| |
მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია
თავი მეექვსე მართლმადიდებლური გნოსეოლოგია
ღმერთის ცოდნა წმინდა გრიგოლ პალამას სწავლების მიხედვით
წმინდა ისააკ ასურის სწავლებაში მოცემული სამგვარი ცოდნის შესახებ მსჯელობის შემდეგ გადავიდეთ წმინდა გრიგოლ პალამას მოძღვრებაზე. ადამიანი ხორციელი ცოდნიდან მშვინვიერზე გადადის და შემდეგ სულიერზე. ამ დროს იგი ღმერთს ხედავს და იძენს ღვთიურ ცოდნას, ანუ საკუთარ ცხონებას. ღვთიური ცოდნა, როგორც ქვემოთ განვმარტავთ, გონებისმიერი არ არის, ის ეგზისტენციალურია, რადგან ადამიანის მთელ არსებას მოიცავს. ამგვარი ცოდნის მიღებამდე ადამიანი გულით უნდა განიწმინდოს, ე.ი. განიკურნოს სული, გონება და გული. "ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მათ. 5.8).
გავაანალიზოთ უფრო დაწვრილებით საკითხი. ვარლაამი ამტკიცებდა, რომ ღვთიური ცოდნა მისი ჭვრეტა კი არ არის, არამედ ადამიანის აზროვნების შედეგია. "ჩვენ ღვთიური ცოდნის მიღწევა შეგვიძლია ფილოსოფიით" - ამბობდა იგი. ამიტომაც ვარლაამი წინასწარმეტყველებს, მოციქულებს, რომლებიც უქმნელ სინათლეს ხედავდნენ, ფილოსოფოსებზე დაბლა აყენებდა. უქმნელ ნათელს იგი უწოდებდა გრძნობიერს, ქმნილს და `ჩვენს უარეს შემეცნებას". გრიგოლ პალამა ამტკიცებდა საწინააღმდეგოს. თავის მოძღვრებაში წმინდა მამა ეფუძნება ეკლესიის სწავლებას, რომლის მიხედვით უქმნელი ნათელი ანუ ღმერთის ჭვრეტა არ არის სიმბოლური ცოდნა ან რაიმე გრძნობიერი და ქმნილი, ეს არის განღმრთობა. განღმრთობის შედეგად ადამიანი ღმერთს ხედავს. განღმრთობა განყენებული მდგომარეობა არაა, ის ღმერთთან ერთობაა. ადამიანი ხედავს უქმნელ ნათელს იმიტომ, რომ უფალს უერთდება, ხედავს სულიერი და ხორციელი თვალითაც, ოღონდ ისე, რომ ხორციელი ხედვა ღვთიური მადლით არის სახეცვლილი.
ამ სწავლებას გრიგოლ პალამა თავის თხზულებებში სხვადასხა ადგილას გადმოგვცემს. ჩვენ მოვიხმობთ მხოლოდ წმინდა მამის ერთ-ერთ უმთავრეს ნაშრომს ("წმინდა ისიხასტთა შესახებ" (ὑπέρ τῶν ἱερῶν ἡσυχαζόντων. Θεσσαλονίκη. 1982).
საგულისხმოა დასახელებულ თხზულებიდან ერთი ნაწყვეტი, სადაც თავმოყრილია გრიგოლ პალამას სწავლება ჩვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ. "ვინც გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი სულსა და მიწიერ სამყაროს შორის ღვთიურ მცნებათა დაცვით და მიაღწია უვნებობას, ამაღლდა ყოველგვარ შემეცნებით ქმედებებზე უწყვეტი და წრფელი ლოცვით და გაბრწყინდა მიუწვდომელი ელვარებით - მხოლოდ ის, სინათლედ ქცეული, უქმნელი სინათლით განღმრთობილი ხედავს თავად ღვთიურ ნათელს და შეიცნობს ღმერთს. (σελ. 522-524) ამ სიტყვებშია გამოხატული გრიგოლ პალამას მოძღვრების მთავარი ნაწილი. ადამიანმა რომ უქმნელი ნათელის ხილვა შეძლოს, უნდა გაწყვიტოს ყოველგვარი კავშირი სულისა მიწიერებასთან ქრისტეს მცნებების დაცვით, რასაც უვნებობა მოსდევს, ამაღლდეს ყოველნაირ გონებრივ ქმედებაზე. ამ აზრს ავითარებს წმინდა მამა სხვა ნაშრომებშიც. გრიგოლ პალამა საუბრობს ექსტაზის შესახებ. მამათა სწავლებაში აღწერილ ექსტაზს არანაირი კავშირი არა აქვს პითიასა და სხვა რელიგიების ექსტაზთან. ექსტაზი ეწოდება მდგომარეობას, როცა მლოცველის გონება წყვეტს "არსებებთან კავშირს, პირველ ეტაპზე "სამარცხვინო და ცბიერთან, შემდეგ საშუალო მდგომარეობის მქონე [საგნებთან] (σελ. 476). ექსტაზი არის განშორება ამქვეყნიური და ხორციელი სიბრძნისგან. წრფელი ლოცვით გონება "ყოველგვარ არსებულზე მაღლდება" (σελ. 476). ეს მდგომარეობა შემეცნებით თეოლოგიაზე აღმატებულია და მიღწევადია მათთვის, ვინც უვნებობა მოიპოვა, თუმცა არ ნიშნავს ჯერ კიდევ ღმერთთან შეერთებას. ერთობა ღმერთისა და ადამიანისა მიიღწევა მაშინ, როცა მლოცველთან მოვა ნუგეშისმცემელი (უფალი) და აღიტაცებს უქმნელი სინათლის სახილველად.
