გრიგოლი: ცოტა ხნის წინ შენ თქვი, რომ არ გინახავს, მომაკვდავმა ძმამ სული როგორ განუტევა; ამის მიზეზი ის იყო, რომ ხორციელი თვალით უხილავი არსების ხილვა მოისურვე. მრავალნი, ვინც გონების თვალს წმიდა რწმენითა და ნაყოფიერი ლოცვით განიწმენდდნენ, სხეულიდან გასულ სულს ხშირად ხედავდნენ. აუცილებლად მიმაჩნია გიამბო, რომ სხეულიდან ამომავალი სული უამრავჯერ უხილავთ და ასევე - იმის შესახებ, რაც თვითონ მომაკვდავებს უხილავთ სხეულიდან განსვლის ჟამს, რომ ამით უძლური გონება, რომელიც მტკიცებებით ვერ რწმუნდება, მაგალითებით განვამტკიცოთ.
ამ კრებულის მეორე წიგნში უკვე გიამბე, რომ ქალაქ კაპუადან მოშორებით მყოფმა ღირსმა ბენედიქტემ, მრავალი მოწაფის დამოწმებით, ამ ქალაქის ეპისკოპოსის სული იხილა, რომელსაც ანგელოზები ცეცხლოვან სფეროში ზეცისკენ მიაბრძანებდნენ. ზეცად აღმავალი სულის ხილვისას მან გონების განვრცობილი თვალით მთელი ქვეყნიერება იხილა, რომელიც მის თვალთა წინაშე თითქოს მზის ერთ სხივში მოიკრიბა.