| |
მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია
თავი პირველი მართლმადიდებლობა - მკურნალი მეცნიერება
3. რა არის კურნება
ზემოთ ვისაუბრეთ, რომ ქრისტიანობა და ღმრთისმეტყველება, უპირველეს ყოვლისა, განმკურნებელი მეცნიერებაა, ახლა მოკლედ აღვწეროთ რა არის კურნება და რისგან გვკურნავს მართლმადიდებლობა თავისი თეოლოგიით და ღმრთისმსახურებით. სულის განკურნებაში მოიაზრება გონების განკურნება და გათავისუფლება. ადამიანური ბუნება "დასნეულდა" ღმერთისგან განშორების შემდგომ, ამიტომ სულის სნეულების მიზეზი გონების ტყვეობასა და დაცემაშია. წინაპართა ცოდვით განეშორა ღმერთს ადამიანი, დაკარგა ღვთიური მადლი, რასაც მოჰყვა გონების დაბნელება და კვდომა. ზუსტად შეიძლება, ვამტკიცოთ: "ადამიანის დაცემა, ანუ თანდაყოლილი ცოდვით ცხოვრება გამოიხატება 1) გონიერების დაკარგვაში, ან არასწორ აზროვნებაში 2) აზრობრივი მოქმედებისა და ფიზიოლოგიური პროცესების ურთიერთაღრევაში. 3) აქედან გამომდინარე გონებრივი მოქმედება სტრესისა და გარემო პირობების მორჩილი ხდება. ადამიანის გონებრივი ძალა (νοερά δύναµις) თუ სუსტდება ან სრულიად აღარ მოქმედებს, ჩნდება მისი დაცემის სხვადასხვა საფეხური... შესუსტებული გონებრივი ძალა ერთი მხრივ ადამიანსა და ღმერთს, მეორე მხრივ თვით ადამიანებს შორის კავშირის შესუსტების შედეგია, ასეთ დროს ადამიანი ესწრაფვის ღმერთს და სურს ცოდვით დაცემული სხვა ადამიანიც საკუთარი თავისუფლებისა და ბედნიერების განსამტკიცებლად გამოიყენოს17.
ღვთიური მადლის დაკარგვამ მოაკვდინა ადამიანის გონება, რადგან მთელი მისი არსება დასნეულდა და ეს სნეულება შთამომავალთაც გადაეცა. ამგვარად აიხსნება მართლმადიდებლობაში მემკვიდრეობითი ცოდვის არსებობა. პავლე მოციქულის სიტყვებს: "ერთისა მის კაცისა ურჩებითა ცოდვილნი შემოÂდეს მრავალნი" (რომ. 5. 19). წმინდა მამები სჯულის მიხედვითაც და მედიცინის თვალსაზრისითაც განმარტავენ. ეპისტოლეს სიტყვები ნიშნავს, რომ დასნეულდა ადამიანური ბუნება. წმ. კირილე ალექსანდრიელი განმარტავს: "მას შემდეგ, რაც (ადამი) დაეცა ცოდვით, ადამიანის ხორციელ ნაწილში შეიჭრა ჰედონიზმი (სიამოვნების მოყვარეობა) და ბიწიერება და მას შემდეგ ჩვენს სხეულშიც გაჩნდა (სიამოვნების და ბიწიერების) მკაცრი კანონიც. ამგვარად ადამიანური ბუნება დასნეულდა ცოდვით ერთის (ადამის) დაუმორჩილებლობის გამო და მრავალნი გახდნენ ცოდვილნი არა იმიტომ, რომ მათ თავად ჩაიდინეს ცოდვა ადამთან ერთად, არამედ იმიტომ, რომ ყოველი კაცისთვის საერთოა დაცემული ადამის ბუნება, ადამის კაცებრივი ბუნება დაუმორჩილებლობის გამო ხრწნადი გახდა და მასში ვნება დასადგურდა"18. სხვა ადგილას წმ. კირილე მიმართავს ფესვის მაგალითს. ადამიდან მოყოლებული, სიკვდილი მთელ კაცობრიობას შეეხო, ისე როგორც "თუ მცენარეს ფესვი დაუზიანდა, უთუოდ დაჭკნება ყლორტებიც"19. საყურადღებოა აგრეთვე წმ. გრიგოლ პალამას სიტყვები: "ღმერთისგან განშორებული გონება, პირუტყვისას ან ეშმაკეულს ემსგავსება, ბუნებრივი კანონებისგან განმდგარი გონება სხვას ესწრაფვის"20. ნათლისღებისას, როცა "ადამიანი უფლის წიაღში სულით იბადება" - ადამიანის გონება განათლდება, ცოდვისა და ეშმაკის მონობისგან თავისუფლდება და ღმერთს უერთდება. ამიტომაც ნათლობა განათლებად იწოდება. თუმცა კი პირველყოფილი ცოდვის გამო ნათლობის შემდეგაც ბინდდება და კვდება გონება. წმინდა მამათა თხზულებებში ნათლად ჩანს, რომ ყოველი ცოდვა და ვნება ადამიანის გონებას კლავს.
