მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეოთხე - თავი ოცდამეშვიდე
მმართველ ფელიქსის აღსასრული


რადგანაც საუბარი მომაკვდავთა სულებზე დავიწყეთ, რომლებიც ბევრ რამეს იგებენ წინასწარ, ვერ დავდუმდები იმის შესახებ, თუ რა გავიგე მრავალი მოწმისაგან ქალაქ ცენტუმცელის (ამჟამად ჩივიტა-ვეკია) მმართველ თეოფანეზე. ის მოწყალე, სიკეთის აღსრულებაში გულმოდგინე და განსაკუთრებით სტუმართმოყვარე ადამიანი იყო. ქვეყნის მართვისას თეოფანე მიწიერ და დროებით საქმეებს აღასრულებდა, მაგრამ როგორც მისი აღსასრულის ჟამს გაირკვა, ამას მოვალეობის მოხდის მიზნით აკეთებდა და არა - ანგარებით. მისი აღსასრულის მოახლოებასთან ერთად ამინდი შეიცვალა. მისი მეუღლე მწარედ ატირდა და ამბობდა: “რაღა ვქნა, როგორ დაგასაფლაო, როდესაც უამინდობის გამო სახლის ზღურბლის გადაბიჯებაც კი შეუძლებელია. მან მიუგო: “ნუ ტირი, როგორც კი მოვკვდები, ცა განათდება“. ის ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე აღესრულა, ხოლო მის სიკვდილს ამინდის გამოსწორება მოჰყვა. ამ სასწაულს სხვა სასწაულებიც ახლდა. სნეულს ხელ-ფეხი ნიკრისის ქარით ჰქონდა დასიებული და დაწყლულებული და ჩირქისგან ყარდა. როდესაც გასაპატიოსნებლად მიცვალებულს სამოსი გახადეს, ხელებიც და ფეხებიც სრულიად ჯანმრთელი ჰქონდა, თითქოს ჭრილობები არასოდეს მიჰკარებოდა. შემდეგ სასაფლაოზე გადაასვენეს. მისმა მეუღლემ მეოთხე დღეს მარმარილოს ქვის შეცვლა გადაწყვიტა. როდესაც ქვა აიღეს, მისი საფლავიდან ისეთი კეთილსურნელება ამოიფრქვა, თითქოს მისი ხრწნადი სხეულიდან ჭიაღუების ნაცვლად ნელსაცხებლები ამოდიოდა. ზოგიერთნი, (რწმენაში) მერყევნი, რომელთაც ამის შესახებ ჩემგან გაიგეს, დაეჭვდნენ. მაგრამ ერთხელ წარჩინებულ კაცთა კრებულში გახლდით. იქ სწორედ ის ხელოსნები მოვიდნენ, რომლებმაც თეოფანეს საფლავზე ქვა გამოცვალეს. ისინი ჩემთან თავიანთი საქმის გამო მოვიდნენ. მაშინ მათ იმ სასწაულის შესახებ კლერიკოსების, წარჩინებული კაცებისა და ხალხის თანდასწრებით ვკითხე. მათ დაადასტურეს, რომ საფლავი კეთილსურნელებით სასწაულებრივად იყო აღვსილი. მათ მისი კუბოს შესახებ კიდევ უფრო საოცარი რამ თქვეს, მაგრამ ამის შესახებ თხრობა დიდ დროს წაგვართმევს.

პეტრე: საკმარისია, ჩემი ცნობისწადილი დაკმაყოფილებულია, მაგრამ კიდევ ერთი საკითხი მაინტერესებს. თუკი, როგორც ზემოთ ითქვა, წმინდანთა სულები ზეცაში მკვიდრობენ, მაშინ ეჭვსგარეშეა, ცოდვილთა სულები ჯოჯოხეთში არიან. მაგრამ მართლაც ასეა ეს თუ არა, არ ვიცი, იმიტომ, რომ ადამიანური განსჯა არ უშვებს, ცოდვილთა სულები საყოველთაო სამსჯავრომდე ჯოჯოხეთში დაიტანჯონ.