მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი
მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია

 

თავი მეოთხე
მართლმადიდებლური ფსიქოპათოლოგია

 

4. უვნებობა

 

უვნებობის შესახებ ვისაუბრებთ მოკლედ, რადგან ყოველივე ზემოთქმული გვიჩვენებს, თუ როგორ მიიღწევა ეს ნეტარი მდგომარეობა.

სულიერ ცხოვრებაში უვნებობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანმა თუ უვნებობის მდგომარეობას მიაღწია, იგი უფალთან არის ახლოს და მას შეუერთდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანის ურთიერთობა ღმერთთან მისი უვნებობის დამადასტურებელია. წმინდა მამების სწავლებით უვნებობა არის "სულის სიჯანსაღე"801. ვნებები თუ სულის სნეულებანია, უვნებობა ჯანსაღი მდგომარეობაა. უვნებობა "არს აღდგომა სულისა, პირველ აღდგომისა ხორცთასა"802. "უვნებელი ჭეშმარიტი იგი არს, რომელსა ხორცნი უვნებელი, და სრულიად უხრწნელ ექმნენ, ხოლო გონება დაბადებულთაგან აღემაღლის, და ყოველნივე საცნობელნი მისდა დაემორჩილნენ და წინაშე პირსა უფლისასა სული თÂსი წარედგინოს"803. "უვნებობა აღთქმულ ქვეყანაში შესვლაა"804. "ვინც მიუახლოვდა უვნებობის მდგომარეობის საზღვარს, თავისი სიწმინდის შესაბამისად იღებს სული წმინდის ნათელს"805. სხვა სიტყვებით, უვნებობა დიდი ღირსებაა და მას ხოტბას ასხამენ წმინდა მამები და გონების ტყვეობისგან განთავისუფლებას უწოდებენ. ვნება თუ ატყვევებს გონებას, უვნებობა ათავისუფლებს მას და მიმართავს ღმერთის შეცნობისკენ. "უვნებობა გონებას არსებათა შეცნობისკენ მიუძღვის". ეს არის "(ღვთიური ე.დ.) ცოდნის გზა"806.

ამ ცოდნის წყალობით ადამიანი გარჩევის უნარს იძენს. მადლმოსილ ადამიანს შეუძლია გაარჩიოს კეთილი და ბოროტი, შექმნილი და უქმნელი ენერგია, ღვთიური და ეშმაკეული. "უვნებობა შობს გარჩევის უნარს"807. ჩვენი თანამედროვე ადამიანები ბევრს საუბრობენ ქონებასა და უპოვარებაზე, მაგრამ შეცდომას უშვებენ. ადამიანები უპოვარებაში მატერიალურის არქონას გულისხმობენ და ავიწყდებათ, რომ არსებობს უფრო მეტიც. ამქვეყნიურ სამყაროსთან მიჯაჭვულობისგან განთავისუფლებული გონება ღმერთამდე მაღლდება და მაშინ განიცდის ჭეშმარიტ უპოვარებას. ამ მდგომარეობას შეუძლია მიაღწიოს მხოლოდ უვნებო ადამიანმა808. ჩვენი მსჯელობისას აუცილებელია განვმარტოთ, რას ნიშნავს უვნებობა. ანტიკური ეპოქიდან სტოიკოსი ფილოსოფოსები უვნებობაში სულის ვნებიანი ნაწილის მოკვდინებას გულისხმობდნენ. რამდენჯერმე აღვნიშნეთ, რომ სულის ვნებიანი ნაწილი შედგება მრისხანებისგან და სურვილისგან. ფილოსოფოსთა აზრით ადამიანი უვნებო ხდება, თუკი ამ ორ ძალას (მრისხანება და სურვილი) მოკლავს. წმინდა მამები სხვაგვარად ხსნიან უვნებო მდგომარეობას. ისინი მრისხანებისა და სურვილის მოკვდინებას კი არა, მათ გარდაქმნას გულისხმობენ. ცოდვით დაცემული ადამიანის სულიერი ძალები არაბუნებრივ მდგომარეობაში არიან, უვნებობა მათ ბუნებრივ მდგომარეობას უბრუნებს.

წმინდა მამათა სწავლებით "უვნებობა სულის ბოროტისკენ უმოძრაობაა" ამის მიღწევა კი უფლის წყალობის გარეშე შეუძლებელია809.

