მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეოთხე - თავი ორმოცდამეორე
სად უნდა ვიგულისხმოთ ჯოჯოხეთი?


გრიგოლი: ვერ ვკადნიერდები, დაუფიქრებლობით ამ საკითხზე რაიმე გადაჭრით ვთქვა. ზოგიერთებს ჯოჯოხეთი დედამიწის გარკვეულ ნაწილზე მიაჩნდათ, სხვებს მიაჩნიათ, რომ ის მიწისქვეშეთშია. უნდა შევნიშნო, რომ თუკი ჯოჯოხეთს ქვესკნელს იმიტომ ვუწოდებთ, რომ ქვევით მდებარეობს, მაშინ ჯოჯოხეთი დედამიწის მიმართ ისეთივე მდებარეობაში აღმოჩნდება, როგორც ცის მიმართ მდებარეობს დედამიწა. შესაძლოა ფსალმუნთმგალობელი ამიტომ ამბობს: “იხსენ სული ჩემი ჯოჯოხეთისაგან ქუესკნელისა“ (ფს. 85, 13), რათა გვიჩვენოს, რომ დედამიწა ერთგვარად ზედა ჯოჯოხეთია, ხოლო დედამიწის ქვევით არის ქვესკნელის ჯოჯოხეთი. ამ აზრს იოანე მახარებლის სიტყვებიც მოწმობს, რომელმაც შვიდი დაბეჭდილი წიგნი იხილა და არც ცაში, არც დედამიწაზე, არც ქვესკნელში - ღირსეული არავინ გამოჩნდა, რომ გაეღო წიგნი და აეხსნა ბეჭედნი: “და მე ვტიროდე ფრიად“, - ამბობს იგი (გამოცხ. 5, 4). თუმცა შემდეგ ამბობს, რომ წიგნი გახსნა “ლომმან თესლისგან იუდაჲსა“. ამ წიგნში რა უნდა იგულისხმებოდეს, თუ არა წმიდა წერილი? ეს წიგნი ცაში ვერავინ გახსნა, ანუ ანგელოზებმა, ვერავინ დედამიწაზე, ანუ ხორცში მყოფმა ადამიანებმა, ვერავინ ქვესკნელში, ანუ ვერც სხეულებიდან გასულმა სულებმა, - უფლის გარდა ჩვენთვის წმიდა წერილის საიდუმლოებების გახსნა ვერავინ შეძლო. როდესაც ნათქვამია, ქვესკნელში ღირსეული ვერავინ მოიძებნა, წიგნი რომ გაეხსნა, ღმრთის სიტყვის საწინააღმდეგოს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ ჯოჯოხეთი მიწის ქვეშ ვიგულსიხმოთ.

პეტრე: მითხარი, გეთაყვა, გეენიის ცეცხლი ერთია, თუ რამდენი ცოდვაც არსებობს, იმდენი სხვადასხვაგვარი ცეცხლია გამზადებული?