გრიგოლი: როგორც სიტყვას “სიცოცხლე“ აქვს ორი მნიშვნელობა, ასევე ორი მნიშვნელობა აქვს სიტყვას “სიკვდილი“. სხვა საქმეა, როდესაც საღმრთოდ ვცხოვრობთ და სხვა არის, როდესაც მხოლოდ როგორც ქმნილებანი ან ამქვეყნად შობილნი ვცხოვრობთ, ანუ სხვა არის იცხოვრო ნეტარებით და სხვა არის მხოლოდ იარსებო. ამიტომ სულს შეიძლება ვუწოდოთ მოკვდავიც და უკვდავიც. სული მოკვდავია, როდესაც კარგავს ნეტარებით ცხოვრებას; უკვდავია იმიტომ, რომ ყოფიერებას არასოდეს კარგავს, მისი ბუნების- თვის დამახასიათებელ სიცოცხლეს ვერ განუდგება. თუკი მას მარადიული სიკვდილი მიესჯება, სასჯელს დაქვემდებარებული ნეტარ ცხოვრებას კარგავს, მაგრამ ყოფიერებას არ კარგავს. აქედან გამომდინარე, ის სიკვდილს სიკვდილის გარეშე განიცდის, მოკლებას - მოკლების გარეშე, აღსასრულს - აღსასრულის გარეშე, რათა მისი სიკვდილიც უკვდავი იყოს და მოკლებაც - მოუკლებელი და დასასრული - დაუსრულებელი.
პეტრე: ვის არ შეაშინებს სიკვდილის ჟამს ასეთი გამოუცნობი მსჯავრი, როგორიც გინდა იყოს მისი საქმეები, როდესაც, თუმცა იცის, რასაც აკეთებს, მაგრამ არ იცის, მისი საქმეები როგორი ზედმიწევნით გაირჩევა?