მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მწირის გულახდილი საუბრები სულიერ მოძღვართან

 

საუბარი პირველი

 

ღვთის წყალობით ქრისტიანი კაცი ვარ, საქმით - უდიდესი ცოდვილი, წოდებით - მდაბიო, აქეთ-იქით მოხეტიალე, მიუსაფარი მწირი. ჩემი ავლა-დიდებაა ზურგზე მოგდებული ორცხობილებიანი ჩანთა და უბეში - წმინდა ბიბლია. ეს არის და ეს! სამებობიდან ოცდამეოთხე კვირას ეკლესიაში წირვაზე სალოცავად მივედი. კითხულობდნენ სამოციქულოს თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლედან, სადაც ნათქვამია: "მოუკლებელად ილოცევდით" (1თეს. 5.17). ეს გამონათქვამი განსაკუთრებით ჩამებეჭდა გონებაში და დავიწყე ფიქრი, თუ როგორ შეიძლება განუწყვეტლივ ილოცო იმ დროს, როცა არსებობის შესანარჩუნებლად ყოველი ადამიანისთვის აუცილებელია სხვა საქმის კეთებაც? მივმართე ბიბლიას და იქ საკუთარი თვალით ვიხილე ის, რაც მოვისმინე, კერძოდ, რომ საჭიროა განუწყვეტლივ ვილოცოთ, ყოველთვის სულით ვილოცოთ, ყოველგან ლოცვით აღვაპყროთ ხელები (იხ. ეფეს. 6.18, 2ტიმ. 2.8). [ვიფიქრე, ვიფიქრე, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი]1.


"როგორ მოვიქცე? - გავიფიქრე, - სად ვნახო ადამიანი, ვინც ამას ამიხსნის? [დავივლი საუკეთესო მქადაგებლებით სახელგანთქმულ ეკლესიებს, იქნებ, იქ გავიგონო ჩემთვის საგულისხმო რამ."…...და წავედი.


ლოცვის შესახებ ბევრი ძალიან კარგი ქადაგება მოვისმინე, მაგრამ ყველა მათგანი რჩევა-დარიგება იყო საერთოდ ლოცვაზე, კერძოდ: რა არის ლოცვა, რამდენად აუცილებელია იგი, როგორია მისი ნაყოფი; ხოლო თუ როგორ მივაღწიოთ ლოცვაში წარმატებას, არავინ ამბობდა. ქადაგებდნენ სულიერი და განუწყვეტელი ლოცვის შესახებ, მაგრამ, როგორ მივაღწიოთ ამგვარ ლოცვას, არ მიუთითებდნენ. ამრიგად, ქადაგებების მოსმენითაც ვერ ავიხდინე სურვილი. ვინაიდან ბევრი რამ მოვისმინე და მაინც ვერ გავიგე, განუწყვეტლივ როგორ მელოცა, საჯარო ქადაგებების მოსმენას თავი ვანებე. გადავწყვიტე, ღვთის შეწევნით გამოცდილი და მცოდნე მოსაუბრე მომეძებნა, რომელიც განუწყვეტელ ლოცვას განმიმარტავდა ამგვარი ცოდნის წყურვილით შეპყრობილს]2.


დიდხანს დავეხეტებოდი აღმა-დაღმა: ნიადაგ ბიბლიას ვკითხულობდი, ვეძებდი, სადმე სულიერი მოძღვარი ან გამოცდილი ღვთისმოსავი წინამძღვარი თუ იყო. გავიდა დრო, და მითხრეს, დიდი ხანია, რაც რომელიღაც სოფელში ერთი ბატონი ცხოვრობს და ცხონებაზე ზრუნავს: თავის სახლში ეკლესია აქვს, არსად დადის, დღენიადაგ ღმერთს ევედრება და განუწყვეტლივ სულისთვის სასარგებლო წიგნებს კითხულობსო. ეს რომ გავიგონე, კი არ წავედი, გავიქეცი მითითებული სოფლისკენ. მივაღწიე მემამულემდე.


- რა გსურს ჩემგან? – მკითხა მან.


- გავიგე, რომ თქვენ მლოცველი და გონიერი კაცი ბრძანდებით. ამიტომ, ღვთის გულისათვის, გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს მოციქულის ნათქვამი: "მოუკლებელად ილოცევდით", და როგორ შეიძლება განუწყვეტლივ ილოცო? ამის შეტყობა მსურს, მაგრამ ვერაფრით გამიგია.


[ბატონი გაჩუმდა, დაჟინებით დამაცქერდა და მეუბნება:


- განუწყვეტელი შინაგანი ლოცვა არის ადამიანის სულის მუდმივი ლტოლვა ღვთისაკენ. ამ უტკბილეს საქმიანობაში წარმატების მისაღწევად ხშირად უნდა სთხოვო უფალს, განუწყვეტელი ლოცვა გასწავლოს. უფრო მეტად და უფრო გულმოდგინედ ილოცე, და ლოცვა თავად გაგიმჟღავნებს, როგორ შეიძლება იყოს იგი განუწყვეტელი. ამას დრო სჭირდება, - ეს თქვა და ჩემი დაპურება ბრძანა. მომცა საგზალი და გამომიშვა]4. არაფერი განუმარტავს.


