მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მწირის გულახდილი საუბრები სულიერ მოძღვართან

 

საუბარი მეოთხე

 

"ხოლო ჩემი მიახლებაჲ ღმრთისა კეთილ არს; და დადებად უფლისა მიმართ სასოებაჲ ჩემი" (ფსალმ. 72.28).


- [სამართლიანია რუსული ანდაზა: ადამიანი ბჭობს, ღმერთი კი განაგებსო, - ვთქვი, როცა კვლავ ჩემს სულიერ მამასთან მივედი: მეგონა, დღეს წმინდა ქალაქ იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე ვივლიდი და ვივლიდი]18, მაგრამ სხვაგვარად მოხდა - სრულიად გაუთვალისწინებელმა გარემოებამ კიდევ სამი დღით შემაყოვნა აქ. ვერ მოვითმინე, თქვენთან რომ არ მოვსულიყავი, ეს არ მეცნობებინა და რჩევა არ მეკითხა გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც იმ ამბავთან დაკავშირებით მივიღე, სრულიად მოულოდნელად ამგვარად რომ შემემთხვა:


ყველას დავემშვიდობე და ღვთის შეწევნით გავუდექი გზას. ის იყო, ქალაქის კარიბჭე უნდა გამევლო, რომ ვხედავ, ბოლო სახლის ჭიშკართან ჩემი ნაცნობი დგას. ერთ დროს ისიც ჩემნაირი მწირი იყო. სამი წელი არ მენახა. მომესალმა და მკითხა, საით მივდიოდი.


- ღვთის ნება თუ იქნა, ძველ იერუსალიმში წასვლა მსურს, - ვუპასუხე მე.


- ღმერთს დიდება! - წამოიძახა მან, - აგერ შენთვის კარგი თანამგზავრი მყავს.


- ღმერთი შეგეწიოთ შენც და იმასაც, - ვუთხარი მე, - მაგრამ განა არ იცი, რომ ჩემი თავისებური ხასიათის გამო ამხანაგებთან ერთად არასდროს დავდივარ და მარტო ხეტიალს ვარ დაჩვეული?


- მოიცა, მომისმინე: ვიცი, ეს თანამგზავრი მოგეწონება. მისთვისაც კარგი იქნება შენთან ყოფნა და შენთვისაც არ უნდა იყოს ურიგო. საქმე იმაშია, რომ, სადაც სამუშაოდ ვარ დაქირავებული, იმ სახლის პატრონის მამაც დაპირებისამებრ ძველ იერუსალიმში მიდის. ადვილად უნდა შეეგუო მას. აქაური მეშჩანია, კეთილი ბერიკაცი, თანაც, სრულიად ყრუ. ასე რომ, რაც უნდა იყვირო, მაინც ვერაფერს გაიგებს. თუ რაიმეს კითხვა გინდა, ფურცელზე უნდა დაუწერო და მაშინღა გიპასუხებს. ამრიგად, გზაში თავს არ მოგაბეზრებს, არაფერზე დაგელაპარაკება, სახლშიც უმთავრესად დუმს. შენ კი მისთვის გზაში საჭირო იქნები. თავისი ვაჟი ცხენსა და საზიდარს ატანს ოდესამდე. იქ გაყიდის. თუმცა მოხუცს ფეხით წასვლა სურს, მაგრამ ბარგისა და უფლის საფლავზე გასაგზავნი ძღვნისთვის ცხენსაც ატანენ. შენს ჩანთასაც იქვე დაუდებდი. დაფიქრდი, ერთი, როგორ შეიძლება ასეთ შორ გზაზე ყრუ ბერიკაცის ცხენიანად მარტო გაშვება? ბევრი ეძებეს გამცილებელი, მაგრამ ყველა ძალიან ძვირს ითხოვს. თანაც საშიშიცაა უცხო ადამიანთან ერთად მისი გაშვება, ფული და ნივთები მიაქვს. დათანხმდი, ძმაო, მართლა კარგი იქნება. გადაწყვიტე ღვთის სადიდებლად და მოყვასის სიყვარულის გულისთვის. ჩემს მასპინძლებს კი შენს სანდოობაში დავარწმუნებ და ისინიც უზომოდ გაიხარებენ. კეთილი ხალხია, ძალიან ვუყვარვარ. უკვე ორი წელია, რაც მათთან ქირით ვმუშაობ.


ჭიშკრის წინ ამ საუბრის შემდეგ თავისი პატრონის სახლში მიმიყვანა. ვნახე, რომ პატიოსანი ოჯახი იყო და მათ წინადადებას დავთანხმდი. ახლა, თუ უფალი ინებებს, განზრახული გვაქვს, ქრისტეშობის დღესასწაულიდან მესამე დღეს, საღვთო ლიტურგიის შემდეგ გზას გავუდგეთ.


აი, რა მოულოდნელობები გვხვდება ცხოვრების გზაზე! ყველაფერს, ჩვენს საქმეებსა თუ ზრახვებს, ღმერთი და მისი წმინდა განგება მართავს, როგორც წერია კიდეც: ["ღმერთი არს, რომელი შეიქმს თქუენდა ნებასაცა და შეწევნასა სათნოებისათჲს" (ფილიპ. 2.13).


ჩემმა სულიერმა მოძღვარმა ეს ყოველივე მოისმინა და მითხრა:


- საყვარელო ძმაო, გულით მიხარია, რომ უფალმა მოკლე ხანში მოულოდნელად ისევ მანახა შენი თავი. და რადგან ახლა თავისუფალი ხარ, სიყვარულით უფრო დიდხანს გაგაჩერებ ჩემთან, შენ კი უფრო მეტს მიამბობ იმ ყურადსაღები შემთხვევების შესახებ, ხანგრძლივი მწირული მოგზაურობის დროს რომ გადაგხდენია თავს. შენს ყველა უწინდელ ნაამბობს სიამოვნებით და ყურადღებით ვისმენდი.


- სიხარულით გიამბობთ, - ვუპასუხე და მოყოლა დავიწყე, - ბევრი რამ გადამხდა, კარგიც და ცუდიც. ყველაფერი რომ მოვყვე, დიდი დრო დასჭირდება. თანაც ბევრი რამ უკვე დამავიწყდა კიდეც]19, რადგან განსაკუთრებით მხოლოდ იმის დამახსოვრებას ვცდილობდი, რაც ჩემს ზარმაც სულს ლოცვისთვის აღძრავდა და მისკენ წარმართავდა. სხვა დანარჩენს იშვიათად ვიმახსოვრებდი, უკეთ რომ ვთქვათ, წარსულის დავიწყებას ვცდილობდი, თანახმად წმინდა პავლე მოციქულის შეგონებისა: "უკუანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივწუდები და კრძალულებით ვსდევ გჳრგჳნსა მას ზეცისა ჩინებისა ღმრთისასა ქრისტე იესოჲს მიერ" (ფილიპ. 3.13-14). ჩემი განსვენებული ნეტარი ბერიც ამბობდა, რომ გულის ლოცვას ორი მხრიდან ექმნება დაბრკოლებები, მარცხნიდან და მარჯვნიდან, ანუ, თუ მტერი ამაო ფიქრებითა და ცოდვილი ზრახვებით ვერ ახერხებს, ადამიანი ლოცვას მოწყვიტოს, მაშინ მეხსიერებაში ყურადსაღებ მოგონებებს აღუძრავს ან წარმტაც აზრებს ჩააგონებს, ოღონდაც კი რამენაირად მოწყვიტოს მისთვის ამდენად საძულველ ლოცვას. ამას ეწოდება მარჯვნიდან გაქურდვა, რომლის დროსაც სული ღმერთთან საუბარს უგულებელყოფს და საკუთარ თავთან ან ქმნილებებთან სიამოვნებით მუსაიფობს. ამიტომაც მასწავლიდა იგი, რომ ლოცვის დროს თვით ყველაზე ბრწყინვალე სულიერი აზრიც კი არ შევიწყნაროთ. თუ დღის ბოლოს დავინახავთ, რომ დრო უმეტესწილად დამრიგებლობით ფიქრებსა და საუბარშია გატარებული, და არა წარმოდგენებისგან არსობრივად თავისუფალ გულისმიერ ლოცვაში, ესეც კი ზომაგადასულობად ან ანგარებიან სულიერ სიხარბედ უნდა მივიჩნიოთ, განსაკუთრებით კი, დამწყებთა შემთხვევაში. მათთვის აუცილებელია, ლოცვაში გატარებული დრო ბევრად აღემატებოდეს იმ დროს, რომელსაც ისინი სხვა ღვთივსათნო საქმეებს ანდომებენ. არადა, ყველაფერს ხომ ვერ დაივიწყებ. ზოგი რამ უნებურად იმდენად ღრმად ჩამრჩა მეხსიერებაში, რომ თუნდაც დიდი ხნის განმავლობაში არ მოვიგონო, მაინც ცოცხლად მახსოვს, როგორიცაა, მაგალითად, ერთი ღვთისმოსავი ოჯახის ამბავი, ვისთანაც რამდენიმე დღით ყოფნის ღირსი გამხადა ღმერთმა ქვემოაღწერილი შემთხვევის გამო.


ტობოლსკის გუბერნიაში ხეტიალის დროს ერთ სამაზრო ქალაქში მომიხდა გავლა. ორცხობილა მითავდებოდა. ამიტომ საგზლად პურის სათხოვნად ერთ სახლში შევედი. მასპინძელმა მითხრა:


- მადლობა ღმერთს, დროულად მოხვედი! ჩემმა მეუღლემ პური ეს-ესაა ღუმელიდან გამოიღო. აი შენ, ცხელი პური! ილოცე ჩვენთვის!


მადლობა ვუთხარი და პურის ჩანთაში ჩალაგებას შევუდექი. ეს რომ დიასახლისმა დაინახა, თქვა:


- რა დახეული ტომარაა, მთლად დაფხრეწილა! გამოგიცვლი! - და ახალი, გამძლე ტომარა მომცა. გულითადი მადლობა ვუთხარი მათ და გზა განვაგრძე. ქალაქიდან გასვლის წინ საწვრილმანო დუქანში ცოტაოდენი მარილი ვითხოვე. გამყიდველმა პატარა ტომარა გამივსო. სულით ვხარობდი და ღმერთს ვმადლობდი, რომ ჩემისთანა უღირსს ასეთ კეთილ ადამიანებს მახვედრებდა. აი, - ვფიქრობდი მე, - ახლა მთელი კვირა აღარ ვიზრუნებ საკვებზე, ვიძინებ და ვიქნები კმაყოფილი. "აკურთხებს სული ჩემი უფალსა!"


ქალაქს ხუთიოდე ვერსით რომ გავცდი, ზედ გზის პირას ერთი ღარიბული სოფელი და ხის ღარიბული, მაგრამ გარედან კარგად შემკული და მოხატული ეკლესია დავინახე. გვერდით რომ ჩავუარე, ღვთის ტაძრისთვის თაყვანისცემა მომინდა და ეკლესიის სტოაში სალოცავად შევედი. ეკლესიის გვერდით, მდელოზე ხუთი-ექვსი წლის ორი ბავშვი თამაშობდა. გავიფიქრე, მღვდლის შვილები იქნებიან-მეთქი, თუმცა კი ძალზე კარგად ეცვათ. ვილოცე და გზა განვაგრძე. ეკლესიას ათი ნაბიჯითაც არ ვიყავი გამცდარი, რომ ძახილი შემომესმა: გლახაკო! გლახაკო! მოიცა! წეღან ნანახი პატარები, ბიჭუნა და გოგონა, მეძახდნენ და ჩემკენ მორბოდნენ. შევჩერდი. მათ მოირბინეს, ხელი ჩამავლეს და მითხრეს:


- დედიკოსთან წავიდეთ! მას გლახაკები უყვარს.


- გლახაკი კი არა, გამვლელი ვარ, - ვუთხარი მე.


- აბა, ტომარა რომ გაქვს?


- ეს ჩემი საგზალი პურია.


- არა, აუცილებლად წამოდი, დედიკო სამგზავრო ფულს მოგცემს.


- სადაა დედათქვენი? - ვკითხე მე.


- აი, ეკლესიის იქით, ამ კორომს გადაღმა.


წამიყვანეს მშვენიერ ბაღში, რომლის შუაგულშიც დიდი, მდიდრული სახლი დავინახე. შევედით ოთახებში. რა საოცარი სისუფთავე და მოწყობილობა იყო. აი, ქალბატონიც მოგვეგება.


- მობრძანდი! მობრძანდი! საიდან გამოგვიგზავნა ღმერთმა შენი თავი? დაჯექი, საყვარელო, დაჯექი! - მან თავად მომხსნა ჩანთა და მაგიდაზე დადო, მე კი ურბილეს სკამზე დამსვა. - ხომ არ შეჭამდი? იქნებ, ჩაი ინებო? რამე ხომ არ გჭირდება?


