მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეოთხე - თავი ოცდამეექვსე
როგორ წინასწარმეტყველებენ მომაკვდავი ადამიანები? მონაზვნები - გერონტი და მელეტი და ყრმა არმენტარი


გრიგოლი: ზოგჯერ სულები თავიანთი ბუნებრივი თვისებებით დაფარულს შეიცნობენ. ზოგჯერ სხეულიდან გასული სულები მომავალს გამოცხადებით შეიცნობენ, ხოლო ზოგჯერ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ზეგარდამო მადლით შთაგონებულნი, გონების უსხეულო თვალით ზეციურ საიდუმლოებებს ხედავენ. სული თავისი ბუნებრივი თვისებებით მომავალს რომ შეიცნობს, შემდეგი შემთხვევიდანაც ჩანს. ჩვენს ქალაქში ორი წლის წინ ერთი ადვოკატი გარდაიცვალა. მას ფერდი დაუავადდა. აღსასრულამდე ცოტა ხნით ადრე მონას მოუხმო და უბრძანა მისთვის ტანსაცმელი მოემზადებინა. ყრმამ იფიქრა, რომ ის ბოდავდა და მისი ბრძანება არ შეასრულა. მაშინ ავადმყოფი ადგა, ჩაიცვა და თქვა, რომ აპიის გზით ნეტარ ქსისტეს ტაძარში მიდის. რამდენიმე ხანში ავადმყოფობის გაძლიერების გამო ის აღესრულა. გადაწყვიტეს, რომ მისი სხეული პრენესტის გზაზე, ნეტარი მოწამის, იანუარიუსის ტაძართან დაეკრძალათ, მაგრამ იმათ, ვინც მის ცხედარს მიასვენებდა, ეს გზა ეშორათ და მოულოდნელად აპიის გზით წასვლა გადაწყვიტეს. მათ არ იცოდნენ, მან სიკვდილის წინ რა თქვა და სწორედ იმ ტაძარში დაკრძალეს, რომელზეც ადვოკატმა იწინასაწრმეტყველა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს ადამიანი საერო საქმიანობას მისდევდა და თანაც ანგარებით იყო შეპყრობილი; როგორ შეძლებდა იგი წინასწარმეტყველებას? ცხადია, თვით მისმა სულმა თავისი ბუნებრივი თვისებებით წინასწარ შეიცნო, რაც მის ცხედარს მოელოდა. ხოლო იმის შესახებ, თუ როგორ იგებენ მომაკვდავები მომავალს გამოცხადებით, შეგვიძლია იმის მიხედვით დავასკვნათ, რაც ჩვენს მონასტერში მოხდა.

ათიოდე წლის წინ ჩემს მონასტერში ერთი ძმა, სახელად გერონტი, ცხოვრობდა. ის მძიმედ დაავადდა და ერთხელ, ღამეულ ჩვენებაში, ნათელი პირისახის და ბრწყინვალე სამოსით შემოსილი კაცები იხილა, რომლებიც ზეციდან მონასტერში ეშვებოდნენ. როდესაც ისინი სნეულის საწოლთან წარდგნენ, ერთ-ერთმა მათგანმა თქვა: “ჩვენ იმისთვის ვართ წარმოგზავნილნი, რომ გრიგოლის მონასტრიდან მსახურებისთვის ზოგიერთი ძმა წავიყვანოთ“; - შემდეგ მეორეს მიმართა და დაუმატა: - “ჩაიწერე: მარკელე, ვალენტინიანე, აგნელი“. მან სხვებიც დაასახელა, რომლებიც ამჟამად აღარ მახსოვს. ამის შემდეგ კიდევ დაუმატა: “ესეც ჩაიწერე, რომელიც ჩვენ შემოგვცქერის“. ხსენებულმა ძმამ მოახლოებული აღსასრულის შესახებ მონასტრის ძმებს დილითვე აცნობა. განაცხადა ისიც, რომ თავადაც იგივე ელოდა. მომდევნო დღიდან ნახსენები ძმები იმ მიმდევრობით აღესრულნენ, როგორც ჩაწერილები იყვნენ. უკანასკნელად ის ძმაც გარდაიცვალა, რომელმაც ძმების აღსასრული წინასწარ შეიტყო.