კვლავ გავუდექი გზას. ბატონის ნათქვამზე ბევრს ვფიქრობდი, ბევრს ვკითხულობდი, გონებით ბევრს ვჩხრეკდი, მაინც ვერაფერი გავიგე. გაგება კი ისე ძალიან მინდოდა, რომ ღამეები არ მეძინა. ორასი ვერსი გავიარე და აი, გუბერნიის ერთ დიდ ქალაქში შევდივარ. იქ მონასტერი ვნახე. როცა ფუნდუკში ღამეს ვათევდი, გავიგონე, რომ ამ მონასტრის წინამძღავრი უსათნოესი, მლოცველი და უცხოთა შემწყნარებელი ადამიანი ყოფილა. მასთან მივედი, გულითადად მიმიღო, დამსვა და გამიმასპინძლდა.


- წმინდაო მამაო! - ვუთხარი, - გამასპინძლება არ მჭირდება. მსურს, სულიერად დამმოძღვროთ, თუ როგორ ვცხონდე?


- როგორ უნდა ცხონდე? იცხოვრე მცნებების მიხედვით, ღმერთს ევედრე, და ცხონდები კიდეც!


- მესმის, რომ განუწყვეტელი ლოცვაა საჭირო, მაგრამ არ ვიცი, განუწყვეტლივ როგორ ვილოცო. ისიც კი არ მესმის, რას ნიშნავს განუწყვეტელი ლოცვა. მამაო, გთხოვთ, განმიმარტოთ.


- საყვარელო ძმაო, არ ვიცი, სხვაგვარად კიდევ როგორ აგიხსნა. თუმცა მოითმინე, ერთი წიგნი მაქვს, იქ არის განმარტებული. - და გამოიტანა დიმიტრი განმანათლებლის "შინაგანი კაცის სულიერი სწავლანი". - აი, ამ გვერდზე წაიკითხე!


[შემდეგის კითხვა დავიწყე: "მოციქულის სიტყვები - "მოუკლებელად ილოცევდით" გონების მიერ აღსრულებულ ლოცვას უნდა გულისხმობდეს: გონებას შეუძლია მუდამჟამ ღვთისკენ იყოს მიპყრობილი და განუწყვეტლივ ილოცოს"].4


- განმიმარტეთ, როგორ შეიძლება გონება მუდამჟამ ღვთისკენ იყოს მიპყრობილი, სხვა რამეზე არ იფიქროს და განუწყვეტლივ ილოცოს?


- ეს მეტად ძნელი გასაგებია, თავად ღმერთი თუ მისცემს ვინმეს... - თქვა წინამძღვარმა და აღარ განმარტა.


ღამე მასთან გავათიე. დილით მადლობა მოვახსენე გულთბილი მიღებისთვის და გზა განვაგრძე, თავადაც არ ვიცოდი, საით. გაურკვევლობა მაწუხებდა. სანუგეშებლად წმინდა ბიბლიას ვკითხულობდი. ასე ვიარე ხუთი დღე დიდ გზაზე. ბოლოს, საღამო ხანს ვიღაც ბერიკაცი წამომეწია. გარეგნობით თითქოს სასულიერი პირი იყო. ჩემს კითხვაზე მიპასუხა, რომ იგი სქიმოსანი მონაზონი იყო უდაბნოდან, რომელიც დიდი გზიდან ათი ვერსის მოშორებით მდებარეობდა. თავის მონასტერში მეპატიჟებოდა. მეუბნებოდა, ჩვენთან მწირებს ღებულობენ, მომლოცველებთან ერთად სასტუმროში ასვენებენ და აპურებენო. რატომღაც არ მინდოდა იქ წასვლა და მიწვევაზე ასე ვუპასუხე:


- ჩემი მოსვენება დამოკიდებულია არა ბინაზე, არამედ სულიერ დამოძღვრაზე. საჭმელი არ მადარდებს, ორცხობილა ბლომად მაქვს ჩანთაში.


- რა სახის დამოძღვრას ეძიებ და რაში ვერ გარკვეულხარ? წამოდი, წამოდი ჩვენთან, საყვარელო ძმაო, ჩვენ გამოცდილი უხუცესები* გვყავს, რომლებსაც ღვთის სიტყვის ნათლითა და წმინდა მამების ნააზრევით სულიერად დაპურება და ჭეშმარიტების გზაზე დაყენება შეუძლიათ.


- იცით, მამაო, დაახლოებით ერთი წლის წინ, წირვაზე როცა ვიყავი, სამოციქულოში ასეთი მცნება მოვისმინე: "მოუკლებელად ილოცევდით" (1თეს. 5.17). ვერ გავიგე ეს და ბიბლიის კითხვა დავიწყე. იქაც ბევრგან წავაწყდი ღვთის ბრძანებას, რომ ყოველთვის და ყველგან განუწყვეტლივ უნდა ვილოცოთ, არა მარტო ყოველგვარი საქმიანობისას, არა მარტო მღვიძარებისას, არამედ ძილშიც: "მე მძინავს და ჩემი გული კი მღჳძარე არს" (ქებ. 5.2). ამან ძალზე გამაოცა. ვერ გავიგე, როგორ, რა საშუალებით შეიძლებოდა მისი შესრულება. ჩემში ძლიერმა სურვილმა და ცნობისმოყვარეობამ გაიღვიძა. [დღედაღამ არ ამომდიოდა იგი გონებიდან. ამის გამო ეკლესიებში სიარული დავიწყე, ლოცვის შესახებ ქადაგებებს ვისმენდი. მაგრამ რამდენი ქადაგებაც მოვისმინე, ვერც ერთმა მათგანმა ვერ მასწავლა, თუ როგორ შეიძლებოდა განუწყვეტლივ მელოცა. ყველგან მხოლოდ ლოცვისთვის მზადებაზე, ლოცვის ნაყოფსა და მსგავს რამეებზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ თუ როგორ უნდა მელოცა განუწყვეტლივ და რას ნიშნავს ამგვარი ლოცვა, არ ასწავლიდნენ. მე ხშირად ვკითხულობდი ბიბლიას და მოსმენილს მის მიხედვით ვამოწმებდი. მიუხედავად ამისა, საწადელ ცოდნას ვერ ვეწიე და დღემდე გაურკვეველობასა და მოუსვენრობაში ვიმყოფები].5


