მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეოთხე - თავი ორმოცდამეთხუთმეტე
რამ შეიძლება მოუტანოს სარგებლობა მიცვალებულთა სულებს? ცენტუმცელელი პრესვიტერისა და მონაზონ იუსტის სულის შესახებ


პეტრე: რამ შეიძლება მოუტანოს სარგებლობა მიცვალებულთა სულებს?

გრიგოლი: თუკი ჩადენილი ცოდვები მძიმე არაა და სიკვდილის შემდეგ შეიძლება შეენდოს, სულს მაცხოვნებელი მსხვერპლშეწირვა სიკვდილის შემდეგაც დიდად შეეწევა;[1] ზოგჯერ მიცვალებულთა სულები ამას თავად ითხოვენ. ეს ამბავი ზემოთ ხსენებულმა ეპისკოპოსმა ფელიქსმა ერთი მეტად ღირსეული პრესვიტერისგან გაიგო, რომელიც ორი წლის წინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ქალაქ ცენტუმცელის სიახლოვეს ცხოვრობდა და ტავრანიაში მდებარე ნეტარი იოანეს ტაძრის წინამძღვარი იყო. პრესვიტერს ხორციელი სნეულების გამო ჩვევად ჰქონდა თბილ წყაროში იმ ადგილზე განბანილიყო, სადაც ყველაზე მეტი ორთქლი ამოდის. ერთხელ იქ შესულს, ერთი უცხო კაცი დახვდა, რომელიც მზად იყო მომსახურებოდა: უცნობმა ფეხზე ფეხსაცმელი გახადა, სამოსი ჩამოართვა, საბანელიდან გამოსვლისას პირსახოცი მიაწოდა და ყოველგვარ სამსახურს სრული მზადყოფნით ასრულებდა. ამის შემდეგ ამგვარი რამ ხშირად ხდებოდა. ერთხელ პრესვიტერმა საბანელში წასვლის წინ იფიქრა: “იმ ადამიანის მიმართ, რომელიც საბანელში ასე გულმოდგინედ მემსახურება, მმართებს უმადურობა არ გამოვიჩინო: ძღვნად რაიმე უნდა მივართვა“. მან ორი სეფისკვერი აიღო და წავიდა. იქ მისულმა ის ადამიანი მაშინვე იპოვა და ისიც ჩვეულებისამებრ ემსახურა. განბანვის შემდეგ წასვლა რომ დააპირა, მან იმ კაცს სეფისკვერები მიართვა, თან სთხოვა მირთმეული ძღვენი კეთილგანწყობით და სიყვარულით მიეღო. უცნობმა პრესვიტერს ცრემლით მიუგო: “მამაო, რატომ მაძლევ? ეს წმიდა პურია, მე კი მისი ჭამა არ შემიძლია. შენ წინაშე ამ ადგილების ყოფილ მეპატრონეს ხედავ. ჩემი ცოდვების გამო სიკვდილის შემდეგ აქ სამსახური მაქვს მისჯილი. თუკი ჩემი დასაჩუქრება გსურს, ეს სეფისკვერები ყოვლისშემძლე ღმერთს ჩემი ცოდვებისათვის მსხვერპლად შესწირე. როდესაც მოხვალ და აქ ვეღარ მიხილავ, იცოდე, ღმერთმა შენი ლოცვა შეისმინა“. ამ სიტყვებზე ის უხილავი გახდა, რითიც გამოჩნდა, რომ სული იყო. პრესვიტერი მისთვის მთელი კვირა ცრემლით ლოცულობდა, მაცხოვნებელ მსხვერპლს ყოველდღიურად სწირავდა და საბანელში მისულმა ის კაცი იქ ვეღარ ნახა. აქედან ჩანს, სულებისთვის უსისხლო მსხვერპლის შეწირვა რამდენად სასარგებლოა, რაკი ამას ცოცხალთაგან თვითონ სულები ითხოვენ და ნიშნებს მიუთითებენ, რომლითაც მათი ცოდვების შენდობას შევიცნობთ.

