მწირის გულახდილი საუბრები სულიერ მოძღვართან
მეორე ნაწილიმწირის საუბრებიდან იესოს ლოცვის მადლმოსილ მოქმედებასთან დაკავშირებით
მწირის საუბარი მეხუთე შეხვედრის დრო
"ხოლო ჩემი მიახლებაჲ ღმრთისა კეთილ არს; და დადებად უფლისა მიმართ სასოებაჲ ჩემი" (ფსალმ. 72.28). უკვე წელიწადი იყო გასული მწირთან უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ, როცა, ბოლოს და ბოლოს, კარზე წყნარმა კაკუნმა და ლოცვის სიტყვებმა ამ კურთხეული ძმის მოსვლა აუწყა მიმგებებელს მისი გულის გასახარად. - მოვედ, საყვარელო ძმაო! ერთად აღვუვლინოთ სამადლობელი უფალს, რომელმაც აკურთხა გზა და დაბრუნება შენი! - დიდება და მადლობა სიუხვის ზეციურ მამას ყოველივე იმისთვის, რასაც იგი თავისი განგებულებით ნიადაგ ჩვენი, მწირებისა და "უცხო მიწის" მდგმურების, სასარგებლოდ აწყობს! აი, მეც, ცოდვილი, შარშან დაგშორდით, მაგრამ ღვთის წყალობით კვლავ თქვენი ნახვისა და თქვენგან გულთბილი მოკითხვის ღირსი გავხდი! რა თქმა უნდა, მოელით, დაწვრილებით გიამბოთ ღვთის წმინდა ქალაქ იერუსალიმზე, საითაც ილტვოდა ჩემი სული და მივისწრაფოდი მტკიცე განზრახვით. მაგრამ ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს. ასე დამემართა მეც. არცაა გასაკვირი! განა მე, უბადრუკი ცოდვილი, ღირსი ვარ, იმ კურთხეულ მიწაზე დავდგა ფეხი, რომელზეც უფალ იესო ქრისტეს ღვთაებრივი ნაფეხურები აღიბეჭდა?! მამაო, თქვენ გახსოვთ, რომ შარშან აქედან ამხანაგთან, ყრუ ბერიკაცთან ერთად წავედი. თან მქონდა ირკუტსკელი ვაჭრის წერილი მისი ვაჟისთვის ოდესაში გადასაცემად, მას იერუსალიმში უნდა გავემგზავრებინე. მოკლე ხანში მშვიდობით ჩავედით ოდესაში. ჩემმა ამხანაგმა გემზე დაუყოვნებლივ დაიქირავა კონსტანტინოპოლამდე ადგილი და გაემგზავრა, მე კი დავრჩი და წერილის მიხედვით ირკუტსკელი ვაჭრის შვილის მოსაძებნად წავედი. მალე ვიპოვე მისი ბინა, მაგრამ, ჩემდა გასაოცრად და სამწუხაროდ, ჩემი კეთილისმყოფელი ცოცხალი არ დამხვდა - სამი კვირის წინ ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად გარდაცვლილიყო და დაესაფლავებინათ. მართალია, ამან ძალიან დამამწუხრა, მაინც ღვთის ნებას მივენდე. მთელი ოჯახი გლოვობდა. სამი მცირეწლოვანი ბავშვით დარჩენილი გარდაცვლილის ქვრივი იმდენად დარდობდა, რომ განუწყვეტლივ ტიროდა, დღეში რამდენჯერმე მისდიოდა გული და იტანჯებოდა. გეგონებოდათ, ამდენი მწუხარების შემდეგ დიდხანს ვეღარ იცოცხლებსო. ყველაფრის მიუხედავად, მან თბილად მიმიღო. მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, რაკი იერუსალიმში ჩემი გამგზავრება ვერ ხერხდებოდა, თავიანთ სახლში ორი კვირით დამტოვეს სტუმრად, ვიდრე გარდაცვლილის მამა დაპირებისამებრ ოდესაში ჩამოვიდოდა, რათა განეკარგა, აღეწერა და მოეგვარებინა დაობლებული ოჯახის სავაჭრო საქმეები. ასე დავრჩი მათთან. ვცხოვრობ ერთი კვირა, ერთი თვე, მეორე... ვაჭარმა ჩამოსვლის ნაცვლად წერილი გამოგზავნა, რომელშიც იუწყება, რომ, ვითარებიდან გამომდინარე, მათთან ჩამოსვლა არ შეუძლია; ამიტომ ურჩევს, ანგარიშის გასწორება ნოქრებს სთხოვონ და ყველანი დაუყოვნებლივ მასთან, ირკუტსკში გაემგზავრონ. დაიწყო ჩაბარგება, ფაცი-ფუცი. როცა დავინახე, ჩემთვის აღარ ეცალათ, მადლობა მოვახსენე თავშესაფრისთვის, დავემშვიდობე და ისევ რუსეთში სახეტიალოდ გავემართე... ბევრი ვიფიქრე, ახლა საით წავიდე-მეთქი. ბოლოს იმ აზრზე შევჩერდი, რომ ჯერ კიევში წავსულიყავი. უკვე დიდი ხანი აღარ ვიყავი იქ ნამყოფი. წავედი კიდეც... რა თქმა უნდა, თავიდან ვწუხდი, იერუსალიმში წასვლის სურვილი რომ ვერ ამიხდა, მაგრამ ეს ხომ არ მომხდარა ღვთის განგების გარეშე?! ვფიქრობდი ასე და იმ იმედით ვმშვიდდებოდი, რომ კაცთმოყვარე უფალი განზრახვასაც ისევე იწირავს, როგორც საქმეს, და ჩემს ბეჩავ გზაზე დამოძღვრისა და სულიერი სარგებლის გარეშე არ დამტოვებდა. ასეც მოხდა: ისეთ ადამიანებს ვხვდებოდი, რომლებიც ბევრ ჩემთვის უცნობ რამეს მიმჟღავნებდნენ და ჩემს დაბნელებულ სულს საცხონებლად განანათლებდნენ... ძალაუნებურად რომ არ დავდგომოდი ამ გზას, ვერც ჩემს სულიერ კეთილისმყოფელთ შევხვდებოდი. ბოლოს, ოდესას სამოცდაათი ვერსით რომ გავცდი, უცნაურ შემთხვევას წავაწყდი: საქონლით დატვირთული დიდი აღალი მიდიოდა. ოცდაათი საზიდარი იქნებოდა. წამოვეწიე მათ. ერთი მეწინავე მეფორნე, როგორც ხელმძღვანელი, თავის ცხენს მიჰყვებოდა, ხოლო დანარჩენები შორიახლოს ჯგუფად მიდიოდნენ. გამდინარე ტბორზე უნდა გაგვევლო, რომელშიც გაზაფხულის დამტვრეული ყინული საშინელი ხმაურით ტრიალებდა და წყალს მიმოჰქონდა. უცებ ახალგაზრდა მეწინავე მეფორნემ ცხენი შეაჩერა. მის უკან მთელი ქარავანი უნდა შეჩერებულიყო. ყველა