მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეოთხე - თავი ორმოცდამეერთე
რატომ გვეცხადება ბოლო დროს სულების შესახებ ბევრი რამ, რაც აქამდე ცნობილი არ იყო?


გრიგოლი: ეს სიმართლეა. აწინდელი ცხოვრება რაც უფრო დასასრულს უახლოვდება, მომავალი ცხოვრება მით უფრო ახლობელი ხდება და მით უფრო ცხადი ნიშნებით გვეცხადება. თუკი ამ ცხოვრებაში ერთმანეთის აზრებს ვერ ვხედავთ, მომავალში კი ერთმანეთს გულებში ჩავხედავთ, მაშ ამჟამინდელ ცხოვრებას რა უნდა ვუწოდოთ, თუ არა - წყვდიადი, ხოლო მომავალს რა დავარქვათ, თუ არა - დღე? მაგრამ, როგორც ღამისა და დღის გასაყარზე, მზის ამოსვლის წინ, წყვდიადი და სინათლე ერთგვარად ერთიმეორეშია არეული და წარსული ღამის ნარჩენს მომავალი დღის ნათელი სრულებით შთანთქავს, ასევე იმ დროს, როდესაც ამქვეყნის დასავალი მომავლის აღმოსავალს შეერთვის, ამქვეყნის წყვდიადის ნარჩენს სულიერი ქვეყნის ნათელი გაფანტავს. თუმცა მრავალ რასმე შევიცნობთ, რაც იმქვეყნიურს ეკუთვნის, მაგრამ მას სრულად იმიტომ ვერ ვწვდებით, რომ ვჭვრეტთ, როგორც ცისკრის ბინდბუნდში, მზის ამოსვლის წინ.

პეტრე: მომწონს შენი ნააზრევი. მაგრამ პასხაზის, ამ წმიდა მოსაგრის გამო, უნებლიეთ კითხვა ჩნდება: სიკვდილის შემდეგ დასჯის ადგილზე როგორ აღმოჩნდა ამგვარი მოსაგრე, რომლის სუდარას ეშმაკეულისგან ბოროტი სულის განდევნის ძალა ჰქონდა?

გრიგოლი: ამ შემთხვევაში შეგვიძლია შევიცნოთ, რა მრავალფეროვანია ყოვლისშემძლე ღმერთის განმგებლობა. თავისი მსჯავრით მან ამგვარად განაჩინა: წმიდა მოსაგრე პასხაზს ერთხანს სასჯელი ცოდვებისთვის მოეწია და ამავე დროს სიკვდილის შემდეგ სხეულით სასწაულებს იმ ადამიანთა თვალწინ აღასრულებდა, ვინც მის მიერ სიცოცხლეში აღსრულებული კეთილი საქმეები იცოდა, რათა იმათაც, ვინც მის კეთილ საქმეებს ხედავდა, მისი მოწყალების ღირსება შეეცნოთ, ხოლო თვითონ სასჯელის გარეშე არ დარჩენილიყო იმ ცოდვის გამო, რომელიც ცოდვად არ მიაჩნდა და მისგან ცრემლით არ განიწმინდა.

პეტრე: შენი სიტყვები ავწონ-დავწონე და შენი დასაბუთებით შიში არა მარტო იმ ცოდვების გამო აღმეძრა, რომლებიც ვიცი, არამედ იმათ გამოც, რომლებიც არ შემიცვნია. მაგრამ, მითხარი, გეთაყვა, რამდენადაც ცოტა ხნის წინ დასჯის ადგილებზე გვქონდა საუბარი, ჯოჯოხეთი სად უნდა ვიგულისხმოთ, მიწაზე თუ მიწის ქვეშეთში?