, ცოდვილი და სიმდაბლით მოსილი სულის საწადელისა და თხოვნის უფრო ბრძნულად, უფრო არსებითად და უფრო მკაფიოდ გამოხატვა სხვაგვარად შეუძლებელია, თუ არა ამ სიტყვებით: "შემიწყალე მე!" ნებისმიერი სხვა სახით მისი გამოხატვა ამ სიტყვებივით საკმარისი და სრული არ იქნებოდა. მაგალითად, რომ გვეთქვა: "მაპატიე მე", "მომიტევე ცოდვები", "მომიტევე უსჯულოებანი", "აღხოცე ბრალნი", ყოველივე ეს მხოლოდ მფრთხალი და დაუდევარი სულის სასჯელისგან ხსნის თაობაზე შიშით გამოწვეული თხოვნა იქნებოდა; მაგრამ სიტყვები - "შემიწყალე მე" არა მხოლოდ შიშით გამოწვეული პატიების სურვილია, არამედ მამაშვილური სიყვარულის ჭეშმარიტი ღაღადისია, რომელსაც ღვთის მოწყალების იმედი აქვს და მდაბლად აღიარებს, რომ უძლურია, საკუთარი ნება მოდრიკოს და სულიერად იფხიზლოს. ეს არის ღაღადისი შეწყალების, ანუ მოწყალების თაობაზე, რათა ღმერთმა სულიერი ძალა მიანიჭოს, რაც თავის მხრივ სულს განამტკიცებს, წინ აღუდგეს ცდუნებებს და ცოდვილ მიდრეკილებებს სძლიოს. ისევე, როგორც მოვალე მათხოვარი მოწყალე მევალეს არა მარტო ვალის პატიებას, არამედ მოწყალების გაღებასა და უკიდურესი სიღარიბის გამო შებრალებას სთხოვს, ეს ღრმაშინაარსიანი გამონათქვამიც - "შემიწყალე მე" - გამოხატავს თხოვნას: მოწყალეო უფალო! მომიტევე ცოდვები, შემეწიე, რათა ჩემი ცხოვრება გამოვასწორო, აღძარი ჩემს სულში დაუზარელი სწრაფვა იმისა, რომ შენს ბრძანებებს მივდიო. მოიღე მოწყალება და მომიტევე ჩადენილი ცოდვები, გაბნეული გონება, ნება და გული შენკენ, ერთადერთისკენ, მოაქციე.


განმაცვიფრა მისმა ბრძნულმა საუბარმა და ჩემი ცოდვილი სულის დამოძღვრისთვის მადლობა ვუთხარი. შემდეგ მან კიდევ განმიმარტა ერთი შესანიშნავი რამ.


- თუ გინდა, - მითხრა მან, - კიდევ გიამბობ (და მეცნიერულ ენაზე რაღაც დაასახელა. მეუბნებოდა, ათენის აკადემიაში ვსწავლობდიო) იესოს ლოცვის ინტონაციასთან დაკავშირებით.


აი, შეხედე: ბევრჯერ მქონია შემთხვევა, მომესმინა, ღვთის მცნებისა და წმინდა ეკლესიის გადმოცემის მიხედვით თუ როგორ წარმოთქვამს იესოს ლოცვას ბევრი ღვთისმოშიში ქრისტიანი. ამას არა მარტო სახლში ლოცვის დროს, არამედ ღვთის ტაძარშიც ასრულებენ. როცა ყურადღებით და სიამოვნებით ვუსმენთ წყნარად წარმოთქმულ ამ ლოცვას, სულიერი სარგებლობის მიზნით შეიძლება შევნიშნოთ, რომ ამ ლოცვას ბევრი ადამიანი სხვადასხვა ტონით ამბობს, კერძოდ: ზოგიერთი ლოცვის პირველსავე სიტყვაზე, ანუ "უფალო"-ს თქმისას, ამაღლებს ტონს, დანარჩენ სიტყვებს კი დაბალი ხმით, ერთგვაროვანი ტონით ასრულებს. სხვები ლოცვას დაბალი ტონით იწყებენ, ლოცვის შუაში, ანუ სიტყვაზე "იესო", ხმას უწევენ და წამოძახილის შემდეგ დანარჩენ სიტყვებს ისეთივე დაბალი ტონით ამთავრებენ, როგორც დაიწყეს. სხვები ერთგვაროვანი დაბალი ტონით იწყებენ და აგრძელებენ ლოცვის შემდგომ სიტყვებს, ხოლო უკანასკნელ სიტყვებზე, ანუ "შემიწყალე მე"-ზე, ტონს აღფრთოვანებით უწევენ. ზოგიერთი კი მთელი ლოცვის, ანუ "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი"-ს წარმოთქმის დროს ხმას მხოლოდ სიტყვებზე - "ძეო ღვთისაო"-ზე ამაღლებს.