ამრიგად "უვნებობა ის არის, როცა ადამიანი არ წუხს საგნებზე (ნივთიერ ე.დ.) ფიქრისას"810. ეს იმას ნიშნავს, რომ სული განთავისუფლებულია გრძნობებისგან და საგნებისგან გამოწვეული აზრებისგან. ისე, როგორც ცეცხლი ეკიდა ბუჩქს და არ იწვოდა, ასევე "სხეულის მხურვალება არ აწუხებს არც ხორცს და არც გონებას, რადგან ამ დროს "ხმამან უფლისამან განკუეთის ალი ცეცხლისა (ფს. 28.7)"811. უვნებო ადამიანის გონება სრულიად თავისუფალია. მას არ აწუხებს არაფერი მიწიერი, სხეულის მხურვალებაც კი. ცხადია, ამგვარი მდგომარეობა მიუღწეველია ისეთი ადამიანისთვის, ვინც ვნების მოქმედებას ემორჩილება. ღვთისნიერი ადამიანისათვის არაბუნებრივია ის, რასაც მიწიერი გაგებით ბუნებრივი ეწოდება, ხოლო მიწიერთათვის არაბუნებრივი, მისთვის ბუნებრივია. სვიმონ ახალი ღმრთისმეტყველი ეწინააღმდეგება იმ მოსაზრებას, რომ ადამიანს არ შეუძლია ზებუნებრივ მდგომარეობაში ყოფნა. ღმრთისმეტყველი ამბობს: "ვინც არ არის უვნებო, ვერ გაიგებს მის მნიშვნელობას. "და ვერც დაიჯერებს, რომ ასეთი რამ ამქვეყნად შესაძლებელია"812. ეს აზრი გარკვეული თვალსაზრისით მართებულია, რადგან "ყველა ადამიანი საკუთარი მდგომარეობის შესაბამისად განსჯის მოძმის მოქმედებას, ან კეთილს იტყვის და ან ბოროტს"813. ნებისმიერ შემთხვევაში გამოცდილი ადამიანისთვის ნათელია უვნებობის ნიშანი. ეს არის უნარი იმისა, რომ "ყველაფერი გადაიტანო შიშისა და შფოთის გარეშე. რადგან უვნებო ადამიანს ღმერთისგან მიღებული აქვს "ყველაფრის შემძლეობის" ძალა814.

ყოველივე ზემოთქმულით გვინდა დავადასტუროთ, რომ უვნებობა ბუნებრივი მდგომარეობაა, ანუ გულის ვნებიანი ნაწილის გარდაქმნა და ბუნებრივ ცხოვრებაში დაბრუნება. ამ საკითხზე სერიოზული კამათი წარიმართა XIV ს-ში გრიგოლ პალამასა და ფილოსოფოს ვარლაამს შორის. ფილოსოფოსი აკრიტიკებდა ისიხასტურ ლოცვას და ამბობდა, რომ უვნებობა ვნებიანი საწყისის ჩაკვლაა. ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგებოდა გრიგოლ პალამა, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით იცოდა ეს საკითხი და გამოხატავდა ეკლესიის საერთო ტრადიციას. "ფილოსოფოსო, ჩვენ ვისწავლეთ, რომ უვნებობა სხვა რამ არის, სულის ვნებიანი ძალის სიკვდილი კი არაა, ცუდის კარგით შეცვლაა და ჩვეულებრივი მოქმედება ღვთიურის მიმართ, როცა სულის ძალა კეთილისკენ მიიმართება მთლიანად"815.

უვნებოა ის ადამიანი, ვისთვისაც სათნოებანი ისეთი ბუნებრივია, როგორც ვნებიანისთვის ბილწი სიამოვნებები". ვნებიანი ადამიანი გულის ვნებიან ნაწილს ვნებას უმორჩილებს, უვნებო კი სულის ვნებიან ძალას, ანუ ნებას და სურვილს "სულის შემეცნებად, კრიტიკულ და მოაზროვნე ნაწილს"816.

სულის მოაზროვნე ნაწილი არსებათა შემეცნებით ღვთიურ ცოდნას მოიპოვებს, ვნებიანით "შესაბამის სათნოებებს" აღასრულებს, სურვილიანი ნაწილით სიყვარულს შეითვისებს, მრისხანე ნაწილით კი მოთმინებას მოიპოვებს"817.