მეფორნემ მასთან მიირბინა. და რას ხედავენ? - გაჩერებული მეწინავე ტანსაცმელს იხდის. ჰკითხეს, რატომ იხდიდა. პასუხად მიიღეს, რომ მას ძალიან უნდოდა ტბორში ბანაობა. გაოცებული მეფორნეებიდან ზოგმა დაცინვა დაუწყო, ზოგი ლანძღავდა და გიჟს უწოდებდა, ხოლო გაშიშვლებული მეფორნის უფროსი ძმა აბრკოლებდა და ხელს ჰკრავდა, რომ გზა გაეგრძელებინა. იგი კი თავს იცავდა და არაფრით უნდოდა დამორჩილება. ზოგიერთი ახალგაზრდა მეფორნე გუბურიდან წყალს იღებდა სათლით, რითაც ცხენებს წყალს ასმევდნენ, და ბანაობის მსურველს ხუმრობით ასხურებდა: ზოგი - თავზე, ზოგი კისერში ასხამდა, ეუბნებოდნენ: "აჰა, ჩვენ გაბანავებთ!" როგორც კი მას სხეულზე მოხვდა წყალი, წამოიძახა: "ჰოი, რა კარგია!" და მიწაზე დაჯდა. დანარჩენები კვლავ წყალს აწუწებდნენ. შემდეგ იგი წამოწვა და იქვე მშვიდად დალია სული. ყველა შეშინდა, ვერ გაეგოთ, რა მოხდა. უფროსები ფაციფუცობდნენ, ამბობდნენ, რომ ეს ამბავი სასამართლოში უნდა გაეცხადებინათ, სხვები კი ასკვნიდნენ, რომ მას დაბადებიდანვე ეწერა ასეთი სიკვდილი. მათთან ერთი საათი გავჩერდი და გზა განვაგრძე. ხუთიოდე ვერსი რომ გავიარე, დიდ გზაზე სოფელი დავინახე. სოფელში შესული ქუჩაში მიმავალ მოხუც მღვდელს შევხვდი. აზრად მომივიდა, მისთვის ნანახი შემთხვევა მომეყოლა დ მისი მოსაზრება მომესმინა. მღვდელმა თავისთან წამიყვანა. მე ნანახის შესახებ ვუამბე და ვთხოვე, განემარტა მიზეზი, რის გამოც ეს შემთხვევა მოხდა. - ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვი, საყვარელო ძმაო, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ბუნებაში ბევრი რამ არის საოცარი და ჩვენი გონებისთვის გაუგებარი. ვფიქრობ, ღმერთმა ეს იმიტომ მოაწყო, რომ გარკვეულ შემთხვევებში მისი კანონების არაბუნებრივი და უშუალო ცვლილებებით ადამიანს უფრო ნათლად დაანახოს ბუნებაზე ღვთის განგებულება და გამგეობა... ერთხელ მეც ვიყავი მსგავსი შემთხვევის მოწმე: ჩვენი სოფლის მახლობლად ერთი საკმაოდ ღრმა ხრამია, მართალია, არც ისე ფართო, მაგრამ ათ საჟენზე მეტი სიღრმისაა. მისი ბნელი ფსკერის დანახვაც კი შემზარავია. ქვეითებისთვის მასზე ხიდია გადებული. უცებ ჩემი მრევლიდან ცოლშვილიანსა და კარგი ყოფაქცევის გლეხკაცს რატომღაც ამ ხიდიდან ღრმა უფსკრულში გადახტომის დაუოკებელი სურვილი გაუჩნდა. იგი მთელი კვირა ებრძოდა ამგვარ აზრსა და ჟინს. ბოლოს ვეღარ გაუძლო ძლიერ გულისთქმას: დილით ადგა, სწრაფად გაემართა ხრამისკენ და გადახტა. მალე მისი კვნესა გავიგონეთ. ფეხებდამტვრეული ძლივს ამოვიყვანეთ ხრამიდან. როცა გადახტომის მიზეზი ვკითხეთ, გვიპასუხა, რომ თუმცა ახლა ძლიერ ტკივილს გრძნობს, სულიერად დამშვიდებულია, რადგან დაიკმაყოფილა დაუოკებელი სურვილი, რომელიც მთელი კვირა აფორიაქებდა. თქვა, რომ მზად იყო სიცოცხლეც კი დაეთმო, ოღონდაც თავისი სურვილი აესრულებინა. იგი წელიწადზე მეტ ხანს მკურნალობდა ქალაქის საავადმყოფოში. მის სანახავად ხშირად მივდიოდი. როცა მის გარშემო ექიმებს ვხედავდი, მეც შენსავით მინდოდა მათგან ამ შემთხვევის მიზეზის გაგება. ექიმები ერთხმად მპასუხობდნენ, რომ ეს "სიშმაგე" იყო. როცა ვთხოვე, მეცნიერულად აეხსნათ, რა არის ეს და რატომ ეუფლება იგი ადამიანს, მათგან არაფერი გამიგია გარდა იმისა, რომ ეს ბუნების საიდუმლოა, რომელიც მეცნიერების მიერ ჯერ კიდევ ამოუხსნელიაო. მე კი ჩემი მხრიდან შევნიშნე: ბუნების ამ საიდუმლოს დროს ადამიანს ღმერთისთვის რომ ლოცვით მიემართა და კეთილი ხალხისთვის გულისნადები გაემხილა, მაშინ თქვენი დაუოკებელი "სიშმაგეც" თავის მიზანს ვერ მიაღწევდა-მეთქი. ჭეშმარიტად, ბევრი რამ არის ადამიანის ცხოვრებაში, რასაც ზუსტად ვერ ახსნი... ვიდრე ვსაუბრობდით, დაბნელდა და ღამის გასათევად იქ დავრჩი. დილით პოლიციის უფროსმა თავისი მწერალი გამოგზავნა, რათა ნებადართული ყოფილიყო მიცვალებულის სასაფლაოზე დაკრძალვა. ითქვა, რომ სხეულის ანატომიური დათვალიერებისას ექიმმა შეშლილობის ვერანაირი კვალი ვერ აღმოაჩინა. სიკვდილი უეცარი შეტევის შედეგად მიიჩნიეს. - აი, ხედავ, - მითხრა მოძღვარმა, - მედიცინამაც კი ვერ დაადგინა წყლის მიმართ მისი დაუოკებელი ლტოლვის მიზეზი. მღვდელს დავემშვიდობე და გზა განვაგრძე. რამდენიმე დღის ნამგზავრი და საკმაოდ დაქანცული მივედი დიდ სავაჭრო ადგილას, რომელსაც "თეთრი ეკლესია" ერქვა. რადგან საღამო ხანი იყო, ღამის გასათევი ადგილის ძებნა დავიწყე. ბაზარში ერთი კაცი შემხვდა. ისიც მგზავრს ჰგავდა, ვიღაც იქაური მკვიდრის სახლს კითხულობდა დუქნებში. დამინახა თუ არა, მოვიდა და მითხრა: - გეტყობა, შენც მწირი ხარ. ერთად წავიდეთ და ადგილობრივი მეშჩანი, გვარად ევრეინოვი, მოვძებნოთ. კეთილი