ახლა ნახე: ლოცვა ერთი და იგივეა. მართლმადიდებელი ქრისტიანები ერთსა და იმავე სარწმუნოებას მისდევენ. საყოველთაო აზრია, რომ ლოცვებს შორის ეს უმთავრესი და უმაღლესი ლოცვა თავის თავში ორ რამეს მოიცავს: უფალ იესოსა და მისთვის თავის შებრალებას. ეს ყველასთვის თანაბრად ცნობილია. მაშ, ამას ინტონაციით, ანუ წარმოთქმის დროს რატომ ერთნაირად არ გამოხატავს ყველა?! რატომ არის, რომ თითოეული ადამიანი რომელიმე განსაზღვრულ, და არა ერთსა და იმავე ადგილას განიცდის სულის განსაკუთრებულ ლმობიერებას და ამას საგანგებოდ ამაღლებული და მკვეთრი ტონით გამოხატავს? შეიძლება ბევრმა თქვას, რომ ეს ხდება ჩვეულების ან სხვათა მაგალითის მიბაძვის, ან თითოეული ადამიანის განსხვავებული შეხედულების, ან, ბოლოს და ბოლოს, იმის გამო, თუ ვის როგორ ეადვილება და ეხერხება მისი წარმოთქმა მეტყველების უნარიდან გამომდინარე... მე კი ამაზე სრულებით სხვაგვარად ვფიქრობ. მე მსურს, ამაში რაღაც უფრო უზენაესი, არათუ მსმენელისთვის, არამედ თვით მლოცველისთვისაც კი უცნობი რამ ვეძიო: ხომ არ მოქმედებს აქ საიდუმლოდ სულიწმიდა, რომელიც უცოდინართა "გამოუთქმელ სულთქმათა მეოხია", თუ როგორ და რაზე ილოცონ? მოციქულის თქმით, თუ იესო ქრისტეს სახელით ყველა სულიწმიდის მადლით ლოცულობს, მაშინ, იქნებ, საიდუმლოდ მოქმედი სულიწმიდა, რომელიც "მლოცველს ანიჭებს ლოცვას", ამასთანავე თითოეულს თავისი ძალის შესაბამის მადლმოსილ ნიჭსაც აძლევს: ზოგს - მოწიწების მომგვრელ შიშს, ზოგს - სიყვარულს, ზოგს - მტკიცე რწმენას, ზოგს - ლმობიერ სიმდაბლეს და სხვ. აი, ამიტომ ნიჭის მიმღები ადამიანი მოწიწებას განიცდის, ყოვლისმპყრობელის მეუფებას განადიდებს და თავის ლოცვაში განსაკუთრებული გრძნობითა და აღტაცებით წარმოთქვამს სიტყვას - "უფალო", რომელშიც იგი სამყაროს შემოქმედის სიდიადესა და ძალაუფლებას გულისხმობს. ვისაც სიყვარული გულში იდუმალ ჩაჰღვრია, ის განსაკუთრებულ აღაფრთოვანებაში მოდის და ტკბილად განიმსჭვალება, როცა სიტყვებს - "იესო ქრისტე"_ს  შესძახებს მსგავსად ერთი უხუცესისა, რომელსაც სიყვარულით აღფრთოვანებისა და ტკბილი განცდის გარეშე სიტყვა "იესოს" მოსმენაც კი არ შეეძლო, თუნდაც რომ ჩვეულებრივი საუბრის დროს წარმოეთქვათ. ვისაც მამა ღმერთის თანაარსი იესო ქრისტეს ღვთაებრიობა ურყევად სწამს, ის სიტყვების - "ძეო ღვთისაო"-ს წარმოთქმისას კიდევ უფრო აენთება და რწმენაში მტკიცდება. ვისაც სიმდაბლის ნიჭი მიუღია და საკუთარი უძლურება ღრმად შეუცნია, მას სიტყვების - "შემიწყალე მე"-ს დროს გულშემუსვრილება ეუფლება, მდაბლდება და იესოს ლოცვის ამ უკანასკნელ სიტყვებს განსაკუთრებული დაძაბულობით აღმოთქვამს, ღვთის მოწყალების იმედი აქვს და საკუთარი დაცემისა რცხვენია. ჩემი აზრით, აი, ეს არის იესო ქრისტეს სახელით ლოცვის წარმოთქმის დროს ინტონაციაში სხვადასხვაობის მიზეზი. ხოლო ამ შენიშვნიდან გამომდინარე, ლოცვის მოსმენისას შეგვიძლია გავიგოთ (ღვთის სადიდებლად და საკუთარი თავის დასამოძღვრად), ვინ რა განსაკუთრებული გრძნობითაა გამსჭვალული და ვის რა სულიერი ნიჭი აქვს. ამასთან დაკავშირებით ზოგიერთი მეუბნებოდა: "ფარულ სულიერ ნიჭთა ყველა ეს ნიშანი რატომ არ ვლინდება ერთად, ერთიანად? მაშინ ხომ ერთი კი არა, ლოცვის თითოეული სიტყვა მლოცველის თანაბრად აღფრთოვანებული ინტონაციით იქნებოდა გამსჭვალული"... ამაზე შემდეგნაირად ვპასუხობდი: "რადგან ღვთის მადლი ყველას თავისი შესაძლებლობის შესაბამისად ბრძნულად და გასხვავებულად უნაწილებს ნიჭებს, როგორც ეს წმინდა წერილიდან ჩანს, მაშ, ვისღა შეუძლია გამოიკვლიოს და შეზღუდული გონებით ჩასწვდეს მადლის გამგებლობას? განა თიხა მექოთნის ხელში არ არის და მისგან იმას არ გააკეთებს, რასაც მოისურვებს?!"


ხუთი დღე დავყავი ამ ბერთან. მან თანდათან გამოჯანმრთელება დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში იმდენად ბევრ რამეს ვსწავლობდი, რომ ვერც კი ვამჩნევდი, როგორ მიფრინავდა დრო. იმ პატარა ოთახში თითქოს მდუმარებაში ვიყავით დაყუდებულები და სხვა არაფერს ვაკეთებდით, გარდა იმისა, რომ ჩუმად ვლოცულობდით და იესო ქრისტეს სახელს მოვუხმობდით, ან ერთსა და იმავე საგანზე, კერძოდ, შინაგან ლოცვაზე, ვლაპარაკობდით.


ერთხელ ვიღაც მომლოცველმა შემოიარა ჩვენთან. იგი ბევრს ჩიოდა, წუხდა და ლანძღავდა ებრაელებს, მათი სოფლები გამოევლო და მათგან უსიამოვნებები და ტყუილი დაეთმინა. იმდენად იყო გააფთრებული, რომ სწყევლიდა მათ და ჯიუტობისა და ურწმუნოების გამო დედამიწაზე ცხოვრების ღირსადაც კი არ მიიჩნევდა. ბოლოს თქვა, რომ ისინი უზომოდ სძულს. ეს რომ ბერმა მოისმინა, დარიგება დაუწყო:


- ჩემო მეგობარო, - უთხრა მან, - ებრაელებს ტყუილუბრალოდ ლანძღავ და სწყევლი. ისინიც ისეთივე ღვთის ქმნილებები არიან, როგორც ჩვენ. ისინი უნდა გვებრალებოდეს და მათთვის ვლოცულობდეთ, კი არ უნდა ვწყევლიდეთ. მერწმუნე, მათდამი შენი ზიზღი იქიდან მომდინარეობს, რომ ღვთის სიყვარულში განმტკიცებული არ ხარ და შინაგანი ლოცვის საწინდარი არ გაქვს. სწორედ ამიტომ არ გაგაჩნია შინაგანი მშვიდობა. ამის შესახებ წმინდა მამებიდან წაგიკითხავ. მოისმინე, რას წერს მარკოზ განშორებული: "ღმერთთან შინაგანად შეერთებული სული უდიდესი სიხარულისგან უწყინარ და მიამიტ ბავშვს ჰგავს და უკვე აღარავის განიკითხავს - არც ბერძენს, არც წარმართს, არც იუდეველს, არც ცოდვილს; არამედ განურჩევლად ყველას სპეტაკი თვალით უყურებს, მთელი სამყაროთი ერთნაირად ხარობს და სურს, ყველამ ადიდოს ღმერთი: ბერძენმაც, ებრაელმაც და წარმართმაც". ხოლო მაკარი დიდი ეგვიპტელი ამბობს, რომ შინაგანად მჭვრეტელი ადამიანები     "მხოლოდ სიყვარულით გიზგიზებენ და შესაძლებელი რომ იყოს, ყველა ადამიანს, განურჩევლად ბოროტისა და კეთილისა, საკუთარ წიაღში მისცემდნენ სამკვიდრებელს". გესმის, საყვარელო ძმაო, როგორ მსჯელობენ წმინდა მამები? ამიტომ შენც გირჩევ, მძვინვარება დაიცხრო, ყველაფერს ისე შეხედო, როგორც ყოვლისმცოდნე ღვთის განგებულებაში მყოფს, და განსაცდელის დროს დამწუხრებულმა უმთავრესად საკუთარი თავი დაადანაშაულო მოთმინებისა და სიმდაბლის ნაკლებობის გამო.