ამრიგად, უვნებობა სულის ვნებიანი ძალის გარდაქმნაა, გონებისადმი დამორჩილება (რადგან გონებას აქვს ბუნებრივად მინიჭებული ბატონობა) და მოძრაობაა "უფლის მუდმივი ხსოვნით". ასეთ მდგომარეობაში სულის ვნებიანი ნაწილი ღვთიურს მიუახლოვდება და მიაღწევს უმაღლეს "უფლის სიყვარულს"818.

ჩვენი მსჯელობიდან ნათელია, რომ ვნებიანი საწყისი კი არ კვდება, არამედ ძალას და სიცოცხლეს იღებს. გრიგოლ პალამა ამბობს, რომ ჯვარს უნდა ვაცვათ ხორცი "ვნებითურთ და გულის თქუმით". ეს არ ნიშნავს სულის ძალის მოკვლას, ანუ თვითმკვლელობას. უნდა განვერიდოთ ვნებიან სურვილებს და ქმედებებს. არასოდეს არ მივუბრუნდეთ მათ (ვნებებს) და გავხდეთ,,კაცნი სულიერი სურვილისანი" და სოდომის მიმტოვებელი ლოტის მსგავსად მამაცურად წინ წავიდეთ. გრიგოლ პალამას მოსაზრებათა მიხედვით შეიძლება დავასკვნათ "უვნებონი სულის ვნებიან ძალას არ კლავენ, ეს ძალა მათში ცოცხალია და მოქმედებს კეთილად"819.

ამგვარად, უვნებობა სიყვარულს უკავშირდება და არის სიცოცხლე და მოძრაობა. იოანე სინელის სიტყვებით "სიყვარული და უვნებობა და შვილება საღმრთო სახელითა ოდენ განყოფილ არიან, ხოლო ძალი მათი ერთ-არს, ვითარცა იგი ცეცხლი, და ალი და ნათელი"820. უვნებობა მჭიდროდ უკავშირდება სიყვარულს, უფლის შვილობას და არის სიცოცხლე და ღმერთთან ურთიერთობა.

ცხადია, უვნებობაში არ ვგულისხმობთ იმას, რომ ადამიანს არ ებრძვის ეშმაკი. ჩვენი ცხოვრების მტერი აწუხებს უვნებო ადამიანსაც. (მან ხომ თვით უფალი გამოსცადა უდაბნოში ცნობილი სამი განსაცდელით). უვნებობა არის ის, როცა "ეშმაკი გვებრძვის და უძლეველნი დავრჩებით"821. უვნებობის მრავალი საფეხური არსებობს. მათ წარმოვადგენთ წმინდა მამათა სწავლების მიხედვით.

მაქსიმე აღმსარებელი უვნებობის ოთხ საფეხურს ასახელებს. პირველი უვნებობა შეინიშნება დამწყებებთან (ვინც სულიერ ცხოვრებას იწყებს) და ნიშნავს "მოქმედი ვნებებისგან თავშეკავებას". ამ საფეხურზე ადამიანი გარეგნულად არ მოქმედებს. მეორე საფეხურის უვნებობა კეთილშობილი ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი - ვნებიანი აზრებისგან სრული განთავისუფლება. მესამე საფეხური - სურვილის აბსოლუტური უგულებელყოფაა და ახასიათებს განღმრთობილ ადამიანს, და მეოთხე - სრულყოფილი განწმენდა უბრალო წარმოსახვისგანაც. ასეთი უვნებობა სრულყოფილებაა822. ნათქვამიდან ჩანს, რომ უვნებობის დონე ადამიანის განწმენდის საფეხურს შეესაბამება. სვიმონ ახალი ღმრთისმეტყველი გამოყოფს უვნებობის ორ სახეს: სულის და სხეულის უვნებობას. "ერთია სულის უვნებობა და მეორე - სხეულის. პირველი ანათლებს სხეულსაც თავისი ბრწყინვალებით და სული წმიდის ნათლით, მეორეს კი ცალკე არავითარი სარგებლობა არა აქვს"823. თუკი ადამიანმა გაიარა ქმედებითი სათნოებანი824, მაინც არ უნდა იფიქროს, რომ უვნებობის მდგომარეობას მიაღწია825. იოანე სინელი ეკლესიის ტრადიციაზე დაყრდნობით ამბობს: "არს უვნებელი და არს სხვა უვნებელისა უუვნებელისი, რამეთუ ერთსა მას ძლიერად სრულან ბოროტნი, ხოლო მეორე იგი ფრიად მდიდარ არს სათნოებითა მარადის"826. ამ სიტყვებიდანაც ნათელია, რომ უვნებობა ვნებებისგან განთავისუფლება კი არ არის მარტო, სათნოებათა მოპოვებაა, სათნოება კი სული წმიდის ნაყოფია.