ღმერთის ხილვა, განღმრთობა და უფალთან შეერთება ადამიანს ანიჭებს ეგზისტენციალურ ანუ ჭეშმარიტ ღვთიურ ცოდნას. ვარლაამის მოსაზრება, თითქოს ადამიანს ღმერთის შეცნობა "გონების სინათლის ნათებით შეუძლია- არ არის ჭეშმარიტი" (σελ. 564). გრიგოლ პალამა ამის საპირისპიროდ ამბობს: "ღმერთი არა მარტო არსებათაგან შეიცნობა, არამედ უქმნელისგან და ყველა ქმნილებაზე ამაღლებული მარადიული სინათლისგან". ეს ცოდნა ეძლევა ღირსეულს და მომავალ საუკუნეში ჩაუქრობლად ელვარებს". აქედან გამომდინარე, წმინდანთა ჭვრეტა ჭეშმარიტია "და ვინც ამას არ აღიარებს, ის ღვთიური შემეცნებისგან შორს დგას" (σελ. 564-566).
ვფიქრობთ, ნათელია, რომ ღვთიური ცოდნა, განღმრთობა, უფალთან ერთობა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და ერთმანეთის გარეშე ვერ მოიაზრება. ამ ერთობის დაშლა ადამიანს ღმერთის ცოდნისგან განაშორებს. მართლმადიდებლური გნოსეოლოგია დაფუძნებულია ადამიანის განწმენდილ გულში ღმერთის გაცხადებაზე.
ღვთიური შემეცნება ადამიანური ცოდნის საზღვრებს სცილდება. უქმნელი ნათელის ხილვა და მისგან მომდინარე ცოდნა გონების ძალით არ მიიღწევა - როგორც ამტკიცებდა ვარლაამი. ეს აზრი სახარების საწინააღმდეგოა. განღმრთობა რომ ბუნებრივი წყალობა იყოს, მაშინ ყველა ღმერთი იქნებოდა, ვიღაც ნაკლები, ვიღაც მეტი. განღმრთობით წმინდანები ადამიანურ ბუნებას აღემატებიან, ისინი ღმერთისგან იბადებიან, მათ მისცა ღმერთმა "ხელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად" (σελ. 620-622).
უქმნელი ნათლის ხილვა, რაც ადამიანს ღმერთის ცოდნას ანიჭებს, არის გრძნობიერი და ზეგრძნობიერი. ხორციელი თვალი სახეს იცვლის და ასე ხედავს "მიუწვდომელ, უნივთო, უქმნელ, ღვთაებრივ, მარადიულ ელვარებას ღვთისას, დიდებას, ცათა სასუფევლის დიდებულებას (σελ. 606). "გრძნობით უხილავია ეს სინათლე თუ გრძნობა სული წმინდის მადლით არ გარდაიქმნა" (σελ. 454). მოციქულებმა იხილეს უქმნელი შუქი, როგორც წმ. მაქსიმე აღმსარებელი ამბობს და რომლის სწავლებაც მოჰყავს გრიგოლ პალამას "მათ (მოციქულებმა) იხილეს უქმნელი ნათელი სულიწმინდის მიერ მათი "გრძნობიერი ენერგიის შეცვლით" (σελ. 454). ჩვენს მსჯელობას მივყავართ იქითკენ, რომ ადამიანის განსაკუთრებული მიზანი უქმნელი სინათლის ხილვაა. ზედმეტი არ იქნება, თუ მივუთითებთ, რომ გრიგოლ პალამა ჭვრეტის რამდენიმე საფეხურს გამოყოფს "ჭვრეტას (θεωρία) აქვს დასაწყისი და მისი მომდევნო საწყისისგან განსხვავდება მეტი ელვარებით ან ბუნდოვანებით, მაგრამ დასასრული მას (ჭვრეტას) არა აქვს. მისი სრულყოფა უსაზღვროა მსგავსად გამოცხადების აღტაცებისა, მარადიულად რომ გრძელდება. ერთია ელვარება და მეორე მუდმივი ჭვრეტა სინათლისა, და სხვა არის - საგნების ჭვრეტა სინათლეში.
