მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეოთხე - თავი ოცდამეთექვსმეტე
სულების შესახებ, რომლებიც თითქოს სხეულიდან მხოლოდ მოჩვენებითად გადიან; მონაზონ პეტრეს გარდაცვალება და გაცოცხლება, სტეფანეს სიკვდილი და მკვდრეთით აღდგომა; ერთი მეომრის ხილვა


გრიგოლი: ეს გასვლა მოჩვენებითი კი არ არის, პეტრე, არამედ გაფრთხილებაა, თუკი ყურადღებით დავაკვირდებით. ღმერთი თავისი სახიერებითა და გამოუთქმელი მოწყალებით იმგვარად აწყობს, რომ ზოგიერთი ადამიანი ჭეშმარიტი სიკვდილის შემდეგ მოულოდნელად ცოცხლდება და შიში ეუფლება ნანახი ჯოჯოხეთური ტანჯვის გამო, რომლის შესახებ გაგონილი კი ჰქონდა, მაგრამ არ სწამდა. ერთი ილირიელი მონაზონი, რომელიც ამ ქალაქში ჩემთან ერთად ცხოვრობდა მონასტერში, ამბავს მომითხრობდა, რომელიც ერთ იბერიელ მონაზონ პეტრეს გადახდა. როდესაც ის ილირიელი მონაზონი უდაბნოში ცხოვრობდა, რომელსაც ევაზა ჰქვია, მასთან სწორედ ეს პეტრე დასახლდა და თავის შესახებ ამგვარი რამ უამბო: უდაბნოში წასვლამდე, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, პეტრე გარდაიცვალა, მაგრამ სიცოცხლე მალე დაუბრუნდა. მან ცეცხლით აღვსილი ჯოჯოხეთური ტანჯვის უამრავი ადგილი იხილა, სადაც რამდენიმე გამოჩენილი ადამიანიც ნახა. როდესაც ცეცხლში ჩასაგდებად ისიც მიჰყავდათ, უეცრად ბრწყინვალე სამოსით შემოსილი ანგელოზი გამოჩნდა, რომელმაც მისი ცეცხლში ჩაგდების უფლება არ მისცა და პეტრეს უთხრა: ”დაბრუნდი და ყურადღებით დაუფიქრდი, ამის შემდეგ როგორ უნდა იცხოვრო”. ამ სიტყვების შემდეგ მიცვალებულს სხეული თანდათან გაუთბა, მარადიული სიკვდილის ძილისგან გაიღვიძა და მოჰყვა, რაც დაემართა. ამ საზარელი ამბის შემდეგ ის გამოფხიზლდა და იმგვარი მარხვითა და მღვიძარებით ცხოვრობდა, რომც არაფერი ეთქვა, თვით მისი ცხოვრება აცხადებდა, რომ ჯოჯოხეთური ტანჯვა იხილა და შეძრწუნებული იყო. ამგვარად, ღმერთის სახიერებამ სიკვდილის გზით იხსნა ის მარადიული სიკვდილისგან.

რადგან ადამიანის გული ზოგჯერ მომეტებულად არის გაუხეშებული, კეთილისმყოფელი გავლენა თვით ჯოჯოხეთური სატანჯველის ხილვასაც კი არა აქვს. სტეფანე, სახელგანთქმული კაცი, რომელსაც კარგად იცნობ, ჩვეულებრივ, თავის თავზე მოგვითხრობდა, რომ რაღაც საქმის გამო კონსტანტინოპოლში შეყოვნდა, ავად გახდა და გარდაიცვალა. იმ დღეს ექიმი და ნელსაცხებლების გამყიდველი ვერ ნახეს, რომ მისი სხეული გაეკვეთათ და ბალზამირება მოეხდინათ. სხეული მომდევნო ღამითაც არ დაუკრძალავთ. სტეფანე ჯოჯოხეთში იქნა ჩაყვანილი და მრავალი ისეთი რამ ნახა, რაც მანამდე არ სწამდა. იქ იგი მსაჯულთან მიიყვანეს, მაგრამ მან არ მიიღო და თქვა: ”ამის მოყვანა კი არ დაგავალეთ, არამედ მჭედელ სტეპანესი”. ის დაუყოვნებლივ სხეულში დააბრუნეს, ხოლო სტეპანე, რომელიც მის მეზობლად ცხოვრობდა, იმ წამსვე გარდაიცვალა. ამგვარად, თვით სტეპანეს სიკვდილმა დაამტკიცა, რომ სტეფანეს მიერ გაგონილი სიტყვები სიმართლეს შეესაბამებოდა.

