ყოვლისშემძლე ღმერთი მშფოთვარე გონებას ზოგჯერ გამოცხადებებით წინასწარ განამტკიცებს, რათა სიკვდილის არ ეშინოდეს. მონასტერში ჩემთან ერთად ძმა ანტონი ცხოვრობდა. იგი ზეციური მამულის ნეტარებებისადმი სწრაფვას ყოველ ცისმარე დღეს უხვად დაღვრილი ცრემლით გამოხატავდა. მან წმიდა წერილი განსაკუთრებული მონდომებით და უდიდესი წყურვილით შეისწავლა და მასში ეძიებდა არა შესამეცნებელ საგნებს, არამედ - ცრემლს გულის შემუსვრილებისათვის, რათა ცრემლით აღძრული გონება ანთებულიყო და მიწიერს რომ დატოვებდა, მჭვრეტელობით ზეციურ მამულში აფრენილიყო. ერთხელ ანტონს ღამეულ ჩვენებაში ეუწყა: “მოემზადე და ღმერთის ბრძანებით გზას გაუდექი“. როდესაც მან თქვა, რომ გასამგზავრებლად მზად არ არის, პასუხად მაშინვე გაიგონა: “თუკი ცოდვებს გულისხმობ, ისინი შეგენდო“. მაგრამ პირველი შეტყობინების შემდეგ ის მაინც ძლიერ შიშს განიცდიდა. მომდევნო ღამით კვლავ იგივე ემცნო. ხუთი დღის შემდეგ ის ავად გახდა და გარდაიცვალა ძმების თანდასწრებით, რომლებიც დასტიროდნენ და მისთვის ლოცულობდნენ.
იმავე მონასტერში სხვა ძმა, მერულაც ცხოვრობდა; ის დაუცხრომელად ტიროდა და ლოცულობდა, მის ბაგეთაგან ამომავალი ფსალმუნთა გალობა მხოლოდ საკვების მიღებისა და ძილის დროს წყდებოდა. მას ამგვარი ღამეული ჩვენება ჰქონდა: ზეციდან მის თავზე თეთრი ყვავილებით მოწნული გვირგვინი დაეშვა. ამის შემდეგ მალე დასნეულდა და მხიარული სულით მშვიდად აღესრულა. თოთხმეტი დღის შემდეგ, როდესაც მონასტრის ამჟამინდელმა წინამძღვარმა, პეტრემ, მისი საფლავის სიახლოვეს თავისთვის საფლავის გაჭრა მოისურვა, მერულას საფლავიდან იმგვარი კეთილსურნელება შეიგრძნო, თითქოს იქ ყველა ყვავილის სურნელება შეეკრიბოთ. აქედან ცხადი გახდა, რომ მისი ღამეული ჩვენება ჭეშმარიტი იყო.
იმავე მონასტერში სხვა, ყრმა მონაზონი იოანეც იყო, რომელსაც ბუნებისგან მრავალი სიკეთე ჰქონდა მიმადლებული. ის თავის ასაკს აღემატებოდა განსჯის უნარით, სიმდაბლით, კარგი ქცევითა და მოღვაწეობით. როდესაც იოანე დაავადდა და სიკვდილის პირას აღმოჩნდა, ღამეულ ჩვენებაში ვინმე ბერი ეჩვენა, წკეპლა დაჰკრა და უთხრა: “წამოდექი, ამ სნეულებით არ მოკვდები, მაგრამ მოემზადე, იმიტომ, რომ აქ დიდხანს აღარ იღვაწებ“. ამის შემდეგ ის მალევე გამოჯანმრთელდა, იმის მიუხედავად, რომ ექიმებს მისი გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდათ. თავისი გამოცხადების შესახებ მან სხვებსაც უამბო და თავისი ასაკისთვის შეუფერებლად, როგორც უკვე აღვნიშნე, ღმერთს კიდევ ორი წელი ემსახურა. ამ ამბამდე სამი წლით ადრე ერთი ძმა აღესრულა და ის მონასტრის სასაფლაოზე დავკრძალეთ. როდესაც სასაფლაოდან გამოვედით, იოანე, როგორც შემდეგ გაფითრებული და ათრთოლებული თვითონ გვიამბობდა, იქ დარჩა და მიცვალებულმა საფლავიდან მოუხმო. ამ ძახილმა მას მოახლოებული აღსასრული ამცნო. ათი დღის შემდეგ ის ავადმყოფობით გა- თანგული ხორცის საკრველთაგან გათავისუფლდა.
პეტრე: მინდა ვიცოდე, თვალყური უნდა ვადევნო იმას, რაც ღამეულ ჩვენებაში წარმომიდგება?