ქრისტიანია, მდიდრული ფუნდუკი აქვს, მწირების მიღება უყვარს. აი, ჩაწერილიც მაქვს... სიხარულით დავთანხმდი. მალე ვიპოვეთ მისი სახლიც. თუმცა თავად სახლის პატრონი არ დაგვხვდა, მაგრამ მისმა ცოლმა, კეთილმა მოხუცმა, თბილად მიგვიღო და მოსასვენებლად სხვენში, განმარტოებულ და განსაკუთრებულ ოთახში აგვიყვანა. ჩვენ მოვთავსდით, ცოტა დავისვენეთ. მოვიდა მასპინძელიც და ვახშამზე მიგვიწვია. ვახშმობის დროს ლაპარაკი წამოვიწყეთ, ვინ საიდან იყო. როგორღაც სიტყვა იმაზე ჩამოვარდა, თუ რატომ ერქვა მას ევრეინოვი. - ამასთან დაკავშირებით შესანიშნავ ამბავს გიამბობთ, - გვითხრა მან და თხრობა დაიწყო, - იცით, მამაჩემი ებრაელი იყო, ქალაქ შკლოვის მკვიდრი, ქრისტიანების მოძულე. რაბინობისთვის ახალგაზრდობიდან ემზადებოდა და ქრისტიანობის უარმყოფელი მთელი ებრაული ჭორები გულდასმით ჰქონდა შესწავლილი. ერთხელ მას ქრისტიანების სასაფლაოზე გავლა მოუხდა. იქ ადამიანის თავის ქალას წააწყდა, რომელსაც ორივე ყბა და დამახინჯებული კბილები ჰქონდა. საფლავიდან ახალამოთხრილი უნდა ყოფილიყო. მან გააფთრებულმა დაუწყო თავის ქალას დაცინვა: აფურთხებდა, ლანძღავდა და ფეხით თელავდა. ამით რომ ვერ დაკმაყოფილდა, ქალა აიღო და ისევე წამოაგო სარზე, როგორც ცხოველების ძვლებს აგებენ ხოლმე მტაცებელი ფრინველების დასაფრთხობად. ასე იჯერა გული და თავის გზას გაუდგა. იმავე ღამეს ახალჩაძინებულს უცნობი კაცი ესიზმრა, რომელიც შემტევი ტონით საყვედურობდა: "როგორ გაბედე ჩემი გახრწნილი ძვლების ნაშთისთვის შეურაცხყოფის მიყენება?! მე ქრისტიანი ვარ, შენ კი - ქრისტეს მტერი!" ხილვა ღამეში რამდენჯერმე მეორდებოდა და ძილსა და მოსვენებას უკარგავდა. შემდეგ დღისითაც გაიელვებდა ხოლმე მოჩვენება და საყვედურით სავსე ხმის ექო ესმოდა. რაც დრო გადიოდა, მით უფრო ხშირად მეორდებოდა მოჩვენებაც. ბოლოს, როცა სევდა, შიში და უღონობა იგრძნო, თავის რაბინებთან გაიქცა. თუმცა ისინი ლოცვებსა და შელოცვებს უკითხავდნენ, მოჩვენება არათუ დაეხსნა, უფრო ხშირი და შემტევიც კი გახდა. როცა მისი მდგომარეობა გახმაურდა და ეს ერთმა ნაცნობმა ქრისტიანმა ვაჭარმა შეიტყო, ურჩია, ქრისტიანული სარწმუნოება მიეღო. არწმუნებდა, რომ შემაწუხებელ მოჩვენებას სხვაგვარად ვერაფრით დააღწევდა თავს. თუმცა ებრაელს ძალიანაც არ უნდოდა, მაგრამ მაინც ასეთი პასუხი გასცა: "რასაც გინდა, იმას გავაკეთებ, ოღონდ ამ მტანჯველ და აუტანელ მოჩვენებას თავი დავაღწიო". ქრისტიანს გაუხარდა მისი სიტყვების მოსმენა და დაითანხმა, რომ ადგილობრივი ეპისკოპოსისთვის თხოვნით მიემართა ნათლობასა და ქრისტიანულ ეკლესიაში გაერთიანებასთან დაკავშირებით. დაწერეს თხოვნა. ებრაელმა უხალისოდ, მაგრამ მაინც მოაწერა ხელი. იმავ წუთს, როგორც კი მან თხოვნას ხელი მოაწერა, მოჩვენება გაქრა და მეტად აღარასდროს შეუწუხებია იგი. ამან უზომოდ გაახარა და სრულიად დამშვიდებულმა იესო ქრისტეს მიმართ ისეთი მხურვალე რწმენა იგრძნო, რომ დაუყოვნებლივ წავიდა ეპისკოპოსთან, შემთხვევის შესახებ უამბო და ნათლობის გულწრფელი სურვილი გამოთქვა. მან გულმოდგინედ, სწრაფად შეისწავლა ქრისტიანული სარწმუნოების დოგმატები, მოინათლა და საცხოვრებლად აქ გადმოვიდა. დაქორწინდა დედაჩემზე, კეთილ ქრისტიანზე, და უზრუნველად განვლო ღვთივსათნო ცხოვრება. ღარიბებს უხვად ურიგებდა მოწყალებას, რასაც მეც მიმაჩვია. აღსასრულის წინ სწორედ ეს მომცა მცნებად და კურთხევად. აი, რატომ მეძახიან ევრეინოვს! კრძალვით, გულაჩვილებულმა მოვისმინე ეს ამბავი და გავიფიქრე: ღმერთო ჩემო! როგორი მოწყალეა ჩვენი უფალი იესო ქრისტე და რა დიდია მისი სიყვარული! რამდენად სხვადასხვაგვარი გზებით იზიდავს თავისკენ ცოდვილებს და უმნიშვნელო შემთხვევებს რაგვარი სიბრძნით გარდაქმნის დიად საქმეთა წინამძღვრად! ვინ იფიქრებდა, რომ მიცვალებულის ძვლით გართობა ებრაელს იესო ქრისტეს ჭეშმარიტ შეცნობაში გაუწევდა სამსახურს და ღვთივსათნო ცხოვრებისკენ წაუძღვებოდა! ვახშმობის შემდეგ მადლობა შევწირეთ ღმერთს, მასპინძელს და მოსასვენებლად ჩვენს ოთახში გავემართეთ. არ გვეძინებოდა. ამიტომ მე და ჩემმა ამხანაგმა საუბარი წამოვიწყეთ. მან მითხრა, რომ მოგილოველი ვაჭარია, ბესარაბიის ერთ-ერთ მონასტერში მორჩილად ორი წელი იცხოვრა, მაგრამ მხოლოდ დროებითი პასპორტი ჰქონდა. ამიტომ ახლა სამშობლოში მიდის, რათა ვაჭართა საზოგადოებამ მონაზვნობისთვის მუდმივი თავისუფლება მისცეს. ის იქაურ მონასტრებს, ტიპიკონსა და წესებს, იქ მცხოვრები ბევრი ღვთისმოსავი უხუცესის მკაცრ ცხოვრებას მიქებდა და მარწმუნებდა, რომ ბესარაბიული და რუსული მონასტრები ისევე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა. მეც იქ წასასვლელად