ერთ კვირაზე მეტი დრო გავიდა. ბერი გამოჯანმრთელდა. კეთილად დამოძღვრისთვის მას მთელი გულით ვუთხარი მადლობა და გამოვეთხოვე. იგი თავისი ადგილისკენ წავიდა, მე კი ჩემი გზით გავემართე.


უკვე პოჩაევოს ვუახლოვდებოდი. ასიოდე ვერსი მქონდა დარჩენილი, როცა ერთი ჯარისკაცი წამომეწია. ვკითხე, საით მიდიოდა. მიპასუხა, სამშობლოში, კამენეც-პოდოლსკის გუბერნიაშიო. ათი ვერსი ჩუმად ვიარე მასთან ერთად. შევნიშნე, რომ ძლიერ ოხრავდა, თითქოს რაღაცაზე წუხდა. მეტად დაღვრემილი იყო. ვკითხე:


- რატომ ხარ ასეთი ნაღვლიანი?


ის კი აღარ მომეშვა და მითხრა:


- კეთილო კაცო! რაკი ჩემი მწუხარება უკვე შენიშნე, დაიფიცე, რომ არავისთან დამასმენ, და ყველაფერს გიამბობ ჩემ შესახებ; რადგან სიკვდილი მიახლოვდება  და მრჩეველი არავინ მყავს.


მე იგი ქრისტიანის შესაფერისად დავარწმუნე, რომ არაფერში მჭირდებოდა რაიმეს გამო ვინმეს დასმენა და რომ ძმური სიყვარულით სიხარულით მივცემდი ისეთ რჩევას, როგორიც შემეძლო.


