ჩვენთვის ცნობილია, თუ როგორი ღირსებითა და სიმართლით გამოირჩევა სახელგანთქმული მოსაგრე იოანე, პრეფექტების ნაცვალი რომში. ის პატრიც ვალერიანეს შესახებ მიამბობდა, რომელიც ქალაქ ბრიკსში გარდაიცვალა. ამ ქალაქის ეპისკოპოსმა საფასური აიღო და მის დასაკრძალად ტაძარში ადგილი გამოყო. ვალერიანე სიცოცხლის ბოლომდე ცოდვილ და უზნეო ცხოვრებას ეწეოდა და ცოდვების გამოსწორებაზე არ ზრუნავდა. დაკრძალვის წინა ღამით ნეტარი მოწამე ფავსტიანე, რომლის ტაძარში პატრიცის დაკრძალვას აპირებდნენ, ტაძრის მცველს წარმოუდგა და უთხრა: “წადი და უთხარი ეპისკოპოსს, ის მყრალი გვამი, რომელიც აქ დაასვენა, გადააგდოს; თუკი ამას არ აღასრულებს, ოცდაათ დღეში თვითონ მოკვდება“. მცველს ეპისკოპოსისთვის ამის შესახებ მეორე გამოცხადების შემდეგაც კი შეეშინდა ეთქვა. ოცდამეათე დღეს ეპისკოპოსი, რომელიც სრულიად ჯანმრთელი და საღსალამათი იყო, ღამით დასაძინებლად დაწოლილი მოულოდნელად აღესრულა.