გრიგოლი: ...სრულიად ცხადია, რომ სრულყოფილ მარ- თალთა სულები, როგორც კი ხორცთა საკრველს დატოვებენ, ზეციურ სავანეებში მკვიდრდებიან, როგორც ამის შესახებ თავისი ბაგით თვით ჭეშმარიტება გვიმოწმებს: “სადაცაჴორცი, მუნცა ორბები შეკრბეს“ (ლუკ. 17, 37). სადაც ჩვენი მხსნელი სხეულით იმყოფება, უეჭველია, მართალთა სულებიც იქ იკრიბებიან. ასევე წმიდა პავლეც ამბობს: “გული მეტყჳს განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად“ (ფილიპ. 1, 23). ამგვარად, ვისაც არ ეეჭვება, რომ ქრისტე ზეცაშია, არც იმას უარყოფს, რომ პავლეს სული ზეცაშია. ის ხორცთაგან განსვლისა და ზეცაში დამკვიდრების შესახებ საუბრობს: “უწყით, ვითარმედ, უკუეთუ ქუეყანისა ესე სახლი, საყოფელი ჩუენი, დაირღუეს, აღშენებული ღმრთისა მიერ მაქუს ჩუენ სახლი ჴელით-უქმნელი საუკუნოჲ ცათა შინა“ (2 კორ. 5, 1).
პეტრე: ამგვარად, თუკი მართალთა სულები ამჟამად ზეცაში მკვიდრობენ, განსჯის დღეს თავისი სიმართლის სანაცვლოდ რას მიიღებენ?
გრიგოლი: სამსჯავროს დღეს მათთვის მისაგებელი სასწაულებრივად აღორძინდება: ამჟამად ისინი მხოლოდ სულებით ნეტარებენ, ხოლო სამსჯავროს შემდეგ სხეულებითაც ინეტარებენ, რომლითაც ღმრთის გულისათვის ტკივილებსა და განსაცდელებს ითმენდნენ. მათ ამგვარ დიდებაზე დაწერილია: “ესრეთ მეორედ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ და სიხარული საუკუნოჲ“ (ეს. 61, 7). საყოველთაო აღდგომის დღემდე წმინდანთა სულების შესახებ დაწერილია: “და მიეცა მათ სამოსლები სპეტაკები, და ითქუა მათდა მიმართ, რაჲთა განისუენონ მცირედ ჟამღა, ვიდრემდის აღესრულნენ მათ თანა მონანი და ძმანი მათნი“ (გამოცხ. 6, 11). ამგვარად, თუკი მათ ამ- ჟამად სპეტაკი სამოსლები მიიღეს, სამსჯავროს დღეს ორი სამოსელი ექნებათ: ამჟამად ნეტარებას მხოლოდ სულით განიცდიან, მაშინ კი სულითა და ხორცით ინეტარებენ.
პეტრე: გეთანხმები; ისიც მინდა ვიცოდე, მომაკვდავი ადამიანები როგორ წინასწარმეტყველებენ?