სირაკუზის ეპისკოპოსი, ღმრთისმოყვარე მაქსიმიანე, რომელიც რომში ჩემს მონასტერს დიდხანს წინამძღვრობდა, ვალერიის ოლქში მომხდარ ერთ საზარელ ამბავს მიამბობდა. იქ ერთი კურიალი (რომის კურიის წევრი) დიდ შაბათს ნათლისღების საიდუმლოში ერთ ახალგაზრდა ქალწულს ნათლიად დაუდგა. სახლში დაბრუნებულმა ღვინო უზომოდ დალია, თავის ნათლულს სთხოვა იმ ღამით მასთან დარჩენილიყო და იმავე ღამით (სათქმელადაც კი საშინელია) განხრწნა იგი. დილით, ამ უწმინდურების ჩადენის შემდეგ, აბანოში წასასვლელად მოემზადა, თითქოს ცოდვას წყალი ჩამორეცხდა; დაიბანა და შიშით იწყო ფიქრი, ეკლესიაში როგორ წავიდოდა: ასეთ დღეს (აღდგომას) ეკლესიაში არ მისულიყო - ხალხის რცხვენოდა, წასულიყო და - ღმერთის სასჯელის ეშინოდა. ადამიანთა წინაშე სირცხვილმა სძლია და ეკლესიაში წავიდა, მაგრამ შიშითა და ძრწოლით იდგა, ყოველ წუთს ელოდა, რომ არაწმინდა სული ეკვეთებოდა და წამებას ხალხის წინაშე დაუწყებდა, მაგრამ მსგავსი რამ წირვის განმავლობაში არ დამართნია. ის გახარებული გამოვიდა და უკვე სრულიად უზრუნველად ეკლესიაში მეორე დღესაც წავიდა. ის ეკლესიაში ამგვარად ექვსი დღე დადიოდა და ფიქრობდა, რომ ღმერთს ან მისი ცოდვა არ უხილავს, ან მოწყალებით შეუნდო, მაგრამ მეშვიდე დღეს ის მოულოდნელად მოკვდა და დაასაფლავეს. დიდი ხნის შემდეგ, ყველას თვალწინ, მისი საფლავიდან ცეცხლი აღმოხდა და მის ძვლებს იქამდე წვავდა, ვიდრე კუბო და მასზე დაყრილი მიწაც არ დაიწვა. ამით ყოვლისშემძლე ღმერთმა აჩვენა, რა დღეში იყო საიდუმლოდ იმ ადამიანის სული, რომლის სხეული ადამიანთა თვალწინ ცეცხლით შეიმუსრა. ჩვენ კი, ამ ამბის მსმენელთ, საზარელი გაკვეთილი მოგვცა, როგორ იტანჯება ცოდვების გამო ცოცხალი და გრძნობის მქონე სული, თუკი ამგვარი ცეცხლით უგრძნობი ძვლებიც კი იწვის.
პეტრე: მსურს ვიცოდე, ცათა სასუფეველში კეთილი ადამიანები ერთმანეთს თუ ცნობენ და ჯოჯოხეთში ბოროტები - ბოროტებს?