- მდაბლად გმადლობთ, - ვუპასუხე მე, - მთელი ტომარა საჭმელი მაქვს. ჩაის თუმცა ვსვამ, მაგრამ, როგორც ჩვენი, გლეხების წესია, დაჩვეული არ ვარ. თქვენი გულითადი და ალერსიანი მოპყრობა გამასპინძლებაზე ძვირფასია ჩემთვის. ღმერთს შევევედრები, რომ ასეთი სახარებისეული უცხოთ­მოყვარეობისთვის გაკურთხოთ, - ვთქვი ეს და გულში ჩაღრმავების საოცარი სურვილი ვიგრძენი. გულში ლოცვა მიდუღდა და სიმშვიდე და მდუმარება მესაჭიროებოდა, რომ თავისთავად წარმოშობილი ლოცვის ალისთვის გასაქანი მიმეცა და ხალხისგან დამეფარა ლოცვის გარეგანი გამოვლინება: ცრემლები, ოხვრა, სახისა და ბაგეების უჩვეულო მოძრაობა. ამიტომ წამოვდექი და ვთქვი:


- მომიტევეთ, დაო, ჩემი წასვლის დროა. უფალი იესო ქრისტე იყოს თქვენთან და თქვენს საყვარელ პატარებთან!


- ოჰ, არა! ღმერთმა დაიფაროს, რომ წახვიდე! არ გაგიშვებ! საღამოს ჩემი მეუღლე დაბრუნდება ქალაქიდან. ის იქ, სამაზრო სასამართლოში მოსამართლედ არის არჩეული. ნახავ, როგორ გაუხარდება შენი ნახვა! ის ყველა მწირს ღვთისგან გამოგზავნილად მიიჩნევს. თუ წახვალ, ძალიან ეწყინება, რომ ვერ გნახა. თანაც, ხვალ კვირაა, წირვაზე ჩვენთან ერთად ილოცებ და ერთად მივირთმევთ, რაც ღმერთს ჩვენთვის მოუცია. ყოველ დღესასწაულზე ოცდაათამდე ქრისტესმიერი გლახაკი ძმა გვყავს სტუმრად. რატომ არაფერს მეუბნები შენ შესახებ, ვინ ხარ და საით გაგიწევია? მელაპარაკე, მიყვარს ღვთივსათნო ადამიანების სულიერი საუბრების მოსმენა. ბავშვებო! ბავშვებო! მწირის ჩანთა აიღეთ და ხატების ოთახში შეიტანეთ, ღამეს იქ გაათენებს.


მისი სიტყვები რომ მოვისმინე, გავოცდი და გავიფიქრე: ნეტავ, ადამიანს ველაპარაკები თუ მოჩვენებას?!


ამრიგად, დავრჩი და ბატონს დაველოდე. ქალბატონს მოკლედ ვუამბე ჩემი მოგზაურობის შესახებ და ვუთხარი, რომ ირკუტსკში მივდიოდი.


- მშვენიერია, ალბათ, ტობოლსკის გავლით წახვალ, - მითხრა ქალბატონმა, - იქ კი, დედათა მონასტერში დედაჩემია მონაზვნად, ახლა უკვე სქიმოსანია. წერილს გაგატანთ და ის მიგიღებს. მასთან ბევრი მიდის სულიერი რჩევისთვის. ბარემ იოანე კიბისაღმწერლის წიგნსაც წაუღებ, რომელიც მოსკოვიდან გამოვიწერეთ მისი დავალებით. რა კარგი იქნება!..


სადილობის დროც მოახლოვდა. ჩვენ სუფრას მივუსხედით. კიდევ ოთხი ქალბატონი შემოგვიერთდა და ჩვენთან ერთად შეექცნენ სადილს. როცა ერთ-ერთმა ქალბატონმა პირველი კერძი დაამთავრა, წამოდგა, ჯერ ხატს, შემდეგ ჩვენ დაგვიკრა თავი, წავიდა, სხვა კერძი მოიტანა და ისევ დაჯდა. შემდგომ მეორე ქალბატონიც ასევე წავიდა მესამე თავი კერძისთვის. ეს რომ დავინახე, მასპინძელს ვკითხე:


- გავკადნიერდები, დაიკო, და გკითხავ, ეს ქალბატონები თქვენი ნათესავები არიან?


- დიახ, ჩემი დები არიან: ეს მზარეულია, ეს - მეეტლის ცოლი, ეს - მეკუჭნავე, ეს - ჩემი მოახლე. ყველა გათხოვილია, სახლში გაუთხოვარი არავინ გვყავს.


ნანახმა და მოსმენილმა კიდევ უფრო მეტად გამაოცა. ღმერთს ვმადლობდი, ასეთი ღვთივსათნო ხალხი რომ მანახა. გულში ლოცვის ძლიერი მოქმედება ვიგრძენი. სასწრაფოდ რომ განვმარტოებულიყავი და ლოცვისთვის ხელი არ შემეშალა, სუფრიდან წამოვდექი და ქალბატონს ვუთხარი:


- ნასადილევს დასვენება გესაჭიროებათ, მე კი სიარულს ვარ დაჩვეული და ბაღში გავისეირნებ.


- არა, მე არ ვისვენებ, - თქვა ქალბატონმა, - მეც შენთან ერთად წამოვალ ბაღში, რაიმე ჭკუის სასწავლებელს მიამბობ. მარტო რომ წახვიდე, ბავშვები არ მოგასვენებენ. როგორც კი დაგინახავენ, წუთითაც არ მოგშორდებიან, ისე უყვართ გლახაკები, ქრისტესმიერი ძმები და მწირები.


რაღას ვიზამდი, წავედით. ჩემთვის რომ მოსახერხებელი ყოფილიყო მდუმარების დაცვა და არ მელაპარაკა, ბაღში შესულმა ქალბატონს თავი მდაბლად დავუკარი და ვუთხარი:


- დაიკო, ღვთის გულისათვის, გთხოვთ, მითხრათ, დიდი ხანია, რაც ასეთ ღვთივსათნო ცხოვრებას ეწევით? როგორ მიაღწიეთ ასეთ ღვთისმოსაობას?


- კეთილი, ყველაფერს გიამბობ: იცი რა, დედაჩემი წმინდა იოასაფის შვილთაშვილია. მისი წმინდა ნაწილები თაყვანსაცემად ბელგოროდშია დაბრძანებული. ქალაქში დიდი სახლი გვქონდა, რომლის ფლიგელიც ერთ არცთუ ისე მდიდარ აზნაურს ჰქონდა დაქირავებული. ბოლოს აზნაური გარდაიცვალა. დარჩა ფეხმძიმე ცოლი, რომელმაც ბავშვი გააჩინა და მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. საბრალო ახალშობილი სრულიად დაობლდა. დედას შეეცოდა და აღსაზრდელად სახლში წამოიყვანა. ერთი წლის შემდეგ მეც დავიბადე. ჩვენ ერთად ვიზრდებოდით და ერთად ვსწავლობდით ერთსა და იმავე მასწავლებლებთან. ღვიძლი და-ძმასავით შევეჩვიეთ ერთმანეთს. რამდენიმე ხნის შემდეგ მამაჩემიც გარდაიცვალა. დედამ ქალაქურ ცხოვრებას თავი დაანება და ჩვენთან ერთად თავის სოფელში, აქ გადმოვიდა. როცა წამოვიზარდეთ, დედამ თავის გაზრდილს მიმათხოვა. მოგვცა ეს სოფელი, თავად კი სენაკი აიშენა და მონასტერში დამკვიდრდა. როცა მშობლის ლოცვა-კურთხევას გვაძლევდა, მან ასეთი ანდერძი დაგვიტოვა: ვიცხოვროთ ქრისტიანულად, ღმერთს გულმოდგინედ ვევედროთ და ყველაზე მეტად ვეცადოთ, შევასრულოთ ღვთის უმთავრესი მცნება - მოყვასის სიყვარული, ანუ ქრიტესმიერ გლახაკ ძმებს ალალად, მდაბლად დავეხმაროთ და დავაპუროთ, შვილები ღვთის შიშში აღვზარდოთ და მსახურებს ძმებივით მოვეპყრათ. აი, უკვე ათი წელია, რაც ასე განმარტოებულნი ვცხოვრობთ აქ და შეძლებისდაგვარად ვცდილობთ დედის ანდერძის შესრულებას. ჩვენ ღატაკთა თავშესაფარიც გვაქვს, სადაც ამჟამად ათზე მეტი სახიჩარი და ავადმყოფი ცხოვრობს. ხვალ შეგვიძლია, მათთან შევიაროთ.

თხრობის დასრულების შემდეგ მას ვკითხე:


- სად არის იოანე კიბისაღმწერლის ის წიგნი, რომლის გაგზავნაც გსურთ დედათქვენთან?


- ოთახში შევიდეთ, მოგიძებნი.


ის იყო წიგნის წასაკითხად ჩამოვსხედით, რომ ბატონიც მობრძანდა. დამინახა თუ არა, სიყვარულით გადამეხვია, ძმურად, ქრისტიანულად გადავკოცნეთ ერთმანეთი. მან თავის ოთახში წამიყვანა და მითხრა:

- საყვარელო ძმაო, ჩემს კაბინეტში წავიდეთ, აკურთხე ჩემი სენაკი. ვფიქრობ, თავი მოგაბეზრა (ქალბატონზე მიმითითა). თუ ვინმე მწირს ან ავადმყოფს დაინახავს, უხარია და დღედაღამ აღარ შორდება. მთელ მათ გვარში ოდითგან ასეთი ჩვეულებაა.


ჩვენ კაბინეტში შევედით. რამდენი წიგნი იყო... მშვენიერი ხატები, ცხოველმყოფელი ჯვარი მთლიანად და მასთან - სახარება... ვილოცე და ვთქვი:


- თქვენ, ძმაო, აქ ნამდვილი სამოთხე გქონიათ! აი, თავად უფალი იესო ქრისტე, მისი ყოვლადწმიდა დედა, მისი წმინდანები. ეს კი (წიგნებზე მივუთითე) მათი სიტყვები და სწავლებებია, საღვთო, ცოცხალი და დაუდუმებელი. ვფიქრობ, ხშირად ტკბებით მათთან ზეციური საუბრით.


- გამოგიტყდებით, - მითხრა ბატონმა, - კითხვის მოყვარული მართლაც ვარ.


- რა წიგნები გაქვთ? - ვკითხე მე.

- სასულიერო წიგნიც ბევრი მაქვს, - მიპასუხა ბატონმა, - აი, მთელი წლის საკითხავი თვენი, იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის თხზულებები, ბევრი საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური წიგნი, სახელგანთქმული თანამედროვე მქადაგებლების ბევრი ქადაგებაც მაქვს. ჩემი ბიბლიოთეკა ათას ხუთასი მანეთი მიღირს.


- ლოცვასთან დაკავშირებით ვინმეს ქადაგება ხომ არ გაქვთ? - ვკითხე მე, - ძალიან მიყვარს ლოცვის შესახებ კითხვა.


- ლოცვაზე სრულიად ახალი წიგნი მაქვს, ერთი პეტერბურგელი მღვდლის თხზულებაა.


ბატონმა უფლის ლოცვის - "მამაო ჩვენო"-ს განმარტება გადმოიღო და სიამოვნებით შევუდექით მის კითხვას. მცირე ხნის შემდეგ ქალბატონიც მოვიდა, ჩაი მოიტანა. პატარებმა კი ვერცხლის კალათით რომელიღაც ფხვიერი ნამცხვრი მოარბენინეს. ღვეზელს ჰგავდა, მსგავსი რამ სიცოცხლეში არ მეჭამა. ბატონმა წიგნი გამომართვა, ქალბატონს გადასცა და თქვა:


- მაგას წავაკითხოთ, შესანიშნავად კითხულობს. ჩვენ კი წავიხემსოთ.


ქალბატონმა კითხვა დაიწყო. ჩვენ ვუსმენდით. მე კითხვასაც ვუსმენდი და გულში აღძრულ ლოცვასაც ყურს ვუგდებდი. რაც უფრო მეტ ხანს კითხულობდა, მით უფრო მეტად ღვივდებოდა და მატკბობდა ლოცვაც. უცებ დავინახე, რომ ჩემ თვალწინ, თითქოს ჰაერში, ვიღაცამ გაიელვა. თითქოს ჩემი განსვენებული უხუცესი იყო. შევკრთი და შეცბუნება რომ დამემალა, ვთქვი:


- მაპატიეთ, მცირედ ჩავთვლიმე.


ამ დროს ვიგრძენი, თითქოს ბერის სულმა ჩემი სული გამსჭვალა თუ გაანათა, გონებას რაღაცნაირი ნათელი მოეფინა და ლოცვასთან დაკავშირებით უამრავი აზრი აღმეძრა. ის იყო პირჯვარი გადავიწერე და აზრების უკუგდება შევეცადე, რომ ქალბატონმა მთელი წიგნის კითხვა დაასრულა. ბატონი შემეკითხა, მომეწონა თუ არა თხზულება. დავიწყეთ  საუბარი.


- ძალიან მომწონს, - ვუპასუხე მე, - უფლის ლოცვა - "მამაო ჩვენო" უმაღლესი და უძვირფასესია ყველა სხვა დაწერილ ლოცვასთან შედარებით, რომელიც კი ქრისტიანებს გვაქვს, რადგან იგი თავად უფალმა იესო ქრისტემ გვასწავლა. ძალიან კარგია ახლა წაკითხული მისი განმარტებაც, მაგრამ აქ უმეტესწილად ქრიტიანულ  ღვაწლზეა ლაპარაკი. მე კი წმინდა მამებთან მისი გონებაჭვრეტითი, საიდუმლო განმარტებაც წამიკითხავს.


- რომელ მამებთან წაგიკითხავს?


