მწირის გულახდილი საუბრები სულიერ მოძღვართან
წინასიტყვაობა
წინამდებარე წიგნი არის პირველი ქართული გამოცემა მართლმადიდებელი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი თხზულებისა "მწირის გულახდილი საუბრები მის სულიერ მოძღვართან". იგი XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწერა და ვრცელდებოდა როგორც ხელნაწერის, ისე ბეჭდვითი სახით. თხზულება ყაზანის ეპარქიის ჩერემისის მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენმა პაისიმ გადაწერა ათონის მთაზე და 1881 წელს მანვე გამოსცა პირველად ამავე მონასტრის ფულადი სახსრებით. წიგნმა იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა, რომ 1884 წლისთვის უკვე მეოთხედ გამოიცა მოსკოვში. ასევე, გამომცემლობა YMCA-PRESS-მა ორჯერ დაბეჭდა პარიზში. წიგნი ეძღვნება იესოს ლოცვის შესწავლის ხელოვნებას. თავის თავგადასავალს გვიამბობს "საქმით - უდიდესი ცოდვილი, წოდებით - მდაბიო, აქეთ-იქით მოხეტიალე მიუსაფარი მწირი", რომელიც ხან მეტყევესთან ათევს ღამეს, ხან - ვაჭართან, ხან - კეთილმორწმუნე მემამულესთან და ხანაც - მღვდელთან. მეტად ღრმაშინაარსიანი საუბრის, საკამოდ დიდი ლიტერატურული ნიჭისა და გემოვნების წყალობით მისი ნაამბობი ადვილად იპყრობს მკითხველის ყურადღებას და ძალაუნებურად განაწყობს მოსასმენად. თუმცა თანამედროვეობისთვის რამდენადმე მოძველებულია მწირის ენა და ზოგ ადგილას რიტმისა და სტილის ერთიანობაც არ არის დაცული, მაინც ვერაფერი აკნინებს წიგნიდან მიღებულ დადებით შთაბეჭდილებას. მწირი ცოცხალი, ხალხური, მაგრამ გამართული რუსულით გვესაუბრება, რომელიც არც გამოგონილია და არც ხელოვნური. უდავოდ, ავტორისთვის ბუნებრივია ეს ენა და საკმაოდ ოსტატურადაც ფლობს მას. რუსეთის უკიდეგანო გზებზე მოხეტიალე მწირები მეტად ჩვეული რამ იყო იმ დროისთვის. ასეთი მწირები დადიოდნენ საროვოში, ვალაამში, ოპტინოში, კიევში... ისინი ტოვებდნენ სახლებს, ოჯახურ სიმყუდროვეს და უხუცესებსა და სქიმოსან ბერებთან სასაუბროდ ფეხით გადიოდნენ ათასობით ვერსს. თავიანთი ყოფით ისინი ძლიერ ჰგავდნენ პირველ ქრისტიანებს, რომლებზეც ძველი დროის ერთი მწერალი ასე წერდა: "ქრისტიანები მდგმურებივით ცხოვრობენ თავიანთ სამშობლოში: როგორც მოქალაქეები, ყველაფერში იღებენ მონაწილეობას, მაგრამ ყველაფერს ითმენენ უცხოტომელებივით. მათთვის ყოველი უცხო ქვეყანა სამშობლოა და უცხო ქვეყანაა სამშობლო... ხორცში არიან და ხორციელად არ ცხოვრობენ. მიწაზე დადიან, მაგრამ ზეცაში ბინადრობენ" ("წერილი დიოგენესთან"). მწირი, ვისი მთელი სიმდიდრე, ზურგზე მოგდებული ორცხობილებიანი აბგის გარდა, არის უბეში - ბიბლია და ჩანთაში - "სათნოებათმოყვარეობა", დიდი საგანძურის მფლობელია. ეს საგანძური არის ლოცვა. ეს ის სულიერი სიმდიდრეა, რომელსაც ასკეტი მამები "გონიერ ღვაწლს", ანუ "სულიერ მღვიძარებას" უწოდებდნენ და რომელიც მემკვიდრეობით მიიღეს ეგვიპტელი, სინელი დადა ათონელი მოსაგრეებისგან. მწირის სულიერი პილიგრიმობა იწყება მოციქულთა ნათქვამით - "მოუკლებელად ილოცევდით", რასაც