მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეოთხე - თავი ოცდამეჩვიდმეტე
რას ნიშნავს სახლის აგება მშვენიერ ადგილზე. დეუსდედიტი, რომლის სახლი, ხილვის თანახმად, მხოლოდ შაბათობით შენდებოდა. სოდომელთა სასჯელის შესახებ


გრიგოლი: ასე ვინ იფიქრებს, თუ საღ გონებაზეა? ნანახი ცხადად გვიჩვენებს, აქ როგორ იღვწის ის, ვისთვისაც სახლი შენდება. ვინც აქ უხვი მოწყალებებით მარადიული ნათლის ჯილდოს დაიმსახურებს, უეჭველია, იქ ოქროს სახლს აიგებს. იმასაც გეტყვი, რაც ადრე გამომრჩა: ის მეომარი, რომელმაც შენობები იხილა, გვიამბობდა, რომ ოქროს აგურები სახლის ასაგებად მოხუცებსა და ჭაბუკებს, ქალწულებსა და ყრმებს მოჰქონდათ. აქედან ცხადია, რომ ისინი, ვის მიმართაც მწყალობელმა სიყვარული გამოხატა, იქ მისთვის სახლს აგებდნენ.

ჩვენთან ახლოს ერთი ღმრთისმოსავი ხარაზი, სახელად დეუსდედიტი ცხოვრობდა. იგი სხვა კაცმა ხილვაში ასე ნახა: მისთვის სახლი შენდებოდა, მაგრამ მშენებლები მხოლოდ შაბათობით მუშაობდნენ. მან, ვისაც ხილვა ჰქონდა, გამოძიების შემდეგ შეიტყო, რომ დეუსდედიტს წესად ჰქონდა ყოველ შაბათს წმიდა პეტრეს ტაძარში მისულიყო და უპოვართათვის ის მიეცა, რაც კვირის დანარჩენ დღეებში საჭმელისა და სამოსის შეძენის შემდეგ რჩებოდა. ამიტომ ჩანდა, რომ მისი სახლი მხოლოდ შაბათობით შენდებოდა.

პეტრე: საკმაოდ შევიტყვე ამ საკითხის შესახებ. მაგრამ, მითხარი, გეთაყვა, რატომ აღწევდა ზოგიერთ სახლში მყრალი წყვდიადი, ზოგიერთს კი არ ეხებოდა? აგრეთვე, რომელი მდინარე და ხიდი იხილა გარდაცვლილმა?

გრიგოლი: სიმბოლური ხილვების მიხედვით შეგვიძლია, საყვარელო პეტრე, ადამიანთა დამსახურებანი შევიცნოთ. მეომარმა მართლები ხიდის გავლით მშვენიერ ადგილზე გადასულები იმიტომ იხილა, რომ ”იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა” (მათ. 7, 14). ქვემოთ ამყრალებული მდინარე იმიტომ იხილა, რომ ამქვეყნიდან ჯოჯოხეთში ყოვედღიურად ხორციელი ვნების სიმყრალე ჩაედინება. მყრალი წყვდიადი ზოგიერთ სახლში აღწევდა, ხოლო ზოგიერთებს    - ვერ ეხებოდა: ეს ნიშნავს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მრავალ სიკეთეს აკეთებენ, მაგრამ წარმოსახვებში ხორციელი სიბილწით ტკბებიან. მყრალი სიბნელე სრულიად სამართლიანად აღწევს იმათ სახლებ- ში, ვისაც აქ ხორცის სურნელი ატკბობს. ნეტარმა იობმა ხორციელი ტკბობა სურნელის სახით იხილა და განცხრომა- ში მყოფ და გემოთმოყვარე ადამიანზე შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: ”ჭიაღუები ატკბარუნებენ მას” (იობ. 24, 20). ვინც გულს ხორციელი ტკბობისგან სრულებით იცავს, მათ სახლებში, ეჭვგარეშეა, სიმყრალე ვერ აღწევს. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მან მყრალი სიბნელე ჩვენს განსასწავლად იხილა, რადგან ხორციელი ტკბობა მათდამი დამონებული ადამიანის გონებას იმდენად აბნელებს, რომ ის ჭეშმარიტი ნათლის ელვარებას ვეღარ ხედავს - რაც უფრო ბილწი სიამოვნებებით არის დაცემული, მისთვის უმაღლესი საგნები მით მეტი სიბნელით არიან მოცული.

პეტრე: შეიძლება წმიდა წერილის მონათხრობით დავადასტუროთ, რომ ხორციელ ადამიანთა ცოდვები სიმყრალით ისჯება?

გრიგოლი: შეიძლება. შესაქმის წიგნიდან ვიცით, რომ ”უფალმან აწჳმა სოდომსა და გომორსა ზედა წუნწუბაჲ და ცეცხლი” (დაბ. 19, 24), რათა ამ ქალაქთა მცხოვრებნი ცეცხლსაც დაეწვა და გოგირდის მყრალ სუნსაც დაეტანჯა. ისინი ხრწნადი სხეულის მიმართ დანაშაულებრივი სიყვარულით იწვოდნენ, ამიტომაც ცეცხლისა და სიმყრალისაგან ამოწყდნენ, რათა თავიანთ სასჯელში შეეცნოთ, რომ მარადიულ სიკვდილს თავისივე ვნებების სიმყრალით ტკბობისათვის მიეცნენ.

პეტრე: ვაღიარებ, აღარაფერი მაქვს იმის საწინააღმდეგო, რაშიც აქამდე ეჭვი შემქონდა.