ბერმა პირჯვარი გადაიწერა და ლაპარაკი დაიწყო:


- საყვარელო ძმაო, ღმერთს მადლობდე, რომ შენში განუწყვეტელი შინაგანი ლოცვის შეცნობისკენ დაუოკებელი სწრაფვა აღძრა. ამაში ღვთის მოწოდება დაინახე. დამშვიდდი და დარწმუნებული იყავი, რომ აქამდე გამოიცდებოდი, თუ რამდენად ეთანხმებოდა შენი ნება ღვთის მოწოდებას. ასევე იმის ცოდნაც გეძლეოდა, რომ არა ამა სოფლის სიბრძნითა და გარეგნული ცოდნისმოყვარეობით აღწევენ განუწყვეტელი შინაგანი ლოცვის ზეციურ ნათელს, არამედ, პირიქით, სულიერი სიგლახაკითა და მოღვაწეობით მიღებული გამოცდილებით მოიპოვება იგი გულის სიმარტივეში. ამიტომ სრულებითაც არ არის გასაკვირი, რომ შენ არსებითი ვერაფერი შეიტყვე ლოცვის შესახებ და ვერ შეიცანი მეცნიერება იმისა, თუ როგორ მიიღწევა განუწყვეტელი ლოცვა. სიმართლე რომ ითქვას, ცოტა ადამიანი არ ქადაგებს ლოცვასთან დაკავშირებით და ლოცვაზე სხვადასხვა მწერლის მრავალი სწავლებაც არსებობს, მაგრამ ვინაიდან მთელი მათი მსჯელობა უმთავრესად გონებრივ ჭვრეტას, გონების ბუნებრივ აზროვნებას ემყარება, და არა მოღვაწეობით მიღებულ გამოცდილებას, [ამიტომ ისინი იმას გვასწავლიან, რაც ლოცვისთვისაა დამახასიათებელი, და არა თავად მის არსს. ერთი შესანიშნავად მსჯელობს ლოცვის აუცილებლობაზე, მეორე - მის ძალასა და მადლმოსილებაზე, მესამე _ ლოცვის სრულყოფილების საშუალებებზე, ანუ იმაზე, რომ ლოცვისთვის აუცილებელია გულმოდგინება, ყურადღება, გულის სითბო, აზრების სიწმინდე, მტრებთან შერიგება, თავმდაბლობა, გულშემუსვრილება და სხვ. მაგრამ რა არის ლოცვა? როგორ უნდა ვისწავლოთ იგი? - ამ უმთავრეს და საჭირბოროტო კითხვებზე რიგიან განმარტებას ძალზე იშვიათად თუ მოისმენ ჩვენი დროის მქადაგებლებისგან. ეს ხდება იმიტომ, რომ მთელ მათ ზემოჩამოთვლილ მსჯელობასთან შედარებით გაცილებით ძნელი ამ უკანასკნელის გაგებაა, რადგან იგი საიდუმლო ცოდნას მოითხოვს, და არა მხოლოდ სასკოლო განათლებას]6. ასევე, რაც ყველაზე მეტად სამწუხაროა, ამაო სტიქიური სიბრძნე ღვთიურის ადამიანური საზომით გაზომვას გვაიძულებს. ლოცვასთან დაკავშირებით ბევრი სრულიად საწინააღმდეგოდ მსჯელობს და ფიქრობს, რომ მოსამზადებელი საშუალებებითა და მოღვაწეობით წარმოიშობა ლოცვა, [და არა პირიქით, რომ ლოცვა ბადებს მოღვაწეობასა და ყოველგვარ სათნოებას. ამ შემთხვევაში ისინი ლოცვის შედეგსა და ნაყოფს არასწორად მიიჩნევენ მის საშუალებად და ხერხად, და ამით ლოცვის ძალას აკნინებენ. ეს კი სრულიად ეწინააღმდეგება წმინდა წერილს]7, რადგან ლოცვასთან დაკავშირებით პავლე მოციქული შემდეგი სიტყვებით გვმოძღვრავს: "გლოცავ უკუე ყოვლისა წინა, რაჲთა ჰყოფდე ვედრებასა, ლოცვასა" (1ტიმ. 2.1). აქ, მოციქულის ნათქვამში, ლოცვასთან დაკავშირებული პირველი სწავლება არის ის, რომ იგი ლოცვას ყველა საქმეზე წინ აყენებს: "გლოცავ უკუე ყოვლისა წინა, რაჲთა ჰყოფდე ვედრებასა, ლოცვასა". ქრისტიანს მრავალი კეთილი საქმე მოეთხოვება, მაგრამ ლოცვა ყველა სხვა საქმეზე წინ უნდა იდგეს, რამდენადაც უმისოდ ვერანაირი კეთილი საქმე ვერ აღსრულდება. შეუძლებელია ლოცვის გარეშე უფლისკენ მიმავალი გზის პოვნა, ჭეშმარიტების შეცნობა, ვნებებითა და გულისთქმებითურთ ხორცის ჯვარცმა, შეუძლებელია ქრისტეს ნათლით გულის განათლება და მაცხონებელი შეერთება წინასწარი, ხშირი ლოცვის გარეშე. მე ვლაპარაკობ ხშირ ლოცვაზე, რადგან ლოცვის სრულყოფილებასა და სისწორეზე მსჯელობა ჩვენს შესაძლებლობას აღემატება. როგორც წმინდა პავლე მოციქული ამბობს: "რაჲმცა-იგი ვილოცეთ, ვითარ-იგი ჯერ-არს, არა ვიცით" (რომ. 8.26). შესაბამისად, ჩვენს ხელთ არის მხოლოდ ლოცვის სიხშირე და მუდმივობა, როგორც ლოცვის სიწმინდის მისაღწევი საშუალება, რომელიც არის დედა ყოველგვარი სულიერი სიკეთისა. "მოიპოვე დედა და გიშობს შვილებს", - ამბობს წმინდა ისააკ ასური. უპირველეს ყოვლისა, ლოცვის მოპოვება ისწავლე და შემდეგ აღასრულებ ყველა სათნოებას. სწორედ ეს არ ესმით ნათლად და ამაზე ცოტასაც მსჯელობენ ისინი, ვინც ნაკლებად იცნობს წმინდა მამების საიდუმლო სწავლებებს.


