მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეოთხე - თავი ორმოცდამეოთხე
ცეცხლოვან გეენიაში ჩაგდებული ცოდვილები მარადიულად დაიწვებიან?


გრიგოლი: ჭეშმარიტად ცხადია და უეჭველი, რომ როგორც მართალთა ნეტარება იქნება დაუსრულებელი, ასევე უკეთურთა ტანჯვას არ ექნება დასასრული, რადგან თავად ჭეშმარიტება ბრძანებს: “და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი - ცხორებასა საუკუნესა“ (მათ. 25, 46).

პეტრე: ხომ შეიძლება ვიღაცამ თქვას: “ღმერთი ცოდვილებს მარადიული სატანჯველით მხოლოდ იმიტომ ემუქრება, რომ ცოდვის ჩადენისაგან შეაჩეროს“?

გრიგოლი: თუკი სიცრუეა ის, რითიც ღმერთი ცოდვილებს უსჯულოებისაგან განსაშორებლად ემუქრება, მაშინ ისიც სიცრუეა, რაც მან აღგვითქვა იმისთვის, რომ სიწმიდე შევიყვაროთ, მაგრამ უგუნურის გარდა ამის თქმას ვინ გაბედავს? და თუკი ის იმით გვემუქრება, რასაც არ აღასრულებს, მაშინ მანამდე, ვიდრე მას მოწყალედ ვაღიარებთ, მატყუარა უნდა ვუწოდოთ (რაც გამოსათქმელადაც კი საშინელია).

პეტრე: მინდა ვიცოდე, მართლმსაჯულებას რამდენად ეთანხმება ის, რომ სასრული დანაშაულისათვის უსასრულოდ უნდა იტანჯონ?

გრიგოლი: ეჭვი სამართლიანი იქნებოდა, განრისხებული მსაჯული არა ადამიანთა გულებს, არამედ მხოლოდ საქმეებს რომ განიხილავდეს. უსჯულოთა ცოდვები იმიტომ შეწყდა, რომ მათი სიცოცხლე დასრულდა. ისინი ისურვებდნენ, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, უსასრულოდ ეცხოვრათ, რათა უსასრულოდ ცოდვაში ყოფილიყვნენ. ვინც ცოდვებს სიცოცხლეში არასოდეს განშორებია, ისინი ცოდვაში მუდმივად დარჩენის სურვილს ამჟღავნებენ. ამდენად, უდიდესი მსაჯულის მხრივ სამართლიანობაა, რომ ისინი, ვინც ამ ცხოვრებაში ცოდვებისგან განშორება არასოდეს ისურვა, მარადიულად დაიტანჯონ.

პეტრე: მაგრამ მართალი ბატონი გადაჭარბებული სიმკაცრით არც ერთ ერთგულ მონას არ სჯის, მზაკვარი მონის ცემასაც მხოლოდ იმისთვის ბრძანებს, რომ მისი მანკიერებანი გამოასწოროს: მას გამოსწორების იმედით ურტყამენ. თუკი გეენიის ცეცხლში ჩაგდებული უსჯულონი არ გამოსწორდებიან, მაშინ მათ მარადიულ დაწვას რა მიზანი აქვს?

გრიგოლი: ყოვლისშემძლე ღმერთი, როგორც მოწყალე, მართალ ადამიანებს სისასტიკის გარეშე მართავს; მაგრამ, როგორც მართლმსაჯული, უსჯულოთა მარადიულ ტანჯვას არ შეწყვეტს. უსჯულონი, რომელთაც მარადიული სატანჯველი განესაზღვრათ, თუმცა თავიანთი უსჯულოებისათვის ისჯებიან, ცეცხლში სხვა მიზნითაც დაიწვებიან. ყოველი მართალი მათთვის ღმერთის მიერ მინიჭებულ ნეტარებასაც იხილავს და ცოდვილთა ტანჯვასაც, რასაც თავი დააღწიეს. რაც უფრო ცხადად დაინახავენ ცოდვების გამო აღძრულ მარადიულ სატანჯველს, რომელსაც ღმერთის შეწევნით სძლიეს, მით მეტად შეიგრძნობენ, რომ საღმრთო მადლის მარადიული მოვალენი არიან.

პეტრე: ადამიანები, რომლებიც მტრებს ცეცხლში ხედავენ და მათთვის არ ლოცულობენ, წმინდანებად როგორ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რადგან ნათქვამია: “ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ“ (მათ. 5, 44)?

გრიგოლი: მტრებისთვის მაშინ ლოცულობენ, როდესაც მათი გულების მოქცევა ნაყოფიერი სინანულისკენ შესაძლებელია და ამ მოქცევით ისინი გადარჩებიან, რადგან მტრის267 თვის სხვა რა უნდა ითხოვო, თუ არა ის, რაც მოციქულმა გვამცნო: “მო-ხოლო თუ-სცეს მათ უფალმან სინანული მეცნიერებად ჭეშმარიტებისა, და განიფრთხიან საფრხისა მისგან ეშმაკისა მონადირებულთა მათ მის მიერ ნებისაებრ მისისა“ (2 ტიმ. 2, 25-26)? ცოდვილთათვის მაშინ როგორღა უნდა ვილოცოთ, როდესაც მათ არანაირად არ ძალუძთ თავიანთი უსჯულოება მართალი საქმეებით შეცვალონ? ე.ი. მიზეზი, თუ რატომ არ ილოცებენ მარადიულ სატანჯველში მყოფი ადამიანებისთვის, იგივე იქნება, რის გამოც ამჟამად არ ლოცულობენ ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის, რომელთაც მარადიული ტანჯვა აქვთ მისჯილი. რა არის ამჟამადაც იმის მიზეზი, რომ წმინდანები არ ლოცულობენ ურწმუნოებასა და უსჯულოებაში აღსრულებულთათვის, თუ არა ის, რომ შეიცნეს ისინი, როგორც მარადიული ტანჯვით დასჯილნი და ამიტომ არ სურთ ამაო ლოცვა აღავლინონ მართალი მსაჯულის წინაშე? თუკი მართლები თავიანთ სიცოცხლეშივე, როდესაც თავს სასჯელის ღირსად აღიარებენ, გარდაცვლილ და განკითხულ უსჯულოებს არ თანაუგრძნობენ, უღმერთოთა ტანჯვას მით უფრო მკაცრად მაშინ განიხილავენ, როდესაც, ყოველგვარი ხორციელი ვნებისაგან გათავისუფლებულნი, სიწმინდეს კიდევ უფრო მტკიცედ და სისავსით შეითვისებენ. ყოვლადმართალი მსაჯულის მიერ გამოტანილი განაჩენი მათ სულს იმდენად ეთანხმება, რომ ნებას არ აძლევს მისი მარადიული სიმართლისაგან განსხვავდებოდეს მათი შეხედულებანი.

პეტრე: ცხადი დასაბუთების წინააღმდეგ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ჩემს გონებას შემდეგი კითხვა იპყრობს: სულს უკვდავი რატომ ეწოდება, როდესაც ცნობილია, რომ მას მარადიულ ცეცხლში სიკვდილი აქვს მისჯილი?