პეტრე თქუა: მასწავე ესე, ღმრთივგანბრძნობილო მამაო, უკუეთუ არს შემდგომად სიკუდილისა შენდობაჲ ცოდვათაჲ.
გრიგოლ თქუა: უფალი ჩუენი სახარებასა შინა იტყჳს: “ვიდოდეთ, ვიდრე ნათელი გაქუს“ (იოან. 12,35); და წინაწარმეტყუელის მიერ იტყჳს: “ჟამსა შეწყნარებისასა ვისმინე შენი და დღესა ცხორებისასა შეგეწიე შენ“ (ეს. 49,8). ამას სიტყუასა თარგმნის წმიდაჲ მოციქული პავლე და იტყჳს: “ესერა აწ არს ჟამი იგი შეწყნარებული, აწ არს დღე იგი ცხორებისაჲ“ (2 კორ. 6,2); და სოლომონ იტყჳს: “რავდენცა ეძლოს ჴელსა შენსა საქმედ, იქმოდე, რაოდენცა ძალ-გიც, რამეთუ არა არს არცა საქმე, არცა სიბრძნე, არცა მეცნიერებაჲ ჯოჯოხეთს შინა“ (ეკლ. 9,10). ამათ წამებათაგან და სხუათა მრავალთა სარწმუნო არს და ჭეშმარიტ, ვითარმედ ვითარცა ამიერ სოფლით განვიდეს სული, ეგრეთცა წარდგომად არს განკითხვასა მას და ვერღარა Pელ-ეწიფების შემდგომად ამიერ განსლვისა სინანული. გარნა ესე იქმნების მრავლითა მით წყალობითა ღმრთისაჲთა, რომელ ლოცვითა და ვედრებითა ამას სოფელსა მყოფთა ღმრთისმოყუარეთათა იქმნების შენდობაჲ, უკუეთუ მცირედნი რაჲმე ცთომანი აღსრულებულთანი იყვნენ და არა მძიმენი ცოდვანი. რამეთუ განსრული იგი სოფლით ვერცა დიდთა, ვერცა მძიმეთაღა ცოდვათა შემძლებელ არს სინანულად. ხოლო ლოცვითა აქა მყოფთათა სუბუქთა ცთომათა შენდობა იქმნების სახიერებითა უფლისაჲთა, და ეგრეთვე, უკუეთუ იყოს კაცი იგი ღმრთის მსახურ და უძღოდეს კეთილნიცა საქმენი, და ამის საქმისა სახენიცა მოსწავებულ არიან.
[1] - თანამედროვე რუსულ გამოცემაში აღნიშნულია, რომ ეს თავი ამოღებულია, როგორც წმიდა გრიგოლ დიოლოღოსის კერძო მოსაზრება, რომელიც შემდგომში მართლმადიდებელმა ეკლესიამ არ გაიზიარა. ამ თავს ვბეჭდავთ წმიდა ეფთვიმე ათონელისეული თარგმანიდან (ხელნ. A-121). წმიდა ეფთვიმეს ტექსტი მართლმადიდებლური სწავლების შესაბამისად შეუსწორებია, გამოუტოვებია საეჭვო ადგილები. - მთარგმნ. შენ.