წერილები, ნაშრომები, ქადაგებები, ავტორიტეტული მართლმადიდებელი მოძღვრებისა
მამა ვალენტინი მორდასოვი ცოლ-ქმრის ურთიერთობა
გვინდა ზუსტად ვიცოდეთ, როდის შეიძლება ცოლ-ქმრის ურთიერთობა და როდის არა?
ეს კალენდრის მიხედვით შეიძლება გაიგოთ: ცოლ-ქმრულ კავშირს უნდა ერიდოთ დღეებში, როდესაც არ შეიძლება ჯვრისწერა: მაგალითად, ოთხშაბათის, პარასკევის, კვირის წინაღამეს და დღესასწაულებზე.
შეიძლება დავარღვიოთ მარხვა და შევასრულოთ ცოლ-ქმრული მოვალეობა მცირედმორწმუნე მეუღლის სურვილით? თუ არა, მაშინ როგორ მოვიქცეთ მორიგი თხოვნის დროს, როდესაც ლაპარაკია სხვა პარტნიორის მოძებნაზე?
წმიდა მოციქულ პავლეს აქვს ასეთი სიტყვები: "... ხოლო სიძვისთვის, კაცად-კაცადსა თავისი ცოლი ესვან, და თვითოეულსა თავისი ქმარი ესვან; ცოლი თვისთა ხორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ქმარი; ეგრეთცა ქმარიცა თვისთა ხორცთა არა უფალ არს, არამედ ცოლი. ნუ განეშორებით ურთიერთს, გარნა თუ შეთქუმთ რაიმე, ჟამ რავდენმე, რაითა მოიცალოთ ლოცვად და მარხვად და კუალად ურთიერთსავე იყვენით, რაითა არა განგცადნეს თქუენ ეშმაკმა უთმინოებითა თქუენითა" (1 კორ. VII, 2-5). ამ წერილის მიხედვით ეკლესიას აქვს წესი, რომ არ დაუშვას სიძვა ერთ-ერთი მეუღლის მხრიდან და დაუთმოს მცირედმორწმუნეს ამ საკითხში. მაგრამ ამ მცირედმორწმუნემ უნდა მოინანიოს თავისი მოუთმენლობის ცოდვა. არ შეიძლება ცოლქმრული კავშირი დიდმარხვის პირველ კვირას და ვნების შვიდეულში, აგრეთვე დიდ დღესასწაულებში და ერთი დღე ზიარებამდე.
ეკლესიას შეუძლია აკურთხოს ქორწინება, თუ მშობლები კატეგორიულად წინააღმდეგნი არიან? და მზად არიან ეს განაცხადონ?
გააჩნია მექორწინეთა ასაკს. სჯობს კურთხევა აიღოთ მღვდელმთავრისაგან.
თუ ქმარი სვამს და ჩხუბობს შეიძლება გამოვიძახოთ პოლიცია? ეს ქრისტიანულია?
მოღვაწენი ამგვარად იქცეოდნენ: სულისთვის უვნებელს იტანდნენ, მავნეს კი თავს არიდებდნენ, მაგალითად სანამ სულით ავადმყოფი (შეშლილი) არაფერს ავნებდათ, უვლიდნენ, ჰკვებავდნენ, ხოლო როდესაც საშიში გახდებოდა შუშებს ამტვრევდა, ხალხს სცემდა და ა.შ - შესაბამის დაწესებულებებში აბარებდნენ.
განქორწინება ცოდვაა, მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ ქმარი სვამს და მასთან ცხოვრება შეუძლებელია?
ეკლესია განქორწინების ნებას იძლევა მხოლოდ მეუღლეთაგან ერთ-ერთის ღალატის შემთხვევაში. ქმრის ლოთობას ან სხვა ნაკლოვანებას ქრისტიანი აღიქვამს, როგორც ჯვარს, იმიტომ რომ ლოთობის მიზეზი შეიძლება იყოს ცოლი, რომელიც თავის საქციელით უბიძგებს ქმარს ამ ავადმყოფური მანკიერებიკსენ. შეუღლებისას თქვენ ერთმანეთს ჰპირდებით სიყვარსულს არამარტო თქვენი ბედნიერების წუთებში, არამედ სიმძიმის დროსაც; ჰპირდებით, არ მიატოვებთ მეუღლე ავადმყოფობის დროს. ლოთობა კი ავდმყოფობაა. ამიტომ თქვენ მეუღლისათვის ლოცვის ღვაწლი მოგეთხოვებათ. განქორწინება- ეს ჯვრის თავიდან მოსაცილებლად გამოსავალია, მაგრამ შეძლებთ კი შემდეგ უქორწინებლობის ჯვრის ტარებას? ესეც საკითხავია!
ქმარი არ მიშვებს ეკლესიაში, შეიძლება დავუჯერო ოჯახის შენარჩუნების მიზნით?
ქმარს (ან ცოლს) ყველაფერი უნდა დაუჯეროთ, რაც ღვთის ნებას არ ეწინააღმდეგება, ხოლო რომელშიც ირღვევა, არ უნდა დაუჯეროთ. თვითონ უფალი ამბობს სახარებაში: "რომელსა უყუარდეს მამაი ანუ დედაი (ან ქმარი, ან ცოლი, ან შვილები) უფროის ჩემსა, არა არს იგი ჩედა ღირს" (მათ. X, 37). მოციქულთა საქმეშიც ნათქვამია, რომ ჩვენ ღმერთს უნდა ვმორჩილებდეთ და არა ადამიანებს.
ვცხოვრობ მეორე სამოქალაქო ქორწინებაში, მაგრამ ჯვარდაწერილი მხოლოდ ერთხელ ვარ (პირველი ქორწინების დროს ჯვარი არ დამიწერია), ეკლესიის წესის მიხედვით რომელი ქორწინებაა ძირითადი?
ძირითადი ჯვარდაწერილია. პირველის გამო კი უნდა შეინანო მოძღვართან აღსარებაში.
რა არის ქრისტიანისა და ურწმუნო ადამიანის ცოლქმრობაში არახელსაყრელი?
ტერტულიანე ძველად გამორიცხავდა რა ქრისტიანისა და ურწმუნო ადამიანის ცოლ-ქმრობას, ამბობდა: " სად არის ღმერთის ხსოვნა? სად არის ქრისტეს მოწოდება? სად არის რწმენის კვება წმიდა წერილის კითხვით? სად არის სულის სასოება? სად არის ღვთის განდიდება?"
როდის არის ცოდვა საეკლესიო ქორწინება?
საეკლესიო ქორწინება კურთხეულია, მაგრამ ჯვარდაწერილებიც დაიტანჯებიან, თუკი თავშეუკავებლად იცხოვრებენ (წმ. მეთოდი პეშნოშელი).
როგორ უნდა უყურებდეს ქრისტიანი სამოქალაქო ქორწინებას?
ქორწინებას ჩვენ ვცნობთ მხოლოდ ეკლესიურს. სამოქალაქო ჩანაწერი აუცილებელია, მაგრამ ეკლესიურად საკმარისი არ არის.
|