მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეოთხე - თავი ოცდამეათე
არიოზელი მეფე თეოდორიკეს აღსასრული


გრიგოლი: რადგან ასეთი ძალისხმევის შედეგად ირწმუნე, ვფიქრობ ჯილდოდ სარწმუნოება გაგიმრავლო და ის გიამბო, რაც სარწმუნო ადამიანებისაგან გავიგე. შვიდი წლის წინ გარდაცვლილი იულიანე, მეორე აპოკრისიარი რომის ეკლესიისა (რომელსაც ღმრთის ნებით ვემსახურები), ჩემთან ხშირად მოდიოდა, როდესაც ჯერ კიდევ მონასტერში ვცხოვრობდი და, როგორც წესი, სულის მარგებელ საგნებზე მესაუბრებოდა. ერთხელ მან შემდეგი რამ მიამბო: “მეფე თეოდორიკეს მეფობის ჟამს ჩემი სიმამრის მამა სიცილიაში მებაჟის მოვალეობას ასრულებდა და უკვე იტალიაში ბრუნდებოდა. მისი ხომალდი კუნძულ ლიპარისს მიადგა. იქ ერთი მეუდაბნოე ცხოვრობდა, რომელიც უდიდესი სათნოებებით იყო შემკული. ვიდრე მეზღვაურები ხომალდის აღკაზმულობას ამზადებდნენ, ჩემი სიმამრის მამამ გადაწყვიტა (თანამგზავრებთან ერთად) ღმრთის კაცი მოენახულებინა და მისგან ლოცვაკურთხევა მიეღო. წმინდანმა ისინი მიიღო და საუბარში უთხრა: “იცით, რომ მეფე თეოდორიკე აღესრულა?“ მნახველებმა მაშინვე მიუგეს: “არა, ჩვენ ის ცოცხალი დავტოვეთ და მის შესახებ მსგავსი არაფერი გვსმენია“. ღმრთის მონამ კვლავ უთხრა: “მართლა აღესრულა: გუშინ, ცხრა საათზე, შიშველი და ხელებშეკრული, პაპმა იოანემ და პატრიცმა სიმაქმა წაიყვანეს და მეზობლად მდებარე ვულკანის ყელში ჩააგდეს“. ამის გამგონეთ ის დღე ზუსტად ჩაიწერეს და იტალიაში დაბრუნებულებმა შეიტყვეს, რომ მეფე თეოდორიკე სწორედ იმ დღეს აღესრულა, როდესაც ღმრთის მონას მისი აღსასრულისა და სასჯელის შესახებ ეცნობა“. იმის გამო, რომ მეფე თეოდორიკემ პაპი იოანე საპყრობილეში აწამა, ხოლო პატრიცი სიმაქი მახვილით მოკლა, როგორც გამოცხადებაში გამოჩნდა, ცეცხლში სწორედ იმათ ჩააგდეს, ვინც მან ამ ცხოვრებაში უსამართლოდ დასაჯა.