მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეოთხე - თავი მეოთხე
სოლომონის სიტყვები: კაცის და პირუტყვის ხვედრი (აღსასრული) ერთია


გრიგოლი: სოლომონის წიგნს, რომელშიც ეს სიტყვები წერია, ჰქვია ეკლესიასტე. ეკლესიასტე მქადაგებელს ნიშნავს. ქადაგება, ჩვეულებრივ, აზრს სთავაზობს, რომელიც ხალხის ხმაურიანი კრებულის მღელვარებას აცხრობს. მქადაგებლის სიტყვები მრავალთ თანამოაზრედ ხდის, რომლებიც სხვადასხვაგვარად ფიქრობენ. მქადაგებელი ამ წიგნსაც იმიტომ ჰქვია, რომ მასში სოლომონი თითქოს იმ აზრებს გაითავისებს, რაც მღელვარე კრებულს აწუხებს, რათა მათი განხილვის შემდეგ ის თქვას, რასაც გამოუცდელი კრებულიც ჩასწვდება და დაეთანხმება. რამდენ აზრსაც განხილვის დროს წამოჭრის (მქადაგებელი), თვითონ იმდენივე განსხვავებულ პირს წარმოადგენს. ჭეშმარიტი მქადაგებელი თითქოს მღელვარებას გაწვდილი ხელით აჩერებს და ყველას აიძულებს, ერთ აზრს დაეთანხმოს; მსგავსადვე ის წიგნის ბოლოს ამბობს:  “[ყველამ][1] მოვისმინოთ ყველაფრის თავი და ბოლო: ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავი და თავი“ (ეკლ. 12, 13). თუკი ამ წიგნში გამოთქმულ სიტყვაში ის მრავალთ არ წარმოადგენს, მაშინ ყველას რისთვის მოუწოდებს, მასთან ერთად სიტყვის ბოლო მოისმინონ? ამგვარად, ვინც წიგნის ბოლოში ამბობს: “ყველამ მოვისმინოთ“, ის თავად ამოწმებს, რომ თავის თავში მრავალ პირს გულისხმობს და მარტო არ ლაპარაკობს. ამიტომ ამ წიგნში ზოგიერთი აზრი მხოლოდ განსახილველად არის გამოთქმული, სხვები - გონებას აკმაყოფილებენ; ერთნი ეკუთვნიან მერყევი ადამიანის სულს, რომელიც ჯერ კიდევ ამქვეყნიურ სიამოვნებებშია ჩაფლული; სხვები - გონებასთან თანხმობით მოცემულია იმისთვის, რომ სული ამგვარი სიამოვნებებისგან განვაყენოთ. ამგვარად, ამ წიგნში სოლომონი ამბობს: “აი, სად ვხედავ მე სიკეთეს, შესაფერ საქმეს; ჭამოს კაცმა, სვას და იხაროს თავისი ღვაწლით ამ მზისქვეშეთში“ (ეკლ. 5, 17). უფრო ქვევით კი განაგრძობს: “ტირილში წასვლა სჯობს ლხინში წასვლას“ (ეკლ. 7, 2). თუკი ჭამა-სმა არის კარგი, მაშინ ლხინში წასვლა უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე ტირილში. აქედან ჩანს, რომ პირველი - გონებით უმწიფართა სახელით არის გამოთქმული, ხოლო უკანასკნელი - თავისი სრულყოფილი მოძღვრების სახელით აქვს დართული. რაკი გონივრულ მიზეზებს წარმოგვიდგენს, ის სარგებელსაც გვიჩვენებს, რომელსაც ადამიანი ტირილში ჰპოვებს: “რადგან იქ არის ბოლო კაცისა; ცოცხალმა კაცმა ყურად იღოს“ (ეკლ. 7, 2), ანუ ტირილში ყოველი ადამიანის აღსასრულია მითითებული და ცოცხალი ადამიანი ფიქრს იწყებს, თუ რა მოელის. იქვე წერია: “იხარე, ყრმაო, ვიდრე ნორჩი ხარ“ (ეკლ. 11, 9) და ცოტა ქვემოთ ურთავს: “ბავშვობაც და სიყმაწვილეც ამაოა და წარმავალი“ (ეკლ. 11, 10). თუკი ის, როგორც ამაოს, იმას ამხელს, რისკენაც მანამდე მოუწოდებდა, ეს ცხადად გვიჩვენებს, რომ პირველი სიტყვები თითქოს მიწიერი ადამიანის სახელით არის გამოთქმული, ხოლო უკანასკნელი - დაურთო ჭეშმარიტების