მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეოთხე - თავი ორმოცდამეჩვიდმეტე
მტრების მიერ დატყვევებული კაცი, რომელსაც მისთვის აღსრულებული მსხვერპლშეწირვის შემდეგ ბორკილები დასცვივდა; მესაჭე ბარაკი, რომელიც ხომალდის დაღუპვისას უსისხლო მსხვერპლშეწირვამ იხსნა


გავიგეთ აგრეთვე, რომ ერთი ადამიანი მტრებმა ტყვედ ჩაიგდეს და ბორკილდადებული ჰყავდათ. მისი მეუღლე გარკვეულ დღეებში მისთვის წირვას უკვეთავდა. დიდი ხნის შემდეგ ის დაბრუნდა და ცოლს უამბო, რომ ზოგჯერ იგი ბორკილებისგან თავისუფლდებოდა. ცოლმა შეიტყო, რომ ეს სწორედ ის დღეები იყო, როდესაც მისთვის წირვა აღესრულებოდა. ამგვარი რამ სხვა შემთხვევითაც დასტურდება, რომელიც შვიდი წლის წინ მოხდა. სარწმუნო და ღმრთისმოშიში ადამიანები ამჟამადაც ამოწმებენ, რომ პანორმის ეპისკოპოსი აღათონი ჩემი ნეტარხსენებული წინამორბედის ბრძანებით რომში გაემგზავრა. გზაში იმდენად ძლიერი ქარიშხალი დაატყდა, რომ ზღვის ძლიერი ღელვის გამო გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდა. ხომალდის მესაჭე, სახელად ბარაკი, რომელიც ამჟამად იმავე ეკლესიის კლერიკოსია, ხომალდის უკან ნავს მართავდა. თოკი გაწყდა და ის ნავთან ერთად ტალღებში გაუჩინარდა, ხოლო ხომალდი, რომელზეც ეპისკოპოსი იმყოფებოდა, მრავალი ხიფათის შემდეგ ტალღებმა კუნძულ უსტიკზე გარიყა. სამი დღის შემდეგ ეპისკოპოსმა ზღვაზე ნავში მყოფი მესაჭე დაინახა, ის მკვდარი ეგონა და დამწუხრებულმა გააკეთა ის, რაც მიცვალებულს ყველაზე მეტად შეეწეოდა - ბრძანა ყოვლისშემძლე ღმერთისთვის მის სახელზე უსისხლო მსხვერპლი შეეწირათ, რომლის დასრულების შემდეგ ხომალდი მოამზადეს და იტალიისკენ გაცურეს. რომის ნავსადგურში შესულმა ეპისკოპოსმა იქ მესაჭე იხილა, რომელიც დაღუპული ეგონა. მოულოდნელი სიხარულით აღტაცებულმა მესაჭეს ჰკითხა, ზღვაზე ამდენი ხანი ასეთი საშიშროების პირისპირ როგორ იცხოვრა. მესაჭემ უამბო, მღელვარე ტალღებში ნავით როგორ დაცურავდა, როგორ ცურავდა მასში, როდესაც ის წყლით ივსებოდა და როგორ იჯდა ნავის ფსკერზე, როდესაც მას ტალღები აბრუნებდნენ. შემდეგ კი თანამიმდევრულად უამბო, საღმრთო განგებულებამ როგორ იხსნა, როდესაც ამგვარად გატარებული რამდენიმე დღე-ღამის შემდეგ, შიმშილითა და შრომით სრულიად დაუძლურდა. ის დღემდე ჰყვება შემდეგს: “ტალღებთან ბრძოლაში სრულიად დავუძლურდი; უეცრად თავი იმდენად დამიმძიმდა, რომ ვეღარ ვგრძნობდი, მეღვიძა თუ მეძინა. და როდესაც შუაგულ ზღვაში ვიყავი, ვიღაც გამომეცხადა და შიმშილის დასაოკებლად პური მომაწოდა. შევჭამე თუ არა, მყისვე მოვმაგრდი. შორიახლოს გემი მიცურავდა, რომელმაც საშიში ქარიშხლისაგან მიხსნა და ნაპირზე გამიყვანა“. ამის გაგონებაზე ეპისკოპოსმა დღე ჰკითხა, როდესაც ეს მოხდა და აღმოჩნდა, რომ მესაჭე იმ დღეს გადარჩა, როდესაც კუნძულ უსტიკის პრესვიტერი ყოვლისშემძლე ღმერთს მისთვის უსისხლო მსხვერპლს სწირავდა.

პეტრე: ეს ამბავი სიცილიაში ყოფნისას მეც გავიგე.

გრიგოლი: მჯერა, რომ ცოცხლებზე, რომელთაც არაფერი იციან, ასე ცხადად გამოხსნა იმიტომ აღესრულება, რომ უსისხლო მსხვერპლის შემწირველთ და მათ, ვინც მისი ძალა არ იციან, უჩვენოს, მიცვალებულთა გამოხსნის საქმეშიც როგორი სარგებლობის მოტანა შეუძლია, თუკი მათი ცოდვები მისატევებელია. გარდა ამისა, იმის ცოდნაც გმართებს, რომ წმიდა მსხვერპლშეწირვას სარგებლობა იმ მიცვალებულთათვის მოაქვს, რომლებმაც მიწიერი ცხოვრებით დაიმსახურეს, რომ სიკვდილის შემდეგ სხვების მიერ ამქვეყნად მათთვის აღსრულებული კეთილი საქმეები შეეწეოდეთ.