ნიკიტა სტითატი ორნაირ უვნებობას ასახელებს. მოშურნე მოღვაწეებს ორგვარი უვნებობა ახასიათებთ. პირველი უვნებობა "პრაქტიკული ფილოსოფიის ბოლოს მოდის" ანუ კანონიერი ღვაწლით. მაშინ, როცა ადამიანში ვნებები კვდება "ხორციელი მისწრაფებები განიდევნებიან და სულის ძალები ბუნებრივად მოქმედებენ". მეორე უვნებობა სრულყოფილია. ის მოდის "ბუნებრივი ჭვრეტის დაწყების შემდეგ". ამ სრულყოფილ უვნებობაში "აზრებისგან გონება განთავისუფლდება, მშვიდ მდგომარეობას აღწევს და მჭვრეტელი ხდება. უვნებო ადამიანის გონება ღვთიური საგნების მჭვრეტელია, ღვთის საიდუმლოების მხედველი, ადამიანური საგნების განმჭვრეტელი. შორიდან ადამიანების მომავლის მხედველი"827. წმინდა მამები გვირჩევენ, ყურადღება მივაქციოთ ვნებებს, რადგან შეიძლება "ადამიანი არ შეაწუხოს ვნებამ თუკი მისი გამომწვევი მიზეზი არ არსებობს. როგორც კი ვნების აღმძვრელი საგანი გამოჩნდება, ვნება მაშინვე მოადუნებს გონებას. ამგვარი უვნებობაც არსებობს"828.

უვნებობას საფეხურები აქვს, ამიტომ ღვაწლს შემდგარი ადამიანი არ უნდა შეჩერდეს. სრულყოფილებას ხომ საზღვარი არა აქვს. ისე, უნდა შევნიშნოთ, რომ ერთია ცოდვათა შენდობა და სხვა არის უვნებობა. იოანე სინელი წერს: "შენდობა ცოდვათა მრავალთა მოიღეს მსწრაფლ, ხოლო უვნებელთა მსწრაფლ არავის მიუგიეს, ხოლო ამას ღვთისა შეწევნა უხამს"829.

აი, რატომ არის, რომ ადამიანისთვის საკმარისი არ არის მარტო აღსარების თქმა, აუცილებელია სულის კურნება, ნაწილობრივი ან სრულყოფილი უვნებობის მიღწევა.

ზემოთქმულიდან კარგად ჩანს, რომ გარკვეული ნიშნების მიხედვით შესაძლებელია ნამდვილი და ყალბი უვნებობის გარჩევა. იოანე სინელი კარგად იცნობდა ადამიანის სულიერ ცხოვრებას, ჰქონდა მადლი გარჩევისა და იგი ამბობს, რომ "განგვეშორებიან ეშმაკნი და ვნებანი ჟამ რავდენიმე, გინა თუ სრულიადსა, გარნა რავდენითა სახითა განგვეშორებიან ესე ვგონებ თუ მცირედთა იციან. განილევნის ნივთი იგი ვნებათა ცეცხლისა მის საღმრთოსა" და განიწმენდს სულს. ეშმაკნი განეშორებიან "კაცისაგან ნებსით, რათა წარტაცეს და დაანთქეს ვნებათა შინა". "ვიცი სხვაცა განშორება ეშმაკთა, ვინაჲთგან დაეჩვიოს სული ვნებათა და "იქმნა მიერთგან თვით ებრძოლო თავისა თჳსისა" ანუ ხდება საკუთარი თავის მტერი. სულს ჩვილის მსგავსად ემართება "რამეთუ ვინაჲთგან დაეჩვივნენ ძუძუს წოვნასა, მერმე დაღაცათუ ძუძუსა მოსწყვდნენ, თითთა თÂსთა წოვდიან". არსებობს კიდევ ერთი "განშორება ეშმაკთა, და ვნებასა სულისაგან, რომელი იქმნების სიწრფოებისაგან და უმანკოებისა ფრიადისა"830.