- აი, მაგალითად, მაქსიმე აღმსარებელთან, ასევე "სათნოებათმოყვარეობაში" პეტრე დამასკელთან.


- გეთაყვა, რამეს ვერ გაიხსენებ, რომ გვიამბო?


- კეთილი! როგორც წაკითხულ წიგნშია განმარტებული, ლოცვის დასაწყისი, "მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა", მოყვასის მიმართ, როგორც ერთი მამის შვილებისადმი, ძმურ სიყვარულს უნდა გვასწავლიდეს. ეს ზუსტადაც რომ მართალია, მაგრამ წმინდა მამებთან იგი კიდევ უფრო ღრმად და სულიერადაა განმარტებული, კერძოდ, ისინი ამბობენ: ამ სიტყვების წარმოთქმის დროს გონება ზეციურ მამასთან ზეცად უნდა აღვიყვანოთ და უნდა გვახსოვდეს ჩვენი მოვალეობა - ყოველ წუთს ღვთის წინაშე დავაყენოთ თავი და ღვთის წინაშე ვიდოდეთ. სიტყვები - "წმიდა იყავნ სახელი შენი" - წიგნში გულმოდგინებითაა განმარტებული და გვიხსნის, რომ ღვთის სახელი არ ვთქვათ მოწიწების გარეშე ან უსამართლო ფიცის დროს, ერთი სიტყვით, ღვთის წმინდა სახელი წმინდად უნდა წარმოვთქვათ და ამაოდ არ უნდა მოვიხსენიოთ. ხოლო საიდუმლოს განმმარტებლები აქ შინაგან გულისმიერ ლოცვასთან დაკავშირებით პირდაპირ თხოვნას ხედავენ, ანუ თხოვნას იმისას, რომ ღვთის უწმინდესი სახელი გულში აღიბეჭდოს, გული თავისთავად მოქმედი ლოცვით იკურთხოს და მთელი გრძნობები და სულიერი ძალები განანათლოს. სიტყვებს - "მოვედინ სუფევა შენი" - საიდუმლოს განმმარტებლები ამგვარად ხსნიან: დაე, ჩვენს გულებში შინაგანი მშვიდობა, სიმშვიდე და სულიერი სიხარული მოვიდეს. წიგნი განგვიმარტავს, რომ სიტყვებში - "პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს" - უნდა იგულისხმებოდეს ხორციელი არსებობისთვის აუცილებელი საჭიროების თხოვნა, არა გადამეტებულის, არამედ მხოლოდ იმის, რაც ჩვენთვის არის საჭირო და საკმარისია მოყვასის დასახმარებლად. ხოლო მაქსიმე აღმსარებელი "არსობის პურში" გულისხმობს სულის ზეციური პურით, ანუ ღვთის სიტყვით საზრდოობას და სულის ღმერთთან შეერთებას ღმერთზე ფიქრითა და გულისმიერი განუწყვეტელი ლოცვით.


- ოჰ, ეს დიდებული საქმეა და თითქმის შეუძლებელია ერის კაცთათვის შინაგანი ლოცვის მიღწევა, - წამოიძახა ბატონმა, - ნეტავ, ღმერთმა ის შეგვაძლებინოს, რომ გარეგნული ლოცვა მაინც დაუზარელად აღვავლინოთ!


- ასე ნუ ფიქრობთ, ძამიკო. ეს რომ შეუძლებელი და მიუღწეველი ყოფილიყო, ამ მცნებას ღმერთი ყველას არ მოგვცემდა. მისი ძალა უძლურების დროს მოქმედებს. გულისმიერი ლოცვის მისაღწევი გზის შესამსუბუქებლად გამოცდილი წმინდა მამები საამისო ხერხს გვთავაზობენ. რა თქმა უნდა, ამა სოფლიდან განდგომილებს ისინი განსაკუთრებულ და უმაღლეს საშუალებებზე მიუთითებენ, მაგრამ ერისკაცებსაც უწესებენ შინაგანი ლოცვის მიღწევის ხელსაყრელ და სარწმუნო საშუალებებს.


- ამის შესახებ დაწვრილებით არსად წამიკითხავს, - თქვა ბატონმა.


- თუ სურვილი გაქვთ, ნება მიბოძეთ, "სათნოებათმოყვარეობიდან" წაგიკითხოთ.


მოვიტანე ჩემი "სათნოებათმოყვარეობა", მესამე ნაწილში ორმოცდამერვე გვერდზე პეტრე დამასკელის სტატია მოვძებნე და კითხვა დავიწყე:


- "სუნთქვაზე მეტად ყოველთვის, ყველგან და ყოველი საქმის დროს ღვთის სახელის მოწოდება უნდა ისწავლო. მოციქული ამბობს: "მოუკლებელად ილოცევდით", ანუ ის გვასწავლის, რომ ყოველთვის, ყველგან და ყოველი საქმის დროს გვახსოვდეს ღმერთი: თუ რაიმეს აკეთებ, ნივთთა შემოქმედი უნდა გახსოვდეს; თუ სინათლეს ხედავ, ამ სინათლის მომმადლებელი გახსოვდეს; თუ ცას, მიწას, ზღვასა და ყოველივე იმას ხედავ, რაც მათში არსებობს, გაოცდი და მათი შემოქმედი ადიდე; თუ ტანსაცმლით იმოსები, გაიხსენე, ვის მიერ არის ნაბოძები და მადლობა უთხარი მას, ვინც შენს სიცოცხლეზე ზრუნავს. მოკლედ რომ ვთქვათ, დაე, თითოეული შენი მოქმედება იყოს მიზეზი იმისა, რომ ღმერთი გაიხსენო და ადიდო. და, აი, შენ განუწყვეტლივ ლოცულობ, და ამის გამო შენს სულშიც ყოველთვის სიხარული იქნება". _ ხედავთ, განუწყვეტელი ლოცვის მიღწევის ეს ხერხი რამდენად მარჯვე, ადვილი და ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც მცირე ადამიანური გრძნობები მაინც აქვს?!


მათ უზომოდ მოეწონათ წაკითხული. ბატონი აღფრთოვანებული გადამეხვია, მადლობა მითხრა, "სათნოებათმოყვარეობას" დახედა და თქვა:


- აუცილებლად ვიყიდი ამ წიგნს, პეტერბურგიდან ჩამოვატანინებ. ახლა კი, რომ არ დამავიწყდეს, შენ რომ წაიკითხე, ამ სტატიას გადავიწერ. მიკარნახე, _ და მყისვე ლამაზად გადაიწერა. შემდეგ წამოიძახა:


- ღმერთო ჩემო, მე ხომ წმინდა დამასკელის ხატიც მაქვს! (ეს, ალბათ, იოანე დამასკელის ხატი იყო.) მან ჩარჩო აიღო, დაწერილი ფურცელი შუშის ქვეშ ჩადო, ხატის ქვემოთ დაკიდა და მითხრა:


- აი, ღვთის წმინდანის ცოცხალი სიტყვა მისივე გამოსახულების ქვემოთ იქნება და ხშირად შემახსენებს, რომ ეს მაცხონებელი რჩევა საქმით აღვასრულო.


ამის შემდეგ სავახშმოდ გავემართეთ. სუფრასთან უწინდელივით ყველანი ვისხედით, მსახური კაცებიცა და ქალებიც. როგორი მოკრძალებული სიჩუმე და მდუმარება სუფევდა სუფრაზე! ნავახშმევს ყველამ, უფროსებმაც და ბავშვებმაც, დიდხანს ვილოცეთ. მე იესო ტკბილის დაუჯდომელი წამაკითხეს.


ლოცვის დასრულების შემდგომ მსახურები მოსასვენებლად წავიდნენ, ჩვენ სამნი კი ოთახში დავრჩით. ქალბატონმა თეთრი პერანგი და წინდები მომიტანა. მე მდაბლად დავუკარი თავი და ვუთხარი:

- დაიკო, წინდებს არ ავიღებ. არასდროს მცმია, ფეხსახვევებით სიარულს ვართ დაჩვეული.

ის ისევ გაიქცა, თავისი ძველი, ყვითელი ფერის, თხელი მაუდის ხიფთანი გამოიტანა და ორი ცალი ფეხსახვევისთვის დახია. ბატონმა კი თქვა, საბრალოს ქალამნები თითქმის დახევიაო, თავისი ახალი დიდი ფეხსაცმლები მომიტანა, რომლებსაც ჩექმებს ზემოთ იცვამდა. მითხრა:


- იმ ოთახში წადი! იქ არავინაა, და საცვლები გამოიცვალე.


წავედი, გამოვიცვალე და ისევ მათთან დავბრუნდი. სკამზე დამსვეს და ფეხზე ჩაცმა დამიწყეს: ბატონი ფეხებზე სახვევებს მახვევდა, ხოლო ქალბატონი ფეხსაცმლებს მაცმევდა. პირველად არ ვნებდებოდი, მაგრამ დაჯდომა მიბრძანეს და მითხრეს:


- იჯექი და ჩუმად იყავი! ქრისტე მოწაფეებს ბანდა ფეხებს.


რაღას ვიზამდი, ტირილი დავიწყე. ისინიც ატირდნენ. შემდეგ ქალბატონი ბავშვებთან ერთად დასაძინებლად დარჩა, ხოლო მე და ბატონი ბაღში, ტალავერში გავედით. დიდხანს არ გვეძინებოდა. ვიწექით და ვსაუბრობდით. ბოლოს ჩამაცივდა:


- ღვთის გულისათვის, Mსიმართლე მითხარი, ვინ ხარ? ალბათ, კარგი ოჯახის შვილი ხარ და თავს სალოსად აჩვენებ. კარგად წერ და კითხულობ, სწორად ლაპარაკობ და მსჯელობ. გლეხურად აღზრდილს ეს არ შეუძლია.


- ჩემს წარმომავლობასთან დაკავშირებით თქვენც და ქალბატონსაც გულწრფელად მოგახსენეთ სრული სიმართლე. თქვენთვის სიცრუისა და ტყუილის თქმა არც კი მიფიქრია. ან რაში მჭირდებოდა? რასაც ვამბობ, ჩემსას კი არ ვამბობ, არამედ იმას, რაც ჩემი ღვთივგაბრძნობილი უხუცესისგან მსმენია და რაც წმინდა მამებთან გულდასმით ამომიკითხავს. ჩემს უმეცრებას ყველაზე მეტად შინაგანი ლოცვა ჰფენს ნათელს. ჩემით კი არ მომიპოვებია იგი, არამედ ღვთის წყალობაა და უხუცესთა სწავლების შედეგად დაინერგა ჩემს გულში. ეს ხომ ყველა ადამიანს შეუძლია?! საკმარისია მხოლოდ საკუთარ გულში უფრო მეტი მდუმარებით ჩაღრმავება და იესო ქრისტეს განმანათლებელი სახელის უფრო ხშირად მოწოდება, რომ თითოეული ადამიანი მაშინვე იგრძნობს შინაგან ნათელს, ყველაფერი გასაგები გახდება მისთვის და ამ ნათელში ღვთის სასუფევლის ზოგიერთ საიდუმლოსაც დაინახავს. ესეც კი დიდი განმანათლებელი საიდუმლოა, როცა ადამიანი თვითჩაღრმავების უნარს ეუფლება, შეუძლია საკუთარი თავი შიგნიდან დაინახოს, თვითშემეცნებით დატკბეს, ლმობიერება განიცადოს და თავისი დაცემა და შერყვნილი ნება ტკბილად დაიტიროს. ადამიანებთან კეთილგონივრული ლაპარაკი და მსჯელობა არც ისე ძნელია და შეუძლებელი, რადგან გონება და გული ადამიანის განსწავლულობასა და სიბრძნეზე ადრე წარმოიშვა. თუ არსებობს გონება, მისი ცოდნით ან გამოცდილებით დამუშავებაც შეიძლება; და თუ გონება არ არსებობს, ვერანაირი აღზრდა ვერ უშველის. საქმეც სწორედ იმაშია, რომ შორს ვართ საკუთარი თავისგან და საკუთარ თავთან დაახლოება ნაკლებად გვსურს, მუდამ გავურბივართ საკუთარ თავთან შეხვედრას, ჭეშმარიტებას სატყუარაში ვცვლით და ვფიქრობთ: მოხარული ვიქნებოდი, სულიერ ღვაწლს ან ლოცვას შევდგომოდი, მაგრამ არ მცალია, ცხოვრებისეული ურვა და საზრუნავი ამისთვის დროს არ მიტოვებს. მაგრამ რა უფრო მნიშვნელოვანია და საჭირო: სულის მაცხონებელი მარადიული ცხოვრება თუ მსწრაფლწარმავალი ხორციელი ცხოვრება, რაზეც ამდენად ბევრს ვზრუნავთ? რაც გითხარით, აი, ეს გახლავთ ის, რასაც ადამიანები მიჰყავს ან კეთილგონიერებამდე, ან უგუნურობამდე.


