გრიგოლი: თუკი ცოცხალი ადამიანის უნივთო სული ნივ- თიერ სხეულში არსებობს, მაშინ სიკვდილის შემდეგ უნივთო სულს ნივთიერი ცეცხლი რატომ ვერ დაიპყრობს? [1]
პეტრე: ცოცხალ არსებაში უნივთო სული იმიტომ არსებობს, რომ ის სხეულს განაცხოველებს.
გრიგოლი: თუკი, საყვარელო პეტრე, უნივთო სულს იმ სხეულში შეუძლია იარსებოს, რომელსაც განაცხოველებს, მაშინ სასჯელის მოსახდელად რატომ ვერ იარსებებს იქ, სადაც სიკვდილია გამეფებული? ჩვენ ვამტკიცებთ, სული ცეცხლში იმისთვის არის, რომ ცეცხლის დანახვითა და შეგრძნებით დაიტანჯოს. ის სწორედ ამ ცეცხლის ხილვით იტანჯება და სწორედ იმით იწვის, რომ თავს ცეცხლში ხედავს. ამგვარად, მატერიალური ნივთიერება არამატერიალურ არსებას წვავს ხილული ცეცხლიდან გამოსული ტკივილის მომგვრელი, უხილავი მხურვალებით, რათა ნივთიერ ცეცხლში უსხეულო გონება უსხეულო ალით იტანჯოს. სახარებისეული გადმოცემის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სული არა მარტო ცეცხლის ხილვით, არამედ მისი შეგრძნებითაც იტანჯება. სახარების მიხედვით, მდიდარი სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში აღმოჩნდა. მისი სხეული რომ ცეცხლში იყო ჩაგდებული, მისივე სიტყვებიდან ჩანს, როდესაც აბრაამს ევედრება: “მოავლინე ლაზარე, რაჲთა დააწოს მწუერვალი თითისა მისისაჲ წყალსა და განმიგრილოს ენაჲ ჩემი, რამეთუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეხლისაჲთა“ (ლუკ. 16, 24). ამგვარად, თუკი თავად ჭეშმარიტება ამოწმებს, რომ ცოდვილ მდიდარს ცეცხლში ტანჯვა ჰქონდა მისჯილი, მაშ, რომელი გონიერი ადამიანი უარყოფს იმას, რომ ცოდვილთა სულები ცეცხლში იმყოფებიან?
პეტრე: მართალია, გონების მიხედვითაც და ჭეშმარიტების დამოწმებითაც სული რწმენად აღიძვრება, მაგრამ როდესაც გონება დაფიქრდება, კვლავ უჭირს დაჯერება. როგორ შეიძლება უსხეულო არსება ნივთიერმა ძალამ დაიპყროს და ტანჯოს?
გრიგოლი: მიპასუხე, გეთაყვა, ზეციდან განგდებული სულები უსხეულოდ მიგაჩნია თუ სხეულის მქონედ?
პეტრე: სულს სხეულის მქონეს რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი უწოდებს?
გრიგოლი: გეენიის ცეცხლი უნივთოდ მიგაჩნია თუ - ნივთიერად?
პეტრე: არ მეეჭვება, რომ გეენიის ცეცხლი ნივთიერია და სხეულები მასში აუცილებლად დაიტანჯებიან.
გრიგოლი: უკანასკნელ დღეს განკითხულთ თვით ჭეშმარიტება ეტყვის: “წარვედით... ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკთათჲს და ანგელოზთა მისთათÂს“ (მათ. 25, 41). ამგვარად, თუკი ეშმაკსა და მის ანგელოზებს, რომლებიც უსხეულონი არიან, ნივთიერ ცეცხლში ტანჯვა აქვთ მისჯილი, გასაკვირი რა არის, თუკი ნივთიერ ტანჯვას სულები სხეულებთან შეერთებამდე შეიგრძნობენ?
პეტრე: ჭეშმარიტება ცხადია და ამასთან დაკავშირებით გონება აღარ უნდა ეჭვობდეს.
[1] - წმიდა იოანე დამასკელის სწავლებით: “მაშინ მიეცეს ეშმაკი და მის თანა ძალნი მისნი და კაცი იგი მათი, რომელ არს ანტექრისტე, უღმრთოთა თანა და ცოდვილთა ცეცხლსა საუკუნესა, არა ნივთიერსა, ვითარ-ესე არს ჩუენ შორის მყოფი ესე ცეცხლი, არამედ ეგევითარსა, ვითარ უწყის ღმერთმან“ (“გარდამოცემაჲ უცილობელი მართლმადიდებელთა სარწმუნოებისაჲ “, თავი 100, აღდგომისათვის. ეფრემ მცირის თარგმ.). - მთარგმნელის შენიშვნა.