მწირის გულახდილი საუბრები სულიერ მოძღვართან
საუბარი მესამე
ზუსტად ირკუტსკიდან გამგზავრების წინ კვლავ მივედი სულიერ მამასთან, ვისაც ვესაუბრებოდი ხოლმე, და ვუთხარი: - აი, უკვე იერუსალიმის გზას ვადგავარ. მოვედი, რომ დაგემშვიდობოთ და მადლობა გითხრათ ჩემისთანა უღირსი მწირის მიმართ გაღებული ქრისტიანული სიყვარულის გამო. - ღმერთმა გიკურთხოს გზა! - მითხრა მან, - მაგრამ რატომ არაფერი მითხარი, ვინ ხარ და საიდან? შენგან ბევრი რამ მსმენია შენს მოგზაურობასთან დაკავშირებით. საინტერესო იქნებოდა, [შენი წარმომავლობისა და მწირობამდე განვლილი ცხოვრების შესახებაც გამეგო. - კეთილი, - ვუთხარი მე, - სიამოვნებით გიამბობთ ამასაც, არც ისე გრძელი ამბავია: დავიბადე ორლოვის გუბერნიის სოფელში]16. დედ-მამის გარდაცვალების შემდეგ დავრჩით ორნი: მე და ჩემი უფროსი ძმა. ის ათი წლის იყო, მე კი ორის ან სამის ვიქნებოდი. სარჩენად ბაბუამ წაგვიყვანა. შეძლებული ბერიკაცი იყო, პატიოსანი. დიდ გზასთან ფუნდუკი ჰქონდა. მისი კეთილი ხასითის გამო ფუნდუკში ბევრი ჩამომსვლელი ჩერდებოდა. ვცხოვრობდით მასთან. ჩემი ძმა ცელქი იყო და სოფელ-სოფელ დადიოდა, მე კი უფრო ბაბუასთან ვტრიალებდი. დღესასწაულებზე ერთად დავდიოდით ეკლესიაში, ხოლო სახლში იგი ხშირად გვიკითხავდა იმ ბიბლიას, მე რომ დამაქვს. ჩემი ძმა გაიზარდა და ცუდ გზას დაადგა _ სმას დაეჩვია. უკვე შვიდი წლის ვიყავი. ერთხელ ძმასთან ერთად ღუმელზე ვიწექი, იქიდან გადმომაგდო და მარცხენა ხელი დავიზიანე. მას შემდეგ ხელს ვეღარ ვხმარობ, სრულიად გამიხმა. ბაბუამ რომ ნახა, სოფლის სამუშაოს თავს ვერ გავართმევდი, წერა-კითხვა მასწავლა. რადგან ანბანი არ გვქონდა, როგორღაც ამ ბიბლიიდან მასწავლიდა: მაჩვენებდა ასოებს, სიტყვების შედგენასა და ასოების დამახსოვრებას მაიძულებდა. არც კი მესმის, როგორ, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ასე ზეპირად მასწავლა კითხვა. ბოლო დროს, როცა მხედველობა დააკლდა, ბაბუა ხშირად მაკითხებდა ბიბლიას, თავად კი მისმენდა და მისწორებდა. ჩვენთან ხშირად ჩერდებოდა ერთი საერობო მწერალი. შესანიშნავად წერდა. მე ვუყურებდი, მომწონდა, როგორ წერდა და მისი მიბაძვით სიტყვების გამოწერა დავიწყე. ისიც მაჩვენებდა, ქაღალდსა და მელანს მაძლევდა, ფრთისგან კალამს მითლიდა. ასე ვისწავლე წერა. ბაბუა ძალიან გახარებული იყო და ასე მარიგებდა: "აი, ღმერთმა წერა-კითხვა გასწავლა, კაცი გამოხვალ. ამიტომ ღმერთის მადლობელი იყავი და ხშირად ილოცე". ყველა მსახურებაზე დავდიოდით ეკლესიაში, სახლშიც ძალიან ხშირად ვლოცულობდით. ბაბუა და ბებია "უფალო შემიწყალე"-ს მაკითხებდნენ, თვითონ კი მეტანიებს აკეთებდნენ ან მუხლებზე იდგნენ. ბოლოს, როცა ჩვიდმეტი წლის გავხდი, ბებია გარდამეცვალა. ბაბუამ მითხრა: "აი, სახლში დიასახლისი აღარ გვყავს. უქალოდ როგორ ვიყოთ?! შენი უფროსი ძმა უხეიროა. მინდა, შენ დაგაქორწინო". ჩემი ხეიბრობის გამო უარზე დავდექი, მაგრამ ბაბუამ დაიჟინა და დამაქორწინეს. შემირჩიეს ოცი წლის დინჯი, კეთილი ზნის გოგონა. გავიდა ერთი წელი და ბაბუას სასიკვდილო სენი შეეყარა. მან მიმიხმო, გამომეთხოვა და მითხრა: - აი შენ, სახლი და მთელი მემკვიდრეობა! კეთილსინდისიერად იცხოვრე, ნურავის მოატყუებ, უპირველეს ყოვლისა, ღმერთს ევედრე, რადგან ყოველივეს ის იძლევა. ღვთის გარდა, ნურავის იმედი გექნება. ეკლესიაში იარე, ბიბლია იკითხე, ბებიაშენი და მე მოგვიხსენიე. აი შენ, ათასი მანეთი! გაუფრთხილდი, ტყუილუბრალოდ არ დახარჯო, მაგრამ ნურც იძუნწებ, გლახაკებსა და ღვთის ეკლესიებს მიეცი. ასე გარდაიცვალა ბაბუა. დავასაფლავე. ძმას შეშურდა, რომ ფუნდუკი და ქონება მხოლოდ მე დამიტოვეს და ჩემზე გაბოროტდა. იმდენად აქეზებდა ეშმაკი, რომ ჩემი მოკვლაც კი განიზრახა. ბოლოს, აი, რა მოიმოქმედა: ღამით, როცა გვეძინა და მდგმურად არავინ გვყავდა, გატეხა საკუჭნაო, სადაც ფულს ვინახავდით, სკივრიდან ფული ამოიღო და საკუჭნაოს ცეცხლი წაუკიდა. მომხდარის შესახებ მხოლოდ მაშინ შევიტყვეთ, როცა მთელი სახლი და ეზო ცეცხლში იყო გახვეული. ძლივს მოვასწარით ფანჯრიდან იმის ანაბარა გადმოხტომა, რითაც გვეძინა. ბიბლია თავთით გვედო და წამოღება მოვასწარით. ვუყურებდით, როგორ იწვოდა ჩვენი სახლი, და ერთმანეთს ვეუბნებოდით: "მადლობა ღმერთს, ბიბლია მაინც რომ გადარჩა! რაღაც მაინც გვაქვს ჭირში მანუგეშებლად". ასე რომ, მთელი ჩვენი ქონება დაიწვა. ძმა უგზო-უკვლოდ წავიდა ჩვენგან. მხოლოდ გვიან, როცა სმა და ტრაბახი დაიწყო, შევიტყვეთ, რომ მან წაიღო ფული და ფუნდუკი გადაწვა. დავრჩით შიშველ-ტიტვლები, სრულიად ღატაკები. როგორღაც ვალით პატარა ქოხი ავიშენეთ და შევუდექით ბოგანო ცხოვრებას. ჩემი მეუღლე ხელსაქმის ოსტატი იყო. ხალხისგან საქსოვს, დასართავს, საკერავს იღებდა, დღედაღამ შრომობდა და მარჩენდა. მე კი უხელობის გამო ქალამნის შეკვრაც არ შემეძლო. როცა ის ქსოვდა ან ართავდა, მე გვერდით ვეჯექი