- იცი რა, - მითხრა მან, - ბატონის გლეხი ვიყავი, ჯარისკაცად გამამწესეს. ხუთი წელი ვიმსახურე, შემდეგ გაუსაძლისად გამიჭირდა. უწესობისა და სიმთვრალისთვის ხშირად მცემდნენ კიდეც, და გაქცევა გადავწყვიტე. უკვე თხუთმეტი წელია, რაც ვიმალები. ექვსი წელი აქა-იქ ვიმალებოდი, საკუჭნაოებსა და ბეღლებს ვქურდავდი, ცხენებს ვიტაცებდი, დუქნებს ვტეხდი. ყველაფერ ამას მარტო ვაკეთებდი, ნაქურდალს კი სხვადასხვა თაღლითთან ვასაღებდი. აღებულ ფულს ღვინოში ვფლანგავდი, გარყვნილ ცხოვრებას ვეწეოდი და ყველანაირ ცოდვას ჩავდიოდი. მხოლოდ არავის სული არ დამიღუპავს. ყველაფერი კარგად მიდიოდა. ბოლოს უპასპორტოდ მაწანწალობისთვის ციხეში მოვხვდი, მაგრამ როგორც კი შემთხვევა მომეცა, იქიდანაც გამოვიქეცი. შემდეგ შემთხვევით ერთ ჯარისკაცს გადავეყარე, რომელიც პირნათლად ვალმოხდილი შინ, შორეულ გუბერნიაში ბრუნდებოდა. რადგან ავადმყოფი იყო და ძლივს დადიოდა, უახლოეს სოფლამდე მიყვანა მთხოვა, რომ იქ ადვილად ეპოვა ბინა. მეც მივიყვანე. ათისთავმა ღამის გასათევად სათივე ფარდულში შეგვიშვა. დავწექით იქ. დილით ადრე გავიღვიძე, ვხედავ, ჩემი ჯარისკაცი მომკვდარა და მთლად გაშეშებულა. სასწრაფოდ შევუდექი მისი საბუთების, ანუ სამსახურებრივი ვალის მოხდის მოწმობის მოჩხრეკას. როგორც კი ვნახე, და კაი ძალი ფულიც ვიპოვე, სანამ ჯერ კიდევ ეძინათ, სასწრაფოდ გამოვვარდი ფარდულიდან, იქიდან კი _ უკანა ეზოში და ტყეში... ასე წამოვედი. წავიკითხე მისი პასპორტი და ვხედავ, მისი წლოვანებაც და გარეგნული ნიშნებიც თითქმის ჩემსას ჰგავს. ძალიან გამიხარდა და თამამად განვაგრძე გზა ასტრახანის გუბერნიისკენ. იქ უფრო დავდინჯდი და ქირით მუშაობა დავიწყე. ერთ მოხუც მეშჩანს მივეკედლე, რომელსაც საკუთარი სახლი ჰქონდა და პირუტყვით ვაჭრობდა. მარტოხელა იყო, მხოლოდ ქვრივ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა. ერთი წელი ვიცხოვრე მასთან. შემდეგ მის ქალიშვილზე დავქორწინდი. შემდეგ მოხუცი გარდაიცვალა. ჩვენ ვაჭრობა არ გვეხერხებოდა. ისევ დავიწყე სმა, ჩემი ცოლიც ამყვა, და ერთ წელიწადში ყველაფერი დავხარჯეთ, რაც მოხუცმა დაგვიტოვა. ბოლოს ჩემი ცოლი ავად გახდა და მოკვდა. მე კი ყველაფერი, რაც დამრჩენოდა, სახლიც კი, გავყიდე. ფულიც მალე გავანიავე. რით მეცხოვრა და მერჩინა თავი? ისევ ძველ ხელობას დავუბრუნდი - ქურდობა დავიწყე, ამჯერად უფრო თამამად, რადგან უკვე პასპორტი მქონდა. ასე რომ, ერთ წელიწადში ისევ გავირყვენი. რაღაც დროის განმავლობაში კარგა ხანს ვერ ავეწყე. ბოლოს ვიღაც ბოგანოს გამხდარი ბებერი ცხენი მოვპარე და ტყავისმხდელს ათ შაურად მივყიდე. ფული ავიღე და დუქანში წავედი. ღვინო დავლიე და გადავწყვიტე, ერთ სოფელში წავსულიყავი. ქორწილი იყო და სუფრის შემდეგ, როცა ყველა დაიძინებდა, რაც ხელში ვარგისიანი მომხვდებოდა, უნდა მომეპარა. მზე ჯერ კიდევ არ ჩასულიყო, შუაღამის მოლოდინში ტყეში წავედი. წამოვწექი და ღრმად ჩამეძინა. და, აი, სიზმარში ვხედავ, ლამაზ გაშლილ მდელოზე ვდგავარ. უცებ ცა საშინლად მოიღრუბლა და მალე ისეთი ძლიერი ქუხილი გაისმა, რომ ფეხქვეშ მიწა გამეპო და თითქოს ვიღაცამ მხრებამდე ჩამასო მიწაში. მიწა მარწუხივით მიჭერდა ყველა მხრიდან, მხოლოდ თავი და ხელები მქონდა გარეთ. შემდეგ თითქოს პირქუში ღრუბელი მიწაზე ჩამოეშვა და იქიდან ჩემი ოცი წლის წინათ გარდაცვლილი მოხუცი ბაბუა გამოვიდა. იგი ღვთისმოსავი ადამიანი იყო, ოცდაათი წელი მნათედ მსახურობდა ჩვენს სოფელში. მწყრალი, მრისხანე სახით მომიახლოვდა. შიშისაგან ავცახცახდი. გარშემო რომ მიმოვიხედე, ჩემ ახლოს იმ ნივთების რამდენიმე გროვა დავინახე, რომლებიც სხვადასხვა დროს მომეპარა. უფრო მეტად შემეშინდა. ბაბუაჩემი მომიახლოვდა, პირველ გროვაზე მიმითითა და მკაცრად მითხრა: "რა არის ეს? გასრისეთ!" უცებ მიწა ისე ძლიერ შემომაწვა და შემომეჭირა ყოველი მხრიდან, რომ ტკივილს, მწუხარებასა და წვალებას ვეღარ გავუძელი, დავიკვნესე და დავიყვირე: "შემიწყალეთ!" მაგრამ ტანჯვა მაინც გრძელდებოდა... შემდეგ ბაბუამ მეორე გროვაზე მიმითითა და ისევ თქვა: "ეს რაღაა? უფრო ძლიერ გასრისეთ!" და ისეთი ძლიერი ტკივილი და სევდა ვიგრძენი, რომლის შედარება არ შეიძლება არანაირ ამქვეყნიურ ტანჯვასთან. ბოლოს ამ ჩემმა ბაბუამ ახლოს მომიყვანა ის ცხენი, რომელიც წინა დღეს მოვიპარე და დაიყვირა: "ეს რა არის? რაც შეიძლება, ძლიერ გასრისეთ!" ისე საშინლად ვიჭყლიტებოდი ყოველი მხრიდან, რომ სიტყვებით ვერც კი აღვწერ, რამდენად სასტიკი, საზარელი და მტანჯველი იყო ეს. თითქოს ძარღვებით მეწეოდნენ, ისე მტკივნეულად ვიხუთებოდი, რომ მოთმენა შეუძლებელი იყო და გული წამივიდოდა, ეს წამება კიდევ ცოტა ხანს რომ გაგრძელებულიყო. მაგრამ მოყვანილმა ცხენმა წიხლი ლოყაში მომარტყა და გამიხეთქა. იმავ წუთს, წიხლის დარტყმისთანავე, თავზარდაცემულმა გავიღვიძე. ღონემიხდილი ვცახცახებდი. ვხედავ, უკვე გათენებულა და მზე ამოდის. ხელი ვიტაცე ლოყაზე - სისხლი მდიოდა, ხოლო სიზმარში რა ადგილებიც მიწაში მქონდა ჩაფლული, თითქოს გამხევებოდა და ჭიანჭველები დამირბოდნენ. ასე შეშინებული ძლივს წამოვდექი და სახლში წავედი. ლოყა დიდხანს მტკიოდა. ხედავ, ნაიარევი ახლაც მაქვს. ადრე არ მქონდა. ამ ხილვის შემდეგ ხშირად მიპყრობდა შიში და ძრწოლა. როგორც კი სიზმრად ნანახი ის ტანჯვა გამახსენდება, მაშინვე გულზე ისეთი მტანჯველი სევდა და მწუხარება შემომაწვება, რომ აღარ ვიცი, სად წავიდე... რაც დრო გადიოდა, ეს სულ უფრო ხშირად მემართებოდა. საბოლოოდ ხალხის შემეშინდა და შემრცხვა, თითქოს ყველამ შეიტყოო ჩემი წარსული თაღლითობა. შემდეგ დარდისგან ვერც ვსვამდი, ვერც ვჭამდი და ვერც ვიძინებდი, აჩრდილივით დავეხეტებოდი. ზოგჯერ ვფიქრობდი, ჩემს პოლკში წავსულიყავი და ყველაფერი მეღიარებინა. იქნებ, სასჯელის შემდეგ ღმერთს ცოდვა ეპატიებინა. მაგრამ ვერ გავბედე, მწყობრში ჩამომატარებდნენ. მოთმინებიდან გამოსული თავის დახრჩობას ვაპირებდი, მაგრამ გავიფიქრე, დიდიხნის სიცოცხლე მაინც არ დამრჩენია და მალე მოვკვდები-მეთქი, რადგან ძალ-ღონე სრულიად გამომელია. ასე რომ, გადავწყვიტე, გამოსათხოვრად სამშობლოში წავიდე და იქ მოვკვდე. სამშობლოში ღვიძლი ძმისშვილი მყავს. აი, უკვე ნახევარი წელია, იქით მივდივარ. მაგრამ სულ სევდა და შიში მაწამებს... რას ფიქრობ, კეთილო კაცო, როგორ მოვიქცე? მოთმინება აღარ მყოფნის!...


ყოველივე ეს რომ მოვისმინე, გავოცდი და გულში ვადიდე ღვთის სიბრძნე და მადლი, როცა დავინახე, რამდენად სხვადასხვა საშუალებით მოაქცევს იგი ცოდვილებს. მას კი ვუთხარი:


- საყვარელო ძმაო! ტანჯვისა და სევდის ჟამს ღმერთს ევედრე. ეს არის ჩვენი ყოველგვარი მწუხარების უმთავრესი სამკურნალო საშუალება...


- არა და არ შემიძლია, - მითხრა მან - ასე მგონია, როგორც კი ლოცვას დავიწყებ, მაშინვე ღმერთი დამასახიჩრებს.


- ტყუილუბრალოდ, ძმაო! ამ აზრებს ეშმაკი ჩაგაგონებს. ღმერთი უსაზღვროდ მოწყალეა, ცოდვილებს თანაუგრძნობს და მონანულებს მალე პატიობს. იესოს ლოცვა, ანუ "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე, ცოდვილი", ხომ იცი? განუწყვეტლივ იმეორე.


- როგორ არ ვიცი ეს ლოცვა! საქურდლად როცა მივდიოდი, ზოგჯერ გასამხნევებლად ვამბობდი.