ამ საუბარში ჩვენ შეუმჩნევლად მივუახლოვდით უდაბნოს. შემთხვევა რომ ხელიდან არ გამეშვა და ამ ბრძენი ბერისგან საწადელ კითხვაზე პასუხი მალე მიმეღო, დაუყოვნებლივ ვუთხარი:


- წმინდაო მამაო, მოწყალება მოიღეთ და ამიხსენით, რას ნიშნავს განუწყვეტელი შინაგანი ლოცვა, და როგორ ვისწავლო იგი. როგორც ვხედავ, გამოცდილებით კარგად უნდა იცოდეთ ეს.


ბერმა სიყვარულით მიიღო ჩემი თხოვნა და თავისთან მიმიწვია:


- ახლა ჩემთან წამოდი, წმინდა მამების წიგნს მოგცემ. მისი მეშვეობით და ღვთის შეწევნით, ნათლად, დაწვრილებით გაიგებ და ისწავლი ლოცვას.


სენაკში შევედით და ბერმა ლაპარაკი დაიწყო:


- განუწყვეტელი შინაგანი იესოს ლოცვა არის იესო ქრისტეს ღვთიური სახელის მუდმივი, განუწყვეტელი მოხმობა ბაგეებით, გონებითა და გულით. ამავდროულად უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ის მუდმივად ჩვენთან იმყოფება და მისგან შეწყალება უნდა ვითხოვოთ ნებისმიერი საქმიანობის დროს, ყველგან და ყოველთვის, ძილშიც კი. აღნიშნული შემდეგი სიტყვებით გამოითქმის: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!" ვინც მიეჩვევა, ამგვარად მოუწოდოს მას, უდიდეს ნუგეშს იგრძნობს და ამ ლოცვის მოთხოვნილება იმდენად მოეძალება, რომ ლოცვის გარეშე ვეღარც გაძლებს და იგი თავისთავად დაიწყებს მასში დინებას. ახლა შენთვის გასაგებია, რაც არის განუწყვეტელი ლოცვა?


- სავსებით გასაგებია, მამაო! ღვთის გულისათვის, მასწავლეთ, როგორ მივაღწიო ამას! - წამოვიძახე გახარებულმა.


- თუ როგორ ვისწავლოთ ლოცვა, აი, ამ წიგნში წავიკითხოთ. წიგნს "სათნოებათმოყვარეობა" ჰქვია. მასში ოცდახუთი წმინდა მამის მიერ სრულად და დაწვრილებით არის გადმოცემული მეცნიერება განუწყვეტელი შინაგანი ლოცვისა. წიგნი იმდენად ფასეული და სასარგებლოა, რომ მჭვრეტელობითი სულიერი ცხოვრების უმთავრეს და უპირველეს მასწავლებლადაა აღიარებული, და როგორც ღირსი ნიკიფორე აღნიშნავს, "შრომისა და ოფლის ღვრის გარეშე მივყავართ ცხონებისკენ".


- ნუთუ ბიბლიაზე უფრო დიდი და წმინდაა? - ვკითხე მე.