- მომიტევე, საყვარელო ძმაო, მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო კი არა, შენდამი გულთბილი დამოკიდებულებისა და ქრისტიანული თანაგრძნობის გამო შეგეკითხე. ასევე ორი წლის წინათ ერთი მაგალითიც ვნახე, რამაც ჩემი შეკითხვა განაპირობა. ერთი გლახაკი მოვიდა ჩვენთან გადამდგარი ჯარისკაცის პასპორტით, მოხუცი, დაჩაჩანაკებული, ისეთი ღატაკი იყო, თითქმის შიშველი გახლდათ. ცოტას ლაპარაკობდა, თანაც ისე უბრალოდ, თითქოს უბირი გლეხი ყოფილიყო. ღატაკთა თავშესაფარში წავიყვანეთ. ხუთიოდე დღის შემდეგ ძლიერ ავად გახდა, ამიტომ ამ ტალავერში გადმოვიყვანეთ. ვამშვიდებდით, თავად მე და ჩემი ცოლი ვუვლიდით და ვმკურნალობდით. ბოლოს დაეტყო, რომ სიკვდილი უახლოვდებოდა. მოვამზადეთ იგი და აღსარებისთვის, ზიარებისა და შვიდგზის ზეთისცხებისთვის ჩვენს მღვდელს მოვუხმეთ. სიკვდილის წინ წამოდგა, ფურცელი და საწერ-კალამი მოითხოვა. მთხოვა, კარი ჩამეკეტა და არავინ შემეშვა, ვიდრე თავისი შვილისთვის ანდერძის წერას დაასრულებდა, რაც მისი სიკვდილის შემდეგ პეტერბურგში გარკვეულ მისამართზე უნდა გამეგზავნა. გავოცდი, როცა ვნახე, როგორ წერდა: არა მარტო მისი ხელწერა გახლდათ შესანიშნავი და განსწავლულობა ეტყობოდა, არამედ თავად წერილიც ბრწყინვალე, გამართული და ძალზე მგრძნობიარე იყო. აი, ხვალ წაგიკითხავ იმ ანდერძს. მისი ასლი მაქვს.


ყოველივე ამან გამაოცა და ცნობისმოყვარეობა გამიღვივა, მისი ცხოვრება და წარმომავლობა გამომეკითხა. მან დამაფიცა, რომ ნაამბობს მის სიკვდილამდე არავის გავუმხელდი და ღვთის სადიდებლად თავისი ცხოვრების შესახებ მიამბო:


"მე თავადი ვიყავი, დიდძალი სიმდიდრის მფლობელი. ვცხოვრობდი დიდებულად, განცხრომით და ქარაფშუტულად. ცოლი გარდამეცვალა, ვცხოვრობდი ჩემს ვაჟთან ერთად, რომელიც წარმატებით მსახურობდა გვარდიაში კაპიტნად. ერთხელ, როცა ერთ-ერთ პატივსაცემ პიროვნებასთან მეჯლისზე მივდიოდი, ჩემმა კამერდინერმა ძალიან გამაბრაზა. აზარტში შესულმა დაუნდობლად ჩავარტყი თავში და მისი სოფელში გაგზავნა ვბრძანე. ეს მოხდა საღამოს, მეორე დღეს კი, დილით, კამერდინერი თავში ანთებით გარდაიცვალა. ეს ამბავი ჩაიფარცხა. ჩემი გაუფრთხილებლობის გამო შევწუხდი, მაგრამ მალე ყველაფერი დამავიწყდა. გავიდა ექვსი კვირა. გარდაცვლილი კამერდინერი ჯერ ძილში მეცხადებოდა, ყოველღამე მაწუხებდა, მსაყვედურობდა და განუწყვეტლივ იმეორებდა: უსინდისოვ, შენ ჩემი მკვლელი ხარ. მერე ცხადშიც, სიფხიზლეშიც ვხედავდი. რაც დრო გადიოდა, მით უფრო ხშირად მეცხადებოდა, შემდეგ კი თითქმის განუწყვეტლივ მაწუხებდა. ბოლოს მის გარდა სხვა მიცვალებულებსაც, ჩემ მიერ სასტიკად შეურაცხყოფილ მამკაცებსა და შეცდენილ ქალებს ვხედავდი. ყველანი გამუდმებით მსაყვედურობდნენ და იმდენად არ მაძლევდნენ მოსვენებას, რომ არც ძილი შემეძლო, არც ჭამა და არც რაიმეს კეთება. ძალ-ღონე სრულიად გამომელია და ძვალი და ტყავი დავრჩი. დაოსტატებულ ექიმთა ვერანაირი მცდელობა ვერ მშველოდა. სამკურნალოდ უცხოეთში წავედი. ნახევარი წელი ვიმკურნალე, მაგრამ არანაირი შემსუბუქება არ მიგრძვნია, მტანჯველი მოჩვენებები უმოწყალოდ მრავლდებოდა. ცოცხალ-მკვდარი ჩამომიყვანეს იქიდან. სულის ჯოჯოხეთური ტანჯვის მთელ საშინელებას სრული სისავსით განვიცდიდი ჯერ კიდევ სულისა და ხორცის გაყრამდე. მაშინ დავრწმუნდი ჯოჯოხეთის არსებობაში და მივხვდი, რასაც ნიშნავდა იგი.


ამგვარ ტანჯვაში ჩემი ცოდვები შევიცანი, მოვინანიე, აღსარება ვთქვი, ყველა ჩემს მსახურს თავისუფლება მივეცი და დავიფიცე, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ყოველგვარი შრომით გამეტანჯა თავი და გლახაკად შევნიღბულიყავი, რათა ჩემი ცოდვების გამო ადამიანთა ყველაზე დაბალი ფენის ყველაზე უკანასკნელი მსახური ვყოფილიყავი. როგორც კი ეს მტკიცედ გადავწყვიტე, ჩემი შემაწუხებელი მოჩვენებებიც გაუჩინარდნენ. ღმერთთან შერიგებით ისეთ სიხარულსა და სიტკბოებას ვგრძნობდი, რომ მისი სრულად გადმოცემა არ შემიძლია. აქაც გამოცდილებით მივხვდი, რას ნიშნავს სამოთხე და როგორ იხსნება ღვთის სასუფეველი ჩვენს გულებში. მალე სავსებით გამოვჯანმრთელდი, შევასრულე დანაპირები და გადამდგარი ჯარისკაცის პასპორტით მალულად მივატოვე სამშობლო. უკვე თხუთმეტი წელია, რაც მთელ ციმბირში დავეხეტები. ზოგჯერ გლეხთან ქირით ვდგებოდი და ფიზიკურად ვმუშაობდი, ზოგჯერ კი ქრისტეს სახელით ვმათხოვრობდი და თავს ვირჩენდი. ჰოი, ყოველივე ამ სიდუხჭირეში რა ნეტარებას, ბედნიერებასა და სინდისის დამშვიდებას ვგრძნობდი! ამის სრულად შეგრძნება მხოლოდ მას შეუძლია, ვინც მეოხის მოწყალებით ჯოჯოხეთის სატანჯველიდან ღვთის სამოთხეში მოხვედრილა".


ეს რომ მიამბო, შვილთან გასაგზავნი ანდერძი გადმომცა და მეორე დღეს გარდაიცვალა. მისი ანდერძიდან გადაწერილი პირი ამჟამად ჩანთაში მაქვს, ბიბლიაში ჩადებული. თუ წაკითხვა გნებავთ, ახლავე მოგართმევთ. აი, ინებეთ!


მე წერილი გავხსენი და წავიკითხე:


"სახელითა ღვთისა, სამებაში განდიდებული მამისა და ძისა და სულისა წმიდისაÁთა,


ჩემო საყვარელო შვილო!


უკვე თხუთმეტი წელია, რაც მამაშენი არ გინახავს, მაგრამ დაკარგულიც იგი იშვიათად მაინც გებულობდა შენს ამბავს და შენ მიმართ ყოველთვის მამობრივ სიყვარულს განიცდიდა, სიყვარულს, რომელმაც აიძულა, სიკვდილის წინ დაეწერა და შენთვის გამოეგზავნა ეს სტრიქონები. დაე, ისინი გაკვეთილი იყოს შენს ცხოვრებაში.


შენთვის ცნობილია, თუ როგორ ვიტანჯებოდი ჩემი გაუფრთხილებლობისა და უყურადღებო ცხოვრების გამო, მაგრამ შენ არ იცი, უსახელო მწირობის დროს თუ რა ნეტარებაში ვიყავი სინანულის ნაყოფით დამტკბარი.


მშვიდად ვკვდები ჩემი კეთილი და ამავდროულად შენი მწყალობლის ხელში, რადგან მამის მიმართ გაღებული წყალობა ხორციელ შვილსაც უნდა ეხებოდეს. მიაგე მას ჩემი სამადლობელი, რითიც შეგიძლია.


გაძლევ მამის ლოცვა-კურთხევას და გაფიცებ, გახსოვდეს ღმერთი, იქონიო სუფთა სინდისი, იყო ფრთხილი, კეთილი და წინდახედული, ხელქვეითებს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, კეთილგანწყობითა და სიყვარულით მოექცე, არ შეიძულო გლახაკები და უცხოები, და გახსოვდეს, რომ მომაკვდავმა მამაშენმაც მხოლოდ სიღატაკესა და უცხოობაში პოვა ტანჯული სულის სიმშვიდე და განსვენება.


ვითხოვ შენთვის ღვთის მადლს და დამშვიდებული ვხუჭავ თვალებს სამარადისო ცხოვრების იმედით და კაცთა მეოხის - იესო ქრისტეს გულმოწყალებით.
შენი მამა"...


ასე ვიწექით და ვლაპარაკობდით მე და კეთილი ბატონი. აი, მას ვკითხე:


- ძამიკო, ვფიქრობ, მწირთა თავშესაფრის გამო ჯაფა და შფოთი არ უნდა გაკლდეთ? ბევრი ჩვენი მწირი ძმა ხომ იმიტომ დაეხეტება, რომ საქმე არ აქვს ან მუშაობა ეზარება. გზაზეც ცუღლუტობენ, როგორც ეს მინახავს კიდეც.


- იყო რამდენიმე ასეთი შემთხვევაც, მაგრამ უმთავრესად ნამდვილი მწირები გვხვდებიან, - მიპასუხა ბატონმა, - ცუღლუტებს კიდევ უფრო მეტად ვეფერებით და დიდხანს ვაჩერებთ საცხოვრებლად. ჩვენს ქრისტესმიერ ძმებთან, კეთილ გლახებთან ერთად ცხოვრების შემდეგ ისინი ხშირად გამოსწორდებიან ხოლმე და ღატაკთა თავშესაფრიდან მორჩილები და თვინიერები მიდიან. ამას წინათ იყო ერთი ასეთი შემთხვევა: ერთი აქაური, ქალაქელი მეშჩანი იმდენად გაირყვნა, რომ სახლიდან ყველა ჯოხისცემით აგდებდა და ლუკმაპურსაც არავინ აძლევდა. მსმელი, შმაგი და მოჩხუბარი კაცი იყო. ამასთან, ქურდობდა კიდეც. ამგვარ მდგომარეობაში მოვიდა იგი ჩვენთან, თან მშიერიც იყო. ითხოვდა პურსა და ღვინოს, რისი დიდი მოყვარულიც გახლდათ. ჩვენ ალერსიანად მივიღეთ და ვუთხარით:


- იცხოვრე ჩვენთან. ღვინოს იმდენს მოგცემთ, რამდენიც გინდა, მხოლოდ იმ პირობით, რომ როგორც კი დალევ, მაშინვე დაიძინებ. თუ მცირედ მაინც იბუნტებ და აყალ-მაყალს ატეხ, არა მარტო გაგაგდებთ და აღარასდროს მიგიღებთ, არამედ მაზრის ან ქალაქის პოლიციის უფროსს წერილობით მივმართავ, რომ, როგორც საეჭვო მაწანწალა, გაგასახლონ.


იგი დაგვთანხმდა და ჩვენთან დარჩა. ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში იგი, მართლაც, სვამდა ბევრს, რამდენიც უნდოდა, მაგრამ დაპირების თანახმად და ღვინის სიყვარულის გამო (მისი დაკარგვისა ეშინოდა) ყოველთვის იძინებდა ან ბოსტანში გადიოდა, იქ წვებოდა და ჩუმად იყო. გამოფხიზლებულს ღატაკთა თავშესაფრის ძმები არწმუნებდნენ და ურჩევდნენ, რომ თავიდან მცირედ მაინც შეეკავებინა თავი. ასე რომ, მან თანდათან მოუკლო სმას, და საბოლოოდ, სამი თვის შემდეგ, თავშეკავებული კაცი გახდა. ამჟამად ქირით მუშაობს სადღაც და სხვის პურს უქმად არ ჭამს. სამი დღის წინ იგი მადლიერი მოვიდა ჩემთან.


- სიყვარულის ძალით რა სიბრძნე აღესრულება! - გავიფიქრე და წამოვიძახე, - კურთხეულ არს ღმერთი, რომელიც თავის მოწყალებას არ აკლებს თქვენს ოჯახს!


ამ საუბრის შემდეგ მე და ბატონმა საათი თუ საათნახევარი წავიძინეთ. ცისკრის ზარების ხმა მოგვესმა, მოვემზადეთ და წავედით. ტაძარში შესულებს ქალბატონი და ბავშვები დიდი ხნის მისულები დაგვხვდნენ. მოვუსმინეთ ცისკარს, რის შემდეგ მალე საღვთო ლიტურგიაც დაიწყო კიდეც. მე, ბატონი და პატარა ბიჭუნა საკურთხეველში დავდექით, ხოლო ქალბატონი და პაწია ქალბატონი წმინდა ძღვნის შეწირვის უკეთ დასანახავად - საკურთხევლის სარკმელთან. ღმერთო ჩემო, როგორ ლოცულობდნენ მუხლმოყრილნი და როგორი სიხარულის ცრემლები სდიოდათ! როგორ გაუნათდათ სახეები! მათ შემყურემ, მეც ბევრი ვიტირე.


ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ბატონები, მღვდელი, მსახურები და ყველა გლახა სასადილოდ სუფრისკენ გაემართნენ. ორმოცამდე გლახა იქნებოდა, მათ შორის იყვნენ ხეიბრებიც, ავადმყოფებიც და ბავშვებიც. ყველანი ერთ სუფრას მიუსხდნენ. რა სიჩუმე და სიმშვიდე იყო! გავკადნიერდი და ბატონს ფრთილად ვუთხარი:


- ტრაპეზის დროს მონასტრებში წმინდანთა ცხოვრებას კითხულობენ. კარგი იქნებოდა, თქვენც ასე მოქცეულიყავით, მით უმეტეს, რომ მთელი წლის თვენი გაქვთ.


ბატონმა ქალბატონს მიმართა:


- მართლაც, მაშა, მოდი, შემოვიღოთ ასეთი წესი. დასამოძღვრად გამოგვადგება. პირველ სადილზე მე წავიკითხავ, შემდეგ - შენ, შემდეგ მოძღვარმა წაიკითხოს, შემდეგ რიგრიგობით - ძმებმა, ვისაც შეუძლია.


მოძღვარმა, რომელიც საჭმელს შეექცეოდა, თქვა:


- მოსმენა მიყვარს, მაგრამ კითხვისთვის კი, თქვენს მონა-მორჩილს, საერთოდ არ მაქვს თავისუფალი დრო. მივირბენ სახლში და აღარც კი ვიცი, როგორ მივხედო ამდენ საქმესა და საზრუნავს, ხან რაა საჭირო და ხან - რა. შვილები ბლომად მყავს, პირუტყვიც - საკმაოდ. მთელი დღე ამაოებაში გადის, კითხვისა და სწავლისთვის ვიღას სცალია. რაც სემინარიაში ვისწავლე, ისიც კი, დიდი ხანია, დამავიწყდა.


ამის გაგონებაზე შევკრთი, მაგრამ ქალბატონმა, რომელიც ჩემ გვერდით იჯდა, ხელი მომკიდა და მითხრა:


- მოძღვარი თავმდაბლობით ამბობს ამას. ყოველთვის ასე იმცირებს თავს, სინამდვილეში, მეტად ქველ და ღვთივსათნო ცხოვრებას ეწევა. უკვე ოცი წელია, რაც დაქვრივდა, უამრავ შვილიშვილს ზრდის, თანაც, ხშირად წირავს.


მოსმენილმა ამბავმა გონებაში ამომიტივტივა ნიკიტა სტიფატის შემდეგი გამონათქვამი "სათნოებათმოყვარეობიდან": საგანთა ბუნება შინაგანი სულიერი განწყობილების მიხედვით განიზომება, ანუ ვინც როგორია, სხვებზეც ისე ფიქრობს. შემდეგ აგრძელებს: ვინც ჭეშმარიტ ლოცვასა და სიყვარულს მიაღწია, ის აღარ განასხვავებს საგნებს, არ ანსხვავებს ცოდვილს მართლისგან, ყველა თანაბრად უყვარს და აღარ განიკითხავს, მსგავსად ღვთისა, რომელიც მზის სხივსა და წვიმას მართალსაც უგზავნის და ცოდვილსაც.


კვლავ დუმილი ჩამოვარდა. ჩემ პირდაპირ სრულიად ბრმა მათხოვარი იჯდა გლახაკთა თავშესაფრიდან. ბატონი მას აჭმევდა: თევზს უჭრიდა, კოვზს აწვდიდა და შეჭამადს უსხამდა. დაჟინებით დავაცქერდი და შევნიშნე, რომ მას პირი სულ ღია ჰქონდა და ენას განუწყვეტლივ ატრიალებდა, თითქოს უცახცახებდა. გავიფიქრე, მლოცველი ხომ არ არის-მეთქი, და უფრო მეტად დავაკვირდი. ზუსტად სადილის დასრულების დროს ერთი მოხუცი ქალი ცუდად გახდა, ძლიერი შეტევა მოუვიდა და დაიკვნესა. ბატონმა და ქალბატონმა იგი თავიანთ საძინებელში გადაიყვანეს და საწოლზე დააწვინეს. ქალბატონი მის მოსავლელად დარჩა. მოძღვარი, ყოველი შემთხვევისთვის, წმინდა ნაწილების მოსატანად გაეშურა, ბატონმა კი ეტლის მომზადება ბრძანა და ექიმის მოსაყვანად ქალაქში გაემართა. ყველანი წავიდ-წამოვიდნენ.


თითქოს ლოცვის შიმშილს ვგრძნობდი, ლოცვად დადგომის ძლიერი მოთხოვნილება დამეუფლა. განმარტოებისა და მდუმარებაში ყოფნის საშუალება კი, უკვე რამდენიმე დღეა, არ მქონდა. გულში წყალდიდობასავით მოზვირთდა ლოცვა, რომელიც ამოხეთქასა და მთელ სხეულში დაღვრას ლამობდა; და რადგან მას ჩემში ვაკავებდი, გულში ძლიერი, მაგრამ რაღაცნაირი საამური ტკივილი ვიგრძენი, რომელსაც მდუმარებაში დამშვიდება და ლოცვით დანაყრება ესაჭიროებოდა. ამ დროს მივხვდი, გულში თავისთავად მოქმედი ლოცვის ჭეშმარიტი აღმსრულებლები რატომაც გაურბოდნენ ხალხს და თავს უსახელობაში მალავდნენ; ასევე მივხვდი, რატომ უწოდებს ღირსი ისიხი თვით ყველაზე სულიერ და სასარგებლო, მაგრამ უზომო საუბარს ამაოდმეტყველებას. ამავეს ამბობს ეფრემ ასურიც: "კეთილად მეტყველება ვერცხლია, მდუმარება კი - სუფთა ოქრო". ამგვარი ფიქრებით შეპყრობილი გლახაკთა თავშესაფრისკენ გავემართე. ნასადილევს იქ ისვენებდა ყველა. მე სხვენში ავძვერი, დავმშვიდდი, დავისვენე და ვილოცე. როცა გლახაკებმა გაიღვიძეს, ის ბრმა მოვძებნე და ბოსტნის უკან გავიყვანე. განმარტოებით დავსხედით და საუბარი დავიწყეთ.


- ღვთის გულისათვის და სულიერი სარგებლობისთვის, მითხარი, იესოს ლოცვას ამბობ?


- უკვე დიდი ხანია, რაც განუწყვეტლივ ვლოცულობ.


- მერე, რას გრძნობ ამ დროს?


- მხოლოდ იმას, რომ არც დღისით და არც ღამით ლოცვის გარეშე ყოფნა არ შემიძლია.


- როგორ განგიცხადა ღმერთმა ეს ღვაწლი? დაწვრილებით მიამბე, საყვარელო ძმაო!


- იცი რა, აქაური ამქარი ვიყავი, პურის ფულს თერძობით ვშოულობდი, გუბერნიებში სოფელ-სოფელ დავდიოდი და გლეხებს ტანისამოსს ვუკერავდი. ერთ სოფელში ერთ გლეხთან დიდხანს მომიხდა ყოფნა, მისი ოჯახისთვის ტანსაცმელი უნდა შემეკერა. რომელიღაც დღესასწაულზე სახატეზე სამი წიგნი დავინახე და ვიკითხე: თქვენში ვინ კითხულობს? არავინო, - მიპასუხეს, - ეს წიგნები ბიძიას გარდაცვალების შემდეგ დარჩა, წერა-კითხვა იცოდაო. ერთი წიგნი ავიღე, ალალბედზე გადავშალე და, ახლაც მახსოვს, შემდეგი სიტყვები წავიკითხე: განუწყვეტელი ლოცვა არის ღვთის სახელის მოხმობა ყოველთვის, ვსაუბრობთ თუ ვზივართ, დავდივართ თუ ვსაქმიანობთ, ვჭამთ თუ სხვა რამეს ვაკეთებთ, ყველგან და ყოველთვის ღვთის სახელის მოხმობა გვმართებს. წავიკითხე და გავიფიქრე, რომ ეს ჩემთვის სავსებით მოსახერხებელი იყო. ჰოდა, საკერავზე მუშაობის დროს ლოცვას ჩურჩულით ვამბობდი. ძალიან მომეწონა. ეს შენიშნეს იმათ, ვინც ჩემთან ერთად ქოხში ცხოვრობდა და დაცინვა დამიწყეს: კუდიანი ხომ არ ხარ, სულ რომ ჩურჩულებ? იქნებ, რამეს ამბობ? ეს რომ დამემალა, ბაგეებს აღარ ვატოკებდი და მხოლოდ ენით ვამბობდი. საბოლოოდ ისე მივეჩვიე ლოცვას, რომ ენა უკვე თავისთავად წარმოთქვამს მას დღედაღამ, და მე ეს ძალიან მომწონს.


დიდხანს ვიარე ასე. შემდეგ მოულოდნელად სრულიად დავბრმავდი. ჩვენს გვარში თითქმის ყველას უბნელდება თვალისჩინი. აი, ჩვენმა საზოგადოებამაც სიღარიბის გამო დავრდომილთა თავშესაფარში გამამწესა, რომელიც ჩვენს გუბერნიაში ქალაქ ტობოლსკში მდებარეობს. ახლა იქ მივდივარ, ბატონებმა კი იმისთვის გამაჩერეს აქ, რომ საზიდარი ტობოლსკამდე გამატანონ.


- რა ერქვა წიგნს, შენ რომ კითხულობდი? "სათნოებათმოყვარეობა" ხომ არა?


- სიმართლე რომ ვთქვა, არ ვიცი. სათაურისთვის არ დამიხედავს.


მე ჩემი "სათნოებათმოყვარეობა" მოვიტანე, მეოთხე თავში პატრიარქ კალისტეს ის სიტყვა მოვძებნე, რომელიც მან ზეპირად მითხრა, და წავუკითხე.


- ზუსტად ისაა, - წამოიძახა ბრმამ, - წაიკითხე, ძმაო, რა კარგია!


როცა იმ სტრიქონს მივუახლოვდი, სადაც ნათქვამია, რომ გულით ლოცვაა საჭირო, მან მკითხა:


- ეგ რას ნიშნავს? როგორ შეიძლება ამის კეთება?


ვუთხარი, რომ გულისმიერი ლოცვის შესახებ ყველა სწავლება დაწვრილებით მოთხრობილია ამ წიგნში, რომელსაც "სათნოებათმოყვარეობა" ჰქვია. გულით მთხოვა, ყველაფერი წამეკითხა.


- მოდი, ასე ვქნათ, - ვუთხარი მე, - როდის აპირებ ტობოლსკში წასვლას?


- თუნდაც ახლავე, - მიპასუხა მან.


- მაშ ასე, ხვალ მეც ვაპირებ წასვლას. ერთად წავალთ და ყველაფერს წაგიკითხავ, რაც გულისმიერ ლოცვას შეეხება, გასწავლი ხერხს, თუ როგორ უნდა მოძებნო გულის ადგილი და როგორ შეაღწიო მასში.


- მერედა საზიდარი? - მკითხა მან.


- ეეჰ, რაში გჭირდება საზიდარი?! თითქოს გადაკარგულში იყოს ტობოლსკი, ვერსნახევარია იქამდე, ნელ-ნელა წავიდეთ. მერე იცი, რა კარგია ორისთვის განმარტოებით სიარული?! ლოცვაზე საუბარიც უფრო მოსახერხებელი იქნება და კითხვაც.


ასეც შევთანხმდით. საღამოს ბატონი თავად მოვიდა და ყველანი ვახშამზე მიგვიწვია. ნავახშმევს მე და იმ ბრმამ გამოვუცხადეთ, რომ მივემგზავრებოდით და "სათნოებათმოყვარეობის" უფრო მოხერხებულად წაკითხვის მიზნით საზიდარი აღარ დაგვჭირდებოდა. ბატონმა თქვა:


- "სათნოებათმოყვარეობა" მეც ძალიან მომეწონა. უკვე წერილიც დავწერე და ფულიც მოვამზადე, ხვალ სასამართლოში რომ წავალ, პეტერბურგში გავგზავნი, რათა იქიდან პირველივე ფოსტით გამომიგზავნონ "სათნოებათმოყვარეობა".


ასე რომ, დილით გზას გავუდექით. სანიმუშო სიყვარულისა და მოწყალებისთვის ბატონებს დიდი მადლობა მოვახსენეთ. სახლიდან ერთი ვერსის მანძილზე გამოგვაცილა ორივემ. ასე გამოვეთხოვეთ ერთმანეთს.