ოდითგანვე მისდეევდნენ ქრისტიანი მისტიკოსები. შინაგანი მოღვაწეობით შეძენილი გამოცდილებით მათ მთელი მეცნიერება ჩამოაყალიბეს მუდმივად მღვიძარე გონებაზე. ჯერ კიდევ კლიმენტი ალექსანდრიელმა, დიდმა ფილოსოფოსმა და ღვთისმეტყველმა, ერთ-ერთმა პირველმა ქრისტიანმა მისტიკოსმა, იცოდა შინაგანი მოღვაწეობის მთავარი პრინციპები. მისი "გნოსისი" ნიადაგ მიილტვის შინაგანი ლოცვისკენ, რომელსაც არც განსაკუთრებული დრო სჭირდება, არც განსაკუთრებული ადგილი და წიგნი. მას არ სჭირდება სიტყვები და ბგერები. მისი ბაგეების უხმო ლოცვა მისივე გულის გამოძახილია. იგი ლოცულობს მთელი დღე, მთელი სიცოცხლე. ლოცვის მიზანია არა მლოცველის თხოვნის დაკმაყოფილება, არამედ ღვთის ჭვრეტა. ეს ლოცვა ცნობილი იყო მაკარი ეგვიპტელისა და ანტონი დიდისთვის, იოანე სინელისა და მაქსიმე აღმსარებლისთვის, ისააკ ასურისა და სვიმონ ახალი ღვთისმეტყველისთვის... ზოგადად წიგნი მოიცავს შვიდ საუბარსა და წმინდა მამების "სათნოებათმოყვარეობიდან" ამოკრეფილ სწავლებებს სათაურით "შინაგანი ლოცვის საგანძურის სამი გასაღები" (წინამდებარე გამოცემაში მხოლოდ საუბრებს გთავაზობთ). თავდაპირველად ცნობილი იყო მხოლოდ პირველი ოთხი საუბრი, ხოლო 1911 წელს რუსეთში გამოიცა შემდგომი სამი საუბარი. ისინი ხელნაწერის სახით იპოვეს ცნობილი ოპტინელი ბერის, სქიმოსანი მღვდელ-მონაზონი ამბროსის არქივში. ეს ახალი - მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე - საუბრები ცალკე ბროშურად დაიბეჭდა საზღვარგარეთ, რუსულ საეკლესიო ტიპოგრაფიაში 1933 წელს. პირველი ოთხი საუბრისთვის წინასიტყვაობა დაწერა ჩერემისის მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენმა პაისიმ, საზღვარგარეთული გამოცემისთვის - პროფესორმა ბ. პ. ვიშესლავცევმა, ხოლო დანარჩენი სამი საუბრისთვის - ვოლოგდის ეპისკოპოსმა ნიკონმა. აღნიშნული საუბრების ავტორი უცნობია. ასახელებდნენ რამდენიმე პიროვნებას: ნიჟნინოვგოროდისა თუ ვლადიმირის ეპარქიის ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარს, იღუმენ ტიხონს, რომელიც რამდენიმე სასულიერო წიგნის ავტორი გახლავთ; ოპტინელ ბერს, სქიმოსან მღვდელ-მონაზონ ამბროსის და წმინდა თეოფანე დაყუდებულს. რომელიმე მათგანის სასარგებლოდ რაიმეს დანამდვილებით თქმა ჭირს. ადვილი შესაძლებელია, რომ წიგნის ავტორი სრულიად უცნობი ვინმე იყოს. ასევე, საკითხავია, რამდენად ეკუთვნის შემდგომი სამი საუბარი პირველი ოთხის ავტორს? გასაოცარია ისიც, რომ ბოლო სამი საუბარი სრულიად მოულოდნელად მხოლოდ 1911 წელს იპოვეს, ანუ მას შემდეგ, რაც პირველი ოთხი საუბარი ოთხჯერ გამოიცა და ფართოდ გავრცელდა მთელ რუსეთში. 