- არა, ბიბლიაზე უფრო დიდი და წმინდა არ არის, მაგრამ ნათლად გვიხსნის მას, რაც ბიბლიაში საიდუმლოდაა გადმოცემული და თავისი სიდიადის გამო ძნელი გასაგებია ჩვენი არაშორსმჭვრეტელი გონებისთვის. დაგისახელებ მაგალითს: მზე ყველაზე დიდი, ბრწყინვალე და გამორჩეული მნათობია, მაგრამ შეუიარაღებელი თვალით შენ არ შეგიძლია მისი ჭვრეტა და დაკვირვება. საჭიროა ერთგვარი ხელოვნური მინა, რომელიც მზესთან შედარებით მილიონჯერ უფრო პატარა და დაბურულია, მაგრამ სწორედ მისი მეშვეობით შეძლებ მნათობთა დიდებულ მეფეს დააკვირდე, მისით აღფრთოვანდე და მისი ცეცხლოვანი სხივები დაინახო. მსგავსადვე, წმინდა წერილი არის ელვარე მზე, ხოლო "სათნოებათმოყვარეობა" - ხსენებული საჭირო მინა. მომისმინე, ახლა წაგიკითხავ, თუ როგორ უნდა ისწავლო განუწყვეტელი შინაგანი ლოცვა.


ბერმა "სათნოებათმოყვარეობა" გადაშალა, სვიმონ ახალი ღვთისმეტყველის სწავლანი მოძებნა და დაიწყო:


- "განმარტოებით, მდუმარედ დაჯექი, თავი დახარე, თვალები დახუჭე, ნელა ისუნთქე, წარმოსახვით გულში ჩაიხედე, გონება, ანუ აზრები თავიდან გულში გადაიტანე, სუნთქვისას ბაგეებით ან მხოლოდ გონებაში წყნარად წარმოთქვი: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". შეეცადე, განაგდო ზრახვები, იქონიო სიმშვიდე და მოთმინება და ხშირად ივარჯიშო ასე".


შემდეგ ბერმა ყოველივე ეს განმიმარტა და მაგალითი მოიყვანა. "სათნოებათმოყვარეობიდან" ჩვენ კიდევ წავიკითხეთ წმინდა გრიგოლ სინელის, ღირსი კალისტესა და ეგნატეს სწავლებანი. [რასაც "სათნოებათმოყვარეობაში" ვკითხულობდით, ბერი თავისი სიტყვებითაც მიხსნიდა. აღფრთოვანებული ყველაფერს ყურადღებით ვისმენდი]8, გონებით შთანვთქავდი და ვცდილობდი, შეძლებისდაგვარად ზუსტად დამემახსოვრებინა ყოველივე. ასე ზეზეულად გავატარეთ მთელი ღამე და უძილონი წავედით ცისკარზე.


ბერმა გამომშვიდობებისას დამლოცა და მითხრა, რომ ლოცვის სწავლის დროს მასთან მევლო გულწრფელი აღსარებისა და გულახდილი საუბრისთვის, რადგან მოძღვრის უმეთვალყურეოდ შინაგანი ღვაწლის თვითნებურად აღსრულება ძნელია და ნაკლებად წარმატებული.


ეკლესიაში დგომისას საოცარი სიბეჯითე მეუფლებოდა, მინდოდა, რაც შეიძლება, გულმოდგინედ შემესწავლა განუწყვეტელი შინაგანი ლოცვა და ღმერთს შემწეობას ვთხოვდი. შემდეგ დავფიქრდი, როგორ უნდა მევლო ბერთან რჩევისა და აღსარებისთვის: სასტუმროში ხომ სამ დღეზე მეტი ხნით არ გამაჩერებდნენ, და არც უდაბნოს მახლობლად ჩანდა ბინები? ბოლოს გავიგე, რომ ოთხი ვერსის მოშორებით სოფელი იყო. წავედი იქ ბინის მოსაძებნად. საბედნიეროდ, ღმერთმა ხელი მომიმართა: მთელი ზაფხულის განმავლობაში ერთ გლეხთან ბოსტნის დარაჯად ქირით იმ პირობით დავდექი, რომ ბოსტანში ჩადგმულ ფარდულში მარტო ვიცხოვრებდი. დიდება უფალს!  წყნარი ადგილი ვიპოვე. შევუდექი ამგვარ ცხოვრებას, მითითების მიხედვით ვსწავლობდი შინაგან ლოცვას და ბერთან დავდიოდი.


ერთ კვირაში ჩემს ბოსტანში განმარტოებული გულმოდგინედ ზუსტად ისე ვვარჯიშობდი განუწყვეტელ ლოცვაში, როგორც ეს ბერმა მასწავლა. პირველად თითქოს საქმე კარგად მიდიოდა. შემდეგ დიდი სიმძიმე, სიზარმაცე და მოწყენილობა ვიგრძენი, ძილი მომეძალა და სხვადასხვაგვარი ზრახვები ღრუბელივით შემომაწვა. დამწუხრებული წავედი ბერთან და ჩემი მდგომარეობა ავუხსენი. ის თავაზიანად შემხვდა და ლაპარაკი დაიწყო:


- საყვარელო ძმაო, ეს ბნელი სამყაროს ბრძოლაა შენ წინააღმდეგ, მას ჩვენში ისე არაფერი აძრწუნებს, როგორც გულითადი ლოცვა. აი, ამიტომ იგი ყოველნაირად ცდილობს, ხელი შეგიშალოს და შინაგანი ლოცვის სწავლას მოგწყვიტოს. თუმცა მტერიც ღვთის ნებითა და დაშვებით მოქმედებს, თანაც იმდენი ხნით, რამდენიც ჩვენთვის არის საჭირო. როგორც ჩანს, სიმდაბლის მოსაპოვებლად ჯერ კიდევ გჭირდება გამოცდა. აი, ამიტომ შენთვის ჯერ კიდევ ადრეა, უზომო მოშურნეობით შეეხო გულის უზენაეს კარიბჭეს, რათა სულიერ ანგარებაში არ შთავარდე. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით "სათნოებათმოყვარეობიდან" დარიგებას წაგიკითხავ.