ვფიქრობ, არც იმის შესახებ უნდა დავდუმდე, რაც სამიოდე წლის წინ ჩემს მონასტერში მოხდა. ერთმა მონაზონმა, სახელად იუსტმა, სამკურნალო ხელოვნება კარგად იცოდა. ის მემსახურებოდა, როდესაც მონასტერში ვცხოვრობდი და სნეულებისას ყურადღებით მმკურნალობდა. როდესაც თავად დაავადდა და სიკვდილის პირას აღმოჩნდა, მას ღვიძლი ძმა, კოპიოზი ემსახურებოდა, რომელიც ამჟამად სარჩოს ექიმობით იძენს. როდესაც იუსტმა სიკვდილის მოახლოვება იგრძნო, კოპიოზს უთხრა, რომ მას სამი ოქროს მონეტა ჰქონდა დამალული. ეს ძმათაგან დაფარული არ დარჩა. მათ გულმოდგინედ მოიძიეს და ოქროს მონეტები წამლებში აღმოაჩინეს. როდესაც ძმის ცოდვის შესახებ მაცნობეს, რომელიც ჩვენთან ერთად ცხოვრობდა, ეს ამბავი გულგრილად ვერ გადავიტანე, იმიტომ, რომ ჩვენს მონასტერში მუდამ წესად იყო, ძმებს ყველაფერი საზიარო ჰქონოდათ და საკუთრად რაიმეს ქონა ეკრძალებოდათ. დამწუხრებული ვფიქრობდი, როგორ მოვქცეულიყავი: ძმის ცოდვათა შენდობისათვის მელოცა, თუ დანარჩენი ძმებისთვის სიმკაცრის მაგალითი მეჩვენებინა? ჩემს მოსაყდრე პრეციოზს მოვუხმე და ვუთხარი: “წადი და ძმებს უბრძანე, მომაკვდავთან არც ერთი მათგანი არ მივიდეს, რომ არავის ბაგეთაგან მანუგეშებელი სიტყვა არ გაიგონოს; როდესაც სიკვდილის მოახლოებისას ძმებს მოუხმობს, მაშინ ღვიძლმა ძმამ უთხრას, რომ ძმებმა გადამალული ოქროს მონეტების გამო მიატოვეს, რათა სინანულმა მისი სული თუნდაც სიკვდილის ჟამს მოიცვას და მის მიერ ჩადენილი ცოდვისაგან განწმინდოს. როდესაც გარდაიცვლება, საძმო სასაფლაოზე არ დაკრძალოთ, არამედ ნაგავსაყრელზე ორმო ამოთხარეთ, მისი სხეული შიგ ჩააგდეთ, მისი ოქროს მონეტები ზედ დაადეთ და ერთხმად უთხარით: “ვეცხლი ეგე შენი შენთანავე იყავნ წარსაწყმედელად შენდა“ (საქმე 8, 20) და შემდეგ დამარხეთ“. ამით ორგვარი სარგებლობის მოტანა მსურდა: მომაკვდავისთვისაც და ცოცხლად დარჩენილთათვისაც, რათა ამგვარ მწარე სიკვდილს მომაკვდავი ცოდვისაგან განეწმინდა, ხოლო ძმები ანგარებისთვის ამგვარ სასჯელს მსგავს ცოდვაში ჩავარდნისაგან დაეცვა. ასეც მოხდა. როდესაც მონაზონმა სიკვდილის მოახლოვება იგრძნო, ძმებს შესაბრალისად უხმობდა, რათა მათი ლოცვა გამოეთხოვა, მაგრამ მათ მასთან მისვლა და საუბარი არ სურდათ. მაშინ ღვიძლმა ძმამ აუხსნა, ძმათაგან მიტოვებული რატომ იყო. მან ცოდვის გამო მაშინვე მწარედ ამოიგმინა და ამ დროს, გულ- შემუსვრილი აღესრულა. შემდეგ ისე დაკრძალეს, როგორც ვუბრძანე. მისი ამგვარი სასჯელით შეშინებულმა ძმებმა, სხვადასხვა უმნიშვნელო ნივთების გამოტანა დაიწყეს, რომელთა ქონა ნებადართული იყო. მათ ეშინოდათ რაიმე ისეთი არ ჰქონოდათ, რისთვისაც დაისჯებოდნენ. მისი გარდაცვალებიდან ოცდაათი დღის შემდეგ გარდაცვლილი ძმის გამო დიდმა მწუხარებამ მომიცვა, მისი სასჯელის შესახებ ვფიქრობდი და საშუალებას ვეძებდი, რომ სატანჯველისგან გამომეხსნა. კვლავ იგივე პრეციოზი მოვიხმე და მწუხარებით ვუთხარი: “ჩვენი გარდაცვლილი ძმა დიდი ხანია ცეცხლში იტანჯება. მის მიმართ სიყვარული გამოვიჩინოთ და ძალისაებრ ვეცადოთ სატანჯველისგან გამოვიხსნათ. წადი და დღეიდან ოცდაათი დღის მანძილზე ზედიზედ მისთვის მსხვერპლშეწირვა აღასრულე. დღე არ გამოტოვო ისე, რომ მის გამოსახსნელად მაცხოვნებელი მსხვერპლი არ შესწირო“. ის მაშინვე წავიდა და ბრძანების ასრულება დაიწყო. სხვა საქმეებზე ზრუნვის გამო განვლილი დღეები არ დაგვითვლია. ერთ ღამეს გარდაცვლილი ღვიძლ ძმას, კოპიოზს, სიზმარში გამოეცხადა. კოპიოზმა ჰკითხა: “როგორ ხარ, ძმაო?“ მიცვალებულმა მიუგო: “აქამდე ცუდად ვიყავი, მაგრამ ახლა უკვე კარგად ვარ, იმიტომ, რომ დღეს ვეზიარე“. კოპიოზმა ძმებს ამის შესახებ დაუყოვნებლივ მოუთხრო. მათ დღეები გადათვალეს და აღმოჩნდა, რომ იმ დღეს მისთვის მსხვერპლი ოცდამეათეჯერ შეწირეს. კოპიოზმა არ იცოდა, ძმები მიცვალებულის სულის სახსნელად რას აკეთებდნენ და არც ძმებმა იცოდნენ, კოპიოზს როგორი ჩვენება ჰქონდა. ხილვისა და მსხვერპლშეწირვის ამგვარი თანხვდომით ცხადად გამოჩნდა, რომ მაცხოვნებელი მსხვერპლის მეოხებით მიცვალებული ძმა ტანჯვისაგან გამოხსნილ იქნა.

პეტრე: საკვირველ და სანუგეშო ამბებს ვისმენ.




[1] - აქაც და შემდგომშიც იგულისხმება მიცვალებულთა მოხსენიება საღმრთო ლიტურგიაზე