გარდა ამისა, ნამდვილ და ყალბ უვნებობას შორის სხვაობა ვლინდება სხვებისადმი ჩვენი დამოკიდებულებით. უვნებობას თან უნდა ახლდეს სიყვარული, ამიტომ თანამოძმეთა მიმართ ჩვენი დამოკიდებულებით გამოიხატება უვნებობის ხასიათი. "ვისაც განსაცდელის დროს არ შეუძლია მოყვასის ნაკლს ყურადღება არ მიაქციოს, იგი უვნებო არ არის. სულის ვნებები აღიძვრებიან, აბნელებენ გონებას და არ აძლევენ მას საშუალებას ჭეშმარიტი სინათლე იხილოს და გაარჩიოს ავი და კარგი"831.

სრულყოფილ უვნებობას აღწევენ ისინი, ვისაც სრულყოფილი სიყვარული შეუძლია და "უწყვეტი ჭვრეტა ისე, რომ ყოველგვარ გრძნობიერზე თავმდაბლობით ამაღლებულია"832.

"უვნებობის საზღვართან მიახლოებულ ადამიანს ყველას და ყველაფრის შესახებ კეთილი აზრი აქვს და "ყველა ადამიანზე ყოველთვის კარგს ფიქრობს, ყველას წმინდად და უბიწოდ ხედავს და ღვთიურ და ადამიანურ საკითხებზე სწორად მსჯელობს. ადამიანის გონება ქმნულისაგან თავისუფლდება, "სრულად ეძლევა ღვთიურ სათნოებებს ერთი სულით და ჭვრეტს ღვთიურ მშვენიერებას, უყვარს ღვთიური დიდების ადგილებში ყოფნა, უსიტყვო მდუმარებით და სიხარულით და შეგრძნებების შეცვლით ვითარცა ხორციელი ანგელოზი, იგი ადამიანებს ესაუბრება"833.

უვნებო ადამიანი თუ მოძმის ცოდვაზე საუბრობს, ამას ორი მიზეზით ჩადის. ან იმისთვის, რომ გამოასწოროს, ან სხვისი სარგებლობისთვის" თუკი ვინმე მოძმეს ცოდვის გამო განიკითხავს: "ასეთი ადამიანი ღვთისგან მიტოვებას ვერ გაექცევა და თავად ჩაიდენს ცოდვას და მასაც განიკითხავენ"834. სრულყოფილი უვნებობაა, "როცა ადამიანი უშფოთველია საგნის ხილვისას ან მისი მოგონებისას "დიდი ხნის ღვაწლი კლავს ვნებებს, მაგრამ თუ მათ უყურადღებოდ მიატოვებ, ისევ აღიძვრებიან"835.

ამგვარად, უვნებო არ არის ის, ვინც ზოგჯერ წუხდება ვნებებით, ზოგჯერ კი მშვიდდება. უვნებოა ადამიანი, რომელიც მუდმივად ტკბება უვნებობით და მათი გამომწვევი მიზეზის დროსაც კი არ აღიძვრება"836.

იოანე სინელი ამბობს, რომ ამპარტავანთ, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ უვნებობას მიაღწიეს, "თავისი სიგლახაკე ჟამსა სიკვდილისასა ჰპოეს"837. ჭეშმარიტ და ყალბ უვნებობას შორის სხვაობა გვაიძულებს ნამდვილი უვნებობის ნამდვილი ნიშნები განვიხილოთ. "უვნებობას ახასიათებს ჭეშმარიტი გარჩევის უნარი"838.