წავედით მე და უსინათლო. ნელ-ნელა, ცოტა-ცოტას მივდიოდით, ათ-თხუთმეტ ვერსს დღეში, დანარჩენ დროს კი განმარტოებულ ადგილას ვსხდებოდით და "სათნოებათმოყვარეობას" ვკითხულობდით. გულისმიერ ლოცვაზე ყველაფერი იმ თანამიმდევრობით წავუკითხე, როგორც ეს ჩემმა განსვენებულმა უხუცესმა მიმითითა, ანუ დავიწყე ნიკიფორე მონაზვნით, შემდეგ წავიკითხე გრიგოლ სინელი და ა.შ. როგორ ხარბად და ყურადღებით უსმენდა ყველაფერს, როგორ მოსწონდა და ტკბებოდა! შემდეგ ლოცვის თაობაზე ისეთი კითხვები დამისვა, რომლებზე პასუხის გასაცემადაც ჩემი გონება უძლური იყო.


"სათნოებათმოყვარეობიდან" საჭირო თავების წაკითხვის შემდეგ დაჟინებით მთხოვა, პრაქტიკულად მეჩვენებინა გონებით გულის მოძიების ხერხი, თუ როგორ უნდა შეეყვანა გულში იესო ქრისტეს ღვთიური სახელი და გულისმიერი შინაგანი ლოცვით ტკბილად როგორ ელოცა. ვუთხარი:


- აი, შენ ახლა ვერაფერს ხედავ, მაგრამ ხომ შეგიძლია, გონებაში წარმოიდგინო და წარმოისახო ის, რაც ადრე გინახავს, მაგალითად, ადამიანი ან რაიმე საგანი, ან შენი სხეულის რომელიმე ასო, კერძოდ, ხელი ან ფეხი? შეგიძლია, ისე ცხადად წარმოიდგინო, თითქოს მას უცქერდე? შეგიძლია, თუნდაც შენი უსინათლო თვალებით მზერა მიაპყრო მას?


- შემიძლია, - მიპასუხა ბრმამ.


- ზუსტად ასევე წარმოიდგინე შენი გული, მიაპყარი მზერა, თითქოს მკერდის შიგნით იყურებოდე. რაც შეიძლება ცოცხლად წარმოიდგინე გული, ყურით კი [გულდასმით მოუსმინე, როგორ ცემს და ზედიზედ ძგერს. როცა ამას მიეჩვევი, შემდეგ თან გულში იყურე და თან გულის თითოეულ ძგერას ლოცვის სიტყვები შეუწყვე]20. ამრიგად, პირველ დარტყმაზე თქვი ან გაიფიქრე უფალო, მეორეზე - იესო, მესამეზე - ქრისტე, მეოთხეზე - შემიწყალე, მეხუთეზე - მე. ასე მრავალგზის გაიმეორე. შენ შეძლებ ამას, რადგან გულისმიერი ლოცვისთვის საჭირო საწყისი და მოსამზადებელი ხანა უკვე განვლილი გაქვს. ამას რომ მიეჩვევი, შემდეგ სუნთქვასთან ერთად მთელი იესოს ლოცვის გულში შეყვანა და გამოყვანა დაიწყე, როგორც ამას მამები გვასწავლიან, ანუ ჰაერის შესუნთქვისას თქვი ან გაიფიქრე: "უფალო იესო ქრისტე", ხოლო ამოსუნთქვისას - "შემიწყალე მე!" რაც შეიძლება ხშირად და ბევრჯერ ივარჯიშე ასე, და მალე გულში ნაზ და საამურ ტკივილს იგრძნობ, შემდეგ იგი გათბება და გალღვება. ღვთის შეწევნით ამგვარად მიაღწევ ტკბილსა და თავისთავად მოქმედ გულისმიერ შინაგან ლოცვას. Mმაგრამ ამ დროს ყოველნაირად უფრთხილდი გონებისმიერ წარმოდგენებსა და ნებისმიერი სახის ხატებას. არ შეიწყნარო არანაირი წარმოდგენა, რადგან წმინდა მამები ცალსახად გვამცნობენ, რომ შინაგანი ლოცვის დროს უნდა დავიცვათ უსახობა, რათა ხიბლმა არ შეგვიპყროს.


ბრმამ ყურადღებით მოისმინა ყოველივე ეს და ზუსტად მითითების თანახმად დაიწყო მოქმედება. როცა ღამით დასაძინებლად ვჩერდებოდით, იგი უმეტესწილად ამ საქმით იყო დაკავებული. ხუთი დღის შემდეგ მან გულში დიდი სითბო და ენითაღუწერელი სიამე იგრძნო. ასევე უდიდესი სურვილი დაეუფლა, განუწყვეტლივ ეთქვა ლოცვა, რომელიც მას იესო ქრისტეს სიყვარულს განუცხადებდა. დროდადრო ის სინათლესაც ხედავდა, მაგრამ მასში ვერავითარ საგანსა თუ ნივთს ვერ არჩევდა. ზოგჯერ, გულში შესვლის დროს, ეჩვენებოდა, რომ გულის სიღრმეში დანთებული სანთლის ალი საამურ ბრიალს იწყებდა, ყელიდან გარეთ გამოიტყორცნებოდა და მას სინათლეში ხვევდა. ამ ალის შუქზე მას შორს მყოფი საგნების დანახვაც კი შეეძლო, როგორც ეს ერთხელ მოხდა კიდეც.


ტყე-ტყე მივდიოდით. იგი ჩუმად იყო, მთლიანად ლოცვაში ჩაფლული. [უცებ მითხრა:


- რა სამწუხაროა!]21 ტაძარი იწვის. აი, სამრეკლოც წაიქცა.


- თავი დაანებე ცრუ წარმოსახვებს - ეს საცთურია. სასწრაფოდ უნდა განაგდო ყოველგვარი ოცნება. როგორ შეიძლება იმის დანახვა, რაც ქალაქში ხდება? იქამდე თორმეტი ვერსია დარჩენილი, -+ ვუთხარი მე.


მან დამიჯერა, ლოცვა განაგრძო და გაჩუდა. საღამოს ქალაქში მივედით. იქ მართლაც ვნახე რამდენიმე დამწვარი სახლი, ხის ხიმინჯებზე ნაშენი წაქცეული სამრეკლო, მათ გარშემო თავმოყრილი ხალხი, რომლებიც გაკვირვებულები იყვნენ, სამრეკლომ რომ ქვეშ არავინ მოიყოლა. ჩემი აზრით, ეს უბედურება სწორედ მაშინ მოხდა, როცა უსინათლო ამაზე მელაპარაკებოდა.


- შენ თქვი, რომ ჩემი ხილვა ცრუ იყო, მაგრამ, აი, ყველაფერი მართალი ყოფილა. როგორ შეიძლება არ მადლობდე და არ გიყვარდეს უფალი იესო ქრისტე, რომელიც თავის მადლს ცოდვილებსაც, ბრმებსაც და უგუნურებსაც უმჟღავნებს?! მადლობა შენც, გულისმიერი მოქმედება რომ მასწავლე, - მითხრა მან.


მე ვუთხარი:


- [სიყვარულით გიყვარდეს იესო ქრისტე და მადლობითაც მადლობდე მას, მაგრამ სხვდასხვა ხილვის მიჩნევას მადლის უშუალო გამოვლინებად მოერიდე, რადგან ეს ხშირად ბუნებრივად, საგანთა კანონზომიერებიდან გამომდინარეც შეიძლება მოხდეს. ადამიანის სულს შედარებით ნაკლებად ბოჭავს ადგილი და ნივთიერება. სული სიბნელეშიც ხედავს]22 და შორ მანძილზე მყოფი საგანი ისევე შეუძლია დაინახოს, თითქოს ახლოს იყოს. მხოლოდ ამ სულიერ უნარს ჩვენ არ ვაძლევთ ძალასა და გასაქანს. ჩვენი ტლანქი სხეულის მარწუხებით ან ჩვენი არეულ-დარეული აზრებითა და გაფანტული ზრახვებით ვახშობთ მას. აი, როცა საკუთარ თავს ვუღრმავდებით, ყოველივე გარემომდებარეს ყურადღებას არ ვაქცევთ და გონებას ვხვეწთ, მაშინ სულიც თავის დანიშნულებას ასრულებს და უმაღლეს ხარისხში მოქმედებს. ეს ბუნებრივია. ჩემი განსვენებული უხუცესისგან მსმენია, რომ არამლოცველი, მაგრამ ამგვარი ნიჭის მქონე ან ავადმყოფი ადამიანებიც კი ხედავენ ხოლმე, ბნელ ოთახში თუ როგორ გამოდის ყველა საგნიდან სინათლე, განარჩევენ საგნებს, გრძნობენ თავიანთ ორეულებს და სხვების აზრებში აღწევენ. მაგრამ ის, რაც გულისმიერი ლოცვის დროს ხდება, უშუალოდ ღვთის მადლიდან მომდინარეობს. იგი იმდენად ტკბილია, რომ ენა უძლურია მის გამოსათქმელად, არც რაიმე ნივთიერს შეედრება და ვერც ვერაფერს მიამსგავსებ. გულში მოქმედ მადლისმიერ ტკბილ შეგრძნებასთან შედარებით ყველა სხვა გრძნობა უმდაბლესია.


ჩემმა ბრმა თანამგზავრმა გულისყურით მომისმინა და კიდევ უფრო მორჩილი გახდა. ლოცვა უფრო და უფრო უღვივდებოდა გულში და წარმოუდგენლად ატკბობდა. მთელი გულით მიხაროდა მის გამო და ღმერთს უზომოდ ვმადლობდი, რომ მისი ასეთი კურთხეული მონის ხილვის ღირსი გამხადა. ბოლოს ტობოლსკშიც მივედით. მოხუცი დავრდომილთა თავშესაფარში მივიყვანე, იქ დავტოვე, სიყვარულით დავემშვიდობე და გზა განვაგრძე.

ერთი თვე ნელა ვიარე. ღრმად შევიგრძნობდი, რამდენად დამრიგებლობითი და წამახალისებელი არის ხოლმე კარგი, ცოცხალი მაგალითი. "სათნოებათმოყვარეობას" ხშირად ვკითხულობდი და ყველაფერს ვამოწმებდი, რაც უსინათლო მლოცველს ვუთხარი. მისმა ჭკუის სასწავლებელმა მაგალითმა ჩემში მოშურნეობის, უფლისადმი მადლიერებისა და სიყვარულის ცეცხლი დაანთო. გულისმიერი ლოცვა იმდენად მატკბობდა, რომ ვერც კი წარმომედგინა, დედამიწაზე ვინმე თუ იყო ჩემზე უფრო ბედნიერი, და მაოცებდა, ამაზე მეტი და დიდი ნეტარება როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ცათა სასუფეველში. ამას არა მარტო სულიერად განვიცდიდი, არამედ ირგვლივ ყველაფერი თვალწარმტაცად მესახებოდა, ყველაფერი ღვთის სიყვარულისა და მადლიერებისკენ მიბიძგებდა. ადამიანები, ხეები, მცენარეები, ცხოველები - ჩემთვის ყველაფერი მშობლიური გახდა, ყველაფერში იესო ქრისტეს სახელს ვხედავდი. ზოგჯერ ისეთი სიმსუბუქე მეუფლებოდა, თითქოს სხეული აღარ მქონოდა და კი არ მივდიოდი, არამედ სიხარულით დავცურავდი ჰაერში. ზოგჯერ საკუთარ წიაღში შევდიოდი, აშკარად ვხედავდი მთელ ჩემს შიგნეულობას და მაოცებდა, რამდენად ბრძნულად იყო ადამიანის სხეული აგებული. ზოგჯერ ისეთ სიხარულს ვგრძნობდი, თითქოს მეფე ვყოფილიყავი. ყოველი ამგვარი ნუგეშის დროს ვნატრობდი, როდის მიიბარებდა ღმერთი ჩემს სულს, რათა სულების სამყაროში მის ფერხთით მადლიერებად დავღვრილიყავი.


ჩანს, ამგვარი შეგრძნებებით უზომოდ ვტკბებოდი ან ღვთის დაშვება იყო, რომ გარკვეული ხნის შემდეგ გულში რაღაცნაირი თრთოლვა და შიში ვიგრძენი. ისევ რაიმე განსაცდელი ან უბედურება ხომ არ მელის იმ შემთხვევის მსგავსად, გოგონას რომ იესოს ლოცვა ვასწავლე? - გავიფიქრე. ღრუბლებივით გარს მომადგნენ აზრები. ამ დროს ღირსი იოანე კარპათელის სიტყვები გამახსენდა. ის ამბობს, რომ ხშირად, ვინც სხვას ასწავლის, დამცირებას იტანს და უბედურებასა და განსაცდელს ითმენს იმათ გამო, ვინც მისგან სულიერ სარგებელს ნახულობსო. აზრებს შევებრძოლე და ლოცვა გავაძლიერე, რითაც ისინი სრულიად განვდევნე. გამხნევებულმა ჩემს თავს ვუთხარი: იყოს ნება ღვთისა! მზად ვარ, ყველაფერი დავითმინო, რასაც ჩემი ცოდვებისა და ამაყი ხასიათის გამო იესო ქრისტე მომივლენს. ხოლო ვისაც ამას წინათ გულში შესვლისა და შინაგანი ლოცვის საიდუმლო გავუმჟღავნე, ისინი ჩემთან შეხვედრამდეც უკვე უშუალოდ ღვთისგან იყვნენ საამისოდ საიდუმლოდ განსწავლულნი და მომზადებულნი. ამან დამამშვიდა. ნუგეშით აღვსილმა კვლავ ლოცვით განვაგრძე გზა და უწინდელზე მეტად ვხარობდი. ორი დღე წვიმდა. გზა ისე ატალახდა, რომ ლაფში ძლივს ვადგამდი ფეხებს. სტეპით მივდიოდი. თხუთმეტი ვერსის მანძილზე არც ერთი დასახლება არ შემხვედრია. ბოლოს, საღამო ხანს, ზედ გზის პირას სახლი დავინახე. გამიხარდა. გავიფიქრე: დასვენებასა და ღამის გათევას აქ ვითხოვ, ხვალ კი, თუ ღმერთმა ინება, იქნებ, ამინდიც გამოკეთდეს.


