ჯერ კიდევ მონასტერში ყოფნისას ზოგიერთი კეთილმსახური კაცისაგან შევიტყვე, რომ ლონგობარდების შემოსევის დროს სურის ოლქში მონასტრის წინამძღვარი სურანი იყო. ის ყველაფერს, რაც კი მონასტერში ჰქონდათ, მასთან მისულ ტყვეებსა და ლონგობარდებისგან თავის დასაღწევად გაქცეულთ აძლევდა. მან თავისი და ძმების სამოსელი, მონასტრის მარაგი და რაც ბაღში ჰქონდათ, მთლიანად გასცა და ამგვარად, მთელი ქონება დაარიგა. მალე ამის შემდეგ ლონგობარდები მოვიდნენ, ის შეიპყრეს და ოქრო მოსთხოვეს. როდესაც მან უთხრა, რომ არაფერი აღარ აქვს, მათ მეზობელ მთაზე აიყვანეს, სადაც ვრცელი ტყე იყო. იქ ხის ფუღუროში ერთი გაქცეული ტყვე იმალებოდა. ამ ხის სიახლოვეს ლონგობარდმა სახელგანთქმულ მოსაგრეს თავი მახვილით მოჰკვეთა. როდესაც მისი სხეული მიწაზე დავარდა, მთაც და ტყეც მყისვე შეზანზარდა. მთრთოლვარე მიწა თითქოს გამოხატავდა, რომ მის უდიდეს სიწმინდეს ვერ იტევდა.