- აბა, უყურე: ღმერთმა მაშინაც არ დაგასახიჩრა, როცა უსჯულო საქმეზე მიმავალი ლოცვას ამბობდი, და განა მაშინ დაგღუპავს, როცა სინანულის გზას შემდგარი ილოცებ? ახლა მაინც თუ ხედავ, რომ შენი აზრები მტრისგანაა! დამიჯერე, საყვარელო, თუ ამ ლოცვას იტყვი, მიუხედავად იმისა, თუ რა აზრი მოგივა, მალე იგრძნობ სიხარულს, მთელი შენი შიში და სიმძიმე გაუჩინარდება და ბოლოს სავსებით დამშვიდდები, ღვთისმოსავი ადამიანი გახდები და ყველა ცოდვიანი ვნება გაქრება. გარწმუნებ, რადგან ბევრი ასეთი რამ მინახავს ცხოვრებაში.


ამასთანავე რამდენიმე შემთხვევა ვუამბე, სადაც იესოს ლოცვა თავის სასწაულთმოქმედ ძალას ავლენდა ცოდვილებზე. ბოლოს მისი დაყოლიება ვცადე, რომ სამშობლოში წასვლამდე პოჩაევოს ღვთისმშობელთან, ცოდვილთა თავშესაფარში გამომყოლოდა, იქ ეთქვა აღსარება და ზიარებულიყო. ჯარისკაცი ყურადღებით ისმენდა ყველაფერ ამას, თითქოს სიხარულითაც კი. ასე რომ, ყველაფერზე დამთანხმდა. პოჩაევოში ერთად იმ პირობით წავედით, რომ ერთმანეთს არაფერს ვეტყოდით და იესოს ლოცვას განუწყვეტლივ ვილოცებდით. მთელი დღე ასეთ მდუმარებაში ვიარეთ. მეორე დღეს მითხრა, რომ უფრო მსუბუქად გრძნობდა თავს. ეტყობა, უწინდელზე უფრო დამშვიდებული იყო. მესამე დღეს პოჩაევოში ჩავედით და მე ისევ დავუდასტურე, რომ ვიდრე დაიძინებდა, არც დღისით და არც ღამით არ შეეწყვიტა ლოცვა. ვარწმუნებდი, რომ იესოს უწმინდესი სახელი, რომელიც მტრისთვის აუტანელია, იხსნიდა. ამასთან, "სათნოებათმოყვარეობიდან" იმის შესახებაც წავუკითხე, რომ თუმცა იესოს ლოცვას ყოველთვის უნდა ვამბობდეთ, მისდამი განსაკუთრებული გულმოდგინება მაშინ გვმართებს, როცა ქრისტეს წმინდა საიდუმლოსთან საზიარებლად ვემზადებით. ის ასეც მოიქცა, დაუყოვნებლივ თქვა აღსარება და ეზიარა. თუმცა ზრახვები ხანდახან მაინც თავს ესხმოდნენ, იესოს ლოცვით იგი მარჯვედ იგერიებდა მათ. კვირა დილით ცისკრისთვის ადგომა რომ გაადვილებოდა, იგი საღამოს ადრე დაწვა და განუწყვეტლივ ამბობდა იესოს ლოცვას. მე კი კუთხეში ვიჯექი და ფარნის შუქზე ჩემს "სათნოებათმოყვარეობას" ვკითხულობდი. გავიდა ერთი საათი. მას ჩაეძინა, მე კი ლოცვა დავიწყე. უცებ, ოცი წუთის შემდეგ იგი შეკრთა, გამოეღვიძა და მაშინვე წამოხტა. თვალცრემლიანმა მოირბინა ჩემთან და ძლიერ გახარუბულმა მითხრა:


- ჰოი, ძმაო, რა ვნახე ახლა!.. რა სიმსუბუქესა და სიხარულს ვგრძნობ! მწამს, რომ ღმერთი ცოდვილებს კი არ ტანჯავს, არამედ იწყალებს. დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა!


გაოცებულმა და გახარებულმა ვთხოვე, დაწვრილებით მოეთხრო, რაც შეემთხვა.


- აი, რა: როგორც კი ჩამეძინა, ზუსტად იმავე მდელოზე აღმოვჩნდი, სადაც მტანჯავდნენ. თავიდან შემეშინდა, მაგრამ, ვხედავ, ღრუბლის ნაცვლად ბრდღვიალა მზე ამოდის. მთელი მდელო საოცარმა სინათლემ გაასხივოსნა. მდელოზე წითელი ყვავილები და ბალახი დავინახე. უცებ ბაბუაჩემი მომიახლოვდა. ისეთი მშვენიერი იყო, რომ ცქერით ვერ გაძღებოდი. მან ისე ალერსიანად და თბილად მითხრა: "ჟიტომირში, წმინდა გიორგის ეკლესიაში წადი. ეკლესიის დარაჯად აგიყვანენ. იქ იცხოვრე სიცოცხლის ბოლომდე და განუწყვეტლივ ილოცე. ღმერთი შეგიწყალებს!" თქვა ეს, პირჯვარი გადამსახა და გაქრა. ისეთი სიხარული დამეუფლა, გამოთქმაც კი არ შემიძლია. თითქოს რაღაც ჩამომეხსნა და ზეცაში ავფრინდი... ამ გრძნობით გამომეღვიძა უეცრად. სიმსუბუქეს ვგრძნობ და სიხარულისგან გულმა არ იცის, რა ქნას. ახლა რა უნდა გავაკეთო? ახლავე, დაუყოვნებლივ წავალ ჟიტომირში, როგორც ბაბუამ მიბრძანა. ლოცვა სიარულს გამიადვილებს.


- რას ბრძანებ, საყვარელო ძმაო, ამ შუაღამით სად უნდა წახვიდე?! ცისკარი მაინც მოისმინე, ილოცე და მერე ღმერთმა ხელი მოგიმართოს.


ისედაც არ გვეძინა, ამ საუბრის შემდეგ კი ეკლესიაში წავედით. იგი მთელი ცისკარი გულმოდგინედ, ცრემლებით ლოცულობდა. ამბობდა, რომ დიდ სიმსუბუქესა და სიხარულს გრძნობდა და იესოს ლოცვის დროსაც სიტკბოებას განიცდიდა. შემდეგ წირვაზეც ეზიარა, ნასადილევს კი ჟიტომირის გზაზე გავაცილე, სადაც ერთმანეთს ცრემლებითა და სიხარულით გამოვეთხოვეთ.


