მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეოთხე - თავი მეექვსე
როგორც სხეულში მყოფი სულის სიცოცხლე შეიცნობა ასოთა მოძრაობით, ასევე წმინდანის სხეულის სიკვდილის შემდეგ სულის სიცოცხლე სასწაულთა აღსრულებით შეიცნობა


პეტრე: სხეულში მყოფი სულის სიცოცხლის შეცნობა სხეულის მოძრაობით შემიძლია, რადგან სხეულში რომ სული არ იყოს, სხეულის ასოები ვერ იმოძრავებდნენ. სხეულის სიკვდილის შემდეგ სულის სიცოცხლე როგორი მოძრაობები- თა და მოქმედებებით შემიძლია შევიცნო, რათა ხილული საგნების მიხედვით იმისი ყოფიერება შევიცნო, ვისი ხილვაც შეუძლებელია?

გრიგოლი: არცთუ ზედმიწევნით ზუსტ შედარებას მოვიხმობ: როგორც სულის ძალა აცოცხლებს და ამოძრავებს სხეულს, ასევე ღმერთის ძალა აღავსებს ყოველ ქმნილებას: ზოგიერთს თავისი სუნთქვით აცხოველებს, სხვებში სიცოცხლეს შეეწევა, ხოლო ზოგიერთებს ყოფიერებას მათთან ყოფნით ანიჭებს. რადგან ეჭვი არ გეპარება, რომ არსებობს ღმერთი - შემოქმედი და წარმმართველი, რომელიც ყოველივეს აღავსებს და მოიცავს, ყოველივეზე აღმატებული და ყოვლის მპყრობელია, გარშემოუწერელი და უხილავია, ამიტომ არც ის უნდა გაეჭვებდეს, რომ მას უხილავი მსახურები ჰყავს. ხოლო მსახურს შეჰფერის იმას მიემსგავსოს, ვისაც ემსახურება. ამდენად, უეჭველია, რომ უხილავს უხილავი მსახურები მსახურებენ, რომელთა არსებობა გვწამს. ვინ უნდა იყვნენ ეს უხილავი მსახურები, თუ არა წმიდა ანგელოზები და მარ- თალთა სულები? როგორც სხეულის მოძრაობის მხილველი უმდაბლესის მიხედვით მასში მყოფი სულის სიცოცხლეზე მსჯელობ, ასევე სხეულიდან გასული სულის სიცოცხლეზე უმაღლესის მიხედვით უნდა იმსჯელო - სული უხილავად ცოცხლობს, რადგან ვალდებულია ემსახუროს უხილავ შემოქმედს.

პეტრე: ყოველივეს სამართლიანად ბრძანებ; მაგრამ იმის რწმენას, რისი ხილვაც ხორციელი თვალით შეუძლებელია, გონება არ ეთანხმება.

