მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეოთხე - თავი მესამე
სამგვარი ცოცხალი სულის შესახებ


სული სხეულის სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს რომ განაგრძობს, ამას მორწმუნე გონება მოწმობს. ყოვლისშემძლე ღმერთმა სამგვარი ცოცხალი სული შექმნა: ერთი მათგანი სხეულთან შეერთებული არ არის; მეორე - სხეულთანაა შეერთებული, მაგრამ მასთან ერთად არ კვდება; მესამე - სხეულთანაა შეერთებული და მასთან ერთად კვდება. სული, რომელიც სხეულთან არაა შეერთებული, არის ანგელოზთა სული. სული, რომელიც სხეულთანაა შეერთებული, მაგრამ მასთან ერთად არ კვდება, ადამიანთა სულია; ხოლო სული, რომელიც სხეულთანაა შეერთებული და მასთან ერთად კვდება, არის ცხოველთა სული. ამგვარად, ადამიანი ერთგვარად შუაშია მოქცეული: ანგელოზზე - ქვევით და ცხოველზე - ზევით. უმაღლესთანაც და უმდაბლესთანაც საერთო აქვს, ანუ სულის უკვდავებით ანგელოზს უახლოვდება, სხეულის ხრწნადობით - ცხოველს, მანამდე, სანამ აღდგომის დიდება თვით სხეულის ხრწნადობას შეწყვეტს, როდესაც სულთან შეერთებული სხეული საუკუნოდ იქნება დაცული ხრწნილებისაგან ისევე, როგორც სხეულთან შეერთებული სული უკვდავია უფლის მადლით. ამიტომ თვით განგდებულთა სხეულს (მკვდრეთით აღმდგარს) ტანჯვა არ გაანადგურებს. ის მარადიულ ტანჯვაში იარსებებს, რათა სულით და ხორცით შემცოდენი სულითა და ხორცით მარადიულად კვდებოდნენ და ამავე დროს ცოცხლები რჩებოდნენ (ყოფიერების მიხედვით).

პეტრე: მორწმუნე გონებისთვის გასაგებია ის, რასაც შენ ამბობ, მაგრამ, თუკი ადამიანთა და ცხოველთა სულებს ამგვარად განასხვავებ, მითხარი, გეთაყვა, რას ნიშნავს სოლომონის სიტყვები: “ვთქვი ჩემს გულში: ასე გამოცდის თურმე ღმერთი ადამის ძეთა, რათა დარწმუნდნენ, რომ თავისთავად პირუტყვები არიან მხოლოდ. რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია“ (ეკლ. 3, 18-19). საკუთარი აზრის ზედმიწევნით გადმოსაცემად კიდევ ამბობს: “ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს“ (3, 19). და შემდეგ საერთო განმარტებისთვის დაურთავს სიტყვებს: “ყველაფერი ამაოა, ყოველივე ერთ ადგილს მივა; ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა“ (3, 19-20).