აქვე, საყურადღებოა პეტრე დამასკელის მოძღვრება რვა სულიერი ხილვის შესახებ"912. პირველი შვიდი განეკუთვნება ამ საუკუნეს, მერვე კი მომავალი საუკუნის კუთვნილებაა. პირველი ხედვა ანუ ცოდნა "ჩვენი ცხოვრების განსაცდელებისა და მწუხარებისა", მეორე ხედვა ანუ ცოდნა "ჩვენი ცოდვებისა და უფლის ქველმოქმედების, მესამე სიკვდილისა და სიკვდილის შემდეგ ტანჯვისა, მეოთხე არის ცოდნა იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრებისა, მისი მოწაფეებისა და სხვა წმინდანებისა, ანუ მოწაფეთა და წმინდა მამათა საქმეებისა და სიტყვებისა, მეხუთე - ცოდნა ბუნებისა და საგანთა ცვლილებისა. მეექვსე - ხედვა არსებათა, ანუ ცოდნა ღმერთის ქმნილებებისა. მეშვიდე შეცნობა ღმერთის გონიერი არსებებისა ანუ ანგელოზებისა. მერვე - თავად ღმერთის შეცნობა, ანუ თეოლოგია.
მრავალი საფეხურის გავლაა საჭირო უქმნელი ნათლის "მომავალი საუკუნის მშვენიერების", ღვთიური საზრდოს სახილველად. ხილვის საფეხურებია სიკვდილის გარდაუვალობის ხსოვნა, რაც ღვთიური მადლია, უწყვეტი ლოცვა, ქრისტეს მცნებების სრულყოფილად დაცვა, ჩვენი სულიერი სიღატაკის შემეცნება ანუ ცოდვებისა და ვნებების გააზრება და სინანული. ეს ყოველივე ღვთიური მადლის ქმედებით აღესრულება. სრულყოფილი ხილვა არის უქმნელი სინათლის ჭვრეტა. გრიგოლ პალამას სწავლების მიხედვით არსებობს ჭვრეტა და მარადიული ჭვრეტა.
ამრიგად, ქრისტეს მადლით აღსრულებული განწმენდა ქმნის წინაპირობებს იმისთვის, რომ ადამიანმა ღმერთის ჭვრეტა შეძლოს ანუ ღმერთს შეუერთდეს. ამ წერტილამდე მივყავართ ეკლესიურ ასკეტურ ცხოვრებას. ეს ცხოვრება ადამიანურ კრიტერიუმებს არ ეყრდნობა და არ ესწრაფვის ადამიანი გახადოს "καλόν κἀγαθον"913 მისი მიზანია ადამიანის სრული განკურნება და ღმერთთან შეერთება. სანამ ადამიანი ღმერთისგან შორსაა, იგი ხსნის გზას ვერ იპოვის. სულიერ ღვაწლში მყოფს და უქმნელი ნათლის მხილველს წმინდა მამათა ენაზე "განღმრთობილი" ეწოდება. ამ გამოთქმას ხმარობს წმინდა დიონისე არეოპაგელი, იოანე დამასკელი და, როგორც ვნახეთ, გრიგოლ პალამა. სულის, გონებისა და გულის კურნებას ადამიანი ღმერთის ჭვრეტამდე მიჰყავს, შეაცნობინებს მას ღვთიურ ცხოვრებას. ეს შეცნობა არის სწორედ ადამიანის ცხონება. უფლის წინაშე მხურვალედ უნდა ვილოცოთ, რომ ამგვარი შემეცნების ღირსნი გავხდეთ. მოწოდება ნათელია!
"მოვედით, მორწმუნენო, მოსწრაფედ და აღვიდეთ მთასა თაბორსა, ცათა მობაძავსა, და სიწმინდით დავდგეთ ქალაქსა უფლისასა და ვიხილოთ გონიერად სამებაჲ ერთარსებით თაყუანისსაცემელი"
"მახარე სიხარულითა შენითა, მხსნელო და შემცვალე მე ტრფიალებად ბრწყინვალებასა და შესწუენი ცეცხლითა ღმრთეებისა შენისაჲთა ცოდვანი ჩემნი მწიკულევანნი და აღმავსე, სახიერ, სულითა წმიდითა, რაჲთა დაუცხრომელად გალობით გადიდებდეთ" (ფერისცვალების კანონი).914
|
|