მაქეზებდა. ამგვარ ლაპარაკში ვიყავით, როცა ღამის გასათევად მესამე კაცი შემოგვიყვანეს. ეს იყო უნტეროფიცერი, რომელიც დროებით გაეთავისუფლებინათ ჯარიდან და შვებულებით მიდიოდა შინ. ვხედავდით, რომ მგზავრობას ძალიან დაეღალა. ერთად ვილოცეთ და დასაძინებლად დავწექით. დილით ადრიანად ავდექით და წასასვლელად მზადება დავიწყეთ. ის იყო, მასპინძლისთვის მადლობის სათქმელად უნდა მივსულიყავით, რომ ცისკრის ზარების ხმა მოგვესმა. მე და ვაჭარმა მსჯელობა დავიწყეთ: - როგორღა წავიდეთ? ზარების ხმა გავიგონეთ და ღვთის ეკლესიაში არ შევიდეთ?! ჯობს, ცისკარს დავესწროთ და წმინდა ტაძარში ვილოცოთ. უფრო ხალისიანად ვივლით. ასეც გადავწყვიტეთ. უნტეროფიცერსაც შევთავაზეთ წამოსვლა. ის კი გვეუბნება: - რა დროს მომლოცველობაა გზაში?! ჩვენი ეკლესიაში ყოფნით ღმერთს რა ხეირი ექნება?! აი, მივალთ შინ და იქ ვილოცოთ! თქვენ წადით, თუ გინდათ, მე კი არ წამოვალ. სანამ თქვენ ცისკარზე იდგებით, ხუთი ვერსს გავივლი... სახლში ადრე მინდა მისვლა... ამაზე ვაჭარმა უპასუხა: - ფრთხილად, ძმაო, წინასწარ ნუ გადაწყვეტ, ღმერთი როგორ მიგვიყვანს! ამრიგად, ჩვენ ეკლესიაში წავედით, უნტეროფიცერი კი გზას გაუდგა. მოვისმინეთ ცისკარი (იქვე ჩატარდა წირვაც), შემდეგ ჩვენს ოთახში დავბრუნდით და ჩანთების ჩალაგებას შევუდექით. ვხედავთ, დიასახლისს სამოვარი მოაქვს და გვეუბნება: - სად მიდიხართ? ჩაი დალიეთ და ჩვენთან ერთად ისადილეთ. მშივრებს ხომ არ გაგიშვებთ?! ასე რომ, დავრჩით. ნახევარი საათიც არ იყო გასული, რაც სამოვარს ვუსხედით, რომ უცებ ქოშინით მოირბინა ჩვენმა უნტეროფიცერმა. - თქვენთან მწუხარებით და სიხარულით მოვედი. - რა მოხდა? - ვკითხეთ ჩვენ. - აი, რა! როგორც კი დაგემშვიდობეთ და გზას გავუდექი, ასიგნაციების წვრილად დასახურდავებლად ფუნდუკში შევლა დავაპირე, თანაც არყის დალევაც მინდოდა, უფრო მსუბუქად რომ მევლო. ფული დავახურდავე და შევარდენივით ფრენით გავუყევი გზას. სამი ვერსი გავიარე და ფულის დათვლა მოვიწადინე, სწორად თუ მომცა-მეთქი მეფუნდუკემ. გზის პირას ჩამოვჯექი, ამოვიღე საფულე და დავთვალე. ყველაფერი რიგზე იყო. უცებ პასპორტი გამახსენდა. იქვე უნდა მქონოდა. ის კი თითქოს არც ყოფილა, მხოლოდ ფული და წერილებია. ისე შევშინდი, ლამის ჭკუა დავკარგე. გონებაში გამიელვა: "რა თქმა უნდა, მაშინ დამივარდა, როცა ფუნდუკში ფულს ვანგარიშობდი. უკან უნდა გავიქცე". მივრბივარ, მივრბივარ და ისევ დარდი მეძალება: "იქ რომ არ იყოს, რა მეშველება?!" მივირბინე მეფუნდუკესთან და ვეკითხები, ის კი მეუბნება: "არ მინახავს". ისევ დარდმა დამრია ხელი. ის ადგილები გადავქექე, სადაც ვიარე, ვიდექი... და რა? - ჩემდა საბედნიეროდ, პასპორტი ვიპოვე - ჩალასა და ნაგავში, იატაკზე ისევე ეგდო დაკეცილი, როგორც მქონდა, მთლად ჭუჭყიანი და გათელილი. მადლობა ღმერთს! გამიხარდა, თითქოს მხრებიდან ლოდი ჩამომხსნესო. მართალია, უსუფთაობისა და ფეთხუმობისთვის კარგად მომხვდება, მაგრამ, ეს არაფერი, საღ-სალამათი მაინც დავბრუნდები შინ. თქვენთან ამის სათქმელად შემოვიარე. თანაც შეშინებული როცა მოვრბოდი, ფეხი სულ გადამეყვლიფა, ვეღარ დავდივარ. მინდოდა, ქონი მეთხოვა ჭრილობაზე წასასმელად. - აი, საქმეც ამაშია, ძმაო! ეს იმიტომ დაგემართა, რომ არ დაგვიჯერე და ჩვენთან ერთად ლოცვაზე არ წამოხვედი, - თქვა ვაჭარმა. - ჩვენზე შორს და წინ წასვლა გინდოდა, მაგრამ, პირიქით კი მოხდა - ჩვენთან დაბრუნდი, თანაც დაკოჭლდი კიდეც. გეუბნებოდი, წინასწარ ნურაფერს გადაწყვეტ-მეთქი. ასეც მოხდა. შენ, გარდა იმისა, რომ ეკლესიაში არ წამოხვედი, ასეთი სიტყვებიც კი თქვი: რა ხეირს ნახავს ღმერთი ჩვენი ლოცვითო. ძმაო, ეს არ არის კარგი... ღმერთს, რა თქმა უნდა, ჩვენი ცოდვილი ლოცვა არ სჭირდება, მაგრამ ჩვენდამი სიყვარულის გამო უყვარს, როცა ვლოცულობთ. მისთვის საამოა არა მარტო წმინდა ლოცვა, რომელიც სულიწმიდის შეწევნით აღევლინება და ჩვენში აღიძვრება, "დაადგერით თქუენ ჩემ თანა, და მე თქუნ თანა", - მცნებად გვაძლევს და ჩვენგან მოითხოვს იგი (იოან. 15.4), არამედ მის წინაშე ფასობს თითოეული, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო საქმეც კი, რომელსაც მისთვის აღვასრულებთ, ფასობს თითოეული განზრახვა, სურვილი და აზრიც კი, რომელიც მის სადიდებლად და ჩვენდა საცხონებლად არის მიმართული. ყოველივე ამისთვის ღმერთი უხვად გვაჯილდოვებს თავისი უსაზღვრო მოწყალებით. ღვთის სიყვარული ათასჯერ მეტი სიკეთით გვაჯილდოვებს, ვიდრე ადამიანი ამას თავისი საქმით იმსახურებს. თუ შენ ღვთისთვის პაწაწინა ლეპტას გაიღებ, იგი ოქროთი მოგაგებს. დააპირებ თუ არა მამასთან მისვლას, იგი უკვე შენს შესახვედრად მოემართება. შენ მოკლედ და ცივად ეტყვი: "მიმიღე! შემიწყალე!" - ის უკვე კისერზე გეხვევა და გეამბორება. აი, ასეთია ზეციური მამის სიყვარული ჩვენ, უღირსთა მიმართ! მხოლოდ ამ სიყვარულის გამო უხარია მას ცხონებისკენ გადადგმული ჩვენი უმნიშვნელო ნაბიჯიც კი. წარმოდგენილი გაქვს, რამდენად ღვთის სადიდებელია და შენთვის - სასარგებლო, თუ ცოტაოდენს ილოცებ, შემდეგ კი ისევ გაერთობი ან თუნდაც უმნიშვნელო კეთილ საქმეს გააკეთებ, მაგალითად, რამე ლოცვას წაიკითხავ, ხუთ ან ათ მეტანიას გააკეთებ, გულით ამოიოხრებ და იესო ქრისტეს სახელს მოუხმობ, ან რაიმე კეთილ აზრს შეიწყნარებ, ან სულისთვის სასარგებლო რამის წასაკითხად განეწყობი, ან საკვებისგან თავს შეიკავებ, ან მცირე წყენას დუმილით დაითმენ... სრული ცხონებისთვის შენ არასაკმარისად და უნაყოფო საქმედ მიგაჩნია ყოველივე ეს. მაგრამ, არა, თითოეული ეს პატარა საქმე ამაოდ არ იკარგება, ღვთის ყოვლისმხილველი თვალით აღირიცხება და ასმაგად დაჯილდოვდება არა მარტო მარადისობაში, არამედ ამ წუთისოფელშიც. ამას ადასტურებს წმინდა იოანე ოქროპირიც. "არც ერთი კეთილი საქმე, - ამბობს იგი, - როგორი უმნიშვნელოც უნდა იყოს, არ იქნება უგულებელყოფილი მართალი მსაჯულის მიერ. თუ ცოდვები იმდენად ზედმიწევნით იქნება გამოძიებული, რომ პასუხს ვაგებთ სიტყვის, სურვილისა და აზრების გამო, მაშინ, მით უმეტეს, კეთილი საქმეები, რაც უნდა უმნიშვნელო იყოს, უფრო გულმოდგინედ და ზუსტად იქნება აღრიცხული და დამსახურებად შეგვერაცხება სიყვარულით აღსავსე ჩვენი მსაჯულის წინაშე". მოგიყვან მაგალითს, რომელიც გასულ წელს თავად ვიხილე. ბესარაბიის მონასტერში, სადაც მე ვცხოვრობდი, თავისი ცხოვრებით გამორჩეული ბერი იყო. ერთხელ იგი საცდურის წინაშე აღმოჩნდა _ ძალიან მოუნდა ხმელი თევზი. რადგან იმ დროს მონასტერში მისი შოვნა შეუძლებელი იყო, ბაზარში წასვლა და ყიდვა დააპირა... დიდხანს ებრძოდა ამ აზრს, ფიქრობდა: ბერი ძმების საერთო საკვებით უნდა კმაყოფილდებოდესო, გემოთმოყვარეობას ყოველნაირად უნდა განერიდოსო, თანაც ბერისთვის ბაზრის ხალხმრავლობაში სიარული მაცდუნებელი და მიუღებელიაო. ბოლოს მტრის ცილისწამებამ მისი მსჯელობა დაჯაბნა, საკუთარ ნებას აჰყვა და თევზის საყიდლად წასვლა გადაწყვიტა. გავიდა მონასტრიდან და როცა ქალაქის ქუჩაში მიდიოდა, შენიშნა, რომ ხელში სკვნილი არ ეჭირა. დაიწყო ფიქრი: "როგორ წავიდე უხმლო მეომარივით? ასე არ შეიძლება: ერის კაცნი შემხვდებიან, განმიკითხავენ და დაბრკოლდებიან, უსკვნილო ბერს რომ დაინახავენ". იგი უკან დაბრუნებას აპირებდა სკვნილის წამოსაღებად, მაგრამ ჯიბეები მოიჩხრიკა და იპოვა. ჯიბიდან ამოიღო, პირჯვარი გადაიწერა, სკვნილი ხელზე გაიკეთა და დამშვიდებულმა გააგრძელა გზა. ბაზარს რომ მიუახლოვდა, დახლებთან დიდ საზიდარში შებმული ცხენი დაინახა. საზიდარზე უზარმაზარი კასრები ეწყო. უცებ ცხენი რაღაცამ დააფრთხო, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ფლოქვების ცემით გააჭენა, ბერისკენ გაექანა, მხარზე გამოედო და მიწაზე დაანარცხა, თუმცა კი ძალიან არ დაუშავებია. ამის შემდეგ მისგან ორ ნაბიჯზე საზიდარი აყირავდა და ნაფოტებად იქცა. ბერი სწრაფად წამოდგა. რა თქმა უნდა, შეშინდა, მაგრამ ამასთანავე გაოცებულიც იყო, რომ ღმერთმა ცოცხალი დატოვა. საზიდარი, სულ ცოტა, ერთი წამით ადრე რომ გადაბრუნებულიყო, ბერიც მასავით დაიმსხვრეოდა. ამაზე ბერს ბევრი აღარ უფიქრია, იყიდა თევზი, შეჭამა, ილოცა და დასაძინებლად დაწვა... ძილბურანში ვიღაც უცნობი, სათნო შესახედაობის ბერი გამოეცხადა და უთხრა: "მომისმინე! მე ამ სავანის მფარველი ვარ და მინდა გონს მოგიყვანო, რათა გაიგო და დაიმახსოვრო გაკვეთილი, ახლა რომ გასწავლი... აი, ნახე: შენმა სუსტმა ბრძოლამ ხორციელ ტკბობასთან და შენმა სიზარმაცემ თვითშეცნობასა და თავგანწირვისთვის ვარჯიშში მტერს შენთან მოახლოების საშუალება მისცა. მანაც ის დამღუპველი შემთხვევა მოგიმზადა, შენ თვალწინ რომ მოხდა. მაგრამ შენმა მფარველმა ანგელოზმა გაითვალისწინა ეს, ჩაგაგონა, გელოცა და სკვნილი გაგახსენა. შენ ჩაგონება ყურად იღე, დაემორჩილე და საქმით აღასრულე. სწორედ ამან გიხსნა სიკვდილისგან. ხედავ, რა კაცთმოყვარეობას იჩენს ღმერთი და რა უხვად მიაგებს იმის სანაცვლოდ, როცა მცირედ მაინც მიმართავენ მას?" ამის თქმა იყო და ჩვენებაში ხილული ბერი სწრაფად გავიდა სენაკიდან. მონაზონმა თაყვანი სცა და ასე გამოეღვიძა: საწოლზე კი არ იწვა, არამედ კარის ზღურბლთან ხელებგაწვდილი იყო დაჩოქილი. სულიერი სარგებლობის მიზნით მან ამ ხილვის შესახებ მაშინვე სხვებსაც უამბო, მათ შორის მეც. ნამდვილად უსაზღვროა ჩვენდამი, ცოდვილების მიმართ ღვთის სიყვარული! განა გასაოცარი