სახლს რომ მივუახლოვდი, ჯარისკაცის შინელიანი ნასვამი ბერიკაცი დავინახე, რომელიც მიწაყრილზე იჯდა. თავი დავუკარი და ვუთხარი:


- შეიძლება, აქ ვინმეს ღამის გათევა ვთხოვო?


- ჩემ გარდა ვინ შემოგიშვებს? - დაიყვირა მოხუცმა, - აქ მე ვარ უფროსი! ეს საფოსტო სადგურია, მე კი - მისი უფროსი.


- მაშ, ნება მომეცით, ძია, თქვენთან გავათიო ღამე!


- პასპორტი გაქვს? წარმოადგინე კანონიერი საბუთი.


პასპორტი მივეცი. მას ხელში უჭირავს ჩემი პასპორტი და ისევ მეკითხება:


- აბა, სად არის პასპორტი?


- ხელში გიჭირავთ, _ ვუპასუხე მე.


- კარგი, ქოხში შევიდეთ, - სადგურის უფროსმა სათვალე გაიკეთა, წაიკითხა და მითხრა, - ნამდვილად კანონიერია. შეგიძლია, ღამე გაათიო. მე ხომ კეთილი კაცი ვარ. აი, ჭიქას მოგიტან.


- საერთოდ არ ვსვამ, - ვუპასუხე მე.


- მიმიფურთხებია, ივახშმე მაინც ჩვენთან ერთად.


სუფრას მივუსხედით: თვითონ ბერიკაცი, მზარეული ახალგაზრდა ქალი, რომელიც ასევე საკმაოდ ნასვამი იყო, და მეც გვერდით მიმისვეს. მთელი ვახშმობის განმავლობაში ისინი ერთმანეთს ლანძღავდნენ, ესაყვედურებოდნენ, და ბოლოს იჩხუბეს კიდეც. უფროსი წინკარში, საკუჭნაოში გავიდა დასაძინებლად, მზარეული კი სუფრის ალაგებას შეუდგა. ჭიქებსა და კოვზებს რეცხავდა და თან მოხუცს ლანძღავდა. ცოტა ხანი ვიჯექი. გავიფიქრე, რომ იგი მალე არ დაშოშმინდებოდა და ვუთხარი:


- დაიკო, სად დავიძინო? გზაში ძალიან დავიღალე.


- ახლავე დაგიგებ ლოგინს, ძამიკო.


მან წინა ფანჯარასთან დახლს სკამი მიადგა, ზედ ქეჩა დააფინა და სასთუმალი დამიგო. დავწექი, თვალები დავხუჭე, ვითომ მეძინა. მზარეულმა კიდევ დიდხანს იფაციფუცა. [ბოლოს, როგორც იქნა, ყველაფერი მიალაგა, ცეცხლი ჩააქრო და მომიახლოვდა. უცებ წინა კუთხის მთელი ფანჯარა თავისი ჩარჩოთი, მინითა და წირთხლით ნამსხვრევებად იქცა და საშინელი ხმაურით მიმოიფანტა. მთელი ქოხი შეზანზარდა, ხოლო ფანჯრის უკან კვნესა, კივილი და აფართხალების ხმა გაისმა. ქალი შიშისგან უკან გადავარდა და შუა ოთახში იატაკზე დაენარცხა. თავზარდაცემული წამოვვარდი, მეგონა, ფეხქვეშ მიწა გამისკდა. ვხედავ, ორმა მეეტლემ ქოხში კაცი შემოიყვანა]23, მთლად გასისხლიანებული, სახე აღარც კი უჩანდა. ამან კიდევ უფრო შემზარა. ეს ფელდიეგერი იყო, რომელიც სადგურში ცხენების გამოსაცვლელად მოიჩქაროდა. მისმა მეეტლემ ჭიშკართან სწორად ვერ მოუხვია, ეტლის ხელნით ფანჯარა შემოლეწა და, რადგან ქოხის წინ თხრილი იყო, ეტლი გადაბრუნდა. ფელდიეგერი გადავარდა და მახვილწვერიან სარზე, რითაც მიწაყრილი იყო გამაგრებული, თავი ღრმად გაიჭრა. ფელდიეგერმა ჭრილობის მოსაბანად ღვინო და წყალი მოითხოვა, ღვინით მოიბანა და ერთი ჭიქა თავადაც დალია. შემდეგ წამოიძახა:


- ცხენები!


მივუახლოვდი და ვუთხარი:


- ძმობილო, ასეთი ჭრილობით როგორ წახვალ?


- ფელდიეგერს ავადმყოფობისთვის დრო არ აქვს! _ მიპასუხა მან და გაქუსლა.


მეეტლეებმა გულწასული ქალი კუთხეში ღუმელთან მიათრიეს, ჭილობი დააფარეს და თქვეს: "შიშისგან დაემართა, მოყოჩაღდება". სადგურის უფროსმა ნაბახუსევზე ისევ დალია და დასაძინებლად წავიდა. [მარტო დავრჩი.


მალე ქალი წამოდგა, შეშლილივით აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა და ბოლოს ქოხიდან გავიდა. მე ვილოცე. სისუსტე ვიგრძენი და გათენებამდე ცოტა წავიძინე. დილით სადგურის უფროსს დავემშვიდობე და გზას გავუდექი. მივდიოდი და რწმენით, იმედითა და მადლიერებით ლოცვას აღვუვლენდი მოწყალებისა და ყოველგვარი ნუგეშის მამას, ვინც მოახლოებული უბედურებისგან დამიხსნა.


ამ ამბიდან ექვსი წლის შემდეგ]24, როცა ერთ-ერთ დედათა მონასტერს ჩავუარე, ეკლესიაში სალოცავად შევედი. უცხოთშემწყნარებელმა იღუმენიამ წირვის შემდეგ თავისთან წამიყვანა. ჩაის მოტანა ბრძანა. მოულოდნელად სტუმრები ეწვივნენ. ის მათთან გავიდა, მე კი თავის მესენაკე მონაზვნებთან დამტოვა. ცნობისმოყვარეობა აღმიძრა თავმდაბალმა მონაზონმა, რომელიც ჩაის ასხამდა, და ვკითხე:


- დედაო, დიდი ხანია, რაც ამ სავანეში ხართ?


- ხუთი წელია, - მიპასუხა მან, - აქ ჭკუაშეშლილი მომიყვანეს. ღმერთმა აქ შემიწყალა, დედა იღუმენიამ თავის სენაკში დამტოვა და აღმკვეცა.


- შეშლილობა რამ გამოიწვია? - ვკითხე მე.


- შიშმა. ერთ-ერთ სადგურში ვმუშაობდი. ღამით, როცა მეძინა, ცხენებმა ფანჯარა შემოამტვრიეს და შიშისგან შევიშალე. ნათესავები მთელი წელი დამატარებდნენ წმინდა ადგილებში და [მხოლოდ აქ განვიკურნე.


ეს რომ მოვისმინე, სულით გავიხარე და ვადიდე ღმერთი, ჩვენდა სასარგებლოდ სიბრძნით რომ აწყობს ყოველივეს]25.


- კიდევ ბევრი რამ შემემთხვა, - ვუთხარი ჩემს მოძღვარს, - ყველაფერი რომ დაწვრილებით მოვყვე, სამი დღე-ღამეც არ მეყოფა. მხოლოდ ერთ შემთხვევას გიამბობთ კიდევ:


ზაფხულის ერთ მზიან დღეს გზის მახლობლად სასაფლაო დავინახე, უფრო სწორად, სოფლის სასაფლაო ეკლესიითა და ღვთისმსახურთა სახლებით. წირვის ზარები დარეკეს. იქით გავეშურე, იქით მიდიოდნენ სოფლის მაცხოვრებლებიც. ზოგი, არმისული ეკლესიამდე, ბალახზე ჩამომჯდარიყო. რომ დამინახეს, როგორ მივიჩქაროდი, მითხრეს: არ იჩქარო, კარგა ხანს მოგიწევს დგომა, სანამ წირვას დაიწყებენ. აქ ძალიან დიდხანს მსახურობენ, მღვდელი ავადმყოფია და ისეთი ზოზინა... მართლაც, ღვთისმსახურება ძალიან დიდხანს გაგრძელდა. მღვდელი ახალგაზრდა, მაგრამ ძალზე გამხდარი და ფერმკრთალი იყო. ძალიან ნელა, თუმცა მოწიწებით მოქმედებდა. წირვის დასასრულს დიდი გრძნობით წარმოთქვა შესანიშნავად გასაგები [ქადაგება იმის თაობაზე, თუ რა ხერხებით მოიპოვება ღვთის სიყვარული.


მღვდელმა თავისთან მიმიხმო და სადილად დამტოვა. როცა სუფრას ვუსხედით, ვუთხარი:


- მამაო, როგორი მოწიწებით მსახურებთ, და რა ხანგრძლივად!]26


- დიახ, - მიპასუხა მან, - თუმცა მრევლს ეს არ მოსწონს და ბუზღუნებენ, მაგრამ რას იზამ... მიყვარს, როცა ჯერ ლოცვის თითოეულ სიტყვას ვიაზრებ, მისით ვტკბები და შემდეგ ხმამაღლა წარმოვთქვამ. სხვაგვარად, შინაგანი განცდისა და გრძნობის გარეშე წარმოთქმული ყოველი სიტყვა ჩემთვისაც და სხვებისთვისაც უსარგებლო იქნება. ყველაფერი შინაგან ცხოვრებასა და ყურადღებიან ლოცვაზეა დამოკიდებული! ჰოი, რა ცოტა მისდევს შინაგან ღვაწლს! ეს იმის ბრალია, რომ არ სურთ და არ ზრუნავენ შინაგან, სულიერ განათლებაზე, - თქვა მღვდელმა.


მე ისევ შევეკითხე:


-  როგორ უნდა მივაღწიოთ ამას? ვფიქრობ, ეს ძალიან ძნელია.


- სრულებითაც არა! სულიერად რომ განათლდე და ყურადღებიანი და შინაგანი ადამიანი იყო, ამისთვის საჭიროა, წმინდა წერილიდან რომელიმე ტექსტი აიღო, მასზე, რაც შეიძლება, დიდხანს შეაჩერო ყურადღება, იფიქრო, და შემეცნების ნათელიც გამოგიბრწყინდება. ასევე უნდა მოიქცე ლოცვის დროსაც: თუ გსურს, ლოცვა წმინდა, სწორი და ტკბილი იყოს, უნდა შეარჩიო მოკლე, ნაკლებსიტყვიანი, მაგრამ ძლიერი შინაარსის მქონე ლოცვა, მრავალგზის და დიდხანს იმეორო, და მაშინ იგრძნობ ლოცვის გემოს.


მღვდლის დარიგება ძალიან მომეწონა. როგორი ქმედითი და მარტივი იყო, მაგრამ ამასთანავე, ღრმა და ბრძნული. ღმერთს გონებაში მადლობა შევწირე, თავისი ეკლესიის ასეთი ჭეშმარიტი მწყემსი რომ მაჩვენა.


ნასადილევს მღვდელმა მითხრა:


- სადილის შემდეგ დაიძინე, მე კი ღვთის სიტყვას წავიკითხავ და ხვალინდელ ქადაგებას მოვამზადებ.


სამზარეულოში გავედი. იქ არავინ იყო, გარდა ერთი ღრმად მოხუცებული ქალისა, რომელიც კუთხეში მიყუჟულიყო და ახველებდა. ფანჯარასთან დავჯექი, ჩანთიდან "სათნოებათმოყვარეობა" ამოვიღე და ჩემთვის ხმადაბლა კითხვა დავიწყე. ბოლოს მომესმა, რომ კუთხეში მჯდომი მოხუცი განუწყვეტლივ ჩურჩულებდა იესოს ლოცვას. ხშირად წარმოთქმული უფლის უწმინდესი სახელის გაგონებამ გამახარა და მოხუცს გამოველაპარაკე:


- დედილო, რა კარგია, რომ სულ ლოცულობ! ეს ყველაზე დიდი ქრისტიანული და მაცხონებელი საქმეა.


- დიახ, შვილო, - მიპასუხა მან, - [სიბერეში სასიხარულო მხოლოდ ისღა დამრჩენია, რომ უფალს პატიება ვთხოვო!


- დიდი ხანია, რაც ასეთ ლოცვას მიეჩვიე?]27


- ბავშვობიდან, შვილო. უმისოდ ყოფნა არ შემიძლია. იესოს ლოცვამ დაღუპვასა და სიკვდილს გადამარჩინა.


- ეს როგორ? გთხოვ, მიამბო ღვთისა და იესოს ლოცვის მადლმოსილი ძალის სადიდებლად.