ზემოთ ვთქვით, რომ ნამდვილი უვნებობა ყალბისგან სიყვარულის არსებობით სხვაობს. ახლა ზუსტად ავხსნით ამას. მაქსიმე აღმსარებელის სიტყვებით "სიყვარულში სრულყოფილმა და უვნებობამდე ამაღლებულმა არ იცის სხვაობა თჳსსა და უცხოს შორის, ერთგულსა და ორგულს შორის ანუ მონასა და თავისუფალს შორის, მამრობით სქესსა და მდედრობითს შორის. ერთი ადამიანი "უყურებს ყველას თანაბრად, ყველას მიმართ ერთნაირად არის განწყობილი839. მაქსიმე ამბობს აგრეთვე, რომ ღმერთი არის ბუნებით სახიერი და უვნებო და ერთნაირად უყვარს ყველა ადამიანი. სათნოს განადიდებს როგორც მისთვის ახლობელს, ხოლო ცუდს კი შეიწყალებს თანაგრძნობით"840. უვნებოა ისეთი ადამიანი, რომელსაც "ცუდი არ ახსოვს იმისგან, ვინც ბოროტად მოექცა"841. უვნებოს უყვარს ყველა "ღირსეულისა და უღირსის განურჩევლად"842. იგი ლოცულობს მოყვასისთვის "ნუ იტყვი, რომ უვნებო ადამიანს წუხილი არ შეუძლია, ეს მხოლოდ თავის თავისთვის, ის მუდმივად მოძმისთვის უნდა შეწუხდეს"843.

უვნებო და ღმერთისკენ მოსწრაფე ადამიანი დაკარგულად მიიჩნევს ისეთ დღეს, როცა მას არავინ არ განიკითხავს"844. ასე რომ, ასეთ ადამიანს არათუ ადამიანთაგან შეურაცხყოფა არ აწუხებს, არამედ იგი აკლია. ეს გულის სიწმინდის მაჩვენებელია.

უვნებო ადამიანი სული წმინდის მადლით არის აღვსილი, ანუ ნაყოფიერი ხეა და სული წმინდის მშვენიერ ნაყოფებს სათნოებებს ისხამს. წმინდა მამები სათნოებას არ თვლიან "ზნეობრივი ნორმების (დეონტოლოგიის) საქმეებად", მათ ონტოლოგიურად მიიჩნევენ, გამოდის, რომ კეთილი საქმეები განყენებული ღირსებები კი არ არის, არამედ პიროვნებებად განსხეულებულნი. ოღონდ, რა თქმა უნდა, არა ჰიპოსტასური, ანუ თავისთავად არსებული. სიყვარული ჭეშმარიტ სიყვარულთან ურთიერთობაა. ეს ჭეშმარიტი სიყვარული თავად ქრისტეა. არც მშვიდობაა განყენებული ღირსება, ის იესო ქრისტეა. ასევე სამართლიანობა და ა.შ. თუკი უვნებო ადამიანი ურთიერთობს ქრისტესთან, ბუნებრივია, რომ ქრისტიანული სათნოებანი მისი კუთვნილება ხდება.

