ძალიან ხშირად მომაკვდავის სული იმათაც კი ცნობს, ვისთან ერთადაც, მსგავსი ცოდვების ან სათნოებების გამო, მომავალ ცხოვრებაში დამკვიდრდება. ღირსი ბერის - ელეფთერის მონასტერში, რომლის შესახებ წინა წიგნში ბევრი ვისაუბრე, მისი ღვიძლი ძმა იოანე ცხოვრობდა, რომელმაც, მისი სიტყვების თანახმად, ძმების წინაშე თავისი აღსასრული ორმოცი დღით ადრე იწინასწარმეტყველა. იოანე თავისი ცხოვრების დარჩენილ დღეებს ყოველდღიურად ითვლიდა და სიკვდილამდე სამი დღით ადრე დაავადდა. აღსასრულის წინ უფლის წმიდა ხორცსა და სისხლს ეზიარა, შემდეგ ძმებს მოუწოდა და სთხოვა ფსალმუნები ეგალობათ, თვითონ კი ანტიფონით პასუხობდა: “განმიხუენით მე ბჭენი სიმართლისანი, შევიდე მათ შინა და აუვარო უფალსა. ესე არს ბჭე უფლისაჲ, და მართალნი შევლენან მას შინა” (ფს. 117, 19-20). ძმების გალობის დროს იოანემ ხმამაღლა შესძახა: ”ურს, მოდი”. ამის გამოთქმისთანავე მან თავისი მიწიერი ცხოვრება დაასრულა. ძმებს გაუკვირდათ, რადგან არ იცოდნენ, ვის მოუხმო მომაკვდავმა. მისმა სიკვდილმა მონასტერს დიდი მწუხარება მოჰგვარა. მეოთხე დღეს, სამონასტრო საჭიროებათა გამო, ძმები მათგან მოშორებით მდებარე მონასტერში გაგზავნეს. წარგზავნილებმა იმ მონასტრის ძმები დიდად დამწუხრებულნი იხილეს. როდესაც მათ მწუხარების მიზეზი ჰკითხეს, მონაზვნებმა უპასუხეს: ”მონასტრის დანაკარგს დავტირით: ჩვენი ძმა, რომლის ცხოვრება ამ მონასტერში ჩვენს ყოფას განამტკიცებდა, მეოთხე დღეა, რაც ამქვეყნიდან გავიდა. მოსულმა ძმებმა კრძალვით იკითხეს მისი სახელი, რომლის პასუხად ესმათ: ”ურსი ”. როდესაც მისი აღსასრულის ჟამი ზედმიწევნით გამოიკითხეს, შეიტყვეს, რომ ურსი სწორედ იმ დროს აღსრულებულიყო, როდესაც მას იოანემ მოუხმო. აქედან ცხადია, რომ მიცვალებულთა დამსახურებანი ერთნაირი იყო და იმათ, ვინც ერთდროულად აღესრულნენ, ჯილდოდ მიენიჭათ ერთ ადგილზე დამკვიდრება.
ვერ დავდუმდები აგრეთვე იმის შესახებ, რაც ჯერ კიდევ ერისკაცობაში მეზობლებისაგან გავიგე. მაშინ რომში, ჩემს სახლში ვცხოვრობდი, რომელიც მამისგან მემკვიდრეობით მერგო. ჩემს მეზობლად ერთი ქვრივი დედაკაცი, სახელად გალა, ცხოვრობდა. მას ახალგაზრდა ვაჟიშვილი ჰყავდა, სახელად ევმორფი. მათ შორიახლოს ვინმე სტეფანე ცხოვრობდა, რომელიც ოპტიონის[1] მოვალეობას ასრულებდა. როდესაც ევმორფის აღსასრული ახლოვდებოდა, მონას მოუხმო და ამგვარი რამ უბრძანა: ”წადი ჩქარა და ოპტიონ სტეფანეს უთხარი, სასწრაფოდ მოვიდეს, იმიტომ, რომ ხომალდი მზად არის, რომლითაც სიცილიაში უნდა გავემგზავროთ”. მონას ეგონა, რომ ის ბოდავდა და ბრძანების აღსრულება არც უფიქრია. მაშინ ევმორფი დაემუქრა: `წადი და უთხარი, რაც დაგაბარე, სრულებით არ ვბოდავ”. მონა წავიდა, მაგრამ შუა გზაზე უცნობი შეხვდა და ჰკითხა: ”საით გაგიწევია?” მონამ მიუგო: ”ჩემმა ბატონმა ოპტიონ სტეფანესთან გამგზავნა”. მან უთხრა: ”მე სტეფანესგან მოვდივარ, ის ჩემს იქ ყოფნაში აღესრულა”. მონა დაბრუნდა თავის ბატონთან, მაგრამ ის გარდაცვლილი დახვდა. ამგვარად, თუკი მონას ამბის შემტყობი შუა გზაზე შემოხვდა, მაშინ განვლილი მანძილის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ გარდაცვლილები ამქვეყნიდან ერთსა და იმავე წუთს იქნენ გაყვანილნი.