1951 წელს ათონის მთაზე, პანტელეიმონის რუსულ მონასტერში მიკვლეული ხელნაწერი "მწირის გულახდილი საუბრები", შიფრით №50/4/395 (ძველი შიფრი - №ХХУП/47 ან 317/1883), მეტად განსხვავდება ამავე წიგნის მესამე გამოცემისგან, რომელიც საფუძვლად უდევს ყველა შემდგომ გამოცემას და ყველაზე "სწორ და შევსებულ" ვარიანტადაა მიჩნეული. განსაკუთრებით დიდი განსხვავება გვხვდება პირველ და მეოთხე საუბრებში. ხელნაწერში მეოთხე საუბრის შემდეგ მცირე მოცულობის ბოლოსიტყვაობაა. ასევე, მასში არ არის "შინაგანი ლოცვის საგანძურის სამი გასაღები", და, თავისთავად, არ არის შემდგომი სამი საუბარიც. ტექსტი 452 გვერდისგან შედგება. თუ გამოტოვებული ადგილებისა და შეცდომების მიხედვით ვიმსჯელებთ, ხსენებული ხელნაწერი შეუძლებელია ავტოგრაფად მივიჩნიოთ. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს პირველი გამოცემა (1881 წელს იღუმენი პაისის მიერ გამოცემული), რადგან ავტორისეული დედნიდან ან უფრო ზუსტი ასლიდან უნდა იყოს შესრულებული. მისი ტექსტი შედარებით ახლოსაა ათონურ ხელნაწერთან და განსხვავდება მესამე გამოცემისგან. განსხვავებულია წიგნის სათაურიც; "მწირის გულახდილი საუბრები მის სულიერ მოძღვართან, რომელიც ღვთის სიტყვის შემდეგ გამონათქვამში, "საიდუმლო მეფისა კეთილ არს დამალვად, ხოლო საქმენი უფლისა ღმრთისანი - მითხრობად პატიოსნად" (ტობ. 12.7), დარწმუნებულმა მსმენელმა დაწერა", ყაზანი 1881. სამწუხაროდ, ეს გამოცემა არათუ ავტოგრაფის, არამედ საკმაოდ ცუდი ასლის მიხედვით შეიქმნა. ტექსტი ზოგან სრული სახით არ არის მოცემული. ეპისკოპოსი ნიკონი, შემდგომი სამი საუბრის გამომცემელი, ამასთან დაკავშირებით წერდა: "იგი გამოიცა, შეიძლება ითქვას, უწიგნურად: არავის უცდია თუნდაც გრამატიკული შეცდომების გასწორება... პირველი გამოცემა მალე გავრცელდა; მეორე უფრო გაუმჯობესებული სახით გამოვიდა. მე მაშინაც მივწერე თეოფანე განმანათლებელს და ამ წიგნის თაობაზე მისი შეხედულება ვიკითხე. მან მიპასუხა, რომ ლოცვის შესახებ სწავლება მასში სწორად არის გადმოცემული". "მწირის საუბრების" პირველი გამოცემა მამა პაისის დაუყოვნებლივ გაუგზავნია წმინდა ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებულისთვის (გოვოროვი, 1815-5.1.1894). წმინდა თეოფანემ თავად გაასწორა "მწირის საუბრები", სადღეისოდ გავრცელებული სახე მისცა და ხელმეორედ გამოსაცემად გადაგზავნა. ეპისკოპოსი თეოფანეს მიერ შესწორებული ტექსტი გახდა "კანონიკური" და საყოველთაოდ მისაღები. 1882 წლის 26 ოქტომბერს იგი ნ. ვ. ელაგინს სწერდა: "გახსოვთ ან იცნობდით პაისი საროველს - ახლანდელ იღუმენს სადღაც ყაზანის ეპარქიაში? მან დაიწყო მწირის საუბარი, რომელიც იესოს ლოცვას ეძებდა. (იქნებ, უკვე გიამბეთ კიდეც ამაზე? დამავიწყდა). მან გამომიგზავნა. - მე ეს წიგნი გავასწორე და შევავსე... და მეორე გამოცემისთვის გადავგზავნე". წმინდა თეოფანე დაყუდებულმა ამოიღო ქალის მიერ მწირის ცდუნების მცდელობის ამბავი. გარდა იმისა, რომ მან სტილისტურად გაასწორა ტექსტი, ასევე შეეცადა ხიბლისა და სხვა სახის ცდომილებისგან დაეცვა სულიერ ცხოვრებაში გამოუცდელი მკითხველი, რაც ადვილად შეიძლება დაემართოს ცოდვებისა და ვნებებისგან განუწმენდავ ადამიანს, როცა, თავდაჯერებული, თვითნებურად ბედავს გონებრივი ღვაწლის ხელყოფას და იესოს ლოცვის შესწავლას. ამიტომ წმინდა თეოფანემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სულიერი მოძღვრის მორჩილების