| |
მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია
თავი მეექვსე მართლმადიდებლური გნოსეოლოგია
ლ ო ც ვ ა ნ ი
1) განკურნებისათვის
უფალო, მეუფეო ყოვლისამპყრობელო, გმადლობ შენი დიდსულოვნებისათვის, რადგან დღემდე არ მიმატოვე ჩემი ცოდვების გამო. გმადლობ, რამეთუ მრავალჯერ მოგმართე ბოროტებისგან დატყვევებულმა და მომხედე და დამიფარე. ცხონებისათვის დამიცავი და გამომიწოდე მარჯვენა შენი, განმანათლე და დაცემული აღვიმართე. გმადლობ შენ, რადგან შენი სათნოების ღირსი არა ვარ, მაინც მომიხმობ და კაცთმოყვარე ხარ ჩემდამი, შენი უგნური მონისადმი, ვინც მთელი ცხოვრება ცოდვაში გაატარა.
აწ კი მრავალმოწყალეო და კაცთმოყვარეო უფალო, რომელსაც არა გნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა. მოელი შენსკენ მომავალთ, გევედრები, იხსენი სასოწარკვეთილნი და აღადგინე მომკვდარნი, მომხედე უღირსსა მონასა შენსა, აღმადგინე დაცემული და დასნეულებული განმკურნე, შენი მიუწვდომელი წყალობით დაივიწყე უსჯულოება ჩემი სიტყვითი, საქმითი, გონებითი და უგნურებით ქმნილი. იხსენი ჩემი ცდუნებული გული და მომანიჭე სინანულის ცრემლი ჩემი წაბილწული გონების განსაწმენდად. და ნუ იბრუნებ პირს, ნუ შემარცხვენ ჩემი უწმინდური არჩევანისა და ბოროტ საქმეთა გამო.
შეისმინე ჩემი, უფალო და ჩემზე გამეფებული ვნებებით დაუძლურებული სული იხსენი, რათა განწმენდილი სინდისით ვილოცო შენი დიდებული სახელის წინაშე. ნუ იმეფებს ჩემზე ცოდვა, ნუ დამიმორჩილებს მებრძოლი დემონი და ნუ წარმმართავს იგი თავისი ნებით, არამედ შენი ყოვლადძლიერი მოწყალებით მიხსენ ორივეს ბატონობისგან, რამეთუ შენი არს მეუფება და ძალი და დიდება მხოლოდშობილისა ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
პატრიარქი ნეოფიტე
(Προσευχητάριον Σιµωνωφ, εκδ. Σχοινᾶ. Βόλος. 1964. σελ. 108-109)
2) ლოცვა მკურნალის გამოსაჩენად
უფალო, რომელსაც არა გსურს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ ცხონება მისი, გარდამოხედ ზეციდან, რათა აღადგინო ცოდვით დაცემულნი და უჩვენო მათ ნათელი ჭეშმარიტი, რათა იხილო ადამიანი ძლიერი, ღირსეული. გევედრები, გამომიჩინე შენი შემცნობელი ადამიანი, რომელსაც დავემორჩილები ყოვლითა ძალითა ჩემითა და მისდამი მორჩილებით აღვასრულებ ნებასა შენსა. სათნო გექმნები მხოლოსა ღმერთსა, რათა ღირს ვიქმნე მეცა შესვლად სასუფეველსა ზეცისასა.
სვიმონ ახალი ღმრთისმეტყველი (S C 129, 186-188)
3) ლოცვა ღმერთის შეცნობისა და მისი სიყვარულისთვის
ღირს მყავ მე, უფალო, რათა შეგიცნო და შეგიყვარო არა გონებით ან გონებაგაფანტულობით, არამედ ღირს მყავ იმ ცოდნით, რომლითაც გონება შენ გხედავს და ადიდებს შენს არსებას, ამქვეყნიურ აზროვნებას მაშორებს.
ღირს მყავ, რათა ავმაღლდე წარმოსახვის დამბადებელ ხედვაზე, რათა გიხილო ჯვრის ძალით, გონების ჯვარცმით, აზრებისგან განთავისუფლებული ვჭვრეტდე შენს ზებუნებრივ არსებას. განამრავლე ჩემში შენდამი სიყვარული. განაღვიძე ჩემში შენდამი მორჩილება, უფალო, რომელმაც ხორცი შეისხი და კაცთა შორის იქცეოდი, ყოვლადწმინდა ქალწულის შემწეობით მომანიჭე მარადიული ხსოვნა ჩემი არსების სიმდაბლისა და უძლურებისა.
|
|