ამის შემდგომ ჩემს თავზე დავფიქრდი. ვფიქრობდი, ახლა სად წავიდე-მეთქი. ბოლოს გადავწყვიტე, ისევ კიევში დავბრუნებულიყავი. მისკენ ჩემი იქაური მოძღვრის ბრძნული დარიგებები მიზიდავდა და ასევე ის, რომ, მასთან როცა ვიცხოვრებდი, იქნებ, ვინმე ქრისტესმოყვარე ქველმოქმედები გამოეძებნა, რომლებიც იერუსალიმში ან, უკიდურეს შემთხვევაში, ათონის მთაზე გამამგზავრებდნენ. ამრიგად, კიდევ ერთი კვირა დავყავი პოჩაევოში და დროს იმაში ვატარებდი, რომ გზად ნანახ ყურადსაღებ შემთხვევებს ვიხსენებდი და ზოგიერთ ჭკუის სასწავლ რამესაც ვიწერდი. წასასვლელად მოვემზადე, ფუთა მოვიკიდე და ეკლესიისკენ გავემართე, რათა გზის დასალოცად ღვთისმშობლისთვის თაყვანი მეცა, წირვაზე მელოცა და პირდაპირ გზას გავდგომოდი.


ტაძრის ბოლოში ვიდექი. ვხედავ, გამოვიდა ერთი კაცი. თუმცა ძალიან მდიდრულად არ ეცვა, გარეგნობით კეთილშობილს ჰგავდა. მკითხა, სანთლებს სად ყიდდნენ. ვაჩვენე. წირვა დამთავრდა. მე ღვთისმშობლის ნატერფალთან სალოცავად დავრჩი. ვილოცე და გზას გავუდექი. ცოტა გავიარე, ერთი სახლის ღია ფანჯარა დავინახე, რომელთანაც ბატონი იჯდა და წიგნს კითხულობდა. ამ ფანჯარასთან უნდა გამევლო. ვნახე, რომ ის ბატონი იყო, რომელმაც ტაძარში სანთლების შესახებ მკითხა. როცა ჩავიარე, ქუდი მოვუხადე. მიხმობის ნიშნად ხელი დამიქნია და მკითხა:


- მწირი უნდა იყო?!


მან სახლში მიმიწვია. გამომკითხა, ვინ ვიყავი და საით მივდიოდი. შემდეგ ჩაი მომიტანა და მითხრა:


- მომისმინე, ჩემო კარგო! სოლოვკის მონასტერში წასვლას გირჩევდით. იქ არის განმარტოებული და წყნარი სკიტი. ანზერსკი ჰქვია. ისეთი ადგილია, როგორც მეორე ათონი. ყველას იღებენ. მორჩილება კი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ დღეში ოთხი საათის განმავლობაში ეკლესიაში მორიგეობით კითხულობენ ფსალმუნებს. აი, თავად მეც იქით მივეშურები და დაპირებისამებრ ფეხით მივდივარ. ერთად ვივლიდით. უფრო უსაფრთხოდ ვიქნებოდი შენთან, ამბობენ, მივარდნილი გზა არისო. მე კი ფული მიმაქვს. თანაც, მთელი გზა დაგაპურებდი. ერთმანეთისგან სამი საჟენის მოშორებით ვივლით, ხელი რომ არ შევუშალოთ ერთმანეთს ლოცვაში. დაფიქრდი, ძმაო, და დამთანხმდი! შენთვისაც სასრგებლო იქნება.


შემოთავაზება რომ მოვისმინე, მივიჩნიე, რომ ამ გაუთვალისწინებელ შემთხვევაში გზის მაჩვენებელი დედა ღვთისა იყო, ვისაც კეთილ გზაზე დაყენებას ვთხოვდი. აღარ დავფიქრებულვარ და მაშინვე დავთანხმდი.


ასე გავუდექით გზას მეორე დღეს. სამი დღე-ღამე მივდიოდით, როგორც შევთანხმდით, ერთი მეორის უკან. ის სულ წიგნს კითხულობდა, არც დღისით უშვებდა ხელს და არც ღამით. ზოგჯერ კი რაღაცაზე დაფიქრდებოდა. ბოლოს სადილისთვის ერთ ადგილას გავჩერდით. თვითონ ჭამს, წიგნი კი წინ გადაშლილი უდევს და ხშირად იცქირება შიგ. დავინახე, ეს წიგნი სახარება იყო. ვუთხარი:


- ძამიკო, გავკადნიერდები და გკითხავთ, რატომ არის, რომ სახარებას არც დღისით უშვებთ ხელიდან და არც ღამით, სულ ხელში გიჭირავთ და თან დაგაქვთ?


- იმიტომ რომ, თითქმის გამუდმებით მხოლოდ აქედან ვსწავლობ... - მიპასუხა მან.


-  რას სწავლობთ? - გავაგრძელე მე.


- ქრისტიანულ ცხოვრებას, რომელიც ლოცვაში მდგომარეობს. ლოცვას ცხონების უმთავრეს და აუცილებელ საშუალებად და თითეული ქრისტიანის უპირველეს მოვალეობად მივიჩნევ. ლოცვა ღვთისმოსავი ცხოვრების პირველი საფეხურიც არის და გვირგვინიც. სახარება სწორედ ამიტომ გვაძლევს მცნებად, რომ ყოველთვის განუწყვეტლივ ვილოცოთ. ყველა სხვა ღვთივსათნო საქმეს თავისი დრო აქვს განკუთვნილი, ლოცვისთვის კი უქმი დრო არ არსებობს, ლოცვის გარეშე ვერანაირ სიკეთეს ვერ გააკეთებ, სახარების გარეშე შეუძლებელია ჯეროვანი ლოცვის სწავლა. აი,Aამიტომ ყველამ, ვინც შინაგანი ცხოვრების გზით ცხონებას მიაღწია, ღვთის სიტყვის წმინდა მქადაგებლები იყვნენ თუ მეუდაბნოე და დაყუდებული ბერები, თუნდაც ნებისმიერი ღვთისმოშიში ქრისტიანი, მათი აუცილებელი და მუდმივი საქმიანობა ღვთის სიტყვის ღრმად შესწავლა გახლდათ და მათ არსებით საქმეს სახარების კითხვა წარმოადგენდა. ბევრ მათგანს გამუდმებით ხელთ ჰქონდა სახარება და ვინც მათ ცხონებისთვის დარიგებას სთხოვდა, ასეთ რჩევას აძლევდნენ: "მდუმარედ იჯექი სენაკში და იკითხე და იკითხე სახარება".


მე ძალიან მომეწონა მისი მსჯელობა და ლოცვისკენ ასეთი სწრაფვა. ამიტომ კიდევ ვკითხე:


- განსაკუთრებით სახარების რომელი შეგონებიდან სწავლობთ ლოცვას?