"სათნოებათმოყვარეობა" ჩანთაში ჩავიდე და მოხუცს ახლოს მივუჯექი. მან მოყოლა დაიწყო:


- ახალგაზრდა, ლამაზი გოგონა ვიყავი. მშობლები ჩემს გათხოვებაზე შეთანხმდნენ. მეორე დღეს ქორწილი უნდა ყოფილიყო. სასიძო ჩვენთან მოდიოდა. ათიოდე ნაბიჯიღა ჰქონდა დარჩენილი, რომ უცებ დაეცა და მოკვდა, ერთიც არ ამოუსუნთქავს. ამან ისე შემაშინა, რომ გათხოვებაზე საერთოდ უარი ვთქვი, გადავწყვიტე, ქალწულებაში მეცხოვრა და წმინდა ადგილებში სალოცავად მევლო. მაგრამ გზაზე მარტო სიარული მეშინოდა, ვაითუ, ჩემი ახალგაზრდობის გამო ბოროტ ადამიანებს შეურაცხყოფა მოეყენებინათ. ერთმა ნაცნობმა მოხუცმა მწირმა ქალმა მასწავლა, რომ გზად, სადაც უნდა მევლო, ყოველთვის განუწყვეტლივ მეთქვა იესოს ლოცვა და მტკიცედ დამარწმუნა, რომ ამ ლოცვის დროს გზაში არანაირი უბედურება არ შემემთხვეოდა. მეც დავუჯერე და ყოველთვის მშვიდობიანად დავდიოდი, შორეულ წმინდა ადგილებშიც კი. [ამისთვის ფულს მშობლები მაძლევდნენ. სიბერეში დავსნეულდი]28, და, აი, აქაური მღვდელი თავისი გულმოწყალებით მინახავს და მაჭმევს.


სიამოვნებით ვუსმენდი მას და არ ვიცოდი, ღვთისთვის როგორ მეთქვა მადლობა იმ დღის გამო, ასეთი ჭკუის სასწავლებელი მაგალითი რომ მაჩვენა. შემდეგ კეთილი და მოკრძალებული მღვდლისგან კურთხევა ვითხოვე და გახარებული გავუდექი გზას.


ასევე, არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, როცა ყაზანის გუბერნიის გავლით აქეთ მოვდიოდი, [შემთხვევა მომეცა, გამეგო, იესო ქრისტეს სახელით აღვლენილი ლოცვის ძალა რამდენად აშკარად და ცოცხლად შეიძლება განცხადდეს]29, თვით შეუგნებლად მლოცველ ადამიანშიც კი, და რომ ლოცვის სიხშირე და ხანგრძლივობა უტყუარი და უმოკლესი გზაა ლოცვის კეთილი ნაყოფის მოსაპოვებლად.


ერთხელ თათრების სოფელში მომიხდა ღამის გათევა. ერთი სახლის ფანჯრის ქვეშ ოთხთვალა და რუსი მეეტლე დავინახე. ოთხთვალას ახლოს ცხენები ბალახობდნენ. გამიხარდა და გადავწყვიტე, ღამის გათევა იქვე მეთხოვა. ვფიქრობდი, ქრისტიანებთან მაინც გავათევ-მეთქი ღამეს. მივედი მეეტლესთან და ვკითხე:


- ვინ მგზავრობს?


მან მიპასუხა, რომ ბატონი მიდიოდა ყაზანიდან ყირიმში. როცა მეეტლეს ველაპარაკებოდი, ამ დროს ბატონმა ტყავი გადასწია, ოთხთვალადან გამოიხედა, შემომხედა და მითხრა:


- მეც აქ ვათევ ღამეს. ქოხში არ შევსულვარ, რადგან თათრებთან ძალიან დიდი სისაძაგლეა და ღამის გასათევად ოთხთვალაში დარჩენა გადავწყვიტე.


შემდეგ ბატონი სასეირნოდ გადმოვიდა. კარგი საღამო იყო. საუბარი გავაბით. ბევრ კითხვა-პასუხში, აი, რა მაიმბო საკუთარ თავზე:


- სამოცდახუთ წლამდე ფლოტში პირველი რანგის კაპიტნად ვმსახურობდი. სიბერეში განუკურნებელი სენი, ნიკრისის ქარი, შემეყარა. სამსახურიდან გადავდექი, ყირიმში, ჩემი მეუღლის ხუტორში გადავედი საცხოვრებლად. თითქმის სულ ავად ვიყავი. ჩემი ცოლი ახირებული და დაბნეული ხასიათისა იყო, ბანქოს დიდი მოყვარული. მოსწყინდა ჩემისთანა ავადმყოფთან ცხოვრება, მიმატოვა და ყაზანში ჩვენს ქალიშვილთან წავიდა, რომელიც ჩინოვნიკზე იყო გათხოვილი. ცოლმა სრულიად გამძარცვა, მოსამსახურეებიც კი წაიყვანა, მხოლოდ ჩემი ნათლული, რვა წლის ბიჭუნა, დამიტოვა.


ასე ვცხოვრობდი სამი წელი. ჩემი მსახური ბიჭუნა სწრაფი და მოხერხებული გამოდგა, ყოველგვარ საოჯახო საქმეს ართმევდა თავს: ოთახს ალაგებდა, ღუმელს ანთებდა, ფაფას მიხარშავდა, სამოვარს ადუღებდა; მაგრამ ამასთანავე მეტისმეტად ანცი და ცელქი იყო: სულ დარბოდა, აკაკუნებდა, ყვიროდა, და ცელქობდა, რითაც ძლიერ მაწუხებდა. ავადმყოფობისა და მოწყენილობის გამო სასულიერო წიგნების კითხვა მიყვარდა. იესოს ლოცვაზე გრიგოლ პალამას შესანიშნავი წიგნი მქონდა, თითქმის განუწყვეტლივ ვკითხულობდი მას და ცოტ-ცოტას ვლოცულობდი კიდეც. ბიჭუნა ხელს მიშლიდა, ვერანაირი მუქარა და სასჯელი ვერ აცხრობდა მის სიცელქეს. მეც ასეთი რამ მოვიფიქრე: ჩემთან ოთახში სკამზე ვსვამდი და იესოს ლოცვის განუწყვეტლივ თქმას ვუბრძანებდი. პირველად საშინლად არ მოსწონდა, ყველნაირად არიდებდა თავს და ხშირად ჩუმდებოდა. მისთვის რომ ბრძანების შესრულება მეიძულებინა, გვერდით როზგი მედო: როცა იგი ლოცვას ამბობდა, მე წყნარად ვკითხულობდი წიგნს ან მას ვუსმენდი, ხოლო როგორც კი გაჩუმდებოდა, მაშინვე როზგზე მივუთითებდი და ისიც, შეშინებული, აგრძელებდა ლოცვას. ეს ძალიან მამშვიდებდა, რადგან ამ დროს სახლში სიჩუმე ისადგურებდა. გარკვეული ხნის შემდეგ შევნიშნე, რომ როზგი აღარ იყო საჭირო, ბიჭუნა ხალისით, გულმოდგინედ ასრულებდა ჩემს ბრძანებას. შემდეგ მის დაუდგრომელ ხასიათში სრული ცვლილება შევნიშნე: ის მშვიდი და ჩუმი გახდა, სახლის საქმეებსაც წარმატებით აგვარებდა. ამან გამახარა და უფრო მეტი თავისუფლება მივეცი. საბოლოოდ, იცი, რა მოხდა? - ისე მიეჩვია ლოცვას, რომ თითქმის ყოველთვის, ნებისმიერი საქმიანობის დროს, ჩემი მხრიდან ყოველგვარი იძულების გარეშე, ამბობდა ლოცვას. როცა ვეკითხებოდი, მპასუხობდა, რომ ლოცვის გამუდმებით თქმის უზომო სურვილი ჰქონდა.


- რას გრძნობ ამ დროს?


- არაფერს, მხოლოდ იმას, რომ კარგად ვარ, როცა ლოცვას ვამბობ.


- როგორ კარგად?


- არ ვიცი, როგორ გითხრა.


- მხიარულად ხარ?


- დიახ, მხიარულად.


უკვე თორმეტი წლის იყო, როცა ყირიმში ომი დაიწყო. მე ქალიშვილთან ყაზანში წავედი და ისიც თან წავიყვანე. ბიჭუნა სხვებთან ერთად სამზარეულოში გავამწესეთ. ძალიან მოიწყინა და შემომჩიოდა ხოლმე, რომ, როცა მსახურები ერთმანეთს ეთამაშებოდნენ და ეხუმრებოდნენ, მასაც არ ასვენებდნენ და დასცინოდნენ. ამით კი ლოცვაში ხელს უშლიდნენ. სამი თვის შემდეგ ჩემთან მოვიდა და მითხრა:


- სახლში წავალ, აქ აუტანელი მოწყენილობა და ხმაურია.


- ამ ზამთარში ასე შორს შენი მარტო წასვლა როგორ შეიძლება? დამელოდე და, როცა წავალ, შენც წაგიყვან, - ვუთხარი მე.


მეორე დღეს ბიჭი დაიკარგა. ყველგან ვეძებეთ, მაგრამ ვერსად ვიპოვეთ. ბოლოს, ყირიმიდან, ჩვენს ხუტორში დატოვებული ხალხისგან წერილი მივიღეთ. გვატყობინებდნენ, რომ 4 აპრილს, აღდგომის მეორე დღეს, ბიჭუნა გარდაცვლილი იპოვეს ჩემს ცარიელ სახლში. იგი ჩემს ოთახში იატაკზე წოლილა, წესისამებრ გულზე ხელებდაკრეფილი, თავქვეშ ქუდი ჰქონია ამოდებული, სცმია იგივე თხელი სერთუკი, რითაც ჩემთან დადიოდა და რითაც გაიქცა. დაკრძალეს ჩემს ბაღში. ეს რომ გავიგე, უზომოდ გავოცდი, ამდენად სწრაფად რომ მივიდა ბიჭუნა ხუტორში. ის 26 თებერვალს წავიდა, 4 აპრილს კი იპოვეს. ერთ თვეში სამი ათასი ვერსის გავლა?! - თუნდაც ცხენებით, შეუძლებელია! მაშინ ხომ დღეში ასი ვერსი მაინც უნდა იარო! თანაც თხელი ტანსაცმლით, უპასპორტოდ და უკაპიკოდ! დავუშვათ, ვინმემ წაიყვანა. ესეც ღვთის განსაკუთრებული განგებისა და მასზე მზრუნველობის გარეშე არ მოხდებოდა. აი, ჩემმა ბიჭუნამ ლოცვის ნაყოფი იგემა, - თქვა ბოლოს ბატონმა, - მე კი სიბერეშიც ვერ მიმიღწევია მისი საზომისთვის.


ამის შემდეგ ბატონს ვუთხარი:


- შესანიშნავია ღირსი გრიგოლ პალამას წიგნი, ბიძიკო, რომლის წაკითხვაც თქვენ გინებებიათ. მეც ვიცი იგი, მაგრამ მასში უმეტესწილად ბაგეებით წარმოთქმულ იესოს ლოცვაზეა მსჯელობა. აბა, წაიკითხეთ წიგნი სახელწოდებით "სათნოებათმოყვარეობა". იქ თქვენ იპოვით სრულყოფილ მეცნიერებას იმისას, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ იესოს სულიერ ლოცვას გონებასა და გულში და როგორ ვიგემოთ მისი ტკბილი ნაყოფი.


მას ჩემი "სათნოებათმოყვარეობა" ვაჩვენე. შევამჩნიე, რომ ჩემი რჩევა სიამოვნებით მიიღო და თავისთვის ასეთივე წიგნის შოვნას დამპირდა.


ღმერთო ჩემო, - ვფიქრობდი ჩემთვის, - ღვთიური ძალის როგორი საოცარი განცხადება ხდება ამ ლოცვაში! რამდენად ბრძნული და ჭკუის სასწავლებელია ეს შემთხვევა! ბიჭუნას როზგმა ასწავლა ლოცვა. ამასთან, სიმშვიდეც მოაპოვებინა! განა ღვთის როზგი არ არის ის განსაცდელები და უბედურებები, ჩვენ რომ ლოცვის გზაზე გვხვდება? მაშ, რატომ გვეშინია და ვშფოთავთ, როცა უსაზღვრო სიყვარულით აღვსებული ჩვენი ზეციური მამის ხელი ამ როზგზე მიგვითითებს, როცა როზგი გულმოდგინე ლოცვას გვასწავლის და ენითუთქმელი ნუგეშისკენ მიგვიძღვის?!


თხრობა დავასრულე და ჩემს სულიერ მამას ვუთხარი:


- ღვთის გულისათვის, მაპატიეთ, ბევრი ვიყბედე. წმინდა მამები კი უზომო საუბარს, თუნდაც სულიერს, უქმმეტყველებას უწოდებენ. დროა, იერუსალიმის თანამგზავრიც ვნახო. ილოცეთ ჩემთვის, უბადრუკი ცოდვილისთვის, რათა უფალმა თავისი უდიდესი მოწყალებით სასიკეთოდ წარმართოს ჩემი მოგზაურობა.


- [უფლისმიერ ჩემო საყვარელო ძმაო, - მიპასუხა მან, - მთელი გულით გისურვებ, რომ სიყვარულით მდიდარმა ღვთიურმა მადლმა გზა გიკურთხოს და ისევე თანაგიძღოდეს, როგორც რაფაელ მთავარანგელოზი უძღოდა ტობიასს!]30