ბერმა ღირსი ნიკიფორე მონაზვნის სწავლება მოძებნა და კითხვა დაიწყო: "თუ გარკვეული შრომის შედეგად გულის სამყაროში ვერ შეაღწევ, როგორც ამას განგიმარტავდნენ, მაშინ გააკეთე, რასაც გეტყვი, და ღვთის შეწევნით იპოვი იმას, რასაც ეძებდი. მოგეხსენებათ, თითოეული ადამიანის ხორხს სიტყვათა წარმოთქმის უნარი აქვს. გამოიყენე ეს უნარი, უკუაგდე აზრები (შეძლებ, თუ მოისურვებ!) და განუწყვეტლივ აიძულე, თქვას: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!" ამის წარმოსათქმელად ყოველთვის დაატანე თავს ძალა. თუ გარკვეულ ხანს ამგვარად დაჰყოფ, გულის კარი უეჭველად გაგეღება. ეს გამოცდილებითაა მიკვლეული".


- ხომ გესმის, ამ შემთხვევაში რას გვასწავლიან წმინდა მამები?! - თქვა ბერმა, - ამიტომ ნდობით უნდა მოეკიდო მცნებას და შეძლებისდაგვარად ხშირად თქვა იესოს ლოცვა. აჰა შენ, სკვნილი! დასაწყისისთვის ყოველდღე სამი ათასჯერ თქვი ლოცვა. დგახარ თუ ზიხარ, დადიხარ თუ წევხარ, განუწყვეტლივ თქვი: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!" არც ხმამაღლა და არც აჩქარებით. აუცილებლად დღეში ზუსტად სამი ათასჯერ თქვი, შენი ნებით არც მოაკლო და არც მიუმატო. ამ გზით ღმერთი შეგეწევა, მიაღწიო გულის განუწყვეტელ მოქმედებას.


სიხარულით მივიღე მისი ბრძანება და ჩემი სამყოფელისკენ გავემართე. გულმოდგინედ, ზუსტად ისე შევუდექი ყველაფრის შესრულებას, როგორც ბერმა მასწავლა. ორი დღე ცოტა გამიჭირდა. შემდეგ იმდენად მსუბუქი და სასურველი გახდა, რომ, როცა ლოცვას არ ვამბობდი, ჩნდებოდა მოთხოვნილება, კვლავ მეთქვა იესოს ლოცვა. მისი წარმოთქმა უფრო ადვილი და მსუბუქი გახდა, აღარ მჭირდებოდა უწინდელი ძალდატანება. ამის შესახებ ბერს ვაცნობე. მანაც დღეში უკვე ექვსი ათასი ლოცვის თქმა მიბრძანა, თანაც დასძინა:


- მშვიდად იყავი, მხოლოდ ეცადე, ზუსტად დაიცვა შენთვის ნაბრძანები ლოცვის რაოდენობა. ღმერთი წყალობას მოგივლენს.


მთელი კვირის განმავლობაში ჩემს განმარტოებულ ფარდულში ყოველდღიურად ექვსი ათასჯერ ვამბობდი იესოს ლოცვას, არაფერზე ვზრუნავდი და არანაირ ყურადღებას არ ვაქცევდი ზრახვებს, როგორც უნდა შემბრძოლებოდნენ ისინი; მხოლოდ იმას ვცდილობდი, რომ ზუსტად შემესრულებინა ბერის მცნება. და რა მოხდა? - იმდენად მივეჩვიე ლოცვას, მცირე ხნითაც თუ შევწყვეტდი, მეგონა, თითქოს რაღაც მაკლდა, რაღაც დავკარგე. ვიწყებ ლოცვას და იმავ წუთს, ისევ სიმსუბუქე და სიხარული მეუფლება. თუ ვინმეს ვხვდები, ლაპარაკის ხალისიც არ მაქვს, სულ განმარტოება და ლოცვა მინდა. ასე მივეჩვიე ლოცვას ერთ კვირაში.


ათი დღის უნახაობის შემდეგ ბერი თავად მოვიდა ჩემთან. ჩემი მდგომარეობა ავუხსენი. მან მომისმინა და მითხრა:


- აი, უკვე მიეჩვიე ლოცვას. ყურადღებით იყავი, შეინარჩუნე და გააღრმავე ეს ჩვევა, ამაოდ არ დაკარგო დრო და ღვთის შეწევნით ყოველდღიურად თორმეტი ათასი ლოცვის თქმას შეძლებ შეუსვენებლად. იყავი განმარტოებით, უფრო ადრე ადექი, დაწექი უფრო გვიან და ყოველ ორ კვირაში ჩემთან მოდი რჩევისთვის.