არ არის, რომ ასეთი უმნიშვნელო საქმისთვის, როგორიც არის ჯიბიდან სკვნილის ამოღება, ხელზე გაკეთება და ღვთის სახელის ერთხელ მოხმობა, ასეთი მცირე რამისთვის სიცოცხლე გიბოძონ?! იესო ქრისტეს სახელის მოწოდების ერთმა წუთმა სიზარმაცეში გატარებული მრავალი საათი გადაწონა ადამიანის ბედის სასწორზე... ჭეშმარიტად, ამ შემთხვევაში პაწაწინა ლეპტის სანაცვლოდ ოქროა გაცემული... ხედავ, ძმაო, რა ძლიერია ლოცვა და როგორი ძლევამოსილია ჩვენ მიერ მოწოდებული იესო ქრისტეს სახელი! წმინდა იოანე კარპათელი წიგნში "სათნოებათმოყვარეობა" ამბობს, რომ როცა იესოს ლოცვაში იესოს სახელს მოვუხმობთ და ვამბობთ: "შემიწყალე მე, ცოდვილი", მაშინ თითოეულ ამგვარ თხოვნას უფლის იდუმალი ხმა პასუხობს: "შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები"... შემდეგ იგი აგრძელებს, რომ ლოცვის წარმოთქმის დროს არაფრით განვსხვავდებით წმინდანებისგან, მოღვაწეებისა და მოწამეებისგან, რადგან, როგორც წმინდა ოქროპირი ამბობს: "ლოცვა, რომელსაც თუნდაც ჩვენ, ცოდვებით სავსე ადამიანები წარმოვთქვამთ, იმავ წუთს გვწმენდს" (იხ. ლოცვა 2). იგი ჩვენდამი გამოჩენილი ღვთის უდიდესი წყალობაა, ჩვენ კი, ცოდვილებსა და დაუდევრებს, მისთვის მადლობის სათქმელად მცირე ხნის დათმობაც კი არ გვინდა. ლოცვისთვის განკუთვნილ დროს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოფით საზრუნავსა და შფოთში ვცვლით და ღმერთსა და ჩვენს მოვალეობას ვივიწყებთ! ამიტომ არცთუ ისე იშვიათად გვატყდება განსაცდელი და უბედურება, მაგრამ სიყვარულით აღსავსე ღვთიური განგება ამასაც ჩვენს გონზე მოსაყვანად და ღვთისკენ მოსაქცევად აწყობს. როგორც კი ვაჭარმა ოფიცერთან ლაპარაკი დაასრულა, მას ვეუბნები: - აი, პატივცემულო, როგორც შენ დაატკბე ჩემი ცოდვილი სული, მეც ისე ვიყრი შენ წინაშე მუხლს. ეს რომ გაიგონა, მეც დამიწყო ლაპარაკი: - ჩანს, სულიერი ამბები გიყვარს?! მოიცა, ახლავე წაგიკითხავ იმის მსგავსს, რაც გიამბეთ. აი, მე თან მაქვს სამგზავრო წიგნი, რომელსაც "აღაპი", ანუ "ცოდვილთა ხსნა" ჰქვია. მასში ბევრი საოცარი რამეა მოთხრობილი. მან ჯიბიდან წიგნი ამოიღო და შესანიშნავი ამბის კითხვა დაიწყო ვიღაც ღვთისმოსავ აგაფონიკზე, რომელიც ღვთისმოსავ მშობლებს ბავშვობიდანვე დაუჩვევიათ, დედა ღვთისას ხატის წინ ყოველდღე წაეკითხა ლოცვა "ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ" და სხვ. იგი ყოველდღე ასრულებდა ამას. შემდეგ, როცა სრულწლოვანი გახდა, დამოუკიდებელ ცხოვრებას შეუდგა, ცხოვრებისეული საზრუნავითა და ჯაფით შეპყრობილი, ამაოებას მიეცა და ხსენებულ ლოცვას უკვე იშვიათად კითხულობდა, ბოლოს კი სრულიად მიატოვა კიდეც. ერთ საღამოს მან ღამის გასათევად მწირი მიიღო, რომელმაც განუცხადა, რომ მეუდაბნოე იყო თებაიდადან და ხილვაში ეუწყა, აგაფონიკთან წასულიყო და დედა ღვთისას ლოცვის მიტოვებისთვის საყვედური ეთქვა. აგაფონიკმა ლოცვის მიტოვების მიზეზად ის დაასახელა, რომ მრავალი წლის განმავლობაში კითხულობდა მას და არანაირი სარგებელი არ უნახავს. მაშინ მეუდაბნოემ უთხრა: - ბრმაო და უმადურო, გაიხსენე, რამდენჯერ გაგიწია დახმარება და უბედურებისაგან გიხსნა ამ ლოცვამ! გაიხსენე, სიყრმეში რა საოცრად გადაურჩი დახრჩობას! არ გახსოვს, გადამდებმა სასიკვდილო სენმა ბევრი შენი მეზობელი რომ დაასამარა, შენ კი უვნებელი გადარჩი?! Aარ გახსოვს, ამხანაგთან ერთად საზიდრით რომ მიდიოდი და იქიდან ჩამოვარდით?! მან ფეხი მოიტეხა, შენ კი არაფერი დაგშავებია! განა არ იცი, რომ შენი ნაცნობი ახალგაზრდა კაცი, წინათ რომ ჯანმრთელი იყო, ახლა დაუძლურებული წევს, შენ კი ჯანმრთელი ხარ და არ იტანჯები?! მან კიდევ ბევრი რამ გაახსენა აგაფონიკს და ბოლოს უთხრა: - იცოდე, რომ ყოველივე ეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მფარველობით იმ მოკლე ლოცვის გამო აგცდა, რითაც შენს სულს ყოველდღე ღმერთთან შესაერთებლად აღძრავდი... ფრთხილად იყავი, ისევ გააგრძელე და არ მიატოვო ამ ლოცვით ზეციური დედოფლის დიდება, ვიდრე თავად მას არ მიუტოვებიხარ. კითხვა რომ დავასრულეთ, სადილად მიგვიწვიეს. დავნაყრდით, მასპინძელს მადლობა ვუთხარით და ჩვენ-ჩვენი გზით წავედ-წამოვედით, ვისაც საით გვჭირდებოდა. ამის შემდეგ ხუთი დღე მივდიოდი. "თეთრ ეკლესიაში" ღვთისმოსავი ვაჭრისგან გაგონილ ამბავს ვიხსენებდი და თავს ვინუგეშებდი. უკვე კიევს ვუახლოვდებოდი, როცა უეცრად, არაფრის გამო რაღაცნაირი სიმძიმე, მოდუნება და შავბნელი აზრების მოძალება ვიგრძენი. გაჭირვებით ვლოცულობდი, რაღაცნაირი სიზარმაცე დამეუფლა. გზის პირას პატარა ტყე და ხშირი ბუჩქნარი დავინახე. დასასვენებლად იქით გავეშურე. მინდოდა, ცალკე ბუჩქთან