ზემოთ ნახსენები პრობისა და სხვა ღმრთისმოსავ კაცთაგან შევიტყვე ის, რაც მსმენელთ სახარების შესახებ საუბარში ღირსი მამის, სტეფანეს შესახებ მოვახსენე. ამ მამას, როგორც პრობი და სხვა მოწმენი გადმოგვცემენ, არაფერი შეუძენია ამქვეყნად და არც არაფერი ებადა, ღმრთის გულისათვის უპოვარება უყვარდა. განსაცდელს ყოველთვის მოთმინებით იტანდა, საერო თავყრილობებს ერიდებოდა და მუდამ ლოცვა სწყუროდა. მის სათნოებათაგან ერთის შესახებ გიამბობ, რომლის მიხედვით შეგიძლია დანარჩენზეც იმსჯელო. ერთხელ მან კალოზე მომკილი ხორბლის თავთავები წაიღო, რომელიც საკუთარი ხელით დათესა. ამ ხორბლის გარდა, თავის სარჩენად მას და მის მოწაფეებს მთელი წლის მანძილზე არაფერი ებადათ. ერთმა ბოროტმა ადამიანმა, რომელიც უძველესმა მტერმა წააქეზა, ხორბალს კალოზე ცეცხლი წაუკიდა და დაწვა. სხვამ ეს დაინახა და ამბის სათქმელად ღმრთის მონასთან გაიქცა. მოყოლა რომ დაამთავრა, ბოლოს დაამატა: “ვაი, საწყალო სტეფანე, ეს რა დაგემართა“. სტეფანემ ნათელი სახითა და ხმით მყისვე მიუგო: “ვაი იმას, ვინც ეს ჩაიდინა; მე რა დამემართა?“ამ სიტყვებიდან ჩანს, თუ სათნოების რა მაღალ საფეხურზე იდგა ის, ვინც მთელი წლის სარჩო-საბადებელს სულის სიმშვიდით კარგავდა და უფრო მეტად ცოდვის ჩამდენი ებრალებოდა, ვიდრე - საკუთარი თავი, თუმცა მისი ცოდვით მასაც ევნო. ის იმას არ ანგარიშობდა, რაც გარეგანად დაკარგა, არამედ იმას წუხდა, რაც დამნაშავემ შინაგანად დაკარგა. როდესაც მისი აღსასრულის დღე დადგა, მრავალი ადამიანი შეიკრიბა, რათა თავიანთი სულები დასალოცად ასეთი წმიდა კაცის ლოცვისთვის მიენდოთ, რომელიც უკვე ამქვეყნიდან გადიოდა. შეკრებილნი მისი სარეცელის გარშემო იდგნენ. ზოგიერთი ანგელოზებს ხედავდა, მაგრამ ვერაფერს ამბობდა, სხვები ვერაფერს ხედავდნენ, მაგრამ ყველა იქ მყოფი ისეთმა ძლიერმა შიშმა მოიცვა, რომ ამ წმიდა სულის გასვლის დროს იქ დგომა ვერც ერთმა ვერ შეძლო. ცხადად იცნობოდა, თუ რა დიდი ძალა მიიქვამდა მომაკვდავის სულს, რომლის გასვლას ვერც ერთმა მოკვდავმა ვერ გაუძლო.