აქ არ განვავრცობთ სათნოების თემას. მხოლოდ შევნიშნავთ; სულიერი და ხორციელი ვნებების შესაბამისად არსებობს სულიერი და ხორციელი სათნოებები. სათნოებებსაც ვნებების მსგავსად საფეხურები აქვს. ვნებებში დედა და შვილი გამოირჩევა, არსებობს დედა სათნოება და შვილი სათნოება. ვფიქრობ, მათი ჩამოთვლა არ არის საჭირო. მკითხველს წმინდა მამათა ნააზრევს მივუთითებთ: სულიერ და ხორციელ სათნოებათა შესახებ იოანე დამასკელის შრომებს845. სამი სულიერი ასაკის (საწყისი, შუა, დასასრული) შესაბამისი სათნოებების შესახებ იოანე სინელის თხზულებას846. ყოველ შემთხვევაში, როცა ადამიანს ვნება აღარ შეაწუხებს, გულში ღვთიური მისწრაფება გაიზრდება და სიკვდილს აღარ შეუშინდება და მას ძილად წარმოიდგენს. ამის შემდეგ მოიპოვებს ცხონების საგანძურს. "და სულში გამოუთქმელი სიხარულით ზეციურ სასუფეველს ატარებს"847. ადამიანი უვნებობის მადლს შემთხვევით არ იღებს. მის მოსაპოვებლად დიდი ღვაწლია საჭირო. ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ მიიღწევა უვნებობა. წინა პარაგრაფში მოყვანილი მსჯელობა ვნებების კურნების შესახებ გვიჩვენებს უვნებობის გზასაც. აქ მოკლედ ჩამოვთვლით იმ საშუალებებს, რომლითაც აღთქმის მიწაზე მისვლა ანუ უვნებობის მიღწევაა შესაძლებელი. მოვიყვანთ მხოლოდ წმინდა მამათა თხზულებებიდან ნაწყვეტებს. "მორჩილებისაგან სიმდაბლე; და სიმდაბლისაგან უვნებელობა848. თავმდაბლობა მორჩილებისგან იბადება და მას უვნებობა მოსდევს. თუკი ადამიანი სხვანაირ გზას აირჩევს, ვერ მიაღწევს მიზანს849. უვნებობის მიღწევა შეუძლებელია უსიყვარულოდ850. სიყვარულს თავისი საფეხურები აქვს, სათნოებანი კი ერთმანეთში გადადიან. სულიერი ცხოვრება ორგანული ერთიანობაა, ამიტომაც სიყვარულის განცდას მოაქვს უვნებობა და ეს უკანასკნელი მჭიდროდ უკავშირდება სიყვარულს. "სიყვარული და უვნებობა გონებას იცავს საგნებისადმი მიმართული ვნებისაგან და ვნებიანი აზრებისგან"851. უვნებობა თავშეკავების საფასურია852. უვნებობის მიღწევაში დამხმარეა მარხვა, მღვიძარება და ლოცვა: გაცნობიერებულ მარხვას, მღვიძარებას და ლოცვას მივყავართ უვნებობის საზღვართან და სული თავმდაბლობით ცრემლს დაღვრის და ღვთის სიყვარულის ცეცხლით აენთება"853. გარდა ამისა "მკაცრი ცხოვრების წესს" სიყვარულთან ერთად, "სწრაფად მიჰყავს მონაზონი უვნებობის ნავსაყუდელთან"854. "ყველანაირი თავშეკავებით და უწყვეტი ლოცვით, მოთმინებით, თვითგანსჯით, უკიდურესი თავმდაბლობით "მოკლე ხანში მიიღებთ უვნებობის მადლს"855. იოანე სინელი ამბობს, "რომელთა იგი სძლეს ხორცთა თჳსთა დაყუდებითა და მოიგეს უვნებელობა ესე ვითარნი, უკეთუ მახლობელად სოფლისა მივიდნენ აღიძრნენ კვალად ვნებანი მათ ზედა, ხოლო მორჩილებისა მიერ მოგებული უვნებელობაჲ ყოველსა ადგილსა გამოცდილ არს და მტკიცე და შეურყეველ"856.

უფლის მცნებების დაცვით მიღწეული სიწმინდე წარმოშობს უვნებობას857. აქედან ჩანს რამდენად მნიშვნელოვანია უფლის მცნებების დაცვა. სწორედ მცნებების დაცვა წარმოშობს უვნებობას"858.

რწმენის გარეშე მარტო სხეულის წვრთნით ადამიანი უვნებობის სიმშვიდეს ვერ მიაღწევს"859. წმინდა თეოგნოსტე ამბობს, რომ ადამიანი ქმედითი სათნოებით უვნებობის სადგურში ვერ შეაღწევს, თუ იმავდროულად მის გონებას არსებათა შესაცნობად სულიერი ჭვრეტის მადლი არ ექნება"860.

წმინდა მამის მოყვანილი აზრი მნიშვნელოვანია, რადგან არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ უვნებობა ქმედითი სათნოებით მიიღწევა. წმინდა თეოგნოსტე არ იზიარებს ამ მოსაზრებას. ქმედით სათნოებას თან უნდა ახლდეს სულიერი ხედვა, სინანული და ლოცვა, ძირითადად ე.წ. გონებითი ლოცვა.

უვნებობის მოპოვებაში დიდად გვეხმარება ღვთისმიერი ტირილი იოანე სინელის სიტყვებით: "გლოვა ჭეშმარიტი ესე არს სული მჭმუნვარე, მტკივნეული მხურვალებითა გულისათა. მრავალთა თანა წინამორბედ უვნებელობისა იქმნა გლოვაჲ, რაჟამს მოსპო ვნებათა ნივთი და განწმიდა სული"861. ამიტომ ითვლება გლოვა ცხოვრების წესად. იგი განწმენდს სულს და გონებას და ღვთიური ნუგეშის მიღებას შეაძლებინებს. გლოვა სინანულს უკავშირდება. ჭეშმარიტი სინანული კი საკუთარი თავის მოძულებაა. უფალი ამბობს, რომ ადამიანს თავის თავი უნდა სძულდეს მას (უფალი) რომ შეუდგეს და დაიმკვიდროს ცათა სასუფეველი. "რომელსა უყუარდეს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელსა სძულდეს სული თჳსი ამას სოფელსა, ცხორებად საუკუნოდ დაიმარხოს იგი" (იო. 12, 25.). "რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი... და მერმე კუალად სულიცა თჳსი, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა" (ლუკ. 14. 26).