პეტრე: შენი მონათხრობი შემაძრწუნებელია. მაგრამ მითხარი, გეთაყვა, მომაკვდავის სულს ხომალდი რატომ წარმოუდგა ან რატომ იწინასწარმეტყველა, რომ სიცილიაში წაიყვანდნენ?
გრიგოლი: სულს ეტლი არ სჭირდება, მაგრამ გასაკვირი არ არის, თუკი ჯერ კიდევ ხორცში მყოფ ადამიანს ის წარმოუდგება, რის ხილვასაც ხორციელი თვალით მიეჩვია, რათა ამგვარად მიხვდეს, როგორი სულიერი გზა ელის. მომაკვდავის მოწმობა, რომ მას სიცილიაში წაიყვანდნენ, შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ ამ კუნძულებზე, სხვა ადგილებისგან განსხვავებით, ვულკანის ყელიდან ამოფრქვეული ცეცხლი ცოდვილთა დასატანჯად არის მომზადებული. ვულკანის ყელი, როგორც თვითმხილველები გადმოგვცემენ, ყოველდღიურად იზრდება. ასე რომ, ქვეყნის აღსასრულის მოახლოვებასთან ერთად, რაც უფრო მეტი ცოდვილი გროვდება იქ, რომელთაც ცეცხლში ტანჯვა აქვთ მისჯილი, მით უფრო ფარ- თოვდება ტანჯვის ადგილებიც.[2] ხოლო იმაში, რომ ერთნაირი საქმეების მიხედვით ერთნაირი ხვედრი ერგებათ და ერთნაირ ადგილებს დაიმკვიდრებენ როგორც რჩეულნი, ასევე განგდებულნი, ჭეშმარიტების მიერ გამოთქმული სიტყვები დაგვარწმუნებს, საკმაო მაგალითები რომც არ არსებობდეს. ქრისტე მართალთა მიმართ ბრძანებს: ”სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან” (იოან. 14, 2). მარადიულ ცხოვრებაში მისაგებელი რომ ყველასთვის ერთნაირი იყოს, მაშინ სავანეც ერთი იქნებოდა და არა - მრავალი. ამგვარად, მრავალი სავანე არსებობს, სადაც კეთილნი ხარისხების მიხედვით მკვიდრობენ. დამსახურებებში თანაზიარობის გამო ისინი ერთად ნეტარებენ და ყოველი მუშაკი თითო დრაჰკანს მაინც მიიღებს (მათ. 20, 9); მაგრამ ნეტარებანი სავანეების მიხედვით განსხვავდებიან; ერთია ნეტარება, რომლითაც ისინი ტკბებიან, მაგრამ განსხვავებულია საზომი სხვადასხვა დამსახურებისათვის. უფალი, როდესაც სამსჯავროს დღეზე გვამცნობს, ბრძანებს: ”შეკრიბეთ პირველად ღუარძლი იგი და შეკართ ძნეულად, რაჲთა დაიწუას იგი” (მათ. 13, 30), ანუ ანგელოზები ღვარძლს ძნებად დასაწვავად ჰკრავენ, ე.ი. ერთნაირებს ერთნაირი ტანჯვისთვის აგროვებენ; მაგალითად, ამპარტავნები ცეცხლში ამპარტავნებთან ერთად იქნებიან ჩაგდებულნი; განცხრომითა და ფუფუნებით მცხოვრებნი - თავისნაირებთან ერთად იქნებიან, ძუნწები - ძუნწებთან ერთად, მატყუარები - თავისსავე მსგავსებთან, შურიანები - შურიანებთან, ურწმუნონი - ურწმუნოებთან დამკვიდრდებიან. როდესაც ანგელოზები ერთნაირი ცოდვით შემცოდეებს ტანჯვის ადგილებზე ანაწილებენ და ერთნაირ სატანჯველში აგდებენ, მაშინ, ერთგვარად, თითქოს ღვარძლს ძნებად ცეცხლში ჩასაგდებად ჰკრავენ.
პეტრე: ჩემი კითხვა სრულად არის განმარტებული, მაგრამ მითხარი, გეთაყვა, ეგ როგორ არის, რომ ზოგჯერ სული სხეულიდან თითქოს გადის, შემდეგ კი კვლავ უსიცოცხლო სხეულში ბრუნდება?
[1] - ასე ერქვა მხედართმთავრის მოვალეობის აღმასრულებელს, აგრეთვე ასისთავის შემცვლელს მისი არყოფნის შემთხვევაში.
[2] - აზრი, რომ გარდაცვლილ ცოდვილთა სულები მიწისქვეშა ცეცხლში იტანჯებიან, პირველ საუკუნეებში დასავლეთში საკმაოდ გავრცელებული იყო. ეს აზრი აღმოსავლეთშიც გვხვდება (იხ. მაგ. პრუსელი ეპისკოპოსის, მღვდელმოწამე პატრიკიოსის ცხოვრება. ხს. 19 მაისს). თუმცა არც წმიდა წერილი და არც ეკლესიის მოძღვრება ამ საკითხზე დაზუსტებულ სწავლებას არ გამოთქვამს.