შენ იცი, რომ ეს სტეფანე იმ ჟამიანობამდე, რომელმაც ჩვენი ქალაქი მოსრა, სამი წლით ადრე გარდაიცვალა. მაშინ ხორციელი თვალითაც კი ჩანდა ისრები, რომლებიც ზეციდან ეშვებოდა და ყველას სიკვდილით ემუქრებოდა. ჩვენს ქალაქში ერთი მეომარი იმ სნეულებით დაავადდა და გარდაიცვალა. მისი სხეული უსულოდ ესვენა, მაგრამ მისი სული სხეულში მალე დაბრუნდა და გარშემომყოფთ უამბობდა, თუ რა გადახდა. როგორც ის ამბობდა, ხიდი იხილა, რომლის ქვეშ შავი და ბურუსით მოცული მდინარე მიედინებოდა და იქიდან საშინელი სიმყრალე და შავი ნისლი ამოდიოდა. ხიდს იქით ფართო, ამწვანებული მინდორი ჩანდა, რომელიც სურნელოვანი მცენარეებით იყო დაფარული. იქ თეთრებში მოსილ ადამიანთა კრებული მოჩანდა. იმ ადგილზე ისეთი კეთილსურნელება იყო, რომ თვით ეს კეთილსურნელება კვებავდა იქ მცხოვრებ ადამიანებს. იქ სხვადასხვაგვარი, სინათლით აღვსილი სახლები იდგა. იქვე იდგა საოცრად ლამაზი სახლი, რომელიც თითქოს ოქროს აგურებით იყო აგებული, მაგრამ ვისი იყო, ვერ შეიტყო. მდინარის პირზეც იდგა სახლები. ზოგიერთში სიმყრალე და სიბნელე აღწევდა, რომელსაც მდინარე გამოსცემდა, სხვებში კი - არა. ხიდზე გადამსვლელს ამგვარი განსაცდელი უნდა გადაელახა: თუკი უსჯულო მის გადალახვას მოისურვებდა, ის მდინარეში ვარდებოდა, ხოლო მართლები, რომელთაც ცოდვა არ ამძიმებდათ, მშვენიერ მინდორზე თავისუფლად და უშიშრად გადადიოდნენ. მან თქვა, რომ იქ იხილა საეკლესიო თემის უფროსი პეტრე, რომელიც ოთხი წლის წინ აღესრულა. ის ამ საზარელ ადგილზე თავდაღმა ეკიდა და მძიმე ბორკილებით იყო შეკრული. როდესაც იკითხა, ამგვარად რის გამო იტანჯებოდა, ესმა ის, რაც ჩვენც, ვინც მას ვიცნობდით საეკლესიო თემში, გვაგონდება. კერძოდ, ითქვა: ”იმიტომ იტანჯება ამგვარად, რომ როდესაც ვინმეს დასჯას უბრძანებდნენ, ის არა იმდენად მოვალეობას აღასრულებდა, რამდენადაც მრისხანების ვნებით აღძრული ურტყამდა”. ეს რომ მართლაც ასე იყო, ყველამ იცის, ვინც მას იცნობდა. იქ კიდევ ერთი უცხოტომელი პრესვიტერი ვიხილე, - მოგვითხრობდა ის, - რომელიც ხსენებულ ხიდზე ისეთი გაბედულებით გადავიდა, როგორი გულწრფელობითაც ამქვეყნად ცხოვრობდა. იმავე ხიდზე იცნო მან სტეფანეც, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. როდესაც სტეფანემ ხიდზე გადასვლა მოისურვა, ფეხი დაუცდა და წელამდე ხიდს ქვევით აღმოჩნდა, სადაც მდინარიდან საზარელი გარეგნობის კაცები ამოდიოდნენ და ფეხით ქვევით ეწეოდნენ, ხოლო სხვები, მშვენიერი გარეგნობისანი, თეთრებში შემოსილნი, მხრებით ზევით ეწეოდნენ. ამ ბრძოლის დროს, ანუ როდესაც კეთილი სულები ზევით ეწეოდნენ, ხოლო ბოროტები - ქვევით, ამ ხილვის მხილველი სხეულში დაბრუნდა და არაფერი იცოდა, შემდეგ სტეფანეს რა დაემართა. იმ შემთხვევის მიხედვით, რაც სტეფანეს შეემთხვა, შეიძლება დავასკვნათ, რომ სიცოცხლეში მასში ხორციელი უკეთურება მოწყალების საქმეებს ებრძოდა. იმის მიხედვით, რომ მას ფეხით ქვევით ეწეოდნენ, ხოლო მხრებით ზევით, ცხადია, რომ მას მოწყალებაც უყვარდა და სრულად არც ცოდვას ეწინააღმდეგებოდა. მაგრამ ფარული გულისსიტყვების ამ ბრძოლაში რომელი სძლევს, არც ჩვენთვის არის ცნობილი და არც იმისთვის, ვინც იხილა და კვლავ ამ ცხოვრებაში დაბრუნდა. მხოლოდ ის არის ცხადი, რომ სტეფანემ არც ჯოჯოხეთის ხილვის შემდეგ გამოასწორა ცხოვრება ჯეროვნად და მრავალი წლის შემდეგ (მარადიულ) სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ახალი ბრძოლისათვის გარდაიცვალა. ამით იმასაც ვიგებთ, რომ ჯოჯოხეთური სატანჯველის ხილვა ზოგიერთებისთვის სასარგებლოა, სხვების- თვის კი - ზიანის მომტანი: ერთნი მას საშინელების ხილვის შემდეგ უფრთხიან, სხვები კი უფრო მკაცრად განისჯებიან, რომ არ ისურვეს უკვე ნანახი და მათთვის ცნობილი ჯოჯოხეთის სატანჯველი აეცდინათ.

პეტრე: მითხარი, გეთაყვა, რას ნიშნავს, რომ მშვენიერ ადგილზე ოქროს აგურებით აგებული სახლი იდგა? სასაცილოდ მეჩვენება იმის დაჯერება, რომ ასეთი ლითონები იმ ცხოვრებაშიც დაგვჭირდება.