იმისი ცოდნაც გმართებს, რომ ცოდვათა მიტევებას მარ- თლად მხოლოდ ის ითხოვს, ვინც თავის წინააღმდეგ ჩადენილ ცოდვებს მიუტევებს, რადგან სახარების მიხედვით ძღვენი იქამდე არ შეიწირება, ვიდრე სულიდან მტრობა არ განიდევნება: “უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ რაჲმე არს შენთჳს, დაუტევე შესაწირავი იგი საკურთხეველსა მას და მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი“ (მათ. 5, 23-24). აქედან ცხადია, რომ თუკი შესაწირავისთვის შეცოდება მიგეტევება, რაოდენ მძიმეა მტრობის ცოდვა, რომლის გამო თვით შესაწირავი არ შეიწირება. ამგვარად, მოყვასს სულით უნდა მივმართოთ, რაგინდ ჩვენგან შორს იმყოფებოდეს და ჩვენს მიმართ როგორი განაწყენებულიც არ უნდა იყოს, სულით დავმორჩილდეთ, სიმდაბლითა და კეთილგანწყობით გული მოვულბოთ, რათა შემოქმედმაც, რომელმაც ჩვენი ცოდვებისათვის შესაწირავი უნდა შეიწიროს, შეგვინდოს, როდესაც ჩვენი გულის ამგვარ კეთილგანწყობილებას იხილავს (მათ. 18, 27). ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით განვისწავლეთ, რომელიც ამოწმებს, რომ მონას, რომელსაც ბატონის ათი ათასი ტალანტი ემართა, სინანულის შემდეგ მისგან ვალი სრულად შეენდო, მაგრამ იმისთვის, რომ თანამონას ასი დინარი არ შეუნდო, ებრძანა მიტევებული ვალი სრულად გადაეხადა. აქედან ცხადად ჩანს, თუკი ჩვენს წინააღმდეგ შემცოდეთ მთელი გულით არ მივუტევებთ, მაშინ ჩვენც კვლავ მოგვთხოვენ იმას, რაც სინანულის შემდეგ შეგვენდო. ამგვარად, ვიდრე ჯერ კიდევ დრო გვაქვს, ვიდრე მსაჯული სულგრძელებს და ჩვენი გულების გამომცდელი ჩვენს მოქცევას ელის, სასტიკი გული ცრემლით მოვილბოთ და მოყვასის მიმართ კეთილგანწყობილებითა და სიყვარულით განვეწყოთ. დამაჯერებლად შემიძლია ვთქვა, რომ სიკვდილის შემდეგ ჩვენი სულის საოხად მაცხოვნებელი მსხვერპლის შეწირვა აუცილებელი აღარ იქნება, თუკი სიკვდილამდე საკუთარ თავს ღმრთისათვის შეწირულ მსხვერპლად ვაქცევთ.