მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეოთხე - თავი მეთვრამეტე
ზოგიერთ ყრმას მშობლები ცუდი აღზრდით ცათა სასუფევლის კარს უკეტავენ; ღმრთის მგმობი ყრმის შესახებ


გრიგოლი: მართალია, უნდა გვწამდეს, რომ ჩვილობაში გარდაცვლილი ყველა მონათლული ჩვილი ცათა სასუფეველში შედის, მაგრამ ისიც სარწმუნოა, რომ მცირეწლოვან ყრმათაგან, რომელთაც უკვე ლაპარაკი შეუძლიათ, ცათა სასუფეველში ყველანი არ შედიან. ზოგიერთ მათგანს იქ შესასვლელ კარს ცუდი აღზრდით მშობლები უკეტავენ.

ჩვენს ქალაქში ყველასთვის ცნობილ ერთ ადამიანს, სამიოდე წლის წინ ხუთი წლის ვაჟი ჰყავდა, რომელსაც გადამეტებული ხორციელი სიყვარულის გამო ცუდად ზრდიდა. ბიჭი, როგორც კი რაიმე წინააღმდეგობა შეხვდებოდა, ჩვეულების გამო (გამოთქმაც კი მიჭირს), ღმრთის სახელს გმობდა. სამი წლის წინ ის მძიმედ დაავადდა და სიკვდილის პირას მივიდა. როდესაც მამას ის ხელში ჰყავდა, უეცრად ბიჭი ზარდაცემული ათრთოლდა, როგორც იქ მყოფნი მოწმობდნენ, რადგან მისკენ მომავალი ბოროტი სულები დაინახა, და აყვირდა: “მიშველე, მამა, მიშველე“. ყვირილის დროს მან სახე მიიბრუნა, რათა მათ მამის მკერდზე დამალვოდა. მამა აკანკალებულ შვილს დაეკითხა, რას ხედავდა. ბიჭმა უპასუხა: “ჩემს წასაყვანად შავი კაცები მოვიდნენ“. ამის წარმოთქმისთანავე მან ღმერთის სახელი შეურაცხყო და სულიც განუტევა. ყოვლისშემძლე ღმერთს რომ ეჩვენებინა, თუ რატომ მიეცა ბავშვი ასეთ მტანჯველებს, დაუშვა მომაკვდავს ის გაემეორებინა, რის გამოსწორებასაც მამა მის სიცოცხლეში არ ცდილობდა; იმიტომ დაუშვა, რომ ბავშვმა მთელი ცხოვრება ღმრთის გმობაში გაატარა და ის სიკვდილის წინაც გამოთქვა, რათა მამამისს თავისი შეცოდება შეეცნო და დაენახა, რომ მცირეწლოვანი შვილის სულზე არ ზრუნავდა და გეენიის ცეცხლისთვის არცთუ მცირე ცოდვილი აღზარდა. მაგრამ ეს სამწუხარო ამბავი დავტოვოთ და სანუგეშოს მივხედოთ, როგორც დასაწყისში ვაკეთებდით.