ისე ვაკეთებდი, როგორც ბერმა მიბრძანა. პირველ დღეს გვიან საღამომდე ძლივს მოვასწარი ჩემი თორმეტათასიანი კანონის დასრულება. მეორე დღეს იოლად და სიამოვნებით ვილოცე. თავდაპირველად, ლოცვის განუწყვეტელი წარმოთქმის დროს, დაღლილობას ვგრძნობდი, თითქოს ენა მიხევდებოდა და ყბა რაღაცნაირად, სასიამოვნოდ მეკვრებოდა. შემდეგ პირში სასის მსუბუქი და ნაზი ტკივილი ვიგრძენი, შემდეგ ოდნავ მეტკინა მარცხენა ხელის ცერა თითი, რითაც სკვნილს ვთვლიდი. მთელი ხელის მტევანი გამიხურდა. სიმხურვალე იდაყვამდე აღწევდა და სასიამოვნო შეგრძნებას იწვევდა. ყველაფერი ეს თითქოს ლოცვისკენ მიბიძგებდა და მაიძულებდა, ბევრი მელოცა. ამრიგად, ხუთი დღე ზუსტად თორმეტი ათას ლოცვას ვამბობდი. ლოცვა ჩვეულებად მექცა და თან ხალისსა და სიამოვნებას მანიჭებდა.


[ერთხელ დილაადრიანად თითქოს ლოცვამ გამომაღვიძა. დავიწყე კიდეც დილის ლოცვების კითხვა, მაგრამ ენა მოუხერხებლად წარმოთქვამდა მათ]9. მთელი ჩემი ნება-სურვილი იესოს ლოცვის წარმოსათქმელად იყო მიმართული. როგორი სიმსუბუქე და ხალისი დამეუფლა, ლოცვა რომ დავიწყე! ენა და ბაგეები თავისთავად, ძალდაუტანებლად წარმოთქვამდნენ ლოცვას. მთელი დღე სიხარულში გავატარე, თითქოს სხვა ყველაფერს მოვწყდი და სხვა მიწაზე ვიყავი. ღამით ადრიანად და ადვილად დავასრულე თორმეტი ათასი ლოცვა. ძალიან მინდოდა, კიდევ მელოცა, მაგრამ ვერ გავბედე იმაზე მეტის თქმა, რაც ბერმა მიბრძანა. ამგვარად, მომდევნო დღეებშიც მსუბუქად და გატაცებით ვაგრძელებდი იესო ქრისტეს სახელის მოწოდებას. შემდეგ ბერთან წავედი აღსარებისთვის და ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე. მან მომისმინა და ლაპარაკი დაიწყო:


- ღმერთს დიდება, რომ ლოცვის ხალისი და სიმსუბუქე მოგეცა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ხშირი ვარჯიშითა და მოღვაწეობით ის ისევე მოდის, როგორც მანქანა მოძრაობს ხოლმე თავისით, როცა მის მთავარ ბორბალს უბიძგებენ ან სიჩქარეს მისცემენ. მოძრაობის გასახანგრძლივებლად მხოლოდ ბორბლის დაზეთვა ან ბიძგია საჭირო. ხედავ, კაცთმოყვარე ღმერთმა როგორი შესანიშნავი უნარით აღჭურვა ადამიანის გრძნობადი ბუნებაც კი?! როგორი შეგრძნებები შეიძლება იყოს უმადლო მდგომარეობაში, განუწმენდავ გრძნობებსა და ცოდვილ სულში, როგორც ეს შენ თავად გამოსცადე?! და რაოდენ შესანიშნავი, აღმაფრთოვანებელი და ტკბილია, როცა უფალი ვინმეს თავისთავად მოქმედი, სულიერი ლოცვის მადლს მიანიჭებს და სულს ვნებებისგან განწმენდს?! შეუძლებელია ამ მდგომარეობის ახსნა. ამ ლოცვითი საიდუმლოს განცხადება არის ზეციური ნეტარებით წინასწარი ტკბობა მიწაზე. ამის ღირსნი სიყვარულით მდიდარი, უბრალო გულით უფლის მაძიებელნი ხდებიან! ახლა ნებას გრთავ, იმდენჯერ თქვა ლოცვა, რამდენჯერაც მოგესურვება. შეძლებისდაგვარად მეტი ილოცე, ეცადე, მღვიძარებისას მთელი დრო ლოცვას დაუთმო და უკვე დაუთვლელად მოუწოდო იესო ქრისტეს სახელს, მდაბლად დამორჩილდი უფლის ნებას და მისგან დაელოდე შეწევნას. მწამს, ის არ დაგტოვებს და გზას წარგიმართავს.


დარიგების მიღების შემდგომ მთელი ზაფხული განუწყვეტელ იესოს ლოცვაში გავატარე და ძალიან მშვიდად ვიყავი. ძილში ხშირად მესიზმრებოდა, რომ ვლოცულობდი. დღისით თუ ვინმეს ვნახავდი, განურჩევლად ყველა ახლობელივით საყვარელი იყო ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ მათთან არანაირი ურთიერთობა არ მქონდა. აზრები თავისთავად სრულიად დაწყნარდა. ლოცვის გარდა არაფერზე ვფიქრობდი, გონებამ ლოცვის მოსმენა დაიწყო, გული კი დროდადრო თავისთავად გრძნობდა სითბოსა და გარკვეულ სიამეს. ეკლესიაში მისულს უდაბნოს ხანგრძლივი ღვთისმსახურება მოკლე მეჩვენებოდა და იგი უწინდელივით დამქანცველი აღარ იყო. ჩემი განმარტოებული ფარდული ბრწყინვალე სასახლედ წარმომედგინა და აღარ ვიცოდი, როგორ მეთქვა ღმერთისთვის მადლობა, ჩემნაირ დიდ ცოდვილს ასეთი მხსნელი ბერი და მოძღვარი რომ გამოუგზავნა.