წმ. იოანე სინელი წერს: ცბიერ ეშმაკს სურს "დაგვიბინდოს გონება", განსაკუთრებით სიძვის ეშმაკი მძლავრობს, რომ "დაიმონოს ადამიანის გონება, ის აღძრავს ადამის მოდგმას ჩაიდინოს ისეთი რამ, "რასაც მხოლოდ შეშლილები ჩადიან"21. შემდეგ თავში დაწვრილებით ვიმსჯელებთ თუ რას ნიშნავს ადამიანური გონება. ახლა ვეხებით მხოლოდ გონების დაბნელების ცნებას. წმ. მაქსიმე აღმსარებელი გვასწავლის "სხეულისთვის სამყარო ნივთებია, გონებისთვის კი აზრები; როგორც (კაცის) სხეული მრუშობს ქალის სხეულთან, ასევე გონება სხეულის წარმოსახვით მრუშობს"22. ეს არის სწორედ გონების დაბნელება და დაცემა. წმ. მამა სხვა ადგილას წერს: "როგორც სხეული სცოდავს ნივთიერად და ამისთვის არსებობს სხეულის ნაწილები... გონება სცოდავს ვნებიანი აზრებით და თითქოს სამოქმედოდ სულიერი სათნოებები აქვს"23.
ნათქვამიდან გამომდინარეობს ის, რომ გონების დაცემა მთელი სულიერი სამყაროს არევას იწვევს და აიძულებს ადამიანს დაცემის ტრაგიზმი მძიმედ გადაიტანოს. ასე რომ, ბევრი პრობლემა, რაც გვაწუხებს, შინაგანი უძლურებიდან მომდინარეობს. ამიტომაც ფსიქოთერაპევტები ხშირად ვერ ეხმარებიან ადამიანს, რადგან მხოლოდ იესო ქრისტეს შეუძლია გონების აღდგენა.
წმინდა მაქსიმე ცდილობს ნათლად წარმოაჩინოს რა არის გონების ბიწიერება და მისი დაცემა, წმინდა მამა ამბობს, რომ ეს ბიწიერება ოთხ რამეში გამოიხატება: ფსევდო (მცდარ) ცოდნაში, საყოველთაოს ვერდანახვაში, ვნებიან აზრებში, ცოდვასთან შეგუებაში24.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ჩნდება გონების განკურნების საჭიროება. ამ პროცესს წმინდა მამები გონების გაცოცხლებას ან განწმენდას უწოდებენ.
