გრიგოლი: იმის ცოდნაც გმართებს, რომ ზოგჯერ, ჯერ კიდევ სხეულში მყოფი სულები, მათთვის განკუთვნილ სასჯელს ნაწილობრივ ხედავენ. ეს თვით მათი ან მსმენელთა სწავლებისთვის ხდება. ჩემთან, მონასტერში, ერთი ყრმა დასახლდა. მას თავისი ძმა თეოდორეც მოჰყვა, უფრო გამოუვალი მდგომარეობის გამო, ვიდრე - თავისი ნებით. ის ფრიად მოუსვენარი იყო, თუკი ვინმე სულის ხსნაზე საუბრობდა, მოსმენა უმძიმდა, რადგან არათუ სიკეთის ქმნა, მასზე სიტყვის გაგონებაც არ შეეძლო. თეოდორე ფიცით, მრისხანებითა და დაცინვებით ადასტურებდა, რომ მონაზვნური წმიდა ცხოვრება არასოდეს სურდა. ჟამიანობის დროს, რომელმაც ქალაქის მოსახლეობის თითქმის ნახევარი იმსხვერპლა, ისიც დაავადდა და სიკვდილის პირას აღმოჩნდა. მასთან ძმები შეიკრიბნენ, რომ მის აღსასრულს ლოცვით შეხვედროდნენ. მას კიდურები უკვე ცივი ჰქონდა და მაცოცხლებელი სითბო მხოლოდ მკერდში ჰქონდა შერჩენილი. ძმებმა მისი აღსასრულის მოახლოვება რომ იგრძნეს, ლოცვა უფრო გულმოდგინედ დაიწყეს. უეცრად მან ხმამაღალი შეყვირებით მათ ლოცვა შეაწყვეტინა: ”გამეცალეთ, გამეცალეთ; ურჩხულს ვარ მიცემული შესაჭმელად, მაგრამ თქვენი აქ ყოფნის გამო ვერ მჭამს. ჩემი თავი უკვე გადაყლაპა; მიეცით საშუალება, რომ მეტად აღარ მაწამოს და რაც უნდა, მიყოს. თუკი უნდა შემჭამოს, თქვენ გამო რად უნდა შეყოვნდეს?” მაშინ ძმებმა უთხრეს: ”ძმაო, რას ამბობ? პირჯვარი გამოისახე”. მაგრამ მან ყვირილით უპასუხა: ”მინდა პირჯვარი გამოვისახო, მაგრამ მისი ქერცლი ხელს მიშლის”. ამის გამგონე ძმები მიწაზე განერთხნენ და მის დასახსნელად ლოცვა კიდევ უფრო მხურვალედ, ცრემლით დაიწყეს. უეცრად სნეული უკეთ გახდა და ხმამაღლა შესძახა: ”მადლობა ღმერთს! ურჩხული, რომელიც შეჭმას მიპირებდა, გაიქცა. ის თქვენმა ლოცვამ განდევნა, აქ დგომა ვეღარ შეძლო. ილოცეთ მხოლოდ ჩემი ცოდვების გამო, მზად ვარ შევინანო და საერო ცხოვრება სრულიად დავტოვო”. ამგვარად, ადამიანს, რომელსაც კიდურები უკვე ცივი ჰქონდა, სიცოცხლე დაუბრუნდა, რადგან მთელი გულით ღმერთისკენ მოიქცა. მას შემდეგ მან აზრები შეიცვალა, გულშემუსვრილებით ხანგრძლივად იღვაწა და მისი სული სხეულს მხოლოდ ამის შემდეგ გაეყარა.