მაგრამ ჩემი საყვარელი და ღვთივგაბრძნობილი უხუცესის დამოძღვრით დიდხანს არ მისარგებლია - ზაფხულის მიწურულს იგი გარდაიცვალა. ტირილით დავემშვიდობე მას, მადლობა მოვახსენე ჩემნაირი ცოდვილის მამობრივი დამოძღვრისთვის და ლოცვა-კურთხევა გამოვითხოვე, რათა მის შემდეგ მე მელოცა იმ სკვნილზე, რომელზეც იგი მუდამ ლოცულობდა. ასე რომ, მარტო დავრჩი. შემდეგ ზაფხულიც გავიდა, ბოსტანიც აიღეს... აღარსად დამედგომებოდა. გლეხმა ანგარიში გამისწორა, დარაჯობის საზღაურად ორი მანეთი მომცა, საგზლად ორცხობილებით გამივსო ჩანთა და კვლავ ხეტიალი დავიწყე. მაგრამ უწინდებურად იძულებით კი არ დავდიოდი... იესო ქრისტეს სახელის მოწოდება გზაში მახალისებდა, ადამიანები უფრო კეთილები გახდნენ და მეჩვენებოდა, რომ ყველას ვუყვარდი.


ერთხელ დავფიქრდი, სად წამეღო ბოსტნის დარაჯობაში აღებული ფული და რაში მომეხმარა იგი. "მოიცა! ბერი აღარ არის, მასწავლებელი არავინაა. მოდი, "სათნოებათმოყვარეობას" ვიყიდი და იქიდან ვისწავლი შინაგან ლოცვას". პირჯავრი გადავიწერე და ლოცვით განვაგრძე გზა. ერთ საგუბერნიო ქალაქს მივაღწიე. დახლებზე "სათნოებათმოყვარეობის" ძებნა დავიწყე. ერთ ადგილას ვიპოვე, სამი მანეთი მომთხოვეს, მე კი მხოლოდ ორი მქონდა. ვივაჭრე, ვივაჭრე, მაგრამ ვაჭარმა კაპიკიც არ დამიკლო. ბოლოს მითხრა:


- აი, იმ ეკლესიაში მიდი. იქ მნათე იკითხე, მას აქვს ასეთივე ძველი წიგნი. იქნებ, მან დაგითმოს ორ მანეთად.


წავედი და მართლაც ორ მანეთად ვიყიდე "სათნოებათმოყვა¬რეობა", სრულიად გაცვეთილი და ძველი. გამიხარდა. როგორღაც შევაკეთე, ნაჭერი შემოვაკერე და ბიბლიასთან ერთად ჩანთაში ჩავიდე.


აი, ახლა დავდივარ ასე და განუწყვეტლივ ვამბობ იესოს ლოცვას, რომელიც ამქვეყნად ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და ტკბილია. ზოგჯერ დღეში სამოცდაათ ვერსზე მეტს გავივლი და ვერც ვგრძნობ, ფეხით რომ დავდივარ, მხოლოდ იმას ვგრძნობ, რომ ვლოცულობ. როცა ძლიერ შემცივდება, უფრო დაძაბული ვლოცულობ და მალე სრულიად ვთბები. თუ შიმშილი მომეძალება, უფრო ხშირად მოვუწოდებ იესო ქრისტეს სახელს და შიმშილი მავიწყდება. ავად როცა ვხდები და ზურგსა და ფეხებში მამტვრევს, ლოცვას ვუღრმავდები და ტკივილს ვეღარ ვგრძნობ. როცა შეურაცხყოფას მაყენებენ, ვიხსენებ, რამდენად ტკბილია იესოს ლოცვა, სიბრაზე მაშინვე მინელდება და ყველაფერი მავიწყდება. ჭკუანაკლულს დავემსგავსე: არაფერზე ვზრუნავ, არაფერი მიზიდავს; ამაოს არაფერს შევხედავდი და სულ განმარტოებით ვიქნებოდი. ჩვევიდან გამომდინარე მხოლოდ ერთი რამ მინდა - განუწყვეტლივ ვილოცო. როცა ვლოცულობ, ძალიან მხიარულად ვარ. ღმერთმა იცის, რაც მჭირს. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს ხორციელია ან, როგორც განსვენებული ბერი იტყოდა, ბუნებრივია და ჩვევიდან გამომდინარე, მაგრამ გულში აღსრულებული სულიერი ლოცვის შესწავლასა და ათვისებას ჯერ ვერ ვბედავ ჩემი უღირსებისა და უგუნურების გამო. ველოდები, როდის იქნება ღვთის ნება, და ჩემი განსვენებული ბერის ლოცვის იმედი მაქვს. ამგვარად, თუმცა გულში თავისთავად მოქმედ, განუწყვეტელ სულიერ ლოცვას ვერ მივაღწიე, დიდება უფალს, ახლა ცხადად მაინც მესმის, რას ნიშნავს სამოციქულოდან მოსმენილი გამონათქვამი: "მოუკლებელად ილოცევდით".