- ოთხივე მახარებლიდან, - მიპასუხა მან, - მთელი ახალი აღთქმიდან, როცა მას თანამიმდევრობით კითხულობ. ხანგრძლივი კითხვისა და გულდასმით გადაკითხვის შემდეგ ჩემთვის ცხადი გახდა, თუ როგორი თანამიმდევრობა და სწორი კავშირი არსებობს მთელ სახარებაში ლოცვის შესახებ სწავლებებს შორის, დაწყებული პირველი მახარებლით და რიგ-რიგობით გაგრძელებული (სისტემურად), მაგალითად: თავიდან ლოცვის შესწავლასთან დაკავშირებით შესავალი, ანუ დასაწყისი გვხვდება, შემდეგ ლაპარაკია ლოცვის ფორმაზე, ანუ სიტყვებით მის გარეგნულ გამოხატვაზე, შემდეგ ლოცვისთვის აუცილებელ პირობებსა და მისი შესწავლის საშუალებებზე, მოყვანილია მაგალითები. ბოლოს არის იესო ქრისტეს სახელით შინაგანი და სულიერი განუწყვეტელი ლოცვის შესახებ საიდუმლო სწავლება, რომელიც წარმოდგენილია როგორც უფრო მაღალი და კეთილისმყოფელი რამ, ვიდრე ფორმის მქონე ლოცვა. შემდეგ საუბარია მის აუცილებლობაზე, კეთილ ნაყოფსა და სხვ. ერთი სიტყვით, სახარებაში თავიდან ბოლომდეა გადმოცემული და სისტემურად, ანუ თანამიმდევრულად გააზრებული ლოცვითი ვარჯიში.


ეს რომ მოვისმინე, გადავწყვიტე, ყოველივე ამის ზედმიწევნით ჩვენება მეთხოვა. ამიტომ ვუთხარი:


- რადგან ყველაზე მეტად ლოცვის შესახებ მოსმენა და ლაპარაკი მიყვარს, ამიტომ სასურველი იქნებოდა, ლოცვის შესახებ სწავლებებს შორის ეს საიდუმლო კავშირი გამოწვლილვით მენახა. ღვთის გულისათვის, საკუთრივ სახარებაში მაჩვენეთ ყოველივე ეს!


იგი სიამოვნებით დამთანხმდა და მითხრა:


- გადაშალე შენი სახარება, ჩაიხედე და რასაც გეტყვი, მონიშნე (მან ფანქარი მომაწოდა). ინებეთ და ჩემი შენიშვნები ნახეთ. აი, პირველ რიგში მათე მახარებელთან მეექვსე თავი მოძებნე, - დაიწყო მან, - წაიკითხე იგი მეხუთე მუხლიდან მეცხრემდე (მათე 6.5-9). ხედავ, რომ აქ ლოცვისათვის მზადებაზეა საუბარი, ანუ ეს არის შესავალი, რომელიც გვასწავლის, რომ პატივმოყვარეობის გამო, ხმაურში კი არ უნდა ვილოცოთ, არამედ განმარტოებულ და წყნარ ადგილას უნდა დავიწყოთ ლოცვა. მხოლოდ ცოდვების მოტევება და ღმერთთან შეერთება უნდა ვითხოვოთ. წარმართებივით კი არ უნდა ვთხზავდეთ უამრავ და ზედმეტ სათხოვარს ყოფით საჭიროებებზე. შემდეგ იგივე თავი წაიკითხე მეცხრედან მეთოთხმეტე მუხლამდე (მათე 6.9-14). აქ წარმოდგენილია ლოცვის ფორმა, ანუ რა სიტყვებით უნდა წარმოითქვას იგი. მასში ბრძნულადაა თავმოყრილი ყველაფერი ის, რაც ჩვენი ცხოვრებისთვის აუცილებელია და საჭირო. შემდეგ ამავე თავის მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე მუხლების კითხვა გააგრძელე და დაინახავ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია, რათა ლოცვა ქმედითუნარიანი იყოს, რადგან თუ ჩვენ არ ვაპატიებთ ჩვენს შეურაცხმყოფლებს, მაშინ არც უფალი გვაპატიებს ჩვენს ცოდვებს. მეშვიდე თავზე როცა გადახვალ, მეშვიდედან მეთორმეტე მუხლამდე ნახავ, ლოცვაში წარმატების მიღწევისა და იმედის გამართლების თუ რა საშუალებები არსებობს. ესენია: "თხოვნა, ძიება, რეკვა". ეს მძაფრი გამონათქვამი გულისხმობს ლოცვის სიხშირესა და ლოცვაში უმთავრესად ისეთ ვარჯიშს, როცა ლოცვა არა მარტო თან ახლავს ყოველ საქმეს, არამედ დროის მიხედვით სჭარბობს კიდეც მათ. ეს არის ლოცვის უმთავრესი მახასიათებელი... ამის მაგალითს ნახავ მარკოზ მახარებელთან მეთოთხმეტე თავში, ოცდამეთორმეტედან მეორმოცე მუხლამდე, სადაც თავად იესო ქრისტე მრავალგზის იმეორებს ლოცვის ერთსა და იმავე სიტყვებს. ლოცვის სიხშირის მსგავს მაგალითს წარმოგვიდგენს ლუკა მახარებელიც მეგობრის დაჟინებული თხოვნის შესახებ (ლუკ. 11.5-13) და ასევე მსაჯულის მიმართ ქვრივი დედაკაცის განუწყვეტელი, მომაბეზრებელი თხოვნის შესახებ იგავებში (ლუკ. 18.1-14), სადაც მოყვანილია იესო ქრისტეს ბრძანება იმასთან დაკავშირებით, რომ ყოველთვის, ყოველ დროსა და ყოველ ადგილას უნდა ვილოცოთ და არ მოვიწყინოთ, ანუ არ ვიზარმაცოთ.