პირიქით, ქრისაორი, როგორც ზემოთ ნახსენები პრობი გვიამბობდა, ძალიან მდიდარი იყო და იმდენივე მანკიერება ჰქონდა, რამდენიც ქონება: ქედმაღალი და ამპარტავანი იყო, ხორციელ ვნებებს დამონებული, ანგარი და ხარბი, სიმდიდრის შეძენის სურვილით შეპყრობილი. ღმერთმა განაჩინა მისი ბილწებისთვის ბოლო მოეღო და ხორციელი სნეულება მოუვლინა. ქრისაორი სიკვდილის პირას აღმოჩნდა და სწორედ იმ დროს, როდესაც სული ხორცს უნდა გაჰყროდა, თვალით შავი და საზარელი სულები იხილა, რომლებიც მის წინაშე იდგნენ და მზად იყვნენ მისი სული ჯოჯოხეთის საპყრობილეში ჩასაგდებად ამოეტაცათ. ის ათრთოლდა, გაფითრდა, ხმამაღლა ითხოვდა დროის გახანგრძლივებას და უცნაური და შემაძრწუნებელი ხმით ეძახდა შვილს, მაქსიმეს, რომელიც მე უკვე მონაზონი ვიხილე: ”მაქსიმე, გამოიქეცი, შენთვის ცუდი არაფერი გამიკეთებია, შემეწიე შენი რწმენით”. შეშფოთებულმა მაქსიმემ მაშინვე მოირბინა; მთელი ოჯახი შეიკრიბა ტირილითა და ძრწოლით. ბოროტ სულებს, რომელთაგან ის ასე იტანჯებოდა, ისინი ვერ ხედავდნენ, მაგრამ მისი შფოთის მიხედვით მათი იქ ყოფნა შეიცნეს. მათი შავი სახეების ხილვით შეძრწუნებული ქრისაორი საწოლში აქეთიქით აწყდებოდა. მათ მარცხენა მხარეს გადაბრუნებულიც ხედავდა და კედლისკენ მიქცეულიც. უკიდურესად შეჭირვებულმა მათგან გამოხსნის იმედი დაკარგა და ხმამაღლა აყვირდა: ”თუნდაც დილამდე მაცალეთ! თუნდაც დილამდე!” მაგრამ სული სწორედ ამ ყვირილში ამოართვეს. ცხადია, რომ ეს ხილვა იყო არა მისთვის, არამედ - ჩვენთვის, რათა მისმა ხილვამ სარგებლობა ჩვენ მოგვიტანოს, რადგან მას ხილვამ რა სარგებლობა მოუტანა, როდესაც დროს ითხოვდა და არ მიეცა?
ჩვენი ისავრიელი პრესვიტერი ათანასე საზარელ ამბავს გადმოგვცემს, რომელიც მისი იკონიაში მსახურობის დროს მოხდა. იქ არის გალატელთა მონასტერი, რომელშიც ერთი მონაზონი დიდი პატივისცემით სარგებლობდა. გარეგანად ყველა ქმედებით ის კეთილის აღმასრულებელი და ღმრთის მოშიში ჩანდა, მაგრამ სინამდვილეში ისე არ ცხოვრობდა, როგორც ერთი შეხედვით გეგონებოდა. ეს მისმა აღსასრულმა გამოაჩინა. ძმებს ის თავს მმარხველად აჩვენებდა, მაგრამ ჩვევის გამო ფარულად ჭამდა. ძმებმა მისი მანკიერების შესახებ არაფერი იცოდნენ. ავადმყოფობის გამო ის სიკვდილის პირას აღმოჩნდა. აღსასრულის წინ მან ძმებს უხმო. ძმები მისგან რაიმე სანუგეშოსა და დიდებულს ელოდნენ, რადგან დიდ მოსაგრედ მიაჩნდათ, მაგრამ ის შფოთითა და თრთოლვით უნდა გამომტყდარიყო, რომელი მტრის ხელში იყო ჩავარდნილი სიკვდილის წინ. მომაკვდავი ამბობდა: ”როდესაც თქვენ გეგონათ, რომ თქვენთან ერთად ვმარხულობდი, ფარულად ვჭამდი, და აჰა, ურჩხულმა უნდა შემჭამოს, რომელმაც კუდით ფეხები შემიკრა, ხოლო თავი პირში ჩამიყო და სულს მწოვს!” ამ სიტყვების წარმოთქმისას ის აღესრულა. ურჩხული, რომელიც მან იხილა, არ ელოდებოდა, ის სინანულით მისგან როდის გათავისუფლდებოდა. როგორც ჩანს, მონაზონმა ხილვა მხოლოდ მსმენელთა სარგებლობისათვის იხილა. მან თავი ვერ დააღწია მტერს, რომელსაც ასე აშკარად ემონებოდა.