გულისა და გონების განწმენდის შესახებ ბევრია ნათქვამი წმინდა წერილში. უფალი იესო ქრისტე ფარისევლებს, (რომლებიც გარეგნულად სისუფთავეზე ზრუნავდნენ და შინაგანს უგულებელყოფდნენ). ეუბნება: "ფარისეველო, ბრმაო, განწმინდე პირველად შინაგანი იგი სასუმელისაჲ და პაროფსიდისაჲ, რაჲთა იყოს გარეშეცა იგი მისი წმინდა" (მათ. 23. 26). იერუსალიმში მოციქულთა კრებაზე, როცა მსჯელობდნენ იმაზე, წინადაცვეთილიყვნენ თუ არა ქრისტიანები ძველი აღთქმის სჯულის მიხედვით, პეტრე მოციქულმა თქვა: "და გულთ-მეცნიერი ღმერთი ეწამა მათ და მისცა მათ სული წმიდაჲ, ვითარცა იგი ჩუენ; და არა რად განიკითხა შორის ჩუენსა და მათსა, და სარწმუნოებითა განწმიდნა გულნი მათნი" (საქმ. 15. 8-9). პავლე მოციქული კორინთელებს ურჩევს: "განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთაჲსა და სულისა და აღვასრულებდეთ სიწმიდესა შიშითა ღმრთისაჲთა (2 კორ. 7, 1). "ქრისტეს სისხლმა, განწმიდნეს გონებანი თქუენნი მკუდართაგან საქმეთა." (ებრ. 9. 14). პავლე მოციქული ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში ამბობს, რომ ჩვენ ვინახავთ რწმენის საიდუმლოს "აქუსმცა საიდუმლოჲ იგი სარწმუნოებაჲ წმიდითა გონებითა" (1 ტიმ. 3. 9). პეტრე მოციქულმა კარგად უწყის, რომ ურთიერთსიყვარული გულის სიწმინდის ნაყოფია, ამიტომ გვირჩევს: "შეუორგულებული იყვენით გულითა წმიდითა, ურთიერთას იყუარებოდეთ განმარტებულად" (1 პეტრ. 1. 22.). ამრიგად, გულისა და გონების განწმენდა აუცილებელია. ჩვენ განცალკევებულად ვწერთ "გულსა და გონებას", თუმცა წმინდა მამათა ღმრთისმეტყველებაში ეს ორი ცნება გაერთიანებულია. ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდებით.
წმინდა მაქსიმე სულიერ ცხოვრებას სამ ეტაპად ყოფს: პრაქტიკული სიბრძნისმოყვარეობა, რეალური ჭვრეტა და მისტიკური ღმრთისმეტყველება. წმინდა მამის შრომათა მკვლევარი მიუთითებს, რომ "წმ. მაქსიმეს ასკეტიკა სამ ძირითად ნაწილად იყოფა: 1) "პრაქტიკული სიბრძნისმოყვარეობა", ქმედება. 2) "რეალური ჭვრეტა", უბრალო ჭვრეტა 3) "მისტიკური ღმრთისმეტყველება" ანუ უბრალოდ ღმრთისმეტყველება. პირველი განწმენდს ადამიანს ვნებებისგან და სათნოებით შემოსავს. მეორე გაანათლებს გონებას ჭეშმარიტი ცოდნით, მესამე აჯილდოებს ადამიანს უმაღლესი მისტიკური ცოდნით, რომელსაც წმინდა მამა "ექსტაზს" უწოდებს. ეს სამი ნაწილი არის უმთავრესი ეტაპები ადამიანის სულის ხსნის გზაზე სვლისას25. შევნიშნავთ, რომ წმინდა მამები სულიერი ცხოვრების ამ სამ ეტაპს განარჩევენ. პრაქტიკულ სიბრძნისმოყვარეობაში გულის განწმენდა იგულისხმება, რეალურ ჭვრეტაში - გონების განათლება, ხოლო მისტიკურ ღმრთისმეტყველებაში - უფალთან ურთიერთობა ჭვრეტით.
სხვა მამათა ნააზრევში სხვაგვარი დაყოფა არსებობს. სულიერი ცხოვრება ქმედებად და ჭვრეტად მოიაზრება. ქმედება თავისი არსით წინა ეტაპებში წარმოდგენილს არ ეწინააღმდეგება. ქმედება- განწმენდა, ჭვრეტა - გონების განათლება და უფალთან ურთიერთობა. ქმედება ყოველთვის წინ უსწრებს უფლის ხილვას. "ქმედებით მიიღწევა ჭვრეტა"26. უფრო ზუსტად, ქმედება - სხეულის მარხვაა, მღვიძარება, ფსალმუნთგალობაა, ლოცვაა, მდუმარებაა `სიტყვაზე უფრო ძვირფასი", "ხელთა საქმეა, ანუ ის, რასაც ხელები უშფოთველად აკეთებენ"27. "ჭვრეტა კი არის სულიერი ხედვა გონებისა, როცა იგი (გონება) მიაღწევს, იხილოს რაც იყო და რაც იქნება. ჭვრეტა გონებით ხილვაა"28.