და ბიბლიას ვუკითხავდი. ისიც მისმენდა, ზოგჯერ კი ატირდებოდა. როცა ვკითხავდი: "რატომ ტირი? მადლობა ღმერთს, ცოცხლები ვართ", იგი მპასუხობდა: "გულს მიჩვილებს ის, რაც ბიბლიაში ასე კარგად წერია". კარგად გვახსოვდა ბაბუას დანაბარებიც: ხშირად ვმარხულობდით; ცდუნებაში რომ არ ჩავვარდნილიყავით, ყოველ დილით ღვთისმშობლის დაუჯდომელს ვკითხულობდით, ღამით კი ათას მეტანიას ვაკეთებდით. ორი წელი ვიცხოვრეთ ასე მშვიდად. საოცარია ის, რომ თუმცა გულისმიერი შინაგანი ლოცვის შესახებ არც წარმოდგენა გვქონდა და არც ოდესმე რამე გვსმენოდა, თუმცა მხოლოდ ენით ვლოცულობდით, უაზროდ ვაკეთებდით მეტანიებს და რეგვენებივით ყირაზე ვდგებოდით, ლოცვა მაინც გვეხალისებოდა. ხანგრძლივი, გარეგანი და გაუაზრებელი ლოცვა კი არ გვეძნელებოდა, არამედ სიამოვნებით ვამბობდით. ჩანს, მართალი მითხრა ერთმა მასწავლებელმა: ადამიანში არსებობს საიდუმლო ლოცვა, და თვითონაც კი არ იცის, თუ როგორ წარმოიქმნება იგი სულში თავისთავად, იდუმალ, და როგორ აღძრავს იგი ადამიანს ისეთი ლოცვისთვის, როგორიც მან იცის და შეუძლია. ასე ვიცხოვრეთ ორი წელი და უეცრად ჩემი მეუღლე ციებ-ცხელებით დასნეულდა. მეცხრე დღეს ნაზიარები გარდაიცვალა. დავრჩი მარტოდმარტო, ეული. არაფრის კეთება შემეძლო. აქეთ-იქით ხეტიალი მომიწია, მოწყალების თხოვნა კი მრცხვენოდა. მეუღლის გამო ისეთი ნაღველი შემომაწვა, აღარ ვიცოდი, სად წავსულიყავი. როცა ქოხში შევდიოდი და მის ტანისამოსს ან რამე ხელსახოცს დავინახავდი, ისე ვღმუოდი, რომ უგონოდ ვეცემოდი. სახლში ყოფნით მწუხარებას ვერ ვიქარვებდი. ამიტომ ქოხი ოც მანეთად გავყიდე და ჩემი და მეუღლის ტანსაცმელი გლახაკებს დავურიგე. ხეიბრობის გამო მუდმივი გათავისუფლების პასპორტი მომცეს. მეც მყისვე ჩემი საყვარელი ბიბლია ავიღე და ალალბედზე წავედი. მიმავალი ვფიქრობდი, ახლა სად წავიდე-მეთქი. "პირველ რიგში კიევში წავალ, ღვთის წმინდანებს ვემთხვევი და მწუხარებაში შეწევნას ვთხოვ". როგორც კი ეს გადავწყვიტე, გულზე მომეშვა და კიევამდე სიხარულით ჩავედი. ცამეტი წელია მას შემდეგ, რაც გაუჩერებლად დავდივარ სხვადასხვა ადგილას. ბევრი ეკლესია-მონასტერი მოვიარე. ახლა კი უმეტესად სტეპებსა და ველებში დავდივარ. არ ვიცი, უფალი თუ ინებებს, იერუსალიმის წმინდა მიწას რომ მივაღწიო. ღვთის ნება თუ იქნა, დროა, იქ [ჩემი ცოდვილი ძვლებიც დაიმარხოს. - რამდენი წლის ხარ? - ოცდაცამეტის. ქრისტეს ასაკისა].17 |