როდესაც ჭაბუკი ვიყავ და საერო სამოსით ვიმოსებოდი, უფროსი ადამიანებისგან გავიგე, რომ ჩვენი სამოციქულო საყდრის დიაკვანი, პასხაზი, რომლისგან სულიწმიდის შესახებ ნათლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე წიგნები გვაქვს, საკვირველი სიწმინდის, მოწყალე ადამიანი იყო. ის საკუთარ თავზე არ ზრუნავდა და უპოვართ აძლევდა საზრდოს. პასხაზი მორწმუნეებს შორის წამოჭრილ მხურვალე დავაში სიმაქისა და ლავრენტის გამო, რომლებიც პირველიერარქის ტახტზე უნდა აერჩიათ, მხარს უკანასკნელს უჭერდა. სხვათა ერთსულოვანი წინააღმდეგობით ძლეული, ის სიცოცხლის ბოლომდე თავისი აზრის ერთგული დარჩა, ლავრენტი უყვარდა და უპირატესობას მას ანიჭებდა, რომელიც ეპისკოპოსთა მსჯავრმა ეკლესიის წინამძღოლობის ღირსი არ გახადა. პასხაზი იმ დროს აღესრულა, როდესაც სამოციქულო საყდარს სიმაქი განაგებდა. როდესაც პასხაზის ცხედარს მიასვენებდნენ, ერთი შეპყრობილი მის სუდარას შეეხო და მაშინვე განიკურნა. დიდი ხნის შემდეგ, კაპუის ეპისკოპოს გერმანეს, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, ექიმებმა სნეულებისგან განსაკურნებლად ანგულიანის საბანელში განბანა ურჩიეს. საბანელში შესულმა, დიაკვანი პასხაზი იხილა, რომელიც იქ იდგა და მსახურობდა. გერმანე მისმა იქ ყოფნამ მეტისმეტად გააკვირვა და დაეკითხა, ასეთ სახელოვან კაცს აქ რა გინდაო. პასხაზიმ მიუგო: “დასჯილი იმისთვის ვარ, რომ სიმაქის წინააღმდეგ მხარს ლავრენტის ვუჭერდი. გთხოვ, ღმერთს ჩემთვის შეევედრე; შენი ლოცვა თუ შეწყნარებულ იქნა, აქ მოსული ვეღარ მიხილავ“. წმიდა გერმანე მისთვის გულშემუსვრილებით ლოცულობდა და რამდენიმე დღის შემდეგ საბანელში მისულმა დიაკვანი პასხაზი ვეღარ ნახა. მან სიკვდილის შემდეგ შეძლო ცოდვისგან განწმენდილიყო, იმიტომ, რომ სცოდავდა არა ბოროტებით, არამედ - შეცდომის გამო. უნდა გვწამდეს, რომ გლახაკთა მიმართ მოწყალებით პასხაზიმ შეწყალება მაშინ დაიმსახურა, როდესაც აღარაფრის ქმნა აღარ შეეძლო.
პეტრე: მითხარი, ამ ბოლო დროს სულების შესახებ რატომ გვეცხადება ბევრი რამ, რაც აქამდე ცნობილი არ იყო, იმდენად, რომ ამ გამოცხადებებითა და ნიშებით, როგორც ჩანს, ჩვენს წინაშე მომავალი ქვეყანა ცხადდება?