აშკარაა, რომ ჭვრეტა მაქსიმე აღმსარებლის სწავლებაში ქმედებისგან (საქმისგან) დამოუკიდებელი არ არის. "არ არსებობს უსაფრთხო ქმედება ჭვრეტის გარეშე, არც ჭეშმარიტი ჭვრეტა ქმედების გარეშე. რადგან ქმედება უნდა იყოს გონიერი და ჭვრეტა ქმედითი". წმ. მაქსიმე აღნიშნავს, რომ მეტისმეტად განსწავლულებისთვის ჭვრეტა წინ უსწრებს ქმედებას, ხოლო ნაკლებგანსწავლულებისთვის კი ჯერ ქმედებაა და მერე ჭვრეტა; ორივე შემთხვევაში მიზანი კეთილია და საერთო შედეგამდე მიდის. ეს ადამიანის განწმენდა და გამოხსნაა29.
სულის განწმენდაზე საუბრისას უმთავრესს, ვნებათგან განთავისუფლებას, ვგულისხმობთ, უფრო სწორად კი ვნებათა გარდაქმნას. განწმენდა ადამიანური ყოფის "გააზრებულ აზრთა თავმოყრაა", რასაც გონების განათლება მოჰყვება. ეს რაიმეს უარყოფას კი არ ნიშნავს, არამედ მოპოვებას. განწმენდილი სული შეიცნობა: "უშურველი სიტყვით, უბოროტო მოშურნეობით, უფლის დიდების უწყვეტი სიყვარულით"30. სხვაგვარად, თუ ჩვენი სიტყვა შურიანია და ღვთისადმი სიყვარული უწყვეტი არ არის, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გული ჯერ არ განწმენდილა.
გონება ღვთის ხატია. ის ჩვენ ცოდვით წავბილწეთ და ახლა უნდა განვწმინდოთ. ამბა დოროთე გვირჩევს: "ხატი ჩვენი განვწმიდოთ, დავიბრუნოთ ისეთი, როგორც მივიღეთ"31. დიდი ღვაწლისა და შრომის გაწევა მოგვიწევს, სანამ არ განიწმინდება "გონება ესე ჩვენი ძაღლებრ ხორცის მოყვარე და მწვირის მოყვარე, სიწმიდისმოყვარე და სიბრძნის მოყვარე ვყოთ სიმშვიდისა მიერ"32.
ცოდვას და ვნებიან აზრებთან მებრძოლი ადამიანი თავმდაბალი ხდება, იღვწის და "ნელ-ნელა ღვაწლით განიწმინდება და თავის საწყის მდგომარეობას უბრუნდება"33.
ადამიანის დიდი მცდელობის მიუხედავად, მკვდარი გონება ვერ გაცოცხლდება, თუ მასზე სული წმიდის მადლი არ გადმოვა, რადგან "განწმენდა სული წმინდით ხდება"34.
ღვთიური მადლის დახმარებით გონება თუ იწმინდება, ნათდება კიდეც, რადგან "გონების განწმენდა, მისი განათლებაა"35. განწმენდის შემდგომ თუკი ადამიანი ცოდვით შებილწვისაგან დაიცავს გონებას, მაშინ იგი იწოდება "ნათლისგან დაბადებულად, მოკაშკაშედ და სხივთამფრქვეველად და მგზნებარედ"36.
შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ადამიანის განკურნება ნიშნავს გულის, გონების, ღვთის ხატის განწმენდის, გონებისთვის პირველქმნილ მშვენიერების დაბრუნებას. უფრო მეტიც, ეს უფალთან საუბარია, როცა გონება სული წმინდის ტაძარია. ამ დროს ვამბობთ, რომ კურნება წარმატებით დასრულდა. განკურნებულნი უფლის წმინდანები არიან.
|
|