გრიგოლი: უფალს ამ კითხვაზე დღესავით ნათელი პასუხი აქვს მოცემული სიტყვებში, რომლებიც უკვე მოვიყვანეთ. იქ ნათქვამია: “კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონითა და იხარებდა დღითი-დღე ბრწყინვალედ. გლახაკი ვინმე იყო, სახელით ლაზარე, დავრდომილი წინაშე ბჭეთა მისთა და ქუე ძურებოდა. და გული-ეტყოდა განძღებად ნამუსრევისაგან გარდამოცჳვნებულისა ტაბლისაგან მის მდიდრისა. არამედ ძაღლნიცა მოვიდოდეს და ჰლოშნიდეს წყლულსა მას მისსა“ (ლუკ. 16, 19-21). შემდეგ ნათქვამია, რომ “იყო სიკუდილი გლახაკისაჲ მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა. მოკუდა მდიდარიცა იგი და დაეფლა. და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თუალნი თჳსნი, იყო რაჲ იგი ტანჯვასა შინა, და იხილა აბრაჰამი შორით და ლაზარე წიაღთა მისთა. და მან ჴმა-ყო და თქუა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე მე და მოავლინე ლაზარე, რაჲთა დააწოს მწუერვალი თითისა მისისაჲ წყალსა და განმიგრილოს ენაჲ ჩემი, რამეთუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისაჲთა. ხოლო აბრაჰამ ჰრქუა მას: შვილო, მოიჴსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინის-ცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები“ (ლუკ. 16, 22-25). მდიდარს გადარჩენის იმედი უკვე აღარ აქვს და თავის ახლობლებზე ზრუნავს, რომ იქნებ ისინი მაინც გადარჩნენ. ის ამბობს: “გლოცავ შენ, მამაო, მიავლინე ეგე სახლსა მამისა ჩემისასა, რამეთუ მისხენ ხუთნი ძმანი, რაჲთა აუწყოს მათ, და არა მოვიდენ იგინიცა ადგილსა ამას სატანჯველისასა. ჰრქუა მას აბრაჰამ: ჰქონან მოსე და წინაწარმეტყუელნი, მათი ისმინონ“ (ლუკ. 16, 28-29). ამ სიტყვებით სრულიად ცხადი ხდება, რომ კეთილები კეთილებს შეიცნობენ და ბოროტები - ბოროტებს. აბრაამს ლაზარეს შესახებ რომ არაფერი სცოდნოდა, სატანჯველში ჩაგდებულ მდიდართან საუბარში მის წარსულ ტანჯვას ვერ ახსენებდა, როდესაც ამბობს, რომ ლაზარემ ბოროტება ამ ცხოვრებაში დაითმინა; და ბოროტებიც ბოროტებს რომ არ იცნობდნენ, მაშინ სატანჯველში ჩაგდებული მდიდარი თავის ძმებს, რომლებიც იქ არ იყვნენ, არ ახსენებდა: მათ შეხვედრის დროს რატომ ვერ იცნობდა, თუკი მათთვის ხსოვნის მიხედვით ევედრება? აქ იმის დანახვაც შეიძლება, რაც შენ არ გიკითხავს, კერძოდ, რომ კეთილი ადამიანები ბოროტებს შეიცნობენ და ბოროტები - კეთილებს. აბრაამმა მდიდარი იცნო, როდესაც ეუბნება: “მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა“. განგდებული მდიდარი რჩეულ ლაზარესაც ცნობს, როდესაც აბრაამს ევედრება ის წარგზავნოს და სახელით მოიხსენებს: “მოავლინე ლაზარე, რაჲთა დააწოს მწუერვალი თითისა მისისაჲ წყალსა და განმიგრილოს ენაჲ ჩემი“. ამ შეცნობის გამო როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან, მისაგებლის საზომი იზრდება: კეთილნი უფრო მეტად ხარობენ, როდესაც მათთან ერთად ნეტარებაში იმათ ხედავენ, ვინც უყვარდათ. ბოროტნი, როდესაც მათთან ერთად ისინი იტანჯებიან, ვინც ამქვეყნად უყვარდათ, არა მარტო საკუთარი, არამედ იმათი ტანჯვითაც იტანჯებიან. რჩეულთა შორის კიდევ უფრო გასაოცარი რამ ხდება: ისინი არა მარტო იმათ შეიცნობენ, ვისაც ამქვეყნად იცნობდნენ, არამედ იმ მადლმოსილ ადამიანებსაც ნაცნობებივით შეიცნობენ, რომლებიც არასოდეს უნახავთ. როდესაც მარადიულ სამკვიდრებელში ძველ მამებს იხილავენ, მათთვის უცნობნი არ დარჩებიან, რომელთაც საქმეების მიხედვით ყოველთვის იცნობდნენ. თუკი იქ, ზოგად ნათელში, თითოეული ჭვრეტს ღმერთს, რაღა შეიძლება იყოს შეუცნობი იქ, სადაც იცნობენ ყოვლისმცნობელს?