ჩამოვმჯდარიყავი და ჩემი დაუძლურებული სულის გასამხნევებლად და სულმოკლეობის დასაცხრობად "სათნოებათმოყვარეობა" წამეკითხა. წყნარი ადგილი მოვძებნე და "სათნოებათმოყვარეობის" მეოთხე თავში რვა ზრახვასთან დაკავშირებით ღირსი კასიანე რომაელის კითხვა დავიწყე. ნახევარი საათის განმავლობაში სიხარულით ვკითხულობდი. მოულოდნელად ჩემგან ორმოცდაათი საჟენის მოშორებით, ტყის სიღრმეში, მუხლებზე გაუნძრევლად მდგომი კაცი დავინახე. გამიხარდა, ვიფიქრე, ცხადია, ლოცულობს-მეთქი, და კვლავ კითხვას შევუდექი. საათი ან ცოტა მეტი ხანი ვკითხულობდი. ისევ გავხედე იმ კაცს. იგი ძველებურად გაუნძრევლად იდგა მუხლებზე. ამან ძლიერ ამიჩვილა გული და ისევ გავიფიქრე: "აი, როგორი კეთილმსახური ღვთის მონები არსებობენ!" სანამ ამას ვფიქრობდი, უეცრად კაცი მიწაზე დაეცა. წყნარად იწვა. ამან გამაოცა. ვინაიდან ჩემგან ზურგშექცევით იყო დაჩოქილი და მის სახეს ვერ ვხედავდი, ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო, რომ წავსულიყავი და მენახა, ვინ იყო იგი. მივუახლოვდი. ჩაძინებული დამხვდა. ეს იყო სოფლელი ბიჭი, ოცდახუთი წლისა, სუფთა, კეთილშობილი, მაგრამ ფერმკრთალი სახისა. ეცვა გლეხის ხიფთანი, რომელიც წელზე ნაჭის ბაწრით შეეკრა. მეტი არაფერი ჰქონდა, არც შულდაკი, არც არგანი. ჩემი ფეხის ხმა რომ გაიგონა, გამოეღვიძა და წამოდგა. ვკითხე, ვინ იყო. მითხრა, რომ სახელმწიფო გლეხია სმოლენსკის გუბერნიიდან და კიევიდან მოდიოდა. - ახლა სად მიდიხარ? - ვკითხე მე - თავადაც არ ვიცი, - მიპასუხა მან, - საითაც ღმერთი წამიყვანს. - დიდი ხანია, რაც წამოსული ხარ? - კი, უკვე მეხუთე წელია. - ამ ხნის მანძილზე სად ცხოვრობდი? - დავდიოდი სხვადასხვა წმინდა ადგილას, ეკლესია-მონასტრებში. სახლში ვერაფრით ვიცხოვრებ, დედ-მამით ობოლი ვარ, ამასთან, ცალი ფეხით კოჭლი. მთელ ქეყანაზე დავეხეტები. - ჩანს, ვიღაც ღვთივსათნო ადამიანმა გასწავლა, უბრალოდ კი არა, წმინდა ადგილებში გევლო, - ვუთხარი მე. - იცი რა, - მიპასუხა მან - ობოლი ვიყავი და ჩვენს სოფელში ბავშვობიდან დავყვებოდი მწყემსებს. ათი წელი ყველაფერი კარგად იყო. ბოლოს, ერთხელ, როცა ცხვარი შინ მივრეკე, ვერ შევნიშნე, მამასახლისის საუკეთესო ცხვარი რომ აკლდა. ჩვენი მამასახლისი კი ბოროტი და არაკაცი გახლდათ. საღამოს სახლში რომ დაბრუნდა და ნახა, მისი ცხვარი არ იყო, მომვარდა, ლანძღვა და მუქარა დამიწყო, მიბრძანა, წავსულიყავი და ცხვარი მომეძებნა, თუ არა და, დამექადნა, ცემით მოგკლავ, ხელ-ფეხს დაგიმტვრევო. ვიცოდი, რომ ბოროტი იყო და ცხვრის მოსაძებნად იმ ადგილებისკენ გავემართე, სადაც დღისით ფარას ვაძოვებდი. ბევრი ვეძებე, შუაღამემდე, მაგრამ მისი კვალიც არსად იყო. შემოდგომა ახლოვდებოდა და ისეთი ბნელი ღამე იყო... როცა ტყის სიღრმეში შევედი (ტყეები კი ჩვენს გუბერნიაში გაუვალია), უცებ გრიგალი ამოვარდა. თითქოს ყველა ხე შეირყა! მოშორებით მგლები აყმუვლდნენ. შიშის ზარი დამეცა, თმები ყალყზე დამიდგა. გადიოდა დრო და ყველაფერი უფრო და უფრო შემზარავი ხდებოდა. შიშისა და ელდისგან ვეცემოდი. ჰოდა, მუხლებზე დავემხე, პირჯვარი გადავიწერე, რაც ძალი და ღონე მქონდა, ვთქვი: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!" ამის თქმა იყო და, მაშინვე სიმსუბუქე დამეუფლა, თითქოს არაფერი მაწუხებდა, სიმხდალე სრულიად გაუჩინარდა, გულში ისეთი სიამე ვიგრძენი, თითქოს ზეცაში ავფრინდი... გამიხარდა და ამ ლოცვას გაუჩერებლად ვამბობდი. აღარ მახსოვს, გრიგალმა დიდხანს გასტანა თუ არა, ან ღამემ როგორ ჩაიარა. ვხედავ, დღის სინათლეა, მე კი ერთ ადგილას ვდგავარ მუხლებზე. მშვიდად ავდექი. მივხვდი, ცხვარს ვერ ვიპოვიდი და სახლში წავედი. გულში კი ისეთი სიამე იყო, ისე მინდოდა ლოცვა!.. სოფელში რომ მივედი და მამასახლისმა ნახა, ცხვარი არ მიმიყვანია, სასიკვდილოდ მცემა. ფეხიც სწორედ მაშინ დამიზიანა. ცემის შემდეგ ექვსი კვირა თითქმის გაუნძრევლად ვიწექი, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ვლოცულობდი და ლოცვა მანუგეშებდა. შემდეგ ნელ-ნელა მოვიკეთე და აქეთ-იქით ხეტიალიც დავიწყე. რადგან ნიადაგ ხალხში ტრიალი მოსაწყენი მეჩვენა, თანაც იქ ბევრი ცოდვაა, ამიტომ წმინდა ადგილებსა და ტყეებში დავიწყე სიარული. უკვე მეხუთე წელია, რაც ასე დავდივარ. მოვისმინე ეს და გულით გავიხარე, უფალმა ასეთი მადლმოსილი ადამიანის ხილვის ღირსი რომ გამხადა. ვკითხე: - ახლაც ხშირად ამბობ ამ ლოცვას? - უმისობა არ შემიძლია, - მიპასუხა მან, - საკმარისია, გავიხსენო, ტყეში რა კარგად ვგრძნობდი თავს, რომ, თითქოს ვიღაც ხელს მკრავსო, მაშინვე მუხლებზე ვდგები და ლოცვას ვიწყებ... არ ვიცი, სათნოა თუ არა ჩემი ცოდვილი ლოცვა, მაგრამ ლოცვის დროს ზოგჯერ უდიდეს სიხარულს, სიმსუბუქესა და სიხარულის მომგვრელ სიმშვიდეს ვგრძნობ, თავადაც არ ვიცი, საიდან. ზოგჯერ კი სიმძიმე, მოწყენილობა და ნაღველი მეუფლება. ყოველივეს მიუხედავად, სიცოცხლეზე მეტად მინდა ხოლმე ლოცვა. - ნუ შეშფოთდები, საყვარელო ძმაო, ღვთისთვის ყველა ლოცვა სათნოა და რაც ლოცვას მოსდევს, ყველაფერი მაცხონებელია. წმინდა მამების თანახმად, სიმსუბუქე იქნება ეს თუ სიმძიმე, ყველაფერი კარგია. არანაირი ლოცვა, არც კარგი და არც ცუდი, ღვთის წინაშე არ იკარგება. სიმსუბუქე, სითბო და სიტკბოება იმაზე მიუთითებს, რომ ამ ღვაწლის გამო ღმერთი გვაჯილდოვებს და გვანუგეშებს; ხოლო სიმძიმე, დაღვრემილობა და სიმშრალე იმას ნიშნავს, რომ ღმერთი სულს წმენდს და განამტკიცებს, ამ სასარგებლო მოთმინებით სული ხსნისკენ მიჰყავს და მომავალი მადლმოსილი სიტკბოების სიმდაბლით მისაღებად ამზადებს. ამის დასამტკიცებლად წმინდა იოანე კიბისაღმწერელს წაგიკითხავ. მოვძებნე აღნიშნული სტატია და წავუკითხე. მან ყურადღებით, სიამოვნებით მომისმინა და ამისთვის დიდი მადლობა მითხრა. ერთმანეთს დავემშვიდობეთ. იგი ტყის სიღრმეში შევიდა, მე კი გზაზე გამოვედი და სიარული განვაგრძე, თან ღმერთს ვმადლობდი, რომ ასეთი სწავლების ღირსი გამხადა მე, ცოდვილი. მეორე დღეს ღვთის შეწევნით კიევში ჩავედი. ჩემი პირველი და უმთავრესი სურვილი მარხვის შენახვა, აღსარების თქმა და ამ მადლმოსილ ადგილას ქრისტეს წმინდა საიდუმლოსთან ზიარება იყო. ამიტომ ღვთის წმინდანებთან ახლოს დავბინავდი, ჩემთვის მოსახერხებელი რომ ყოფილიყო ღვთის ტაძარში სიარული. ერთმა კეთილმა მოხუცმა კაზაკმა თავის ქოხში მიმიღო. რადგან მარტო ცხოვრობდა, მასთან სიმშვიდესა და მდუმარებაში ვიყავი. ერთი კვირის განმავლობაში ვემზადებოდი აღსარებისთვის. აზრად მომივიდა, შეძლებისდაგვარად დაწვრილებით მეთქვა აღსარება. ზედმიწევნით, სათითაოდ ვიხსენებდი სიყრმიდან ჩადენილ ცოდვებს. რომ არ დამვიწყებოდა, რაც მახსენდებოდა, თვით უმნიშვნელო რამესაც კი, ვიწერდი. დიდი ფურცელი გავავსე. შევიტყვე, რომ კიევიდან შვიდი ვერსის მოშორებით, კიტაევოს უდაბნოში გამოცდილი, ღვაწლმოსილი, ერთობ ბრძენი და კეთილგონიერი მოძღვარი იყო. ვინც მასთან მთელი სულითა და გულით მივიდოდა, ლმობიერება ეუფლებოდა და მაცხონებელი სწავლებით დამოძღვრილი და სულიერად შემსუბუქებული ბრუნდებოდა. ეს რომ გავიგე, ძალიან გავიხარე და დაუყოვნებლივ მისკენ გავემართე. საუბრისა და რჩევის შემდგომ გადასახედად ჩემი ფურცელი გადავეცი. მან წაიკითხა და მითხრა: - საყვარელო მეგობარო, ბევრი ზედმეტი რამ დაგიწერია. მომისმინე: 1) აღსარებაში ის ცოდვები აღარ უნდა ახსენო, რომლებიც ადრე მოინანიე, შეგინდეს და მეტად აღარ გაგიმეორებია. სხვაგვარად, ეს აღსარების საიდუმლოს ძალის მიმართ უნდობლობა იქნება; 2) არ ახსენო სხვა ადამიანები, რომლებსაც შენს ცოდვებთან შეხება ჰქონიათ. მხოლოდ საკუთარი თავი განიკითხე; 3) წმინდა მამები გვიკრძალავენ ყველა წვრილმანის ჩამოთვლას ცოდვების აღიარების დროს. ცოდვები ზოგადად უნდა ვაღიაროთ, რათა მათი დაწვრილებითი განხილვით ცდუნებაში არ ჩავაგდოთ საკუთარი თავი და სულიერი მოძღვარი; 4) მოსანანიებლად მოხვედი და სინანული რომ არ შეგიძლია, ამას არ ინანიებ, ე.ი. გულგრილად და დაუდევრად ინანიებ; 5) წვრილმანები ჩამოთვალე, მაგრამ მხედველობიდან გამოგრჩა უმთავრესი რამ - არ განგიცხადებია, არ შეგიცნია და არ დაგიწერია ყველაზე მძიმე ცოდვები, კერძოდ, რომ არ გიყვარს ღმერთი, გძულს მოყვასი, ღვთის სიტყვისა არ გწამს, ამპარტავნებითა და პატივმოყვარეობით სავსე ხარ. ამ ოთხ ცოდვაშია თავმოყრილი ბოროტების მთელი უფსკრული და მთელი ჩვენი სულიერი ხრწნილება. ეს არის ძირისძირი, საიდანაც ჩვენი ცოდვით დაცემის ყველა ყლორტი იზრდება. ეს რომ მოვისმინე, გავოცდი და ვთქვი: - მომიტევეთ, ღირსო მამაო, როგორ შეიძლება, არ გვიყვარდეს ღმერთი, ჩვენი შემოქმედი და მფარველი?! სხვა რა ვირწმუნოთ, თუ არა ღვთის სიტყვა - მასში ყველაფერი ჭეშმარიტი და წმინდაა. ყველა მოყვასს სიკეთეს ვუსურვებ. ან რატომ უნდა მძულდეს?! საამაყო არაფერი მაქვს - ურიცხვი ცოდვის გარდა თავს ვერაფრით შევიქებ. ჩემი სიგლახაკითა და სნეულებით როგორ მივეცემი ტკბობასა და ავხორცობას?! რა თქმა უნდა, განათლებული ან მდიდარი რომ ვყოფილიყავი, მაშინ, უდავოდ, მეც ვიქნებოდი დამნაშავე თქვენს ნათქვამში. - ვწუხვარ, საყვარელო, რომ ჩემი ნათქვამიდან ცოტა რამ გაიგე. სწრაფად რომ გაგარკვიო, ნაწერს მოგცემ. თავად მეც ყოველთვის მის მიხედვით ვამბობ აღსარებას. წაიკითხე და ნათლად დაინახავ იმის ზუსტ დადასტურებას, რასაც ახლა გეუბნებოდი. მოძღვარმა ნაწერი მომცა. დავიწყე კითხვა. |