წმიდა ბენედიქტეს მოწაფეთაგან აგრეთვე მსმენია, რომ ორი ცნობილი მოსაგრე, რომელთაც საერო განათლებაც ჰქონდათ, ღვიძლი ძმები სპეციოზი და გრიგოლი, მისი ხელმძღვანელობით წმიდა მონაზვნურ ცხოვრებას შეუდგნენ. ღირსმა მამამ ისინი იმ მონასტერში დაამკვიდრა, რომელიც ქალაქ ტერაცინის მახლობლად ააგო. ძმებს ერში ყოფნისას დიდძალი სიმდიდრე ჰქონდათ, მაგრამ თავიანთი სულის საცხოვნებლად ყველაფერი გლახაკებს დაურიგეს, თვითონ კი მონასტერში დამკვიდრდნენ. ერთ-ერთი მათგანი, სპეციოზი, სამონასტრო საქმეთა გამო ქალაქ კაპუაში იქნა წარგზავნილი. ერთ დღეს მისი ძმა, გრიგოლი, ძმებთან ერთად საერთო ტრაპეზს იზიარებდა. ამ დროს გონებით აღტაცებულმა თავისი ძმის სხეულიდან აღმომავალი სული იხილა. სპეციოზი ამ დროს მისგან შორს იმყოფებოდა. ხილვის შესახებ მან მაშინვე ძმებს უთხრა, თავად კი სასწრაფოდ გაეშურა და ძმა უკვე დაკრძალული დახვდა. ის სწორედ იმ დროს აღესრულა, როდესაც გრიგოლმა იხილა.