მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეოთხე - თავი ორმოცდამეთვრამეტე
მაცხოვნებელი მსხვერპლის ძალა და საიდუმლო


მუდამ ამგვარად უნდა ვფიქრობდეთ, რომ ბევრად უსაფრთხოა სიკეთე სიცოცხლეში თვითონ აღვასრულოთ, ვიდრე გვეიმედებოდეს, რომ მას სიკვდილის შემდეგ სხვისი ხელით აღვასრულებთ. უფრო სანეტაროა გავიდეთ ამქვეყნიდან თავისუფალნი, ვიდრე შეკრულებმა ვეძიოთ თავისუფლება. ამიტომ ამ სოფლის წარმავალობას რაც უფრო ცხადად ვხედავთ, მით უფრო უნდა მოვიძულოთ მთელი სულითა და გულით, ღმერთს ყოველდღიურად მსხვერპლად ქრისტეს წმიდა ხორცისა და სისხლის საიდუმლო და ცრემლი შევწიროთ, რადგან მარადიული წარწყმედისაგან სულის ცხონება ერთადერთს ამ მსხვერპლს შეუძლია; ის ჩვენთვის მხოლოდშობილი ძის სიკვდილს იდუმალად განაახლებს, რომელიც “აღდგა მკუდრეთით, არღარა მოკუდეს, და სიკუდილი მის ზედა არღარა უფლებდეს“ (რომ. 6, 9). თუმცა უკვდავი და უხრწნელია, წმიდა ევქარისტიის საიდუმლოში ჩვენთვის კვალად იკვლება. რადგან ევქარისტიაში მის ხორცს ვიღებთ, მისი სხეული ადამიანთა საცხოვნებლად განიყოფება, ხოლო მისი სისხლი უკვე არა უსჯულოთა ხელებზე გადმოდის, არამედ მორწმუნეთა ბაგეებში ჩაედინება. გულისხმავყოთ, როგორია საიდუმლოება, რომელიც ჩვენი ცხონებისათვის მხოლოდშობილი ძის ვნებას მუდამ გვაგონებს. მორწმუნეთაგან ვის შეიძლება ეჭვი შეეპაროს, რომ თვით მსხვერპლშეწირვის ჟამს მღვდლის ღაღადზე ცანი განიხსნებიან, იესო ქრისტეს ამ საიდუმლოს ანგელოზთა დასები ესწრებიან, მიწიერი ზეციერს უერთდება და ხილულთა და უხილავთა შეერთებით დიდი ერთობა იქმნება?