იმ დროს, როდესაც განმარტოების სურვილი ჩემში ჯერ კიდევ ახალი აღძრული იყო, ჩემთან ერთი პატივცემული მოხუცი, სახელად დეუსდედიტი, მეგობრობდა, რომელიც ჩვენი ქალაქის წარჩინებულ მოქალაქეთა მეგობარიც იყო. მან შემდეგი რამ მიამბო: გუთების დროს ერთი წარჩინებული კაცი (სენატორი), სახელად რეპარატი, სიკვდილის პირას აღმოჩნდა. ის მიცვალებულივით ხმაწართმეული და გაშეშებული დიდხანს იწვა. მის სანახავად მოსულები და ოჯახის წევრები უკვე როგორც მიცვალებულს, ისე დასტიროდნენ, მაგრამ ის უეცრად გამოცოცხლდა და მოტირალთა ცრემლი გაკვირვებამ შეცვალა. მან თქვა: “წმიდა მოწამე ლავრენტის ტაძარში, რომელსაც მისი აღმაშენებლის სახელის მიხედვით დამასი ეწოდება, სასწრაფოდ მონა გაგზავნეთ, რათა შეიტყოს და ჩვენც გვაცნობოს, პრესვიტერ ტიბურცის თავს რა ხდება“. ტიბურცი, როგორც ამბობენ, მაშინ ხორციელ ვნებებს ემონებოდა. მისი ცხოვრება და ზნე იმ ეკლესიის ამჟამინდელ პრესვიტერ ფლორენცის კარგად ახსოვს. მონა წავიდა, ხოლო რეპარატმა გვიამბო, რაც შეიტყო იქ, სადაც აღყვანილ იქნა: “დიდი კოცონი იყო მომზადებული; პრესვიტერი ტიბურცი ცეცხლთან მიიყვანეს და შიგ ჩააგდეს; შემდეგ შეშა შემოუწყვეს და ცეცხლი აენთო. მეორე კოცონიც მზადდებოდა, რომელიც ცას სწვდებოდა“. ამის გამგონე მსმენელებმა შესძახეს: “ვისთვის?“ მაგრამ რეპარატი ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე აღესრულა, ხოლო მონას, რომელიც ტიბურცისთან გაგზავნეს, ის მიცვალებული დახვდა. ცხადია, რეპარატი ტანჯვის ადგილებზე იქნა მიყვანილი, იხილა ისინი, სიცოცხლეს დაუბრუნდა, გვამცნო და შემდეგ აღესრულა. ეს ჩვენთვის მოხდა, რათა ვიდრე ამ ქვეყნად ვართ, უკეთურ საქმეებს განვეშოროთ. რეპარატმა ცეცხლის მომზადება იმიტომ კი არ ნახა, რომ ჯოჯოხეთში შეშა იწვის, არამედ ცოცხალთათვის გასაგებად რომ გადმოეცა, ცოდვილთა ტანჯვის ადგილზე ის იხილა, რითაც ამქვეყნად მცხოვრებნი ნივთიერ ცეცხლს ანთებენ, რათა მათ ნაცნობ საგნებზე თხრობით ის შეიცნონ, რაც ჯერ კიდევ არ იციან.