მნიშვნელობაზე და ძლიერ შეცვალა ასკეტური ტექსტები, რომლებიც სათაურით "შინაგანი ლოცვის საგანძურის სამი გასაღები" თან ერთვის "საუბრებს". იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის წიგნის ავტორი და რა ვითარებაში დაიწერა იგი, მესამე გამოცემის ანონიმური ავტორი გვაუწყებს: "1) ვინ დაწერა? ეს საუბრები ჩერემისის მონასტრის განსვენებულმა წინამძღვარმა, იღუმენმა პაისიმ ერთი უხუცესი სქიმოსნისგან გადაიწერა ათონზე, და შემდეგ იმათი თხოვნით, ვინც საუბრები ხელნაწერში წაიკითხა, დაბეჭდა. მაინც ვინ იყო მათი შემდგენელი - უცნობია. 2) მეორე კითხვაზე, თუ სად და როგორ შედგა საუბრები, შეუძლებელია ზუსტი პასუხის გაცემა, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს ასე მოხდა: ირკუტსკში ჩასული მწირი, როგორც მოთხრობილია, ერთმა უცხოთმოყვარე კაცმა მიიწვია, და ცოტა ხანს მასთან დაჰყო, ვიდრე წმინდა ინოკენტი განმანათლებლის წმინდა ნაწილებთან ღმერთს ევედრებოდა და აღნიშნული უცხოთშემწყნარებელი კაცისგან მიიღო მინიშნება, თუ როგორ მიეღწია იერუსალიმამდე. რადგან თავისუფალი დრო ჰქონდა, ჩვეულებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, სულიერი მოძღვრის ძებნა დაიწყო, და იპოვა კიდეც, რომელიც მიხვდა, რომ მწირი იესოს ლოცვაში იყო, და, ალბათ, ჰკითხა, როგორ და ვისგან ისწავლა ლოცვა. სწორედ ეს გახდა მიზეზი საუბრებისა და გასაგები ხდება, თუ რატომ იწყება პირველი საუბარი პირდაპირ იესოს ლოცვის მცოდნე წინამძღვრის პოვნის ამბავით, და არა თავად მწირის ამბით, რასაც თითქოს სასხვათაშორისოდ გვიამბობს უკვე მესამე საუბარში. ერთ ჯერზე ყველაფრის მოყოლა ვერ მოხერხდა. მოთხრობილია მხოლოდ პირველი ნახევარი იესოს ლოცვის ცოდნაში მიღწეული წარმატებისა. წარმატებისკენ შემდგომი წინსვლა ბერის სიკვდილმა შეაფერხა. მეორე ნახევარი ლოცვის საქმისა ბოლომდეა მიყვანილი ირკუტსკის გზაზე, წმინდა მამების ნაშრომებით ხელმძღვანელობის შედეგად. მესამე საუბარი მოკლეა და გაიმართა განშორებისას, იერუსალიმში გამგზავრების წინ. გასამგზავრებლად გამზადებული მწირი დასამშვიდობებლად სულიერ მოძღვართან მივიდა და მისი თხოვნით მოკლედ მოჰყვა თავის ამბავს. მეოთხე საუბარი შემთხვევითია. ქალაქიდან თითქმის გამოსული მწირი რამდენიმე დღით დააყოვნეს. მან ვერ მოითმინა, რომ კვლავ არ ენახულა თავისი სულიერი მამა, რომელმაც იგი დაითანხმა, კიდევ ეამბნა რამე ჭკუის სასწავლებელი იქიდან, რაც მწირობის დროს თავს გადახდენოდა. - უნდა ვიფიქროთ, რომ, აი, ასე შედგა ოთხივე საუბარი". მღვდელი პავლე ფლორენსკის არქივში შემონახული მისივე ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, "საუბრების" ავტორი იყო "არქიმანდრიტი მიქაელი, სელენგინის სამების სახელობის მონასტრის წინამძღვარი და 1879 წლის 4 იანვარს დაარსებული განხეთქილებასთან მებრძოლი მისიის პირველი ხელმძღვანელი. 1846 წელს განხეთქილებაში დაბადებულმა მართლმადიდებლობა მიიღო. შემდეგ 1857 წლიდან 1874 წლამდე იცხოვრა ათონზე, სადაც ბერად აღიკვეცა კიდეც. 