გრიგოლი: როდესაც წმიდა მოციქული პავლე ამბობს: “ არს სარწმუნოებაჲ მოსავთა მათ ძალ, საქმეთა მამხილებელ არა-ხილულთა“  (ებრ. 11, 1), მიგვითითებს, რომ იმისი რწმენა გვმართებს, რისი ხილვაც შეუძლებელია. ეჭვის სწრაფად გასაფანტად გეტყვი, რომ ხილულის დანახვა უხილავის გარეშე შეუძლებელია. აი, მაგალითად, შენი ხორციელი თვალი ხედავს ყოველივე ხორციელს, მაგრამ ის ვერავითარ ხორციელს ვერ დაინახავდა, მის მხედველობას უსხეულო არსება რომ არ განაპირობებდეს. უხილავი გონება წაართვი და ამაო იქნება თვალის გახელა, რომელიც მანამდე ხედავდა. სულმა რომ სხეული დატოვოს, შენი ხორციელი თვალები უეჭველად დაიხუჭება. ამგვარად, თუკი ისინი თავისით ხედავდნენ, მაშინ სულის სხეულიდან განსვლის შემდეგ რატომ ვეღარაფერს ხედავენ? აქედან გამოიტანე დასკვნა, რომ ყოველივე ხილულის დანახვაც უხილავის მეშვეობით არის შესაძლებელი. ასევე წარმოვიდგინოთ, რომ სახლი შენდება, უდიდეს სიმძიმეებს სწევენ, უზარმაზარი სვეტები მანქანებზეა დაყრდნობილი: გეკითხები, ამ საქმეს ვინ ასრულებს, ხილული სხეული, რომელიც ამ სიმძიმეებს ამოძრავებს, თუ უხილავი სული, რომელიც სხეულს აცხოველებს? სხეულს უხილავი წაართვი და ლითონის გროვები, რომელთაც ამოძრავებულს ხედავ, უმოძრაო გახდება. აქედან გვმართებს გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ხილულ სამყაროში უხილავად მოქმედი ძალის გარეშე არაფერი მოეწყობა. როგორც ყოვლისშემძლე ღმერ- თი უხილავ არსებებს თავისი სუნთქვითა და განმსჭვალვით აცხოველებს და ამოძრავებს, ასევე ხილულ სხეულებს უხილავი არსებები განმსჭვალავენ, ამოძრავებენ და აცხოველებენ.

პეტრე: გამოგიტყდები, ამ დამამტკიცებელი საბუთებით ძლეულს, მმართებს ყოველივე ხილული (უხილავის გარეშე) არარაობად ჩავთვალო, თუმცა აქამდე უხილავის მიმართ ეჭვს გამოვთქვამდი, რაკი (რწმენაში) უძლურთ წარმოვადგენდი. ამგვარად, ყოველივეს ვეთანხმები, რაც შენ თქვი; ამასთან, რამდენადაც სხეულში მყოფი სულის სიცოცხლე სხეულის მოძრაობით შეიცნობა, ამდენად ხილული მოვლენების დამოწმებით, სხეულის სიკვდილის შემდეგ სულის სიცოცხლის შესახებ მსურს შევიტყო.

გრიგოლი: თუკი ამ საკითხის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული გაქვს, მტკიცებულების მოძებნა ძნელი არ არის. ნუთუ წმიდა მოციქულები და ქრისტეს მოწამენი ამქვეყნიურ ცხოვრებას მოიძულებდნენ და სიკვდილს მიეცემოდნენ, თუკი მტკიცე რწმენა არ ექნებოდათ, რომ სულის სიცოცხლე გრძელდება? შენ თვითონ ხომ ამბობ, რომ სხეულში მყოფი სულის სიცოცხლე სხეულის მოძრაობით შეიცნობა. ისინი, ვინც თავი სიკვდილს მისცა და სწამდათ, რომ სული სხეულის გარდაცვალების შემდეგ ცოცხლობს, ყოველდღიურად სასწაულებით ბრწყინავენ, მათ სხეულებთან სნეულნი მიდიან და კურნებას იღებენ; მიდიან ფიცის დამრღვევნი და მათ დემონები ეუფლებიან; მიდიან შეპყრობილები და თავისუფლდებიან (დემონთაგან); კეთროვნები იწმინდებიან; მიცვალებულები მიჰყავთ და მკვდრეთით აღდგებიან. აქედან შეგიძლია დაასკვნა, რომ იმათი სულები, რომელთა სხეულები აქ ასეთ სასწაულებს ახდენენ, სადღაც ცხოვრობენ. ამგვარად, თუკი სხეულში მყოფი სულის სიცოცხლეს სხეულის მოძრაობით შეიცნობ, მაშინ რატომ არ გსურს სულის სიცოცხლე სხეულის გარდაცვალების შემდეგ თვით მკვდარი ძვლებით აღსრულებულ სასწაულებში დაინახო?

პეტრე: ამ მტკიცებულებას, რომელიც ხილული საგნებით აღგვძრავს ვირწმუნოთ უხილავი, ვერც ერთი გონება წინ ვერ აღუდგება.