ამ საფუძვლიანი დამოძღვრის შემდგომ იოანეს სახარებაში ასევე განცხადებულია გულისმიერი შინაგანი საიდუმლო ლოცვის შესახებ არსებითი სწავლება. იგი პირველ რიგში იესო ქრისტეს სამარიელ დედაკაცთან საუბრის ბრძნულ ამბავშია წარმოდგენილი, სადაც განცხადებულია სულითა და ჭეშმარიტებით ღმერთის შინაგანი თაყვანისცემა, როგორი თაყვანისცემაც ღმერთს ნებავს და რომელიც არის განუწყვეტელი ჭეშმარიტი ლოცვა, სიცოცხლის წყაროსავით საუკუნო ცხოვრებაში დადენილი (იოან. 4.5-25). შემდეგ, მეთხუთმეტე თავის მეოთხე მუხლიდან მერვემდე, კიდევ უფრო ნათლად არის წარმოჩენილი შინაგანი ლოცვის ძალა, სიძლიერე და აუცილებლობა, ანუ სულის ქრისტეში მყოფობა, როცა განუწყვეტლივ ახსოვთ ღმერთი. ბოლოს ამავე სახარების მეთექვსმეტე თავი ოცდამესამედან ოცდამეხუთე მუხლამდე წაიკითხე. ნახე, რა საიდუმლოა მასში გამჟღავნებული! ხედავ, როცა ხშირად და მრავალგზის იმეორებენ იესო ქრისტეს სახელით ლოცვას, ანუ ეგრეთ წოდებულ იესოს ლოცვას, "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე"-ს, უდიდესი ძალა აქვს, ძალიან ადვილად განაღებს გულს და განანათლებს. ამაში შეგვიძლია მოციქულების მაგალითით დავრწმუნდეთ. თუმცა ისინი უფალი იესოს ერთი წლის მოწაფეები არ ყოფილან და მისგან უკვე ნასწავლი ჰქონდათ უფლის ლოცვა, ანუ "მამაო ჩვენო", რომელიც ჩვენთვის მათგან გახდა ცნობილი, იესო ქრისტემ თავისი მიწიერი ცხოვრების დასრულების წინ გაუმხილა მათ ის საიდუმლო, თუ კიდევ რა აკლდა მათ ლოცვას იმისთვის, რომ ლოცვა ნამდვილად წარმატებული ყოფილიყო. უფალმა მათ უთხრა: "რაოდენიცა-რაჲ სთხოვოთ მამასა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქვენ, აქამომდე არარაჲ გითხოვიეს სახელითა ჩემითა" (იოან. 16.23-24). ასეც მოხდა: მას შემდეგ, რაც მოციქულებმა უფალი იესო ქრისტეს სახელით ლოცვა ისწავლეს, რამდენი საოცარი სასწაული აღასრულეს ან თავადაც რა უხვად განათლდნენ!.. ახლა ხედავ ლოცვის შესახებ სწავლებებს შორის კავშირსა და მათ სრულყოფილებას, რაც წმინდა სახარებაში ესოდენ ბრძნულად არის გადმოცემული? თუ ამის შემდეგ მოციქულთა ეპისტოლეების კითხვასაც შეუდგები, მაშინ მათშიც ნახავ ლოცვის შესახებ თანამიმდევრულ სწავლებას.


წინა შენიშვნების გაგრძელების მიზნით რამდენიმე ადგილს მიგითითებ, სადაც ლოცვის თვისებებია წარმოჩენილი. "მოციქულთა საქმეში" აღწერილია პრაქტიკული მხარე, ანუ იესო ქრისტეს რწმენით განათლებული პირველი ქრისტიანების გულმოდგინე და მუდმივი წვრთნა ლოცვაში (საქმე 4.31), საუბარია მუდმივად ლოცვად ყოფნის ნაყოფზე, ანუ შედეგზე, ანუ მლოცველებზე სულიწმიდისა და მისი მადლის გარდამოსვლაზე. ამის მსგავსს იხილავ მეთექვსმეტე თავის ოცდამეხუთე და ოცდამეექვსე მუხლებშიც. შემდეგ რიგ-რიგობით წაიკითხე მოციქულთა ეპისტოლეები და ნახავ: 1. ნებისმიერი ცხოვრებისეული შემთხვევის დროს რამდენად აუცილებელია ლოცვა (იაკობ. 5.13-16); 2. როგორ გვეხმარება სულიწმიდა ლოცვაში (იუდ. 1.20-21; რომ. 8.26); 3. როგორ უნდა ვილოცოთ ყოველთვის სულით (ეფეს. 6.18); 4. ლოცვის დროს რამდენად აუცილებელია სიმშვიდე და შინაგანი მშვიდობა (ფილიპ. 4.6-7); 5. რამდენად აუცილებელია განუწყვეტელი ლოცვა (თეს. 5.17); და  6. საბოლოოდ აღვნიშნავთ, რომ არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ ყველასთვის უნდა ვილოცოთ (1ტიმ. 2.1-5).


ამგვარად, ხანგრძლივად და ყურადღებით კითხვით ღვთის სიტყვაში დაფარული კიდევ ბევრი საიდუმლო ცოდნის აღმოჩენა შეიძლება, რაც იშვიათი და ნაჩქარევი კითხვის დროს ყურადღების მიღმა რჩება. აბა, შენიშნე თუ არა ჩემს მითითებაში, რამდენად ბრძნულად და თანამიმდევრულად, ანუ ფარულ სისტემურ კავშირში განგვიცხადებს ჩვენი უფლი იესო ქრისტეს ახალი აღთქმა თავის მოძღვრებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ახლახან განვიხილეთ?! რა საოცარი თანამიმდევრობით არის იგი გადანაწილებული ოთხივე სახარებაში?! აი, მაგალითად: წმინდა მათესთან ჩვენ ვხედავთ ლოცვის დასაწყისს, ანუ შესავალს, მის ფორმას, პირობებსა და სხვ. შემდეგ წმინდა მარკოზთან მაგალითებს ვხვდებით, წმინდა ლუკასთან - იგავებს, ხოლო წმინდა იოანესთან - შინაგან ლოცვაში საიდუმლო ვარჯიშს; თუმცა ყოველივე ეს ყველა მახარებელთანაც გვხვდება (მოკლედ ან ვრცლად). "საქმეში" გადმოცემულია ლოცვის პრაქტიკული მხარე და მისი შედეგები. მოციქულთა ეპისტოლეებში, ისევე, როგორც თავად აპოკალიფსში ბევრი რამ განუყოფლად უკავშირდება ლოცვას!.. აი, რატომ ვკმაყოფილდები მარტოოდენ სახარებით სულის მაცხონებელი ცხოვრების ყოველი გზის შესწავლის დროს.


მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც იგი მიმითითებდა და განმიმარტავდა, თითოეულ ნაჩვენებ ადგილს ჩემს ბიბლიაში დაწერილ სახარებაში ვინიშნავდი. ყოველივე ეს მეტად ჩინებული და ჭკუის სასწავლებელი მეჩვენა, რისთვისაც მას დიდი მადლობა მოვახსენე.


შემდეგ კიდევ ხუთი დღე ვიარეთ მდუმარედ. ჩემს თანამგზავრს ძლიერ ეტკინა ფეხები. ალბათ, ხანგრძლივ სიარულს არ იყო დაჩვეული. ამიტომ მან ორცხენა საზიდარი იქირავა და მეც თან წამიყვანა. ასე მოვედით თქვენამდე. აქ სამი დღე ვრჩებით, რომ დავისვენოთ და შემდეგ დაუყოვნებლივ ანზერისკენ გავემართოთ, საითაც მას მოუთმენლად სწადია წასვლა.


- შესანიშნავი ვინმეა ეგ შენი ამხანაგი! ღვთისმოსაობასთან ერთად ერთობ განათლებულიც უნდა იყოს. მის ნახვას ვისურვებდი.


- ჩვენ აქ ერთ ადგილას ვართ დაბინავებულნი. სიამოვნებით მოგიყვანთ ხვალ. ახლა კი გვიანია... მაპატიეთ!