1872 წელს გაგზავნეს მცირე აზიაში მაინოსელი სტაროვერების მართლმადიდებლობაზე მოსაქცევად. ათონის შემდეგ ოთხი წელი ცხოვრობდა ყაზანის ეპარქიის სვიაჟსკის მონასტერში და ასრულებდა ეპარქიის მისიონერის მოვალეობას. ბაიკალისპირეთში გადასვლის შემდეგ იგი ხშირად ეპაექრებოდა სტაროვერებს (ბევრი საუბარი დაიბეჭდა "ირკუტსკის საეპარქიო უწყებანში" და 1887 წელს ხელმეორედ გამოსცა დეკანოზმა მიხაილოვსკიმ). გარდაიცვალა 1884 წლის დასაწყისში". 1880 წლის 3 დეკემბრით დათარიღებულ წერილში (№39) ირკუტსკის ეპისკოპოსი ბენიამინი ყაზანის არქიეპისკოპოს ვლადიმირს სწერდა: "წერილისთვის ახლა ძალიან სერიოზული მიზეზი მაქვს: 30 ნოემბერს, როგორც შაცკიდან ტელეგრაფით მაცნობეს, ვიშენსის უდაბნოში გარდაიცვალა ჩემი ძმა, მამა ფეოდოსი... თქვენგან არანაირი ცნობა მქონია, გაუგზავნეთ თუ არა განსვენებულ ფეოდოსის ხელნაწერი; "განუწყვეტელი ლოცვის მაძიებელი". არც მას მოუწერია რამე მის მიღებასთან დაკავშირებით. თუ ხელნაწერი კვლავ თქვენთანაა, გთხოვთ, გადააგზავნოთ ვიშენსის მონასრტერში ქ. შაცკიდან, წინამძღვრის, არქიმანდრიტ არკადის, სახელზე. დაე, ძმის სულის მოსახსენიებლად, ჩემგან ესეც ჰქონდეს მონასტერს". 1881 წლის 18 მარტით დათარიღებულ წერილში (№42) მეუფე კიდევ ერთხელ იხსენიებს ამ წიგნს: "არქიმნადრიტი მიქაელის ხელნაწერი თავისთვის გადაიწერეს ათონელმა უხუცესებმა. ვწუხვარ, რომ მასზე უსამღვდელოესი თეოფანეს შეხედულებას ჩემი ძმა, მამა ფეოდოსი, ვეღარ მაცნობებს. წერილში ვთხოვდი, უსამღვდელოესი თეოფანესთვის გადაეცა იგი და გაეგო მისი მოსაზრება. რაც შეეხება ოპტინელ უხუცესებს, ისინი `სათნოებათმოყვარეობიდან" ზოგიერთი ადგილის წაკითხვას არ გვირჩევენ (რომელიც მაინც გამოიცა და ახალ გამოცემაშია), რომლებშიც გულისმიერი ლოცვის გარეგანი მოქმედებაა აღწერილი. ხოლო არქიმანდრიტი მიქაელის ხელნაწერში აღნიშნულ მოქმედებაზე არაფერია ნათქვამი. ეს ხელნაწერი იმიტომ მომწონს განსაკუთრებით, რომ განყენებული მსჯელობებით კი არ გვასწავლის განუწყვეტელ ლოცვას, არამედ გამოცდილება ჩანს ადამიანებში, მარტივ და ცოცხალ საუბარში. აქ ბევრმა (რა თქმა უნდა, ღვთისმოსავმა) აღფრთოვანებით წაიკითხა, ზოგიერთმა გადაიწერა კიდეც". მეუფე ბენიამინი ზოგადად მსჯელობს მამა მიქაელის ხელნაწერზე. შესაბამისად, ძნელია მისი ავტორობის დადგენაც, რადგან არ ვიცით, მან მწირის სულიერი მოძღვრის საუბრები ჩაიწერა თუ თავად მწირისა, უკვე არსებულ ჩანაწერებს გაუკეთა რედაქტირება თუ ამ საუბრებით თავისივე სულიერი ავტობიოგრაფია დაწერა. ასევე, შესაძლოა, არქიმანდრიტის ხელნაწერი სრულებით არც იყო "მწირის საუბრები", და მისი მსგავსი სხვა თხზულება გახლდათ. ვინაიდან ავტორისეული ტექსტი მიკვლეული არ არის, წინამდებარე ტექსტი წმინდა თეოფანე დაყუდებულის მიერ რედაქტირებული, ანუ ე.წ. "კანონიკური" რედაქცია გახლავთ. დანართში შეგიძლიათ იხილოთ ის განსხვავებები, რომლებიც ათონურ ხელნაწერსა და ყაზანის 1881 წლის პირველ გამოცემაში გვხვდება. ტექსტში ეს ადგილები ფიგურული ფრჩხილებითა და შესაბამისი ნუმერაციით არის გამოყოფილი. |