განჩინებით. ამგვარად, მიწიერ ადამიანთა სიამოვნების გამოხატვით, რომლებიც საზრუნავებს მისცემიან, გვამცნობს, რომ კარგია ჭამა-სმა, შემდეგ იმავეს, გონების განჩინებით, უარყოფს სიტყვებით, რომ უმჯობესია ტირილში წასვლა, ვიდრე - ლხინში. ასევე, ყრმის მხიარულებას სიყრმეში ერთგვარად მიწიერ ადამიანთა სახელით გვთავაზობს, ხოლო აზრის განმარტების შემდეგ, ბავშვობასაც და გართობასაც ამაოს უწოდებს. სწორედ ასევე, ჩვენი მქადაგებელი გონებით უმწიფართა სახელით გვთავაზობს აზრს, როდესაც ამბობს: “რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია - ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა“ (ეკლ. 3, 19), ხოლო გონებისაგან სხვა აზრს გვთავაზობს: ჲუმეტეს არს ბრძენი უგუნურისა, რამეთუ იცის გლახაკმან სლვაჲ წინაშე ცხოვრებასა მისსა“ (ეკლ. 6, 8). ამგვარად, ის ამბობს: “კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს“, შემდეგ კი თვითონ განმარტავს, რომ ბრძენი არა მარტო პირუტყვს აღემატება, არამედ - უგუნურ ადამიანსაც; კერძოდ, იმით, რომ იქით ისწრაფვის, სადაც არის ცხოვრება. ამ სიტყვებით ის, უპირველეს ყოვლისა, გვიჩვენებს, რომ ადამიანთა ცხოვრება არის არა აქ, არამედ -  სხვაგან. აქედან ცხადია, ადამიანს აქვს რაღაც ცხოველზე მეტი იმიტომ, რომ ცხოველი სიკვდილის შემდეგ არ ცოცხლობს, ადამიანი კი ცხოვრებას მაშინ იწყებს, როდესაც სიკვდილის მეოხებით სხეული ხილულ ცხოვრებას ასრულებს. კიდევ უფრო ქვევით ის ამბობს: “რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელებს, აკეთე; რადგან არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ“ (ეკლ. 9, 10). მაშ, როგორღა აქვთ ერთნაირი ბოლო ადამიანსა და პირუტყვს და ერთნაირი დანიშნულება - ერთსაც და მეორესაც? ადამიანს პირუტყვზე მეტი როგორ არა აქვს, როდესაც ცხოველები ხორციელი სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს წყვეტენ, ხოლო ადამიანთა სულები, ბოროტ საქმეთა გამო ხორციელი სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში ჩასულნი, თვით სიკვდილის დროსაც არ კვდებიან. ამგვარი საპირისპირო აზრები გვიჩვენებს, რომ ჭეშმარიტი მქადაგებელი ერთს მერყევი მიწიერი ადამიანების სახელით ამბობს, ხოლო მეორეს - სულიერი ჭეშმარიტების სახელით.

პეტრე: კარგია, რომ იმის შესახებ გკითხე, რაც არ ვიცოდი და ზედმიწევნით შევიმეცნე. მაგრამ, გთხოვ, სულგრძელება გამოიჩინე, თუკი მეც, ჩვენი ეკლესიასტეს მიბაძვით, არასრულყოფილთა სახეს შევიმოს, რომ იმათვე მეტი სარგებელი მოვუტანო, ვიდრე ჩემი პირადი გამოძიებით ნახავდნენ.

გრიგოლი: როგორ არ მოგითმენ სულგრძელად, როდესაც თავად იჩენ სულგრძელებას მოყვასის უძლურების მიმართ, როგორც მოციქული პავლე ამბობს: “ყოველთა ვექმენ ყოვლად, რაჲთა ყოველნი ვაცხოვნნე“ (1 კორ. 9, 22). რადგან შენ სიყვარულით იწყალებ უძლურთ, უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებ, იმიტომ, რომ სახელოვან მქადაგებელს ბაძავ.




[1] -  ასეა ორგინალში, როგორც ჩანს ლათინური ბიბლიის მიხედვით. -მთარგმნელის შენიშვნა.