გრიგოლ პალამა წერს, რომ "ამქვეყნიურ ცხოვრებაში ამ ქვეყნის საქმენი ღვთის მცნებების თანახმად უნდა აღვასრულოთ". ეს ძალდატანებაა და დროთა განმავლობაში ჩვეულებად იქცევა. ეს ჩვეულება, თავის მხრივ, სულს ანიჭებს "ბოროტი ჩვეულებების სიძულვილს" და სიძულვილის ნაყოფია უვნებობა862. და როცა ადამიანი მოიპოვებს უვნებობას, მაშინ ცოდვა ვეღარ დაეუფლება მას სული წმინდის კანონით და თავისუფალიც იქნება"863.

სულიერი გამოცდილების მქონე ადამიანებს თუ ვამჩნევთ ნაკლსა და პატარა ვნებებს, არ უნდა შევშფოთდეთ, რადგან უფალი უშვებს მათთვის ამას, რათა საკუთარი თავი მეტად გაკიცხონ და მოიპოვონ სიმდაბლის სიმდიდრე"864. ასეთია უვნებობის სიმდიდრე. იგი სათნოებებთან და სულიერ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული. უნდა ვილოცოთ უვნებობის მისაღწევად. ცხადია, უვნებობა არ უნდა ვითხოვოთ სიამაყითა და ეგოისტური გრძნობებით. თუ გვსურს, რომ ეს უდიდესი განძი მოვიპოვოთ. ისეც ხდება, როცა ადამიანი ითხოვს ისეთ წყალობას, როგორიც უვნებობაა და ამას ეშმაკისგან იღებს. ვნება და ეშმაკი ცოტა ხნით შორდებიან ასეთ ადამიანს და ცუდადმზვაობრობით აცდუნებენ. წმინდა თეოგნოსტე ამბობს: "უვნებობას ნუ ითხოვ, რადგან ამგვარი წყალობის ღირსი არა ხარ, ითხოვე ღვაწლით ცხონება და მასთან ერთად უვნებობასაც მიიღებ"865.

ჩვენი ლოცვისა და ღვაწლის მიუხედავად, უფალმა შეიძლება არ გაგვანთავისუფლოს რომელიმე ვნებისგან, რათა არ ვიგემოთ სრულყოფილი უვნებობა. ასე ხდება, რადგან უდროოდ, უღირსად, სიამაყით, შეიძლებოდა უგულისხმონი გავმხდარიყავით, თხოვნა რომ შეესრულებინა უფალს. "ნუმცა შევსწუხდებით საყვარელნო, რაჟამს ვითხოვდეთ რასმე უფლისგან, და რაჟამს რავდენმე არა ისმინოს ჩვენი. რამეთუ ენება უფალსა, თუმცა ყოველნივე კაცნი, ერთსა შინა წამსა უვნებელობასამცა მიემთხვინეს"866.

ეკლესიის ისტორიაში ცნობილია ისეთი მაგალითები, როცა უვნებობის მადლით აღსავსე ადამიანები სთხოვდნენ უფალს ამ მადლის განშორებას, მტერთან ბრძოლა რომ შესძლებოდათ. წმინდა ეფრემი, რომელმაც უფლის შეწევნით დათრგუნა სულიერი და ხორციელი ვნებები, ევედრებოდა ღმერთს წაერთმია მისთვის უვნებობა, რადგან არ სურდა მტერთან ბრძოლის მიღმა დარჩენილიყო და ამის გამო განსჯილიყო867.

ნაწილობრივი ან სრულყოფილი უვნებობა სულის განკურნების მაჩვენებელია. სული ჯანსაღდება, მკვდრეთით აღდგება. ვნებებისგან მკვდარი გონება აღდგება: "გონებასა გლახაკთასა აღადგენს მწვირისაგან ვნებათასა და აღიმაღლებს ქვეყნით ზეცად სანატრელი უვნებელობა, ხოლო სიყვარული ყოვლად ქებული დასვამს მთავართა თანა ანგელოსთასა, მთავართა თანა ერისა უფლისათა"868.