სამი წლის წინანდელი სიკვდილიანობის დროს, როდესაც ეს ქალაქი სრულიად გაუკაცრიელდა (590 წ.), ქალაქ პორტის მონასტერში იყო ძმა, სახელად მელეტი, რომელიც ყრმობაში აღიკვეცა, მაგრამ საკვირველი გულუბრალოება და მორჩილება ჰქონდა. ის თავისი ანგელოზის დღეს ავად გახდა და სიკვდილის პირას აღმოჩნდა. ქალაქის ეპისკოპოსი, ღირსი ფელიქსი, რომლისგანაც ამის შესახებ გავიგე, სნეულთან გაეშურა, ნუგეშს სცემდა და ამხნევებდა, რომ სიკვდილის არ შეშინებოდა და ღმერთის მოწყალების სახელით მრავალი წლის სიცოცხლეს ჰპირდებოდა, მაგრამ მომაკვდავმა უპასუხა, რომ მისი სარბიელი დასრულებულია; შემდეგ უამბო, როგორ გამოეცხადა მას ჭაბუკი და წერილი გადასცა სიტყვებით: “გახსენი და წაიკითხე“. ავადმყოფმა, როგორც თვითონ ჰყვებოდა, საკუთარი თავი და ყველა, ვინც ხსენებული ეპისკოპოსის მიერ აღდგომის დღესასწაულზე მოინათლა, ოქროს ასოებით ჩაწერილი იხილა. ამ წერილით მელეტი დარწმუნდა, რომ თვითონაც და ისინიც ამ ცხოვრებიდან მალე გავიდოდნენ. ასეც მოხდა. ის იმ დღესვე გარდაიცვალა, ხოლო ამის შემდეგ ყველა ნათელღებული მის გზას გაჰყვა, ისე, რომ რამდენიმე დღეში არც ერთი მათგანი ცოცხალი აღარ იყო. აქედან ცხადია, რომ ღმრთის ამ მონამ მათი სახელები ოქროს ასოებით ჩაწერილი იმიტომ იხილა, რომ ისინი მარადიული ნათლით იქნენ განათლებულნი.

როგორც იმათ გამოცხადებით შეიტყვეს მომავალი, ასევე ზოგჯერ მომაკვდავის სულს ზეციური საიდუმლოებანი არა ძილში, არამედ ცხადში შეუძლია შეიტყოს. ჩემი მონასტრის მონაზონ ამონს კარგად იცნობ. როდესაც ის ჯერ კიდევ ერში იყო, ჩვენი ქალაქის ადვოკატის, ვალერიანეს ქალიშვილზე დაინიშნა. ის ადვოკატის სამსახურით მუდმივად სარგებლობდა, ამიტომ მის სახლში რა ხდებოდა, კარგად იცოდა. უკვე მონასტერში ცხოვრების დროს მიამბობდა, რომ იმ სიკვდილიანობის ჟამს, რომელმაც პატრიც ნარსის დროს რომი ძლიერ გაანადგურა, ხსენებულ ვალერიანეს სახლში ერთი ყრმა, სახელად არმენტარი იყო, რომელიც უჩვეულო სიწრფელითა და სიმდაბლით იყო შემოსილი. როდესაც იგივე სენი ადვოკატის სახლსაც მოედო, ეს ყრმაც დაავადდა და სიკვდილის პირას აღმოჩნდა. ის იქ მყოფთა თვალწინ გონებით იქნა აღტაცებული, შემდეგ გონს მოეგო, თავის ბატონს უხმო და მოუთხრო: “ზეცაში ვიყავი და შევიტყვე, ამ სახლში ვინ გარდაიცვლება. ეს, ესა და ეს აღესრულებიან, შენ ნუ გეშინია, ამჟამად არ მოკვდები, ხოლო ჩემი ნათქვამი რომ სიმართლეა, იმით შეიტყობ, რომ ენებზე ლაპარაკის ნიჭი მომეცა. შენ ხომ იცი, ბერძნული სრულებით არ ვიცოდი, ახლა კი ბერძნულად დავილაპარაკებ იმისთვის, რომ დარწმუნდე ყოველ ენაზე ლაპარაკის ნიჭი მართლაც მომეცა“. მაშინ ბატონი ბერძნულად დაელაპარაკა და მან ისე უპასუხა, რომ იქ მყოფნი გაოცდნენ. ვალერიანეს სახლში ბულგარელი მეაფთიაქე ცხოვრობდა. მას მაშინვე ავადმყოფთან მოუხმეს და სთხოვეს - ბულგარულად ესაუბრა; იტალიაში დაბადებული და გაზრდილი ყრმა კი ისე პასუხობდა, თითქოს თვითონაც ბულგარელი ყოფილიყო. ყველა მსმენელი გაკვირვებული იყო და ამ ორ ენაზე ამეტყველების შემდეგ, რომლებიც მანამდე არ იცოდა, ირწმუნეს ყველაფერი, რის შემოწმებასაც ვერ შეძლებდნენ. ორი დღის შემდეგ სიკვდილის ნიშნები გამოჩნდა, მაგრამ მესამე დღეს, უცნობი მიზეზების გამო, ყრმამ ხელები და მხრები კბილებით დაიგლიჯა და შემდეგ სული განუტევა. ამის შემდეგ ისინიც მალე აღესრულნენ, ვისზეც მან იწინასწარმეტყველა, მაგრამ სახლში იმ სენით არავინ გარდაცვლილა, ვისი სახელიც სნეულ ყრმას არ დაუსახელებია.

პეტრე: საზარელია, რომ ასეთი ნიჭის მიმღები ამგვარი სასჯელით დაისაჯა.

გრიგოლი: ღმერთის დაფარული მსჯავრი ვინ იცის? რასაც ღმრთის მსჯავრში გონებით ვერ ვწვდებით, მის მიმართ უფრო მეტად ძრწოლა გვმართებს, ვიდრე - ძიება.